ბათუმის საკრებულოში ცათამბჯენების მშენებლობის საკითხის განხილვა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ბათუმის საკრებულოში, ანბანის კოშკის მიმდებარედ ცათამბჯენების მშენებლობის საკითხის განხილვა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. რამდენიმე პირს ხმაურის გამო შენობა დაატოვებინეს.
სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოება „ბათომის“ წევრები და მოქალაქეები მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ, თუმცა კენჭისყრის შედეგად, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკითხი დადებითად გადაწყდა და მშენებლობაზე ნებართვა გაიცა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქალაქეები საკრებულოს შენობის წინაც აპროტესტებენ.
საზოგადოება „ბათომის“ წევრების განცხადებით, ისინი აპირებენ საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას. მმართველ გუნდს კი მიაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი ბათუმში დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და არც ქალაქის ისტორიულ იერსახეს დაამახინჯებს.
შეგახსენებთ, ბათუმში ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლში დაუშვებელია მაღალი კორპუსების მშენებლობა, რადგან ცათამბჯენები ეკოლოგიურ საფრთხესთან ერთად, ბათუმს ისტორიულ იერსახესაც დაუკარაგვენ.

























