რამაზ საყვარელიძე - პროცესები შიდა პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად სტიქიურად მიდის და  წარმატება გათვლილი სტრატეგიის შედეგი იშვიათად არის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ რაყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, მას შემდეგ რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, მეშვიდე წელია ოპოზიცია მმართველ გუნდს სულ უუნარობასა და უნიათობაში სდებდა ბრალს. ზაფხულში განვითარებულ პროცესების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებამ არა ერთი საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი კი გადადგა, რამდენად კარგი, ეს ჯერ გარდა იმისა, რომ მკაფიოდ არ ჩანს, არც ცხადად აღიქმება.

თუ ჩავთვლით, რომ ხელისუფლება შეტევაზეა გადასული, ყველა შეტევას წარმატებებიც ახლავს და წარუმატებლობებიც. მესმის, რომ უკანსაკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, მათზე ცალ-ცალკე საუბრი ნამდვილად ღირს, მაგრამ იქნებ ჩვენ საუბარი ასე დაგვეწყო - თუ ხელისუფლება შეტევაზეა გადასული, თქვენი დაკვირვებით დღეისათვის რაში აქვს მას წარმატება?

- ქართულ პოლიტიკაში მოვლენები ისეთი სისწრაფით ცვლის ერთმანეთს, რომ ძნელია გაავლო ზღვარი წარსულსა და აწმყოს შორის. თითქოს უკვე მოძველდა, მაგრამ სადღეისო პოლიტიკურ წარმატებად ვთვლი პროპორციული არჩევნების შეთავაზებას ბუნებრივი ნულოვანი ბარიერით.

არ ვიცი აქვს თუ არა ხელისუფლებას გათვლილი პროპორციული სისტემით არჩევნების ინიციატივის შორეული შედეგები, მაგრამ მოცემულ მომენტში ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს ამ ინიციატივამ დაუკარგა საპროტესტო აქციების სურვილი და არჩევნებისთვის მომზადებაზე გადართო.

ხელისუფლების ინიციატივამ არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს დაუკარგა საპროტესტო აქციების სურვილი და არჩევნებისთვის მომზადებაზე გადართო

დანარჩენი შეტევების შეფასება ძნელია. ხელისუფლების შეტევად ფასდება იმათი სამართლებლივი დევნა, ვინც 20 ივნისის არეულობაში მონაწილეობდა და ის, რომ ოპოზიციის ლიდერები მოხვდნენ მათ რიცხვში. ვითომ, ეს წარმატებაა?!

ნებისმერ ქვეყანაში ეს ნაბიჯი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა. ოღონდ, ლამის მეორე თვის თავზე ძიებას რომ არაფერი ახალი არ დაუდგენია გადატრიალების საქმეზე, ეს ისევ უნიათობაა და წარმატებად ვერ ჩაითვლება.

ხელისუფლების შეტევად ფასდება იმათი სამართლებლივი დევნა, ვინც 20 ივნისის არეულობაში მონაწილეობდა და ის, რომ ოპოზიციის ლიდერები მოხვდნენ მათ რიცხვში. ვითომ, ეს წარმატებაა?!

ასევე ხელისუფლების შეტევად მიიჩნევს ოპოზიცია „რუსთავი-2“-ის ისტორიას, რის დამაჯერებელი არგუმენტი არ ჩანს. ერთხანს ისიც თქვეს, სტარსბურგი ივანიშვილს დაემორჩილაო, მაგრამ მერე მიხდვნენ, რომ ეს სისულელე დამაჯერებელი არ იყო.

მარტო ის, რომ ხელისუფლებას აწყობს „რუსთავის 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ შეტევის მხედართმთავარია.

მეორეც - თუ „რუსთავი 2“-ის სამაგიეროდ ოპოზიციამ გახსნა ახალი ტელევიზიები, ხელისუფლება უარეს დღეში აღმოჩნდება. ამიტომ, „რუსთავი 2“-ის ისტორია ხელისუფლების წარმატებაა თუ არა, გინდ დემოკრატიის და გინდ პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით, ძნელი სათქმელია.

მარტო ის, რომ ხელისუფლებას აწყობს „რუსთავის 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ შეტევის მხედართმთავარია

ხელისუფლება უტევს ბანკს და ანაკლიის პორტსო - ამბობენ. ბანკის არ ვიცი, მაგრამ ანაკლიაზე აშშ-ის ინტერესი იმ სიმაღლიდან გამოითქვა, რომ ცხადია - აშშ არ მისცემს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროექტის ჩაგდების საშუალებას.

ასე რომ, ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე შეტევა ხელისუფლების წარმატებაა თუ მარცხი, ჯერ კიდევ გასარკვევია. ბუნდოვანია, ამ საქმეს მიწებებული წერეთლის საქმეც რას მოუტანს ხელისუფლებას. ამდენად, ძნელია ლაპარაკი ხელისუფლების მიზანმიმართულ შეტევებზეც და, მით უფრო, მათ წარმატებებზე.

პროცესები შიდა პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად სტიქიურად მიდის და წარმატება იშვიათად არის გათვლილი სტრატეგიის შედეგი

ჯერჯერობით მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები შიდა პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად სტიქიურად მიდის და წარმატება იშვიათად არის გათვლილი სტრატეგიის შედეგი.

- 20 ივნისის საქმე დაუმთავრებელია, ოპოზიციის ლიდერების მიმართ წაყენებული ბრალდებები ჯერჯერობით მთლად დამაჯერებლადაც არ გამოიყურება. ვერც ლარის კურსის საქმეა კარგად და შესაბამისად, ვერც ჩვენი.

თუმცა, ვხედავთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე პრაქტიკულად დასრულებულია, ვინაიდან ქიბარ ხალვაშმა უკვე განაცხადა, რომ სტასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის მიკუთვნებულ ტელევიზიას ყიდის. ოპოზიციის მტკიცებით, ხალვაშმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, „რუსთავი 2“ „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში ვეღარ იქნება.

გაქვთ განცდა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პროკურატურის ბრალდებები ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ დამაჯერებელი იქნება და ხელისუფლება დაუშვებს იმას, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ხელსუფლების მიმართ კრიტიკული იქნება?

- გადატრიალების ბრალდებაში დამაჯერებელი არგუმენტები აქამდე უნდა გამოჩენილიყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ არც იძიებენ ბოლომდე, რადგან საჯარო ინფორმაციიდან გვახსოვს ყველას რევოლუციური მოწოდებები, უკვე დიდი ხანია.

შეიძლება, ნელა მოქმედებენ, რადგან არ იციან რა უქნან შედეგებს. წარმოვიდგინოთ, რომ „ნაციონალურ“ ოპოზიციას ჰქონდა გადატრიალების სცენარი და პროკურატურას ამის საბუთები გააჩნია. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? გაასამართლოს მთელი პარტია?

ამის საფუძველი ადრეც იყო, ითხოვდა ამას "პატრიოტთა ალიანსი", მაგრამ მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

ხელისუფლება 20 ივნისის საქმეზე ნაბიჯებს ვერ დგამს და ამიტომ ეს გაწელილი გამოძიება ურჩევნია, რითაც ჰგონია, რომ არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს. ამ დროს, ავიწყდება, რომ იწვება მისი რეიტინგი.

ხელისუფლება 20 ივნისის საქმეზე ნაბიჯებს ვერ დგამს და ამიტომ ეს გაწელილი გამოძიება ურჩევნია, რითაც ჰგონია, რომ არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს. ამ დროს, ავიწყდება, რომ იწვება მისი რეიტინგი

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, მეეჭვება მისი მყიდველი საერთოდ მოიძებნოს. შეიძლება, ხალვაშმა ხეირის ნახვისთვის ცალ-ცალკე გაყიდოს აპარატურა, შენობა და ა.შ. ისევ ატყდება გნიასი, რომ კრიტიკის გარეშე დარჩა ხელისუფლებაო, მაგრამ ამას დროზე ადრე ნუ ვიგლოვებთ, ოპოზიციური პარტიები სხვა ტელევიზიებს ადვილად შექმნიან.

თანაც, საზოგადოების ოპოზიციურ განწყობილებას ტელევიზია არ სჭირდება. როცა გამსახურდია იბრძოდა, ტელევიზია კომუნისტების ხელში იყო, მაგრამ ქუჩა ხალხით იყო სავსე.

ამდენად, თუ ოპოზიციას რამე საყურადღებო აქვს სათქმელი, მისი სიტყვა ნებისმიერ შემთხვევაში მივა საზოგადოებამდე. ოპოზიციის პრობლემა იმაშია, რომ სათქმელს ვერ ამბობს - იძახის, ეს ხელისუფლება მოვიშოროთო, მაგრამ ვერ ამბობს ვინ უნდა დასვას ამ ხალხმა ხელისუფლებაში.

მეეჭვება „რუსთავი 2“-ის მყიდველი საერთოდ მოიძებნოს. შეიძლება, ხალვაშმა ხეირის ნახვისთვის ცალ-ცალკე გაყიდოს აპარატურა, შენობა და ა.შ. ისევ ატყდება გნიასი, რომ კრიტიკის გარეშე დარჩა ხელისუფლებაო, მაგრამ ამას დროზე ადრე ნუ ვიგლოვებთ, ოპოზიციური პარტიები სხვა ტელევიზიებს ადვილად შექმნიან

ვერ ამბობს, რადგან იცის, რომ „ნაციონალების“ მობრუნება ხელისუფლებაში არ უნდა ამომრჩეველს. ამ სირთულეს ის ტელევიზიით ვერ დაძლევს. აქამდე მის სამსახურში იყო „რუსთავი 2“, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნები წააგო. ასე რომ, ტელევიზიაში არაა ოპოზიციის პრობლემა.

რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობას, ტენდენციური კრიტიკულობა ეტყობა არც საზოგადოებისთვისაა საკმარისი. მხოლოდ ორასამდე ადამიანი იდგა საპროტესტოდ, როცა გვარამია პროკურატურაში ჰყავდათ შეყვანილი.

საზოგადოების ეს მდუმარე განაცხადი მრავლის მეტყველია, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო - ნათქვამია.

აქამდე „რუსთავი 2“ „ნაცმოძრაობის“ სამსახურში იყო, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული „ნაცმოძრაობამ“ ყველა არჩევნები წააგო. ასე რომ, ტელევიზიაში არაა ოპოზიციის პრობლემა

არ ვიცი, ექნებათ თუ არა პოლიტიკურ და პოლიტიზირებულ მედია წრეებს საზოგადოების ამ ნათქვამის გაგონების უნარი. შეიძლება, ხალხს ყველას მიმართ ერთნაირად კრიტიკული მედია მოენატრა და აღარ უნდა „კაცის კაცი“. ეს ამოცანა როგორ უნდა გადაიჭრას, ძნელი სათქმელია.

- „რუსთავი 2“-ის სავარაუდო მფლობელებად ბევრი გვარი სახელდება, მაგრამ ძნელი სათქმელია საბოლოოდ ვინ იყიდის მას. „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას დამკვირვებელთა უმრავლესობას ეჭვიც არ ეპარება, რომ ის, რაც ამ ტელევიზიის ირგვლივ ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებს უკავშირდება.

თუ ამას წინათ "ტვ პირველზე“ განხორციელებული კიბერშეტევას გავიხსენებთ, რომლის მფლობელი ირიბად მაინცაა დაკავშირებული მამუკა ხაზარაძესთან, რომელმაც უკვე დააანონსა, რომ პარტია „ღირსეული საქართველოსთვის“ სექტემბერში დააფუძნებს, მთლად უსაფუძვლოდაც არ გამოიყურება მტკიცება, რომ ხელისუფლება იმ ტვ-ეებს ერჩის, ვინც კონტროლს ქვეშ არაა. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- რა თქმა უნდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციური ტელევიზიები არიან ცუდ დღეში, მაგრამ არ ვიცი არის თუ არა ამის მიზეზი ხელისუფლება. ოპოზიციურ ტელევიზიების მოთვინიერებაში ხელისუფლების ინტერესი ბუნებრივია, მაგრამ ინტერესი ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანაშაულს.

ოპოზიციურ ტელევიზიების მოთვინიერებაში ხელისუფლების ინტერესი ბუნებრივია, მაგრამ ინტერესი ჯერ კიდევ არ ნიშნავს დანაშაულს

მკვლელს ბრალდებას ვერ უყენებენ მხოლოდ მოტივის საფუძველზე, მტკიცებულებები არის საჭირო. ჩვენ კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მისი დაინტერესების გამო ვთვლით, რომ ხელისუფლება ერჩის უკონტროლო ტელევიზიებს.

