„სირცხვილია“, „რა დროს დასვენებაა“ - ამ შინაარსის პლაკატებით გორის მერიასთან, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები აქციას მართავენ

„სირცხვილია“, „რა დროს დასვენებაა“, „გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?“, „დასვენას როგორ ახერხებთ, ხალხი მშობლიურ მიწებს კარგავს“, - ამ შინაარსის პლაკატებით გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მერის განცხადება, რომ გონიოში დასასვენებლად იმყოფება და გორში შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდება, უპასუხისმგებლობაა.
„ეს ადამიანი არის არამარტო გორის, არამედ საქართველოს სირცხვილი. მე ვფიქრობ, გორს ასეთი მერი არასდროს ჰყოლია. მაშინ, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გრძელდება ოკუპაცია, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებს და სახლებს საოკუპაციო ხაზის მიღმა აქცევენ, ამ დროს გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ იგი გონიოში დასასვენებლად იმყოფება და გორში შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდება. ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი და მისი დღეები დათვლილია“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

აქცია სასტვენების ფონზე მიმდინარეობს. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა მერიის შენობის ფასადზე, სადაც უწყების აბრაა განთავსებული გააკრეს სტიკერები წარწერით „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

























