ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს. გმირთა მემორიალთან მათი ოჯახის წევრები, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ყვავილები მიიტანეს.

ფოთში, დაბომბვების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა.

„დამეთანხმებით, მძიმეა დღევანდელი დღე. მეთერთმეტე წელია, წუხილით ვიხსენებთ თავსდატეხილ უბედურებას, ტკივილით ვიგონებთ დაღუპულ ძმებს, შვილებს, მეგობრებს, თანაქალაქელებს. არ არის ადვილი იმიტომ, რომ ვიცით, ეს ის ტკივილია, ჟამთასვლა რომ ვერ აყუჩებს, ვერაფერი ამსუბუქებს ამქვეყნად. 2008 წლის მოვლენებმა ჩვენი ქალაქის 11 მკვიდრის სიცოცხლე იმსხვერპლა. 21-ე საუკუნის გმირები არიან ოთარ კიკალიშვილი, ლევან ტურავა, ზურაბ ნანავა, თემურ ფიჩხაია, გოჩა კაცაძე, გელა ჯიქია, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი, ზვიად ჩიჩუა, შალვა გაბუნია, ზვიად ბარბაქაძე. ქედს ვიხრით მათი თავდადების წინაშე. ღმერთს შევსთხოვთ დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაცა მართალნი განისვენებენ,”- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ქალაქის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მუნიციპალიტეტმა 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი, ხოლო დაჭრილებს - 200-200 ლარი გადასცა.