სამეგრელოში ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლების - ლედარსალეს, ხანწკისა და ხაბუმეს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მატივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც ლედარსალეს, ხანწკისა და ხაბუმეს მოსახლეობას აწუხებს, გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.
ჩხოროწყუს სოფლებში მოსახლეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგო გულორდავა, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს, იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რასაც მთავრობა ახორციელებს, განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის პროექტებსა და პროგრამებს შეეხო.
თავის მხრივ, ჩხოროწყუს მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. სოფლის პროგრამის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში 107 პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა, ჩხოროწყუში წელს ერთი სკოლა აშენდება და 7 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება, ასევე შენდება 5 ამბულატორია, ხორციელდება გზების, წყალმომარაგების და გარეგანათების პროექტები.
ჩხოროწყუში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების და ნაპირსამაგრების პრობლემები დაასახელა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

























