ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, მისი თანასოფლელები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, მისი თანასოფლელები, ოჯახის წევრები და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

აგვისტოს ომიდან 11 წლისთავზე, სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, მისი თანასოფლელები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სასულიერო პირებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საამაყოა, როდესაც საქართველოს სამშობლოსთვის თავდადებული გმირები ჰყავს.

„ამ ადამიანის გმირობა კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს, რომ სამშობლოსთვის თავდადება და ბრძოლა, ყოველთვის გმირთა ხვედრია. ამავდროულად, ყველა პოლიტიკოსს, ყველა სახელმწიფო მოხელეს კიდევ ერთხელ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ ისეთ ვითარებაში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული. სწორედ ამიტომ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ამ განვითარებით მივაღწიოთ გამთლიანებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ გმირთა სულის მოსახსენიებელი სწორედ ეს პოლიტიკა უნდა იყოს და ამ პოლიტიკას ადგას დღეს საქართველო და ხელისუფლება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ანწუხელიძე მისმა ოჯახის წევრებმაც გაიხსენეს.

„11 წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ ნელდება. თითქოს გუშინ მოხდა. მტკივა ყოველი დღე მის გარეშე. ერთი, რითიც თავს ვიმშვიდებ, ეროვნული გმირის წოდებაა. მეამაყება, რომ ასეთი ძმისშვილი გავზარდე“, - განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მამიდამ, ეთერ ანწუხელიძემ.