ამ ტელევიზიებმა წარადგინონ სასამართლოში სარჩელი დასაბუთებით, ეს მძიმე დანაშაულია და საერთაშორისო სტრუქტურები მისით დაინტერესდებიან. გაუგებარია, საქართველოში დემოკრატიის დამცველები რატომ არ მიდიან ამ ევროპული გზით და მხარს უჭერენ პროვინციული ჭორაობით ანგარიშსწორებას.

ეს განცხადებები სერიოზული შედეგის მომტანი არ იქნება და მეც თავს ავარიდებ მონაწილეობას ამ არასერიოზულ პროცესში, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ.

- ოპოზიცია „რუსთავი 2“ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს იმ მოტივით ხსნის, რომ გვარამიამ დააანონსა ახალი ტელევიზიის დაფუძნება.

დამკვირვებელთა უმეტესობა შენიშნავს - თუ პოლიტიკურ ოპოზიციას ტვ-ს სახით არ ექნება თავისი სერიოზული მედიაპლატფორმა, იგი უეჭველი წააგებს 2020 წლის არჩევნებს, თან დიდი ანგარიშით.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ოპოზიციას მძლავრი ოპოზიციური ტელევიზია ისევე არ ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებამდე „ოცნებას“?

- კარგი მინიშნებაა თქვენს კითხვაში. მართლაც, 2012 წელს სააკაშვილი „ოცნების“ თეფშებსა და ანტენებს აპატიმრებდა, რადგან მიაჩნდა, რომ არჩევნებს იგებს ტელევიზია. შედეგმა აჩვენა, რომ არჩევნებს იგებს ხალხის განწყობა, რომლის ჩამოყალიბებისთვის ტელევიზია არაა აუცილებელი.

2012 წელს სააკაშვილი „ოცნების“ თეფშებსა და ანტენებს აპატიმრებდა, რადგან მიაჩნდა, რომ არჩევნებს იგებს ტელევიზია. შედეგმა აჩვენა, რომ არჩევნებს იგებს ხალხის განწყობა, რომლის ჩამოყალიბებისთვის ტელევიზია არაა აუცილებელი

ვიმეორებ, დღევანდელ ოპოზიციას მძლავრი ტელევიზია ჰქონდა „რუსთავი 2“-ის სახით, მაგრამ ყველა არჩევნები წააგო. ამიტომ, ოპოზიციას ექნება თუ არა მძლავრი ოპოზიციური ტელევიზია, ამას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რა აქვს ოპოზიციას სათქმელი. ტელევიზიით იტყვის იგი ამ სათქმელს, გაზეთით თუ ხეებზე გაკრული პროკლამაციებით, დამერწმუნეთ, პოლიტიკური შედეგი ერთანაირი იქნება.

- პოლიტიკის ანალიტიკოსის ხათუნა ლაგაზიძის აზრით, დასავლეთი ყურადღებით კი აკვირდება ჩვენს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ როგორც ჩანს - „ამ პროცესებში ოპოზიციამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“.

გია ნოდიამ გამოთქვა საკმაოდ საინტერესო მოსაზრება - „სააკაშვილის ინტერვიუ IWPR-სათვის აიხსნება წყენით, რომ დასავლეთმა იგი საბოლოდა „ჩამოწერა“. თქვენც გაქვთ განცდა, რომ “ოცნების“ ყველაზე დიდ ოპონენტს „ნაცმოძრაობას“ ახლა დასავლეთისა და იგივე ვაშინგტონის მხარდაჭერა არ აქვს?

- მაშინ, როცა მაღალი რანგის დიპლომატი ნორლანდი დაინიშნა ამერიკის ელჩად საქართველოში და როცა იგი ყველაფრით ეხმარებოდა „ოცნებას“ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებაში, უკვე ცხადი იყო, რომ „ნაცმოძრაობას“ ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერა არა აქვს.

უბრალოდ, დასავლეთი გინებით არ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმრთ, განსხვავებით ზოგიერთი მოწინავე ქართული ტელევიზიისგან. ალბათ, ამიტომ გვიჭირს ხოლმე დასავლეთის პოზიციის გაშიფვრა.

სააკაშვილს ვაშინგტონის მხარდაჭერა ჰქონდა მაშინ, როცა ბუშს სურდა ხავერდოვანი რევოლუციებით ავღანეთამდე მისვლა. როცა რევოლუციების სტრატეგია ვაშინგტონის დღის წესრიგიდან მოიხსნა, სააკაშვილის საჭიროებაც აღარაა.

როცა რევოლუციების სტრატეგია ვაშინგტონის დღის წესრიგიდან მოიხსნა, სააკაშვილის საჭიროებაც აღარაა

რუსეთთან დაპირისპირებაშიც არ აღმოჩნდა სააკაშვილი ეფექტური - 2008 წლის ომმა დასავლეთს სირთულეები შეუქმნა, დასავლეთი ვერ თოკავს რუსეთის ძალადობას (უკრაინაც აჩვენებს ამას) და კონფრონტაცია მას ჩიხში აქცევს. ამიტომ, იცვლება სტრატეგია და იცვლება ფავორიტები.

- ხათუნა ლაგაზიძის აზრით, „ხაზარაძე ის მთავარი თუ არა, ერთადერთი ფიგურაა, რომელზეც შესაძლოა, ახალი პოლიტიკური კომბინაცია აიგოს“. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პროექტის საქმეში ხაზარაძე-ჯაფარიძე დასავლეთის მკაფიო და ცხადი მხარდაჭრის გარეშე აღმოჩდნენ.

ყოველ შემთხვევაში, კი თქვეს ვაკვირდებითო პროცესებს, მაგრამ დაკვირვების შედეგებზე ჯერჯერობით, არაფერი უთქვამთ. არც ხმამაღლა და არც ხმადაბლა.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შანსები აქვთ ხაზარაძე-ჯაფარიძეს 2020 წლის არჩევნებში?

- ახალი კომბინაციის ასაგებად ხაზარაძეც და ჯაფარიძეც ნამდვილად საინტერსო ფიგურები არიან, მით უფრო, რომ უდავოდ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია ორივე. მაგრამ ბიზნესიდან პოლიტიკაში შესვლას რამოდენიმე სირთულე ახლავს.

უცხოეთის მხარდაჭერის გარდა, რაც, გათანხმებით, არ ვლინდება, მნიშვნელოვანია შიდა ფაქტორი - როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, მათ იშვიათად სურთ ძალაუფლების მიცემა ბიზნეს პერსონებისთვის.

თითქოს იყო გამონაკლისი 2012-ში, მაგრამ მოსახლეობამ მაშინ მხარი დაუჭირა ივანიშვილს, როგორც ქველმოქმედს, პატარკაციშვილს ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამ პროცესებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ხაზარაძეს 2020 წელს შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მასზე აიგოს პოლიტიკური კომბინაცია.

ვთვლი, რომ ხაზარაძეს 2020 წელს შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მასზე აიგოს პოლიტიკური კომბინაცია

მე მგონია, რომ ეს შემდეგი არჩევნებისთვის იქნება შესაძლებელი. თუ ვცდები და ხაზარაძემ მოახერხა დარჩენილ დროში მოსახლეობის ფართე წრეების მხარდაჭერის მოპოვება, მხოლოდ მისასალმებელი იქნება ძლიერ ფიგურად მისი შესვლა პოლიტიკურ სცენაზე.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი, სექტემბერ-ოქტომბერში ცხელ შემოდგომას პროგნოზირებს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ იმის გათვალიწინებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაანონსება „ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ველის აშკარა გადაფორმატების მცდელობად აღიქმება აქედან გამომდინარე შედეგებით, სულაც არ უჩანს ისეთი პირი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ, რომ ზაფხულის მსგავსად ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გვექნება.

თქვენი დაკვირვებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, სავარაუდოდ ცხელი შემოდგომა გვექნება?

- შეიძლება ზაფხულის ბრალია, მაგრამ ისე არასასურველი გახდა ყველაფერი, რაც ცხელია, რომ მგონია, მეც და საზოგადოებასაც შემოდგომაზე ზომიერი პოლიტიკური კლიმატი გვსურს.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს