ოთარ კახიძე - ივანიშვილი გადასულია პოლიტიკურ რეპრესიებზე და ცდილობს მედიასივრცის მონოპოლიზებას

ეს საქმე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი გადასულია სრულფასოვან პოლიტიკურ რეპრესიებზე და ცდილობს მედიასივრცის მონოპოლიზებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას.

კახიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია და ამ ნაბიჯებით ცდილობს, 2020 წლის არჩევნებზე გარდაუვალი მარცხი თავიდან აიცილოს. კახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ეს მცდელობები მაინც განწირულია.

„ეს საქმე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი გადასულია სრულფასოვან პოლიტიკურ რეპრესიებზე და ცდილობს მედიასივრცის მონოპოლიზებას. ის პოლიტიკურად გაკოტრებულია, განსაკუთრებით გავრილოვის ღამის შემდეგ და ცდილობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარდაუვალი მარცხი მსგავსი ნაბიჯებით თავიდან აიცილოს. თუმცა ეს მცდელობები განწირულია, ვინაიდან საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. შესაბამისად, ამ ნაბიჯებით ის ვერც „ტვ პირველის“ გაჩუმებას შეძლებს და ვერც საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას მის სასარგებლოდ. 2020 წელს ძალიან მწარედ დამარცხდება, ვინაიდან ასეთ რეპრესიებზე მას ამომრჩეველი აუცილებლად მოსთხოვს პასუხს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე შეფასებით, საქმე, რომლის მიხედვითაც პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შედეგად დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება, ავთანდილ წერეთელს კი ამ საქმეში დახმარებას და ასევე, დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას, თეთრი ძაფით არის ნაკერი.

კახიძე დარწმუნებულია, რომ ამ ბრალდების დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, პროკურორები კი - დაკვეთის შემსრულებლები. მისივე თქმით, „დაკვეთის შემსრულებლები თავის დროზე მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

„ამ საქმის იურიდიულ დეტალებში შესვლა არაფრის მომცემია, რადგან სრულიად უშინაარსო საქმეა. თუ ადამიანი საკუთარი ბანკიდან ფულს გამოიტანს, ეს ფულის გათეთრებად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება ამ საქმის დაზარალებულს, ამ ბანკის მთავარი აქციონერები სწორედ ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ. ამიტომ სრულიად აბსურდულია ეს ბრალდება მათ მიმართ. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, რაც ჩემთვის არის ცნობილი, მან ფული ისესხა „თიბისი ბანკისგან“ საკრედიტო ხაზის ფარგლებში და ამ ფულს შემდგომ თავად როგორ განკარგავდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იყო. შესაბამისად, პროკურატურას იქ არაფერი ესაქმება. თუმცა ამ საქმის დეტალებში შესვლა სრულიად უაზრობაა, იმდენად აბსურდულია პროკურატურის მიერ ამოქექილი 11 წლის წინანდელი საქმე იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი ვერ ნახა ამ პირებთან სადავო.

ამ ბრალდების დამკვეთი ვინც არის გასაგებია, ივანიშვილის სახით, მაგრამ ამ დაკვეთის შემსრულებლებიც კი თავის დროზე მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან იმიტომ, რომ არ შეიძლება საპროკურორო პრეროგატივის გამოყენება ასე პოლიტიკური მიზნებისა და კანონის საწინააღმდეგოდ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

შესაბამისი განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს