ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “2020 წლის არჩევნებს ისე ველი, როგორც წყალს ხანძრის ჩასაქრობად“

“ექსპერტიზების ომი” “რუსთავი 2”-ის საქმეში

ბირთვული კატასტროფა რუსეთში. კრემლი ინფორმაციას მალავს - “ რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”...

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “2020 წლის არჩევნებს ისე ველი, როგორც წყალს ხანძრის ჩასაქრობად“

“რჩება შთაბეჭდილება, რომ აგვისტოს ომის უმძიმესი თემა შიდაპოლიტიკური მოხმარების გაურკვეველ საგნად აქციეს, რაც, ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომაა. არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. კი ბატონო, არსებობს შიდაპარტიული თუ შიდაპოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ არსებობს და გაცილებით მნიშვნელოვანია ეროვნული სულისკვეთება. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ჩვენში არც ერთ პოლიტიკურ ძალას ეს ეროვნული სულისკვეთება ლამის რიტორიკის დონეზეც აღარ აქვს... იმედი მაქვს, ამ ყველაფერს სათანადოდ შეაფასებს საზოგადოება, დაინახავს, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში ვიგდებთ თავს ერთმანეთის დადანაშაულებით და სოხუმის დაცემის დღეს მაინც აღარ დავიწყებთ შევარდნაძესა თუ გამსახურდიაზე ლაპარაკს. დროა, გავიგოთ, რომ ეს ტრაგედიები არის ჩვენი ეროვნული ტკივილი, რომელიც ერთად უნდა ვატაროთ”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “2020 წლის არჩევნებს ისე ველი, როგორც წყალს ხანძრის ჩასაქრობად” / “... მეორე მხრივ, გვარამიას ბიოგრაფიაც კარგად გვახსოვს, ის დრო რომ ყოფილიყო, როდესაც თვითონ იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, უკვე ტელეეთერით აღიარებითი ჩვენებაც ექნებოდა მიცემული”.

“2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - “ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას" მეტყველებს, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ინტერესის სფეროში. ამაზე მეტყველებს ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობის შერჩევის პროცესიც. ხომ ნახეთ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ვინც შეარჩიეს - მაიკლ ქაუგილი, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. ის კარგა ხანია ცხოვრობს საქართველოში და ატარებს აშშ-ის ინტერესებს. სწორედ ეს მიუთითებს, რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის ეს პროექტი და რომ ის აუცილებლად განხორციელდება... ამას წინათ ვნახე, სამხედრო სწავლებების ფარგლებში რა დონის და რაოდენობის სამხედრო ტექნიკა შემოდის საქართველოში. არც ეს არის შემთხვევითი. ვნახეთ ისიც, 8 აგვისტოს საიდან გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა - დევნილთა ჩასახლებიდან! აშშ-ს ამ მომენტში აქვს დიდი პრობლემები... ჩემი აზრით, ტაქტიკაში შეიძლება იყოს მცირე ცვლილებები, აი, სტრატეგია კი ნამდვილად არ შეიცვლება, ვინც უნდა იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება გასული კვირის ამბებს, დავიწყოთ იმით, რომ თანამედროვე სამყაროში სრულიად წარმოუდგენელი მგონია, ტელევიზიების გაკონტროლებით რომელიმე ხელისუფლებამ დივიდენდები მიიღოს, რადგან სოციალური მედია უკვე ისეთი მასშტაბურია, ალბათ, სატელევიზიო სივრცე ცოტა ხანში საერთოდ დაკარგავს მაყურებელს. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას საღი აზრი შერჩა და ამას ხედავს. ჩემი აზრით, "ტვ პირველის" მეპატრონის დაკითხვა სატელევიზიო სივრცის კონტროლს კი არა, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდებოდა. ამიტომაც მისი დაბარება უფრო კომპრომატების შეგროვების ცდას ჰგავს, თანაც _ სრულიად არაპროფესიონალურს. პროკურატურის ასევე არაპროფესიონალურ, მეტიც _ დილეტანტურ მიდგომას ვხედავთ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეში. გავეცანი პროკურატურის განცხადებას. ჩემდა გასაოცრად, იქ დანაშაულის ნიშნები არ ჩანს. შესაძლოა, რაღაც გადაცდომები იყო, მენეჯმენტი არასწორად იმართებოდა, მაგრამ მთავარია, ჩაიდო თუ არა გვარამიამ ფული ჯიბეში. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ მას ყველა ეს ოპერაცია და მათთან დაკავშირებული თანხაც დეკლარირებული აქვს. იყო თუ არა კარგი მენეჯერი, ეს სხვა საკითხია. რატომ აქვს ამხელა სახელმწიფო დავალიანება ტელევიზიას ან რატომ მივიდა გაკოტრების პირას, ესეც სხვა თემაა... არასწორი მენეჯმენტი, თუ იქ გამორჩენის მცდელობა არ ჩანს, სისხლის სამართლის საქმე ვერ იქნება! მით უფრო, რომ იმდროინდელმა მფლობელებმა კონტრაქტი, რომელსაც ნიკა გვარამიას ედავებიან, თავის დროზე მოიწონეს. ნიკა გვარამია ერთპიროვნულად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებებს.... ვფიქრობ, ნიკა გვარამიას დასჯა უნდათ, მაგრამ ისევ არასწორ მეთოდებს იყენებენ”, - განაგრძობს ექსპერტი.

“კიდევ ერთი მხარე ტელევიზიების სახელმწიფო ვალდებულებები და დავალიანებაა. რატომ იქცევა ზოგჯერ სახელმწიფო ასე უპასუხისმგებლოდ, არ ვიცი. შესაძლოა, ამ დავალიანების მედიაზე ზეწოლის ბერკეტად გამოყენებასაც ცდილობდნენ. ნონსენსია ის, რომ პროკურატურის ზეპირ განცხადებაში იყო დეტალები რაღაც ბინების თითქოს უკანონო ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, რაც საბრალდებო დადგენილებაში არ აღმოჩნდა. აბა, რას ემსახურებოდა ეს განცხადება, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შექმნას?! ეს ხომ არაგონივრულია და უარეს მდგომარეობაში აყენებს პროკურატურასაც და მთელ ხელისუფლებასაც. ჯობს, დროულად თქვან, რომ შეცდომა დაუშვეს, ვიდრე ეს მარაზმი გააგრძელონ. მეორე მხრივ, გვარამიას ბიოგრაფიაც კარგად გვახსოვს. ის დრო რომ ყოფილიყო, როდესაც თვითონ იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, უკვე ტელეეთერით აღიარებითი ჩვენებაც ექნებოდა მიცემული. გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აშკარად ჩანდა, მოსამართლე ყველაფერს ლუპით აკვირდებოდა და ისე წონიდა, მათ შორის წონიდა საკუთარ კარიერულ პერსპექტივასაც. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამ ბრალდების აბსურდულობა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ველოდი, რომ მოსამართლე პროკურატურის მოთხოვნას გირაოს თაობაზე არ გაითვალისწინებდა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა... მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნილი გირაოს ოდენობა გაანახევრა, მაგრამ მიმაჩნია, ამის საფუძველიც არ ჰქონდა... ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც ჩანს, სასმართლო სისტემა უკვე მთლიანად სახელისუფლებო კონტროლის ქვეშაა, თუმცა ვფიქრობ, ეს არის ბრალდება და საქმე, რომელსაც სახელმწიფო, როცა იქნება, აუცილებლად წააგებს. მე არ ვიცი, მოითხოვს თუ არა პროკურატურა გვარამიას დაკავებას 30 დღის შემდეგ, თუ მან გირაო არ გადაიხადა, ვერც იმას დაიჯერებს ვერავინ, თითქოს გვარამიას გირაოს გადასახდელი ფული არ ჰქონდეს... თუმცა ფაქტია, პროკურატურამ “მოახერხა” და თავისი არაკომპეტენტურობით დიდი ეჭვები გააჩინა გვარამიას საქმის გარშემო. ზოგადად, მეჩვენება, რომ პროკურატურა აფექტშია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასწრაფო რეორგანიზაციას საჭიროებს. პროკურატურამ ახლა მაინც ისე უნდა წარმართოს საქმე, რომ ქართველ საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ეს მედიაზე ზეწოლაა. კეთილი ინებონ, კარგად ჩამოაყალიბონ და დაასაბუთონ თავიანთი პოზიცია”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

“ვფიქრობ, “ქართულ ოცნებაში” მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე შემოდგომაზე მოხდება. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა კრიტიკას ვერ უძლებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. წლებია, ჩვენში ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული, სულ ამ რეჟიმით გვიწევდა ცხოვრება. ეს არის კომპარტიის გენერალური მდივნის ფსიქოლოგიის გაგრძელება. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მთავრობა გვყავდა კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ ეს მთავრობა შეცვალეს, თუმცა, ვფიქრობ, დამოუკიდებლობა არ იყოს მისი შეცვლის მთავარი მიზეზი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ველი, როგორც წყალს ხანძრის ჩასაქრობად. კოალიციური მთავრობა ერთადერთი გზაა არსებული პოლარიზაციის დასაძლევად და მთავრობაში პროფესიონალთა გუნდის მოსასვლელად”, - დაასკვნის ექსპერტი და შეკითხვაზე - “ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაზაფრა საზოგადოება...” - პასუხობს:

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავისი საქმიანობით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან იყო დაკავშირებული და ალბათ, შემდგომ კარიერასაც ამ მიმართულებით გეგმავს, ამიტომაც უპირობოდ ასრულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტივებს. გვენეტაძის პრეზიდენტობის დროს ლარის კურსი გვექნება ისეთი, როგორსაც მოინდომებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და არა ისეთი, როგორიც სჭირდება ქვეყანას. გაგახსენებთ 1998 წლის ეკონომიკურ დეფოლტს, როდესაც ირაკლი მანაგაძემ შეინარჩუნა ლარის კურსი. იგივე მოხდა 2008 წლის აგვისტოშიც. ლარის კურსის ეკონომიკურ მდგენელებზე ლაპარაკს აზრი არა აქვს; კურსზე ტაქტიკურ პერსპექტივაში მოქმედებს ფულადი მასების ფარდობა. როცა ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციას, შეისყიდის ლარს და რამდენიმე დღეში ისევ მიმოქცევაში უშვებს, ეს ლარის კურსს ვერ დაარეგულირებს. აუცილებელია ლარის ბანკნოტების ბრუნვიდან ამოღება და ამით ლარის მასის შემცირება”.

“ექსპერტიზების ომი” “რუსთავი 2”-ის საქმეში

“სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” მას ეკუთვნის, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ეს შედეგი რადიკალურად ეწინააღმდეგება თავად ოქრუაშვილის დაკვეთით ამ საბუთზე მანამდე ჩატარებული 3 ექსპერტიზის შედეგებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ექსპერტიზების ომი” “რუსთავი 2”-ის საქმეში.

“ამ სკანდალური დოკუმენტის მიხედვით, ოქრუაშვილმა ხალვაშს “რუსთავი 2”-ის საყიდლად 7,7 მილიონამდე ასესხა და მათ ეს შეთანხმება დოკუმენტზე ხელმოწერებით გააფორმეს. ოქრუაშვილის მოთხოვნით მასზე ბერლინში 3 ექსპერტიზა ჩატარდა, რომელთა შედეგებითაც საბუთზე ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა. ოქრუაშვილის ადვოკატი და მისი პარტიის წევრები ამბობენ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გააყალბა და ნახევარგვერდიან დოკუმენტში ექსპერტი ზედაპირულად წერს, რომ ასო “ვ” და ასო “შ” თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორიც ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებშია მოცემული. ეს კი, მათი შეფასებით, იმაზე მიანიშნებს, რომ ექსპერტიზა ზედაპირულად ჩატარდა. თავის მხრივ, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ მისი ხელმოწერა ირაკლი ოქრუაშვილმა გააყალბა. 22 ივლისს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქონების მიღების მცდელობის გამოძიება ითხოვა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სრულ უნდობლობას უცხადებს. გიორგი ზედელაშვილი საეჭვოდ მიიჩნევს დამატებით წარდგენილ დოკუმენტაციას, რომელიც საბაჟო დეკლარაციებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოქრუაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვონ. მისი თქმით, საქმეში სამი დასკვნა არსებობს, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტზე შესრულებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არის ნამდვილი, ანუ შესრულებულია მის მიერ. ზედელაშვილი ამბობს, რომ არც ერთ ექსპერტს ამაში ეჭვი არ შეუტანია. ხოლო ამ ექსპერტიზის დასკვნის დასადებად გამოყენებული იქნა ქიბარ ხალვაშსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის დადებული ხელშეკრულებები, სადაც არსებობს 14 ხელმოწერა და 14 ხელმოწერის ნიმუში დედნის სახით, რომელიც იქნა შედარებული 2010 წლის 4 თებერვლის დოკუმენტს. ოქრუაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტზე შედარების შედეგად მიღებული იყო ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის ეს ხელმოწერა”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული ექსპერტიზა იქნება იმის დასტური, რომ დოკუმენტზე ნამდვილად არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ახლა საქმეს კიდევ ერთი დასკვნა მიემატა. აქამდე არსებობდა სამი, რომლებიც მნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ სადავო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ახლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამ დოკუმენტზე არ არის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა, ეს კი თეთრზე შავის მტკიცება გამოდის. ამიტომაც, ვინაიდან საქმეში წინააღმდეგობრივი დასკვნები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინაიდან მოხდეს ობიექტური დასკვნის დადება. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, რაც იქნება გადადგმული. შევარჩევთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ საექსპერტო დაწესებულებას, რომელსაც ექნება ნდობის მაღალი ხარისხი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი.

“ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ მათი ეჭვები გამართლდა და სამხარაულის ექსპერტიზამ ნათლად დაადასტურა, რომ ხალვაშის ხელმოწერა ყალბი იყო. მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება, რასაც სასამართლო უნდა დაეყრდნოს, როდესაც მსჯელობა ეხება ოქრუაშვილის სარჩელს. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს გადაეგზავნა და შესაბამისად, საქმის წარმოება განახლდება. სამართლებრივად და პროცესუალურად, საქმე შეჩერებული იყო იმის გამო, რომ ხელმოწერები ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი. მისი განცხადებით, სამხარაულის დასკვნა არის ერთ-ერთი მტკიცებულება სასამართლოსთვის, წინასწარ დადგენილი ძალა სხვა არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს. ამიტომაც ოქრუაშვილის მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზას სასამართლო არ სცნობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება. ამასთან, ოქრუაშვილის მიერ თითქოს ხალვაშისთვის ნასესხები თანხები სხვა სახითაც უნდა დასტურდებოდეს, გარდა იმისა, რომ თითქოს ხალვაშმა მოაწერა რაღაც დოკუმენტს ხელი, რამდენადაც ოქრუაშვილი იმ დროს საჯარო მოხელე იყო და ეს თანხები ლეგალურად და შესაბამისად დაფიქსირების გარეშე ვერ ექნებოდა. რაც შეეხება ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად საზღვარგარეთ განმეორებით ექსპერტიზის მოთხოვნას აპირებს, ჩვენ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველს ვერ ვხედავთ“, - აცხადებს სალია. მისივე თქმით, როდესაც სასამართლოში შუამდგომლობის დაყენება მოხდა, რომ სამხარაულის ბიუროში ჩატარებულიყო ექსპერტიზა, ოქრუაშვილის მხარე ამას დაეთანხმა. სალია ამბობს, რომ ექსპერტიზაზე ოქრუაშვილის ადვოკატიც იყო მისული. ხალვაშის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საზღვარგარეთაც რომ იგივე დაადგინოს ექსპერტიზამ და იმასაც უნდობლობა გამოუცხადონ, ასე უსასრულოდ შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ბირთვული კატასტროფა რუსეთში. კრემლი ინფორმაციას მალავს - “ რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”...

“რუსეთში ბოლო თვენახევარში რამდენიმე მასშტაბური ტრაგედია მოხდა, რომელთა გამომწვევ მიზეზებსა და მათ შედეგებს ოფიციალური მოსკოვი შესაძლოა მიზანმიმართულად მალავდეს. მათგან ყველაზე შემაშფოთებელია ბირთვული აფეთქება ქალაქ სევეროდვინსკში, რომელიც, სპეციალისტთა ნაწილის აზრით, შესაძლოა თავისი მასშტაბებით გასულ საუკუნეში მომხდარი ჩერნობილის ტრაგედიას გაუტოლდეს. რუსეთის სამთავრობო მედიაში ამ ინციდენტების შესახებ გავრცელებული ცნობები ეჭვებს ბადებს. მომხდარის რეალური სურათის აღდგენა გარკვეულწილად სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციითაა შესაძლებელი. „რეზონანსი“ შეეცადა შეეგროვებინა ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით მომხდარის მასშტაბებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბირთვული კატასტროფა რუსეთში. კრემლი ინფორმაციას მალავს.

“2019 წლის 1 ივლისს ზესაიდუმლო წყალქვეშა ნავ “ლოშარიკზე” ხანძარი მოხდა, რასაც 14 რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის პირველი რანგის 7 კაპიტანი იყო და 2 “რუსეთის გმირი”. “გაზეტა.რუ” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტთანაა დაახლოებული, წერს, რომ “სპეციალური დავალების შესრულებისას” ატომური წყალქვეშა ნავის ელექტროობაში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც ხანძარი გამოიწვია. თუმცა ოფიციალური კომენტარი დასახელებულ ვერსიას არ მოჰყოლია სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან. განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ნორვეგიის რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი პერ სტრანდი “როიტერსთან” და აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, წყალქვეშა ხომალდის ბორტზე გაზი აფეთქდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით კი, წყალქვეშა ნავი სამეცნიერო ხასიათის დავალებას ასრულებდა და წყალქვეშა სამყაროს კვლევით იყო დაკავებული. “გუნდის თავდაუზოგავი მოქმედების შედეგად, ცეცხლის გაჩენის წყარო ლიკვიდირებულ იქნა”, - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში. მეორე ინციდენტი, რომელიც ჯერჯერობით არაა ლიკვიდირებული და ამ დრომდე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, კრასნოიარსკის მხარის ერთ-ერთ ქალაქ აჩინსკში 9 აგვისტოს მოხდა სამხედრო ბაზაზე, რომელთან ახლოს რუსული შეიარაღების საწყობია განლაგებული. ტერიტორიაზე გავრცელებული ცეცხლისა და მომხდარი აფეთქებების შედეგად ათობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის მთავრობა ჯერჯერობით დუმს იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა ტერიტორიაა დაზიანებული, არაფერს ამბობენ არც მიყენებულ ზარალზე და კონკრეტულად არ ასახელებენ დაშავებულთა რაოდენობას. ისევე, როგორც წყალქვეშა ნავ ”ლოშარიკზე” მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რუსეთს ოფიციალური პასუხი არსებულ კითხვებზე არ გაუცია. თავდაპირველი ცნობებით, დაშავებულთა რაოდენობა იყო 11 და მხოლოდ 4 მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, მაგრამ მოგვიანებით, კრასნოიარსკის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების პრესსამსახურის განაცხადებაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ საავადმყოფოებს დახმარებისთვის 12-მა ადამიანმა მიმართა. ამჟამად ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6 სოფლის ტყეში აკრძალა მოქალაქეების შესვლა, რაც განმარტეს იმით, რომ ადგილზე სამხედრო გამნაღმველები მუშაობენ და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით არ არის რეკომენდირებული ტყეში სიარული... ყველაზე სახიფათო ინციდენტი, რომელმაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მთელი მსოფლიო შეაშფოთა, მოხდა 8 აგვისტოს არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში. ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20–ჯერ მოიმატა. მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს. ამის შესახებ ბრიტანული “დეილი მეილი” იუწყება”, - დასძენს გამოცემა.

“აღნიშნული მონაცემების საპირისპიროდ, რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით რადიაციის დონემ მოიმატა სულ რაღაც 2-ჯერ, რაც ადამინთა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, “დეილი მეილი” ეჭვობს, რომ რუსეთი კატასტროფის რეალურ მასშტაბებს მალავს და შესაძლოა, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უზარმაზარი აფეთქების სცენარი გაამეოროს თავისი დუმილისა და რეალური ფაქტების დამალვით. ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 პირი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, რომელიც რადიაციული დასხივების მკურნალობაზე სპეციალიზდება. ამასთან, 8 აგვისტოს ინციდენტის შედეგად დაღუპულებიც და დაშავებულებიც სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, ხოლო მოგვიანებით მათი სპეცსამოსი, ისევე როგორც იმ მედიკოსებისა, რომელთაც დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასწრაფო რეჟიმში გაანადგურეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც “დეილი მეილიც” ემხრობა, პოლიგონზე ცდიდნენ “ცირკონის” ტიპის ზებგერით რაკეტას - ერთ-ერთს იმ გასაიდუმლოებული იარაღიდან, რომლის შექმნითაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საჯარო გამოსვლისას დასავლეთს ემუქრებოდა. თუმცა, რუსული გამოცემა “ვედომოსტის” ცნობით, საუბარია სახომალდე რაკეტის ძრავის გამოცდაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაშია წარმოდგენილი. თუმცა, უკვე რუსეთშიც იწყებენ იმ ფაქტის აღიარებას, რომ ინციდენტის შედეგად რადიაციის მასშტაბური გაჟონვა მოხდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი თავისი “ტვიტერის” გვერდზე წერს, რომ თეთრი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, დვინის უბეში 8 აგვისტოდან, საკონტინენტთაშორისო რაკეტა “ბურევესტნიკის” ბირთვული აფეთქების შემდეგ თევზაობა აკრძალულია. კარაულოვი აღიარებს და წერს, რომ ჩრდილოეთის ზღვის უდიდესი ნაწილი რადიაციითაა დაბინძურებული, რის გამოც ყველა ხომალდი თუ ნავი, მათ შორის სათევზაოც, ტერიტორიიდან გაიყვანეს: “რეალურად ეს ეროვნული ტრაგედიაა. ახლა შეკითხვა: ვინმემ განაცხადა იმის შესახებ, რომ გუშინდელი დღიდან თევზაობა აიკრძალა ჩრდილოეთის ზღვაში და სულ მალე ბარენცის ზღვაშიც აიკრძალება თევზჭერა?” - წერს კარაულოვი, რომლის აზრით, “რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”, - დასძენს სტატიიის ავტორი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი