რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბერძენ, პოლონელ, უკრაინელ და ქართველ სტუდენტებს შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ბერძენ, პოლონელ, უკრაინელ და ქართველ სტუდენტებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალგაზრდები, რუსთავს პროექტ „Stay Active“-ის ფარგლებში საბერძნეთის, პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ესტუმრნენ. მერთან შეხვედრაზე საუბარი რუსთავში ახალგაზრდების ხელშეწყობისა და წახალისების პროექტებს, ასევე ინოვაციურ პროგრამებს შეეხეო.
„შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა, გვაქვს თუა არა სტრატეგია ახალგაზრდობის განვითარების კუთხით, რამდენად მდგრადია ამ მიმართულებით ქალაქში არსებული სიტუაცია, რას ვგეგმავთ და როგორი ჩართულობაა ახალგაზრდების მხრიდან ქალაქის განვითარებაში. ჩვენ, ჩვენის მხრივ გავაცანით ის პროექტები, სამომავლო ხედვები თუ როგორ ვაპირებთ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე და ამ კუთხით დაგეგმილ, ასევე მიმდინარე პროექტებზე პრეზენტაციები „რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა გეგი ლიპარტელიანმა, სერვისების განვითარებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა თამთა დოკვაძემ და მერიის ინოვაციების ჰაბის წარმომადგენელმა თათა ბერიაშვილმა წარადგინეს.
,,ერასმუს +“ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ნაციონალური სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „Stay Active“ ფარგლებში, რუსთავში პოლონეთის, უკრაინის, საბერძნეთის და საქართველოს წარმომადგენელი 33 ახალგაზრდა, ერთი კვირის განმავლობაში მიგრაციისა და ურბანიზაციის პრობლემების შესახებ ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს. უცხოელი და ქართველი ახალგაზრდები რუსთავში 27 ივლისს ჩამოვიდნენ და ქვეყანას 4 აგვისტოს დატოვებენ, ისინი რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში ცხოვრობენ.

























