სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ალექსანდრე მოწერელიას კიდევ ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მალხაზ თორიას ნაცვლად დავით ვერავა, ხოლო კობა ქანთარიას ადგილას ნუკრი ხასია დაინიშნა. ამის შესახებ ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
„დაინიშნა ორი ახალი მოადგილე. ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი და ამიტომ შეირჩა ნუკრი ხასია, რომელიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. დავით ვერავა არის ფინანსისტი და ეს ორივე მიმართულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მოწერელიამ.
ძველი მოადგილეებიდან პოსტი მხოლოდ ნინო ვიბლიანმა შეინარჩუნა. პირველ მოადგილედ ალექსანდრე მოწერელიამ პირველ აგვისტოს დავით ფარცვანია წარადგინა.

























