ელიზაბეთ რუდი - დღეს აშშ ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას ელიზაბეთ რუდმა ქართულ ენაზე ისაუბრა.

მან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებასა და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს დახმარება ფაროსანასთან ბრძოლაში 2 წლის წინ დაიწყო. ელიზაბეთ რუდის თქმით, მთლიანობაში ამ დახმარებამ 6.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

„დღეს ჩვენ სამეგრელოში ვზეიმობთ წლევანდელ მოსავალს და ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგებს. ორ წელზე მეტია ამერიკის და საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს მავნებელი მწერების და განსაკუთრებით ფაროსანას საფრთხის შესამცირებლად. ეს პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებასა და დახმარებას საქართველოს მიმართ, რათა მან თავად შეძლოს საკუთარი ეკონომიკის განვითარება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფაროსანა საქართველოსთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. ფაროსანამ გაანადგურა მარცვლეული კულტურები მთელ საქართველოში, რამაც მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ფერმერებსა და მათ ოჯახებს. ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა თხილის სექტორი, რასაც ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს წარმატება შესაძლებელი გახდა usaid -ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით. კერძო კომპანია "ფერორს" მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ პარტნიორობაში. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ფერმერები გაძლიერდნენ და მათ ახლა უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, მოიყვანონ უხვი მოსავალი არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალშიც“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა