ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2019

რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი” - მაისაია

დავით ბერძენიშვილი - “ამ კაცმა პოლიტიკა ვერ ისწავლა, ივანიშვილი წარსულის გადმონაშთია”

ვის სურს “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

* * *

რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი” - მაისაია

“ეს იყო შეზღუდული დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, ერთი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი სამხედრო აგრესია, რომლის ანალოგი 21-ე საუკუნის დასაწყისში რთულად თუ მოიძებნება. რუსეთის ძირითადი მიზნები და ამოცანები პირველ რიგში ის იყო, რომ უნდოდა დემონსტრირება მოეხდინა დასავლეთისთვის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერი სახელმწიფო იყო რომელსაც შეეძლო სამხედრო ინსტრუმენტებით განეხორციელებინა საკუთარი ეროვნული ინტერესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს იყო დასავლეთისათვის პასუხის გაცემა და თავის წარმოჩენა თუ რაზე შეიძლებოდა წასულიყო იგი”, - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია 2008 წლის აგვისტოს ომს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “საქართველოს დედაქალაქი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი, იგეგმებოდა…”.

“რუსეთმა გამოიყენა კოსოვოს პრეცედენტი - როგორც კი ჩაუვარდა შესაძლებლობა ე.წ სეპარატისტული რეგიონების აღიარების კოსოვოს აღიარების საპირისპიროდ, რითაც ერთგვარად პუტინის სურვილი ასრულდა. რუსეთმა კოსოვოში მოახდინა მცირე ინტერვენცია, პრიშტინის აეროპორტის დაკავების სპეცოპერაცია 1999 წელს და ფაქტობრივად შეეცადა სამხედრო კუთხით დაპირისპირებოდა ნატოს ძალებს, რაც მას არ გამოუვიდა და იძულებული გახდა გამოეყვანა ჯარები. ეს მომენტი, რომ რუსეთმა ნატოს წინაშე წააგო, პუტინისათვის იყო საკმაოდ მძიმე ტვირთი, მაშინ მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩვენ ვებრძოდით ნატოს ძალებსო და ფაქტობრივად რუსეთმა “პრიშტინის” ოპერაციაში დამარცხების სინდრომი მძიმედ გააგრძელა... კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის იყო, რომ რუსეთმა ფაქტობრივად საქართველოში ხელში ჩაიგდო ახალი სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებიც მას ნამდვილად აკლდა და მისთვის მიუწვდომელი იყო, მოახდინა საკუთარი თავდაცვის რეფორმების განხორციელება, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და მომზადება უფრო ფართომასშტაბიანი ტიპის ოპერაციისათვის, როგორიცაა ჰიბრიდული სამხედრო ოპერაციის ჩატარება უკრაინაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამ ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებაში, როგორც ჩანს, რუსეთს დაეხმარა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში მყოფი რუსეთის გავლენის აგენტურა და მან მისცა ამის საშუალება, რადგანაც გაურკვეველია, რატომ მოხდა სენაკის სამხედრო ბაზის ასე უცებ დატოვება და რატომ არ მოხდა იქ არსებული ამერიკული და ისრაელური ტიპის თანამედროვე შეიარაღების ტექნოლოგიების განადგურება... ასევე, ვინ გასცა ბრძანება კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უკან დახევისა, როდესაც კოდორის ბაზა იყო აბსოლუტურად აუღებელი, რომელიც რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა. რუსეთმა ამ ომის საფუძველზე მოახდინა სამხედრო ანალიზი და მოახდინა თავისი შეცდომების გამოსწორება და ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს ანალიზი ამ სამხედრო კონფლიქტისა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია”, - განაგრძობს სამხედრო ექსპერტი.

“რუსეთმა მაშინ გამოიყენა სტრატეგიული ავიაცია - ეს არის ბირთვული ტრიადის შეიარაღების კომპონენტი, ასევე გამოიყენა ბირთვული შეიარაღების ტიპები, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. რუსეთმა ასევე გამოიყენა სამხედრო სადესანტო ოპერაციების ელემენტები, გამოიყენა 58-ე არმიის პოტენციალი, რომლის რაოდენობა შეადგენდა 30-40 ათას ადამიანს. ეს ყველაფერი შეზღუდული კუთხით იყო გამოყენებული, ამიტომაც შეზღუდული სამხედრო სტატუსი ჰქონდა. ქართულ და რუსულ მხარეებში მაქსიმალურად გამოყენებული იქნა 30 ათასი სამხედრო პირი, საბრძოლო ტანკების რაოდენობა სავარაუდოდ იყო 250 ტანკამდე, გამოყენებული იყო ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები, ასევე საბრძოლო ავიაცია, ჯავშანმანქანების რაოდენობა და ორივე მხარის მიერ გამოყენებულ იქნა სახმელეთო ჯარების კონტინგენტები. მაშინ სამხედრო დახმარება ჩვენ არ მიგვიღია. ერთი მომენტი ის იყო, რომ ამერიკელების სამხედრო ხომალდების შემოსვლა საქართველოში მაშინ იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, სხვათა შორის მათ წყალი არ შემოუტანიათ, ეს იყო ამერიკელების მხრიდან რუსეთის მიმართულებით სამხედრო ძალის დემონსტრირება”, -ამბობს რესპონდენტი.

“სხვათა შორის ამ დემონსტრირებამ გაჭრა, იმიტომ, რომ როგორც კი ფოთში შემოვიდნენ ამერიკული სამხედრო ხომალდები, მეორე დღესვე რუსეთმა დაიწყო საქართველოს შიდა ტერიტორიის დეოკუპაცია. ეს იყო ჩვენთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და რატომღაც ისე ითვლება, რომ ვითომ წყლები შემოიტანეს და სხვა ვითომ ამერიკელებმა არაფერი გააკეთეს, რაც არ არის სიმართლე, ამერიკელებმა ფაქტიურად მოახდინეს სამხედრო ძალის დემონსტრირება - თვითონ რუსებიც კი აღიარებენ, რომ ამერიკელების მხრიდან მოხდა სამხედრო ძალების დემონსტრირება, მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში, სხვათაშორის თურქეთი მაშინ აბრკოლებდა მათ შემოსვლას, რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი მაინც შემოვიდნენ 16-17 აგვისტოს პერიოდში”, - დასძენს ვახტანგ მაიასაია.

“რუსებმა ჩვენს წინააღმდეგ აგვისტოს ომში კიბერომის ელემენტებიც გამოიყენეს, მისი ელემენტები იყო გამოყენებული სრული მასშტაბით, ჩვენ გვახსოვს რომ 8 აგვისტოდან მთლიანად გაითიშა სოციალური ქსელები, მეტსაც გეტყვით, იყო საკომპიუტერო ტიპის შეტევები, მაგალითად ჩემი კომპიუტერი გაითიშა, გამოვიდა მწყობრიდან და წაიშალა მთელი მასალები, მეც გავხდი ფაქტიურად კიბერომის შეტევის მსხვერპლი. ასევე მათ გამოიყენეს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის საკმაოდ სერიოზული სრულმასშტაბურობა... მე ვიცი, რუსულ მხარეს თბილისის აღების გეგმები ჰქონდა, საქართველოში სხვა პოლიტიკური პროცესების დაწყება. მეტსაც გეტყვით, რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი, ერთ მთავარ კომენდანტის კუთხით, ასევე თბილისში იყო დაგეგმილი გარკვეული პირების დაპატიმრებაც კი, მაგრამ ბოლო მომენტში რუსებმა თავი შეიკავეს ამ ქმედებების გამო, იმიტომ, რომ აქ უკვე ჩაერია საერთაშორისო საზოგადოება”, - განმარტავს რესპონდენტი.

“აქ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ანუ რიგითმა ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა გმირულად იბრძოლეს, რასაც სარდლობაზე ვერ ვიტყოდი, იმიტომ, რომ სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სრული დეზორგანიზაცია განახორციელა, რაც იყო სრული დემორალიზება. საშუალო და რიგითმა შემადგენლობამ გმირულად იბრძოლა და მისცა საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მიეღო ზომები, არ მომხდარიყო მთლიანი საქართველოს ოკუპაცია თბილისის ჩათვლით, მაგრამ, მაშინ საერთაშოორისო საზოგადოება ჩაერია, მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო და კიდევ ბალტიის ქვეყნების ხელმძღვანელები. მე გამოვყოფდი ნიკოლა სარკოზისა და აწ უკვე გარდაცვლილ ლეხ კაჩინსკის უპრეცედენტო გმირობას, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს ეს რუსული სამხედრო აგრესია, მათმა ჩამოსვლამ და სოლიდარობამ იქონია საკმაოდ ძლიერი ეფექტი, ამას მინდა ხაზი გავუსვა ჩვენთან შემთხვევით არ არის, რომ თბილისში ლეხ კაჩინსკის სახელობის ქუჩა არსებობს”, - დაასკვნის მაისაია.

დავით ბერძენიშვილი - “ამ კაცმა პოლიტიკა ვერ ისწავლა, ივანიშვილი წარსულის გადმონაშთია”

“როდესაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, ყოველთვის მიმართავს რეპრესიულ და პროპაგანდისტულ მანქანას. რეპრესიებზე დაყრდნობა არის პოსტსაბჭოთა ხელისუფლებების მართვის სტილი. ივანიშვილს 2013 წელს არაფერი უჭირდა, არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდა. 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების დროსაც არ იყო მედია წნეხის ქვეშ. 2016 წლიდან ხელისუფლების მიმართ ნდობა დაიკარგა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა კი საოცარი ფორმები მიიღო”, - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მეფე შიშველია” - ბერძენიშვილი განმარტავს, თუ რა სურს სინამდვილეში ივანიშვილს.

“რუსთავი 2”-ის შემდეგ ფრთაშესხმულ ივანიშვილს უნდა ხელში ჩაიგდოს ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მაგრამ 21 საუკუნის ციფრულ ეპოქაში, როცა თეფშებიც კი არ არის საჭირო, მედიაზე შეტევა არის ფუჭი. “ტვ პირველის” დამფუძნებელს ედავებიან, რომ თურმე 2008 წელს “თიბისი ბანკის” დამფუძნებელებს ფული ასესხა, რა დროს ამის გახსენებაა, ეს არის მედიაზე შეტევა. ბიძინა ივანიშავილს არ უნდა მისგან უკონტროლი სივრცე არსებობდეს, არც პოლიტიკაში, არც ეკონომიკაში, არც საგარეო პოლიტიკაში და არც ბიზნესში, იგივე ხდება მედიაშიც. მაგრამ, ივანიშვილის აღარავის ეშინია, მეფე შიშველია, მისი ჭარბი ნდობა მოსახლეობაში განულებულია, ხელისუფლება კი გაკოტრებული. მან უნდა იცოდეს, რომ როცა იარაღს ააჟღარუნებ, წინააღმდეგობა მეტია. 2007 წლის აქციაზე დილით ხალხი კანტიკუნტად იყო, მაგრამ იმ მოვლენების შემდეგ, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. იგივე მოხდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. ანუ შეტევას კონტრშეტევა მოჰყვება. დღეს ინიციატივა ივანიშვილის ხელში აღარ არის, ინიციატივა ხალხის ხელშია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

“რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, აქ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი თემა: საკონსტიტუციო ცვლილება და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. თუ ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უკან არ წაიღო, როგორც ეს მოხდა 2015 წელს და ცვლილება დადგება პარლამენტში კენჭისყრაზე დიდი რეზერვით გავა, მაჟორიტარების კარტის გათამაშება აღარ გამოუვათ. რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, აქ ხელისუფლება ცდილობს სათავისო ნაღმები ჩადოს, მაგალითად, ბლოკების აკრძალვა, როგორ მომზადდეს რეკლამა და ა.შ. ანუ ხელისუფლება ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები სათავისოდ გააფორმოს”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხელისუფლება მთავრობაში გეგმავს ცვლილებებს, რას მისცემს ხელისუფლებას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სამთავრობო ცვლილებები?” - პასუხობს:

“არაფერს არ უშველის, ივანიშვილი წარსულის ნარჩენების გადმონაშთია. კიდევ ვიმეორებ, მისი ჭარბი ნდობა განულებულია, ხელისუფლება გაკოტრებული, თანაც ამ კაცმა პოლიტიკა ვერ ისწავლა, ასეთ ვითარებაში რაიმეს შეცვლა შეუძლებელია”.

ვის სურს “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

“რუსთავი 2”-ის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის “ტვ პირველის” მოხრჩობას აპირებს - ამ შეფასებას ოპოზიცია ტელეკომპანიის მეპატრონის ვატო წერეთლის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით აკეთებს. “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, ხუთშაბათს, 8 აგვისტოს სასამართლოში დაიკითხება. პროკურატურის ინფორმაციით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა წერეთელმა თავად მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, საკითხი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხება. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის სურს “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა - “ეს ნიშნავს რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას საქართველოში”

“ვატო წერეთელი, “თიბისის” დამფუძნებლების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, თუმცა ის დაკითხვაზე აქამდე დაბარებული არ ყოფილა.პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ვატო წერეთელი და მისი მამა ავთო წერეთელი მთავარი ფიგურები არიან - გამოძიების ვერსიით, სწორედ მათ კომპანიებს ასესხა თიბისი ბანკმა 2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი და შემდეგ ის ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა. ხაზარაძის განმარტებით, ავთო წერეთლის კომპანიებს თიბისიში 2007 წელს 35 მილიონის საკრედიტო ხაზი ჰქონდათ გახსნილი და თანხის მიღება ბანკისგან უმარტივესად შეეძლოთ, თავის საკრედიტო ოფიცერთან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების მეშვეობით. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამბობენ, რომ 2007-2008 წლებში სხვადასხვა სუბიექტისაგან ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, ჯამში, 80 მილიონი ისესხეს, მათ შორის 17 მილიონი ავთო წერეთლისგან, და თავიდან საერთოდ არ იცოდნენ, რომ წერეთელმა ეს ფული „თიბისიდან" გამოიტანა. პროკურატურის მიერ ზემოთნახსენები ინფორმაციის გავრცელების დღიდან ვატო წერეთელი პროკურატურისგან დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, აქამდე ის დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა. სამაგიეროდ კი აღმოჩნდა, რომ გამოძიება ტელეკომპანიის მფლობელის ფარულ სატელეფონო მიყურადებას ახორციელებდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უფრო ადრე კი “ტვ პირველის” ირგვლივ მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა. 2019 წლის მარტში „თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მათ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღეს. მოგვიანებით, გამოძიებისთვის წარდგენილი ეს წერილი პროკურატურამ გაასაჯაროვა. წერილში არის მოთხოვნა, რომ ტვ პირველი “იმედის” ტრენდზე უნდა დაჯდეს. გახარია ამ წერილის აუთენტურობას უარყოფს, ხაზარაძის თქმით, კი დოკუმენტი ექსპერტიზაზე ლონდონში აქვს გაგზავნილი. “ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!”, - ასე გამოეხმაურა მაშინ წერეთელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა. “ოპოზიცია კი “ტვ პირველის” დამფუძნებლის პროკურატურაში დაბარებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. “რეზონანსთან” ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედია სივრცის მოსუფთავებას ცდილობს”, - დასძენს გამოცემა.

“ევროპული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს გააზრებული აქვს, რომ ის ხელისუფლებას კარგავს. ხოშტარია ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მმართველი გუნდის ლიდერი რეპრესიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას მიმართავს. ხოშტარიას შეფასებით, დამოუკიდებელი მედიების გაჩუმების მცდელობას, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაქცია. “მედიის ჩახშობას, ადამიანების რეპრესიებს, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოების კიდევ უფრო მწვავე პროტესტი. ეს კი ივანიშვილს ძალაუფლებას ხელიდან უფრო სწრაფად გამოაცლის. რა თქმა უნდა, ის რაც ახლა „ტვ პირველის" ირგვლივ დაიწყო, არჩევნებამდე თავისუფალი მედია სივრცის მოსუფთავების მცდელობაა. ეს კი ივანიშვილს მასვე უკან ძალიან მძიმედ დაუბრუნდება”, - აცხადებს ხოშტარია. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი “ტვ პირველის” გაჩუმებაა. “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ ეს მცდელობა ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა”, - წერს სტატიის ავტორი.

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას არ გამოუვა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ეს ნიშნავს რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას საქართველოში. ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ამ გზას ვადგავართ. თუმცა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამის უფლებას არ მისცემს. რაც უფრო რადიკალურ ზომებზე გადავა წინასაარჩევნოდ, მოსახლეობისგან უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებს”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ნინო გოგუაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა