ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2019

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N8, აგვისტო) მიმოხილვა

* * *

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N8, აგვისტო) მიმოხილვა

“მტკიცე სული” – მეცხრე და ყველაზე ფართომასშტაბიანი / საქართველო Sea Breeze 2019-ზე / რატომ მინდა ვიყო ოფიცერი / როგორ იხსენებენ თელავში დაღუპულ მეხანძრე-მაშველს კოლეგები / ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი სამშვიდობო მისიით ავღანეთში

“27 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტომდე გასტანს ტრადიციული მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 (“მტკიცე სული-2019”), რომელიც საქართველოში მეცხრედ გაიმართება. მთავარი სიახლე ის არის, რომ პირველად ამ სწავლების ისტორიაში მოქმედებები ერთდროულად სამ ლოკაციაზე – სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, ასევე ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე წარიმართება”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N8, აგვისტო, 2019) სტატიაში სათაურით “მტკიცე სული” – მეცხრე და ყველაზე ფართომასშტაბიანი / საქართველოს სამ ლოკაციაზე ერთდროულად იმართება 3-ათასკაციანი საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019”

“თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით: “ეს სწავლება გამოირჩევა თავისი მასშტაბებით – მისი რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით ორჯერ გაზრდილია, ვიდრე შარშან. სწავლება წარმოადგენს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნების ციკლის ერთ-ერთ ეტაპს, რომელსაც ევროპის სარდლობის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს სამხრეთ ფლანგზე. მისი მიზანია, მრავალეროვნულ გარემოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავზარდოთ ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები, თავდაცვითი უნარები, ახალი კომპონენტია აღნიშნული სწავლების ფარგლებში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება”. გარდა ამისა, მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის (საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა) 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს. მისასალმებელია, რომ ეს საერთაშორისო სამხედრო სწავლება ტრადიციული გახდა და ყოველწლიურად მასშტაბური ხდება, ამასთან, ემატება ახალი დეტალებიც, თანაც როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რელიეფის თავისებურებების გათვალისწინებით. ერაყისა თუ ავღანეთის სამშვიდობო მისიებისთვის მოსამზადებელი წვრთნებისგან განსხვავებით ამ სწავლებებზე ქართველი მებრძოლები პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად სწორედ ქართული მიწის დაცვის ელემენტებს ხვეწენ, რაც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია”

უკრაინაში 1-ლ ივლისს დაიწყო და 12-ში დასრულდა მორიგი საერთაშორისო საზღვაო სწავლება Sea Breeze 2019. შავ ზღვაში მატოს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის პირველი Sea Breeze ბულგარეთში 1994 წლის ივლისში ჩატარდა და მასში საქართველო მხოლოდ საზღვაო ქვეითთა ოცეულით იყო წარმოდგენილი. სწავლების საზღვაო კომპონენტში მაშინ საქართველომ მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან საზღვაო ძალებს სათანადო მცურავი საშუალება არ გააჩნდათ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით საქართველო Sea Breese 2019-ზე.

“1997 წლიდან სწავლებები უკრაინაში ტარდება და იმავე აგვისტოში ყირიმში დონუზლავთან ჩატარებულ შეა Bრეეზე 1997-ზე ქვემეხებით, რაკეტებითა და ტორპედოებით შეიარაღებული ხომალდების გვერდით ქართული დროშით სოხუმის პორტის სასეირნო თბომავალი "ფსოუ" დადგა. მიზეზი ისევ სათანადო მცურავი საშუალების უქონლობა იყო. 2009 წლიდან Sea Breese-ს სწავლებებზე საქართველოს რეგულარულად წარმოადგენდა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საპატრულო კატარღა P-24 “სოხუმი”. წელს ეს “ტრადიცია” დაირღვა და პირველად სწავლებაში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი P-23 "ოჩამჩირე" მონაწილეობდა. პირველ საზღვაო ლაშქრობასა და მრავალეროვნულ სწავლებაში დასახულ ამოცანებს ხომალდის ეკიპაჟმა მე-3 რანგის კაპიტან გიორგი სიორდიას მეთაურობით წარმატებით გაართვა თავი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მეორე სიახლე სწავლებაში ამერიკული მრავალმხრივი დანიშნულების კატამარან T-EPF-8 Yuma-ს გამოჩენა იყო. კატამარანს წყალთხელ პორტებსა თუ ფარვატერებში მაღალ - 43 კვანძამდე სიჩქარით ცურვა და ნაპირზე საზღვაო ქვეითთა ბატალიონის 312 მებრძოლის ან 600 ტ-მდე ტვირთის დესანტირება შეუძლია. აქვს მძიმე შვეულმფრენების მისაღები მოედანი და საზღვაო ქვეითების ჯავშანტექნიკისთვის სატვირთო ტრიუმი. სწავლება Sea Breese 2019 ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით ქალაქ ოდესის მახლობლად ჩატარდა. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 19 ქვეყნის 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 32 მცურავი საშუალება და 24 საფრენი აპარატი მონაწილეობდა.სწავლება მოიცავდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს, ხოლო მიზანს საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცება, პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“შავ ზღვაში ნებისმიერი სწავლება ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდების მონაწილეობით მოსკოვს აღიზიანებს და ლამის მთელი შავი ზღვის ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაში მოდის. ეს ტენდენცია არც ამჯერად დაირღვა. სწავლების დაწყების წინ რუსეთმა მოულოდნელად დახურა უკრაინის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ყირიმის დასავლეთ სანაპიროს შორის მდებარე რაიონი, სადაც საერთაშორისო ძალები ერთ-ერთი მეცადინეობის ჩატარებას გეგმავდნენ. რუსული ფრეგატი "სმეტლივი" უშუალოდ სწავლების რაიონის მახლობლად დაცურავდა, რათა ოპერატიული რეაგირება მოეხდინა ისეთ სიტუაციებზე, რომელიც სამოქალაქო ნაოსნობას საფრთხეს შეუქმნიდა... სწავლების მთელ პერიოდს შავი ზღვის ფლოტის ხომალდები, ავიაცია და სარაკეტო კომპლექსები აკვირდებოდნენ და აკონტროლებდნენ”, - დასძენს გამოცემა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დასრულდა სასწავლო წელი. უკან დარჩა გამოსაშვები გამოცდები, უძილო ღამეები, კონსპექტების წერა და ნერვიულობა, აკადემიაში კი დაწყებულია იუნკერთა ახალი ნაკადის მიღებისთვის მზადება. როგორ აფასებენ აკადემიაში სწავლის პერიოდს მეოთხეკურსელი იუნკრები, მომავალი ოფიცრები? რას ურჩევენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ აკადემიის კარებს?”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რატომ მინდა ვიყო ოფიცერი.

“ჩემთვის უმაღლესი სასწავლებლის არჩევისას გადამწყვეტი როლი განვლილმა სამმა წელმა ითამაშა, რომელიც სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გავატარე. სხვა სკოლებთან შედარებით, იქ გამძაფრებულად ვიღებდით საკუთარი ქვეყნის წინაშე წარმოქმნილ პრობლემებს. სწორედ ამის დამსახურებით მივიღე რთული გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიის გავლით მიდის საქართველოს თავდაცვის ძალების ახალგაზრდა, თანამედროვედ მოაზროვნე ოფიცრობამდე, რისთვისაც უმაღლეს განათლებასთან ერთად სამხედრო საქმის დაუფლებაში ამ შენობაში ოთხ წელს ატარებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იუნკერი გიორგი ქორიძე.

“გიორგისგან განსხვავებით მე კადეტთა სამხედრო ლიცეუმი არ გამივლია. მაგ დროს ლიცეუმში მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩაბარების გადაწყვეტილება ცოტა მოგვიანებით მივიღე, როდესაც აკადემიის არსებობის შესახებ გავიგე და იმის შანსი მომეცა, რომ ჩემი ოცნებისთვის ფრთები შემესხა, გავმხდარიყავი უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო ოფიცერი, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს და გამოწვევებს პასუხობს, რაც ქვეყნის წინაშე არის წამოჭრილი. თავდაპირველად, როდესაც სახლში ჩემი გადაწყვეტილების შესახებ განვაცხადე, ბუნებრივია, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მშობლისთვის რთულია ქალიშვილის სამხედრო სამსახურში გაშვება, თუმცა სურვილის წინააღმდეგ არ წასულან, დღემდე მხარში მიდგანან და სწორედ ეს მაძლევს სტიმულს, ღირსეულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას იუნკერი თამარ ჯიშკარიანი.

“აკადემიაში ჩაბარების პირველივე დღეს ვიგრძენით ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ფორმის ჩაცმას მოჰყვა თან. თითოეული დღის შემდეგ ჩვენ ვხვდებოდით, თუ როგორ ვიზრდებოდით, ვვითარდებოდით და ვიცვლებოდით როგორც პიროვნულად, გონებრივად, ასევე ფიზიკურად. ჩვენ ეტაპობრივად ვვითარდებოდით, როგორც სამხედროები და ვცდიდით საკუთარ თავს სხვადასხვა რთულ სიტუაციაში. აქ არსებული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ არა მარტო სამხედრო განათლება, არამედ სამოქალაქოც, არის ძალიან კარგი საშუალება, მომავალი ოფიცრისთვის, რომელსაც ეს ყოველივე სამხედრო წოდებასთან ერთად სამოქალაქო დიპლომის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. აქ დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომით. ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ცდილობენ გადმოგვცენ, გვასწავლონ მაქსიმუმი. მათ მოტივაციას კი სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის დამცველი ოფიცრის აღზრდა-ჩამოყალიბება ასაზრდოებს. მეოთხე წელი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არის განსაკუთრებულად დატვირთული იუნკრისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში უწევთ პასუხისმგებლობის აღება არა მარტო საკუთარ თავზე, ქმედებებზე, არამედ მთელ იუნკერთა ბატალიონზე, ვინაიდან მათ უწევთ მართონ სხვა კურსები და იყვნენ მათთვის მისაბაძი მაგალითი”, - დასძენს იუნკერი თამარ ჯიშკარიანი და შეკითხვაზე - “რას ურჩევდით აკადემიაში ჩაბარების მსურველებს?” - პასუხობს:

“ქვეყნისთვის მსახურება არ ნიშნავს მხოლოდ სამხედრო ფორმის ტარებას. აკადემიაში ჩაბარების მსურველებს, ვურჩევდით კარგად გაიაზრონ ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, არ მიიღონ სპონტანური, ვინმეს ან რაიმეს გამო ნაკარნახები გადაწყვეტილება, ვინაიდან არცთუ ისე მარტივია გმირი ქართველი ვაჟკაცების სისხლითა და იუნკერთა გმირული სახელით დამძიმებული ფორმის ტარება. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ მერყეობენ, რამდენიმე რჩევას მივცემდით: არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს. ყოველთვის ეცადეთ გამოიწვიოთ საკუთარი თავი და სძლიოთ მას, ვინაიდან საკუთარ თავზე გამარჯვება არის პირველი ნაბიჯი მტერზე გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე. არ შეუშინდეთ სიახლეებს, ინიციატივებს, რადგან პირველივე დღეები თქვენთვის მრავალი სიახლითა და ინოვაციით იქნება გაჟღენთილი. ვუსურვებთ წარმატებას ქვეყნის სიყვარულის გრძნობით გულანთებულ ახალგაზრდებს სამშობლოს წინსვლისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში”.

“თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩაქრობისას 51 წლის მეხანძრე გელა მიქელაძე დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, მეხანძრე სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს, ხოლო 26 წლის ვაჟი სიმსივნით გარდაეცვალა. თანამშრომლების თქმით, ის მთელი ცხოვრება სახანძროში მუშაობდა. აი, რას ჰყვებიან მის შესახებ მეხანძრეები”, - წერს ჟურნალის “არსენალი” სტატიაში სათაურით მეოთხედი საუკუნე ხანძარს აქრობდა / როგორ იხსენებენ თელავში დაღუპულ მეხანძრე-მაშველს კოლეგები.

“მაგის ხელში თაობები გაიზარდა. გმირი იყო... საქმის ყველა დეტალში ერკვეოდა. ცდილობდა, ყოველთვის პირველი ყოფილიყო. მეხანძრე-მაშველის ფიცის ბოლოში გვიწერია, დაე ჩემი ქვეყნის მოქალაქეების მადლიერება იყოს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოო... ასე დაასრულა გელამ სიცოცხლე. მას საქმეში, ცხოვრებასა თუ ადამიანობაში მომდურავი არავინ ჰყოლია. ხალხსა და ქვეყანას პირნათლად ემსახურა. 1990-იანებში დაიწყო ამ სამსახურში მუშაობა. მაშინ ლამის შიშველი ხელებით უწევდათ შემთხვევის ადგილზე გასვლა, მაგრამ უკან არასდროს დაუხევია. თავისი ალალი ბუნებით ყველასთვის ახლობელი და მეგობარი იყო, ჩვენი აღმზრდელი და მასწავლებელი, რომელიც დავკარგეთ მარტო ჩვენ კი არა, ის ქვეყანას დააკლდება. ორი წლის წინ შვილი დაეღუპა, 26 წლის ბიჭი, და ძალიან განიცდიდა. დღე არ გავიდოდა, სამსახურში თუ მის გარეთ, თავის გულისტკივილზე არ ელაპარაკა... იმ დღეს შემთხვევის ადგილზე ერთად ვიყავით, სიტყვის თქმა ვერ მოასწრო, ისე წამებში დალია სული. პატრული და სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანაც იქ იყო. როგორც კი ჩამოვარდა, მაშინვე მოცვივდნენ ექიმები და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ თითქოს ბედისწერასავით იყო, ხმის ამოღება ვერ მოასწრო, ისე სწრაფად დაიღუპა. ამდენი წელია ამ საქმეში ვართ, მეც და გელაც, მაგრამ მსგავსი შემთხვევა კი არა, ისიც არ მახსოვს, ვინმეს სხეულის დაზიანება მიეღო. ნებისმიერ შემთხვევაში გელას ოპერატიულად და თანამიმდევრულად მოქმედება შეეძლო და საიმედო თანამშრომელი იყო. ამ მძიმე ვითარებას უკვე ვეღარაფრით შევცვლით. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მისი ოჯახის თანადგომაა და რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგანგებო სიტუაციების სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა სეფიაშვილი.

“25 წელი ვიმუშავეთ ერთად მე და გელამ. ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ. 1994 წელი იყო, როდესაც მეხანძრედ დავიწყეთ მუშაობა და დღესაც მიკვირს, როგორ ვახერხებდით იმ დროს ცეცხლთან ბრძოლას. ხშირად გზის ფულიც კი არ გვქონდა, რომ სამსახურში წავსულიყავით. ერთი თვის ხელფასით ერთ კოლოფი სიგარეტი მოგვდიოდა, ისიც ხან იყო და ხან არა. თვეები უხელფასოდ ვმუშაობდით, მაგრამ ვუძლებდით. ერთი სახანძრო მანქანით დავდიოდით, ახლა ერთ გამოძახებაზე 4-5 მანქანით გავდივართ... გელა ძალიან ენაკვიმატი კაცი იყო და სულ ლაზღანდარობდა. როგორც ჩვენი კუთხის უმეტესობას, ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა. ეს გვეხმარებოდა იმ მძიმე პირობების ატანაში. პროფესიონალი მეხანძრე იყო, თავის საქმის უბადლო მცოდნე და ძალიან გამოცდილი კადრი. უზომოდ უყვარდა თავისი საქმე, ოჯახისა და მეგობრების უზომოდ მოყვარული იყო... ამდენი წლის განმავლობაში უამრავი მძიმე შემთხვევა გამოვიარეთ ერთად, თუმცა, თუ მცირედ დაზიანებას არ ჩავთვლით, არასდროს არაფერი დაგვშავებია. როგორც ადამიანი და მეგობარი ხომ დავკარგეთ, მაგრამ გუნდს მისი სახით ძალიან გამოცდილი კადრი დააკლდა. 51 წლისა ძალიან ჯანმრთელი და ღონიერი ადამიანი იყო” ამბობს გამოცემასთან საუბრისას მეხანძრე-მაშველი ზურაბ იობაშვილი და შეკითხვაზე - “ბოლო შემთხვევაზე ერთად იყავით?” - პასუხობს:

“დიახ, შეტყობინება შემოვიდა, ყარაჯალაში ხანძარიაო. რომ მივედით, სახლი თითქმის დამწვარი იყო, მხოლოდ კედლები იყო დარჩენილი, მაგრამ მეორე სახლი ძალიან ახლოს იდგა და ხანძარი მასაც რომ არ გადასდებოდა, ამის პრევენცია დავიწყეთ... დამწვარი სახლის პატრონები ქორწილში იყვნენ წასული და მეზობლებმა ხანძარი მხოლოდ მას შემდეგ შენიშნეს, რაც ცეცხლის ენები გარეთ გამოვიდა, ფანჯრიდან გამოაღწია. გელასგან ზურგით ვიდექი. მეორე სახლის პატრონები პანიკაში იყვნენ, ჩვენც დავიწვებითო და მათ დამშვიდებას ვცდილობდი, ნუ გეშინიათ, საფრთხე არ გემუქრებათ-მეთქი. ამ დროს კივილის ხმა შემომესმა და რომ გამოვიხედე, უკვე ძირს ეგდო... კიბე დამწვარი ბელეტაჟისთვის ჰქონდა მიყუდებული, რომელსაც უკვე სახურავი აღარ ჰქონდა და ეტყობა, შიგნით ხანძარს აქრობდა. ახლაც არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ კიბე მისი ზურგის მხარეს გადმოწვა და ის ძირს დაეცა. სრული აღჭურვილობით იყო, ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ ეტყობა, ფუძე მოსწყდა. ძალიან სწრაფად კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო...”

“ჩვენი ყოფილი კოლეგა (თუკი არსებობენ ყოფილი ჟურნალისტები), თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გიორგი თუხარელი, ამჟამად სამსახურებრივი დავალებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში იმყოფება. იმის გათვალისწინებით, რომ მას სამხედრო თემატიკაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ცხელ წერტილში მისი როლი განსაკუთრებით საინტერესოა. ამიტომაც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” მას ავღანეთში დაუკავშირდა და შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ყოფილი სამხედრო ჟურნალისტი სამშვიდობო მისიით ავღანეთში.

“ავღანეთში მეექვსედ ვარ. მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის რანგში ვარ, ეს მესამე მისიაა, დანარჩენ სამში სამხედრო ჟურნალისტად ვიყავი. ნებისმიერი აქ ჩამოსვლა უნიკალური გამოცდილებაა. პირველად ავღანეთში 2009 წელს ამერიკის საელჩოს დახმარებით ჩამოვედი, მაშინ ორი კვირა დავყავი და ეს იყო განუმეორებელი დღეები. იმ წელს იქ მხოლოდ ერთი ქართველი სამხედრო მსახურობდა ლიეტუველებთან ერთად ჰერათის პროვინციაში. უფრო ადრე სამხედრო ტელევიზიის ჟურნალისტად ვმუშაობდი და 2008 წელს ერაყშიც ვიყავი, მაგრამ ავღანეთმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ყოფნას თავისებური ადრენალინი აქვს, სულ მობილიზებული ხარ. აქაურ კლიმატს თითქოს სუნით გრძნობ, რომ არაფერი ვთქვათ, სიცხეზე, მტვერზე, საავიაციო ნავთის სუნზე, მშრალ და ცხელ ქარზე, ნაწვიმარზე უცნაურ არასასიამოვნო სუნზე, რომელიც საქართველოს მიწის ძალიან გემრიელი სუნისგან განსხვავდება. აქაური ლანდშაფტი რომელიღაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმისას წააგავს. თუმცა მთლიანობაში ძალიან საინტერესო და ფერადი ქვეყანაა. 2010 წელს მესამედ ვიყავი ავღანეთში როგორც ჟურნალისტი. მე და ჩემს ოპერატორს ავღანეთის სასაზღვრო პოლიციასთან მცირედი პრობლემები შეგვექმნა, პასპორტები ჩამოგვართვეს და ორი დღით ჩასულები ერთი თვე დავრჩით ფრანგულ ბაზაში, სადაც ერთი ქართული ასეული იყო დისლოცირებული. დამოუკიდებელი ქართული მედიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჟურნალისტები ავღანეთში ამდენი ხნით დარჩნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თუხარელი.

“ამჟამად აქ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის რანგში ვარ. სამშვიდობო მისიაში მყოფი ქართველი ბიჭების გმირული საქმიანობის ასახვა მევალება, რაც დიდ პატივთან ერთად ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. საქართველოს სამშვიდობო მისია მართლაც გამორჩეულია. მაგალითად, ბაგრამის საავიაციო ბაზა ნატოს სამხედრო ოპერაციების ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია და ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში დიდ როლს თამაშობს. მის უსაფრთხოებაზე ქართველი სამხედროები ზრუნავენ. თავად “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბსაც, სადაც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ, ქართველი ჯარისკაცები იცავენ. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან ორ-ორი კაცით დაკომპლექტებული ოთხი ჯგუფი ვართ და ერთმანეთს როტაციის წესით ვცვლით. 2013 წლიდან აქ მუდმივად იმყოფება თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული დეპარტამენტიდან ორი წარმომადგენელი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართველი ჯარისკაცების საქმიანობის შესახებ ვიღებთ სატელევიზიო სიუჟეტებს, ვამზადებთ ფოტო და ვიდეომასალას; ძირითადად, ბაგრამის ბაზაში ვართ, სადაც ქართველების ყველაზე დიდი კონტინგენტია. ბაზას ძალიან დიდი ტერიტორია უკავია, სამხედრო აეროპორტის გვერდით არსებულ სამხედრო ქალაქს ჰგავს. მას ხუმრობით რაკეტების ქალაქს, Rocket city-საც ეძახიან, რადგან ხანდახან არაპირდაპირ ცეცხლშიც ხვდება... ბაგრამში ქართულ კვალს ბევრგან შეხვდებით, მათ შორის არის ქართველი სამხედროების აშენებული ულამაზესი ეკლესია, სადაც არა მარტო ქართველი, არამედ სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი სამხედროებიც ლოცულობენ. ბაზაში ასევე მრავლადაა ქართული დროშა. ქართველი სამხედროების ამოცანა, ძირითადად, მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაა. მასში შედის პატრულირებაც, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი თან დაჰყვება. ქართველი სამხედროები სრულად მობილიზებულნი არიან, რადგან ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ეს ყველა მათგანს გააზრებული აქვს”, - ამბობს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.

“ავღანეთში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ძალიან უჭირს. მინახავს ბავშვები, რომლებიც სუფთა წყლის დალევაზე ოცნებობენ. ავღანეთის სამხრეთში არის რეგიონები, სადაც ელექტროენერგია არასდროს ყოფილა, ბავშვებს კი ტკბილეული არასდროს გაუსინჯავთ. საკმარისია ერთხელ ნახო და მათი სახეები არასდროს დაგავიწყდება. მოსახლეობის 80% ალიზის სახლში ცხოვრობს. შინ ჰყავთ ცხოველებიც,ერთმანეთთან უცნაური, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ - ქალებს “თალიბანის” რეჟიმის დროს თითქმის არაფრის უფლება არ ჰქონდათ. ახლა სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც სწავლობენ. სამხედრო ბაზაში ავღანელები, ძირითადად, ვაჭრობენ და მათთან კავშირი თარჯიმნების დახმარებით გვაქვს. ავღანეთში ორი ენაა: დარი და პაშტუ. დარისა და ქართულ ენაში უამრავი საერთო სიტყვებია, მაგალითად, თარჯიმანი, თუთა, ლობიო, ფანჯარა, ზარალი, ხალხი და ასე შემდეგ... როდესაც ამას ავღანელებს ვეუბნები, ძალიან უხარიათ... დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ყველგან, სადაც კი ქართველმა სამხედრომ ფეხი დადგა, მხოლოდ პატივისცემა დატოვა. ერთი ავღანელი არ შემხვედრია, “ერთი-ორი ღერი” ქართული არ იცოდეს: “გამარჟობა ბიჩო”, “შე როგორახა”, “ჯიგარი ხარ, ბიჩო”, - ჩაგიჭიკჭიკებენ და ამ დროს ძნელია ათასობით კილომეტრს იქით მყოფი შენი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულმა ყელში არ წაგიჭიროს. ქაბულში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბში ვნახე ერთი ავღანელი, რომელმაც ქართული ძალიან კარგად იცოდა. ავღანელებთან ქართველ სამხედროებს გამორჩეულად კარგი დამოკიდებულება აქვთ. პატრულირებისას ქართველი სამხედროები მოსახლეობას წყალს და წვენებს ურიგებენ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ავღანელები არასდროს კარგავენ პატივისცემის მცირედ გამოხატულებასაც კი... ეს ძალიან სასიამოვნოა”, - დასძენს გიორგი თუხარელი და შეკითხვაზე - “სხვა ქვეყნის სამშვიდობო მისიის წევრებთან თუ გიწევთ კონტაქტი?” - პასუხობს:

“ქართველი სამხედროები და მათ შორის ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები ხშირად სამუშაო გარემოში ვხვდებით სხვა ქვეყნების სამხედროებს. აქ ჩამოყალიბებული მეგობრობა მისიის დამთავრების შემდეგაც გრძელდება. დღემდე ვმეგობრობ სხვადასხვა დროს მისიაში გაცნობილ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებთან... ავღანეთის მისიას შემიძლია “მეგობრობის სამჭედლო” დავარქვა, რადგან აქ თანამშრომელი უფრო ძვირფასი და ახლობელი ხდება, ვიდრე ეს იყო თუნდაც საქართველოში... ერთ თვეში ჩემი მესამე ავღანეთიც დასრულდება. მალე აქ ახალი თანამშრომელი ჩამოვა, რომელსაც “მტკიცე მხარდაჭერის” ქართულ მისიას გადავულოცავ და სამშობლოში დავბრუნდები. იქ კი ზუსტად ვიცი, რომ ავღანეთის მონატრების ეტაპიც მექნება. თუმცა მანამდე (და შემდეგაც) შორეულ და ცხელ ავღანეთში ვემსახურები ქართულ ჯარს!”