ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპაციის პოლიტიკას განვითარებით, მეტი განათლებით, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებით, გაძლიერებითა და გაუტეხლობით უნდა ვუპასუხოთ

დიახ, ოკუპაციის პოლიტიკას განვითარებით, მეტი განათლებით, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებით, მეტი გაძლიერებითა და გაუტეხლობით უნდა ვუპასუხოთ, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მინისტრი, რომელიც გუშინ გუგუტიანთკარში პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა, გამყოფ ხაზთან შექმნილ ვითარებას აფასებს.

„სამწუხაროდ, გუგუტიანთკარში უკანონო პროცესები მიმდინარეობს, რითაც საოკუპაციო რეჟიმი ჩვენ ძალიან რეგულარულად გვახსენებს თავს. ესაა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომები - იქნება ეს უკანონო მავთულხლართებისა და ღობეების გავლება, თუ ადამიანების დაკავება და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით მობილიზებულია სრულიად დიპლომატიური რესურსი, რათა ერთობლივად შევძლოთ ამ ძალიან მტკივნეული პროცესის შეკავება. ეს ის რეალობაა, რომელიც, საუბედუროდ, 2008 წლიდან გვაქვს და რომელსაც ყოველ დღე ვუმკლავდებით.

ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ამას ერთადერი სწორი პასუხი უნდა გავცეთ - სამშვიდობო პოლიტიკითა და იმ მოსახლეობის დახმარებით, რომლებიც ამ ყველაფრით ზარალდება. ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული და შეურიგებელი პოლიტიკა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ხელისუფლების მზაობა, რომ გავაგრძელოთ და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ტემპები იმ ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტებისა, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში ხორციელდება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, რათა მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ეს მოიცავს გაზიფიკაციას, წყლით მომარაგებას, სწავლის დაფინანსებას ყველა სტუდენტისათვის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პროექტებს და ა.შ. ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსახლეობა, რომელიც გუგუტიანთკარსა და სხვა სოფლებში ცხოვრობს, პირველია იმ მშვიდობიან ფრონტის ხაზზე, რომელიც ოკუპაციას უპირისპირდება ყოველდღიურად თავიანთი შრომით, იქ ყოფნით და ცხოვრებით. ჩვენი ვალდებულებაა, ისინი გავაძლიეროთ და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ეს პირობა სახელმწიფოს მხრიდან. დიახ, ოკუპაციის პოლიტიკას განვითარებით, მეტი განათლებით, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებით, მეტი გაძლიერებითა და გაუტეხლობით უნდა ვუპასუხოთ.

გუშინვე პრემიერ-მინისტრთან ერთად ახალუბანში მოვინახულეთ რვა ახალგაზრდა, რომელიც ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მათ სწორედ შეუპოვრობისა და გაუტეხლობისათვის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამ პროვოკაციებს გავუმკლავდეთ. არა მხოლოდ მათი ოჯახებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის ძალიან სასიხარულოა, რომ უშუალოდ ამ ახალგაზრდების განთავისუფლება მოხერხდა. თუმცა, ეს, თავისთავად, ფაქტის სიმძიმეს არ ამსუბუქებს. მოგეხსენებათ, ესეც საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. გაცილებით მეტ ადამიანს აკავებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებადზე გადმოსვლის მცდელობისას, ვიდრე პირიქით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს არც ეთნიკურობას და არც იმას, გამყოფი ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობს ეს ადამიანი. თუ რაიმე პოზიტივზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის გაზრდილი ინტერესები გამყოფი ხაზების გასწვრივ ურთიერთობების და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები სამშვიდობო პოლიტიკის იმ ნაწილში, რომელიც ჩართულობას, შერიგებასა და ახლა ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეხება“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო