ქართული პრესის მიმოხილვა 16.08.2019

რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები

"მიმდინარე მცოცავი აგრესია ჰიბრიდული ომის ნაწილია" - მაისაია

***

რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსებმა ბორდერიზაციის პროცესი გაანახლეს. ოკუპანტებმა ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლების დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ქართული მხარე ისევ საერთაშორისო საზოგადოებაზე აპელირებს. დღეს უცხოელი დიპლომატები სოფელში ჩასვლას გეგმავენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს რუსმა ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ დატოვონ სახლები და გაიტანონ, რაც აქვთ. ეს ორი სახლი მავთულხლართების იქით დარჩა მას შემდეგ, რაც დილიდან რუსებმა ბორდერიზაცია განაახლეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ხდება გეგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები

"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი მსგავს ქმედებას მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თარიღებს ამთხვევს. "ის, რაც ხდება ახალი არ არის, სამწუხაროდ. მსგავსი შემთხვევები რეგულარულად ხდება. რუსეთი ყოველთვის ცდილობს ამ ტიპის ღონისძიებები განახორციელოს საქართველოში მიმდინარე სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური თარიღების დროს. მაგალითად, ახლა 8 აგვისტოს მოვლენებს დაამთხვია. ზაფხული დიდი ხანია მიდის, მაგრამ მაინცდამაინც ამ დღეებს დაამთხვია. „თავის დროზე, როდესაც ოლიმპიადა იყო, მაშინ გააკეთეს მსგავსი რამ; სულ რაღაცას ამთხვევენ, რათა დაძაბულობა აწიონ საზოგადოებაში და ყურადღება გადაიტანონ, რომ მოხდეს კონკრეტული თემიდან გასვლა. რუსეთს არ აწყობს საუბარი 8 აგვისტოზე, მათ ჩართულობაზე, ოკუპაციაზე და გადავდივართ ერთმანეთის ბრალდებებზე, რაც ქართველებს ძალიან კარგად შეგვიძლია. „ოპოზიცია კარგად იყენებს ამ მომენტებს. მგონია, რომ რუსეთს ეს გათვლა აქვს. კარგად იცის ქართველების ხასიათი, როგორ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. რატომ ჩვეულებრივ დღეებში არ აკეთებენ? ამას აკეთებენ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვის დღეებში," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"საქართველოში აშშ-ს საელჩო სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა და განცხადებას გაავრცელა: "ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. „ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ," - აღნიშნულია განცხადებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან. "ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების გამო. ახალი ბარიერების აღმართვა ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ხელს უშლის მოსახლეობას ხეხილის ბაღებითა და წყლის რესურსებით ისარგებლონ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან," - წერს ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში. ცნობისათვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. მათ ძელებზე მავთულხლართები დაახლოებით 150 მეტრზე გაავლეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა გია რაზმაძის დამწვარი სახლი, რომელიც შენობას ანგრევს და ნივთები სხვაგან გადააქვს. „რაზმაძის სახლი 2008 წლის ომის დროს დაწვეს, ის სხვა ადგილას ცხოვრობს. დამწვარი სახლიდან რაც დარჩა რაზმაძე შლის და სხვაგან გადააქვს. ასევე მიტო გუგუტიშვილის სახლის გვერდით გადის ე.წ. საზღვარი, რომელსაც ოკუპანტები ამ წუთებში ავლებენ,"- აცხადებს სოფელში გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი რუსუდან კილაძე”, - დასძენს გამოცემა.

"საკითხთან დაკავშირბით განცხადებას აკეთებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ის ცნობით, დღეს დილიდან ორჯერ იქნა ცხელი ხაზი გააქტიურებული, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ,,ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული",- აცხადებენ უწყებაში. დღეს უცხოელი დიპლომატები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ჩავლენ. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გააკეთა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას”, - წერს სტატიის ავტორი.

"მიმდინარე მცოცავი აგრესია ჰიბრიდული ომის ნაწილია" - მაისაია

"ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია, ეს ფაქტიურად სამხედრო აგრესიაა და უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინტერესებს," - ასე ეხმიანება "რეზონანსთან "ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ საქართველოში მცოცავ ოკუპაციას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მიმდინარე მცოცავი აგრესია ჰიბრიდული ომის ნაწილია" - მაისაია

"ვახტანგ მაისაიას თქმით, ბორდერიზაცია რთული პროცესია. ის დაიწყო ომის დამთავრებისთანავე მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული არაგონივრული პოლიტიკის წყალობით, რომელმაც მიაჩვია რუსი ოკუპანტები თავნებობას. სააკაშვილმა საერთოდ მოხსნა სამხედრო პოსტები და იქ განალაგა საპოლიციო ძალები, რომლებსაც ბუნებრივია არავითარი რეაგირების შესაძლებლობა არა აქვთ. ეს მათი კომპეტენციაც არ არის, რომ მტრული სახელწიფოს რეგულარული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ რაიმე წინააღმდეგობა გასწიონ. საპოლიციო "ჩეკ-პოინტები" არავითარ შედეგს რომ არ იღებს, ეს ფაქტია. ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია ჰიბრიდული ომის განუყოფელი ნაწილია, ეს ფაქტიურად სამხედრო აგრესიაა და უქმნის საფრთხეს საქართველოს ეროვნულ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინტერესებს, მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი, რომელიც ფაქტიურად უკვე მათ ხელშია, როდესაც საუბარია 2 კილომეტრიანი ზოლის ხელში ჩაგდებაზე. ასევე უახლოვდებიან თბილისი-გორის ავტომაგისტრალს, რაც არის საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი. თუ ამ ობიექტზე მოხდა თუნდაც რაიმეს დაკავება, ფაქტიურად საქართველოს სახელმწიფოებრიობას რეალური გამოწვევა შეექმნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, ბორდერიზაციის შემთხვევაში საჭიროა უკრაინის გამოცდილების საფუძველზე, კერძოდ დონბასის მაგალითზე, შევიყვანოთ ჩვენს ტერიტორიებზე თავდაცვის ძალების შენაერთები, მოხდეს ახალი სამხედრო "ჩეკ-პოინტების" განლაგება უშუალოდ მცოცავ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, მოხდეს გარკვეული ტერიტორიების დანაღმვა და ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნა, რომელიც ფაქტიურად არ მისცემს საშუალებას რუს ოკუპანტებს, მოახდინონ ამ ტერიტორიის ხელახლა ათვისება. უკვე დროა რომ შეიქმნას სპეციალური ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრი და შტაბი, რომელიც ამ ოპერაციას ჩაუდგება სათავეში და ფაქტიურად წინ აღუდგება ოკუპანტების თავხედურ, ზღვარგადასულ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შებღალვას. რუსებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიური ამოცანა, მცოცავი ოკუპაციის გაფართოვება, რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ თბილისი-გორის მნიშვნელოვან მაგისტრალთან და ხელში ჩაიგდონ ეს მიმართულება. ეს აშკარად ჩანს ოკუპანტების მხრიდან”, - განაგრძობს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, კარგია, რომ ოფიციალური პირები გამოხატავენ ასეთ პოზიციას, მაგრამ რუსი ოკუპანტები პირიქით, კიდევ უფრო გათავხედდებიან იმიტომ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც აშშ-ს და საერთაშორისო პოზიციები იყო საკმაოდ ქმედითი და რუსეთის ხელისუფლება მათ არაფრად აგდებდა, დღეს რუსეთი და აშშ არიან უკვე მტრები. მათ შორის მიმდინარეობს ახალი ცივი ომი და რუსებმა უფრო რომ გაზარდონ აგრესია, გასაკვირი არ იქნება. ამერიკელების პოზიცია ძალიან კარგია და სჯობს, რომ მათ შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოებიც და დაგმონ ეს ქმედება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, ნაწილი ევროკავშირის სახელმწიფოებისა კი ინარჩუნებენ რუსეთთან სამწუხაროდ თბილ პარტნიორულ ურთიერთობას, ამიტომ მათი პოზიციებიც ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი. დიპლომატიური კორპუსის ჩაყვანა ადგილზე და ის, რომ მათ მოახდინონ რეაგირება, ეს იქნება რეალური დიპლომატიური შედეგის მომტანი”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმიდან მსხვილი აქციონერის „კონტი ჯგუფის“ გასვლას, მაისაიას თქმით, ასეთი მსხვილი კომპანიის გასვლა ამ პროექტიდან, რა თქმა უნდა, მასზე დადებითად არ აისახება. ეს ცხადია. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც პროექტის მიმართ არსებობს გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტურები, რომლებიც სცდება ჩვენს ქვეყნის საზღვრებს. მით უმეტეს საქართველოში მძიმდება ეკონომიკური და ფინანსური ვითარება. ამერიკული კომპანიის გასვლა ამ პროექტიდან ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ კვლავ გეოპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა