„კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ კასპში სოციალური მეწარმეობის კონკურსს ატარებს

„კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ კასპში სოციალური მეწარმეობის კონკურსს ატარებს

Erasmus -ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნაბიჯი წინ“ ფარგლებში, „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ ქალაქ კასპში სოციალური მეწარმეობის კონკურსს ახორციელებს. აღნიშნული პროექტი ევროპის კავშირის მხარდაჭერით და კასპში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით ტარდება.

კონკურსში მონაწილე, კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა ტრენინგების კურსი ჩაატარა. ტრენინგების თემა - სოციალური მეწარმეობის იდეების გენერირება და ბიზნეს პროექტის წერა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ოთხეტაპიანი პროექტის, მესამე ეტაპზე ახალგაზრდებისგან შემდგარმა ოთხმა ჯგუფმა ჟიურის წინაშე საკუთარი ბიზნეს იდეები წარადგინა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა თითოეული იდეა და გამოავლინა საუკეთესო ჯგუფი “GMT Crafts” (ჯი ე თი კრაფსტი), რომელმაც უმაღლესი ქულა დაიმსახურა. ჟიურიმ ბიზნეს იდეა ორი კრიტერიუმით შეაფასა, პირველი - რეალისტობა და მდგრადობა და მეორე - დადებითი სოციალური ზეგავლენა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

„ჯგუფის წევრების მარიამ ხეჩიკაშვილის, თამარ ჭიღლაძისა და გიორგი თოფურიას სოციალური საწარმოს მთავარი პროდუქტი იქნება ხელნაკეთი სუვენირები და აქსესუარები, გამოყენებული ნივთებისგან დამზადებული პროდუქტები. ბიზნესის სოციალური მიზანია დაასაქმონ პრობაციონერები და ხელი შეუწყონ მათ რესოციალიზაციას. ამ გზით ისინი შეინაჩუნებენ საკუთარი საქმიანობის მდგრადობას და ამავდროულად დიდ წვლილს შეიტანენ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის გადაჭრაში.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მეოთხე, დასკვნით ეტაპზე კავკასიის ახალგაზრდული კავშირი გამარჯვებულ ჯგუფთან, ბიზნეს იდეის დახვეწის შემდგომ, კასპის მუნიციპალიტეტის მერიას როგორც პარტნიორს წარუდგენს გრძელვადიან ანგარიშს, ბიუჯეტს, ხარჯთაღრიცხვას და სთხოვს სექტემბრის თვეში მცირე გრანტით დაფინანსებას.