ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებამ” ან “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, ან...”

დავით ბერძენიშვილი - “ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”

ბიძინა გეგიძე - “ახლა გაახსენდათ, რომ საქართველოს ფოსტაში ჩემი მუშაობის დროს თურმე დარღვევები დაფიქსირებულა?”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებამ” ან “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, ან...”

“როდესაც 20-21 ივნისს ხელისუფლებამ მომიტინგეები კი არ დაშალა, არამედ დაარბია, მან აჩვენა, რომ შეცვალა მიდგომები საზოგადოებისა და ქვეყნის მიმართ და "ქართული ოცნების" ისტორიაში დაიწყო ახალი ეტაპი. დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საკუთარი ძალა ეჩვენებინა. აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" მართვის მეთოდები ნელ-ნელა ემსგავსება "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებს. საქართველოს ტიპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატია სუსტია, მუდმივად არის საფრთხე, რომ ხელისუფლებას ხელი წაუცდეს ავტორიტარულ მეთოდებზე. რადგან ეს პროცესი დაიწყო, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ უნდა აკონტროლონ ყველა და ყველაფერი. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ბევრი პრობლემა, მათ შორის ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხიც, თუმცა ეს გაცილებით უფრო კომპლექსური თემაა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებამ” ან “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, ან...” /„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი საყრდენი. ერთი არის სახელისუფლებო რესურსი, მეორე _ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლითაც აშინებს ამომრჩევლის იმ კატეგორიას, რომელსაც მათი ხელისუფლებაში დაბრუნების გაგონება არ სურს“.

“თუ დააკვირდებით, ეს პროცესი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო ხაზარაძესთან დაკავშირებული პრეტენზიებით. გაგახსენებთ “ქართული ოცნების” ლიდერების დაახლოებით ასეთ განცხადებებს - საქართველოში ორი ბანკია, რომლებიც კი არ აშენებს, ანადგურებს ქვეყანასო. შემდგომ გამოჩნდა, რომ ხაზარაძისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ბანკის თემა და ეს უკავშირდებოდა ანაკლიის პროექტს. როდესაც მის წინააღმდეგ შეტევები განახლდა, მაშინვე ვივარაუდე, რომ ხაზარაძეს პოლიტიკაში წასვლის გარდა სხვა გზა არ რჩებოდა. ჩვენთან ტრადიციულად ასე ხდება - როდესაც ბიზნესმენს ავიწროებენ, ის ან საზღვარგარეთ მიდის, ან პოლიტიკაში. როგორც კი ეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია წამოსწიეს და გამოძიება დაიწყეს, მაშინვე ამოტივტივდა ახალი _ "ტვ პირველის" თემაც. მოკლედ, აშკარაა, რომ კარგად დაგეგმილ და კომპლექსურ დარტყმასთან გვაქვს საქმე, რომელსაც, სავარაუდოდ, ასევე კომპლექსური ანუ მრავალწახნაგიანი მიზეზები აქვს... ანაკლიას რომ დავუბრუნდეთ, უკვე ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ეკონომიკური პროექტი. ეს არის პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის ინტერესებს. ლაპარაკი იმაზე, რომ ეს პროექტი შეიძლება შეწყდეს, უსაფუძვლოა - რაც უნდა მოინდომოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ვფიქრობ, ამას ვერ მოახერხებს, თუმცა ეს სკანდალური ვითარება აფერხებს მის განხორციელებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“დღესდღეობით, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი პოლიტიკას უკავშირდება და მიმართულია 2020 წლის არჩევნებისკენ. "ტვ პირველი" აშკარად ყელზე ადგას ხელისუფლებას, რომელმაც მედიაზე ზეწოლის პირველი ეტაპი “იმედისა” და “მაესტროს” მოთვინიერებით დაასრულა და ახლა უკვე მეორე ეტაპზე - “რუსთავი 2”-ისა და “ტვ პირველისთვის” ჭკუის სწავლებაზე გადავიდა. არჩევნების წინ ეს განსაკუთრებით დასჭირდა. სამწუხაროდ, ჩვენს უბედურებად იქცა ის, რომ ხელისუფალი წინასგან ვერაფერს სწავლობს და იმავე შეცდომებს იმეორებს. “ნაციონალური მოძრაობისთვის” მუშაობდა თითქმის მთელი მედია, ანტენების დაპატიმრებაც კი სცადეს, მაგრამ დამარცხებისგან სააკაშვილი ვერავინ იხსნა. რაც დღეს ხდება, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ რას ვიზამთ - ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქვეყანაში მესამე ძალის გაჩენის მოთხოვნილება, მოლოდინი და პოტენციური რესურსიც არსებობს, რომელსაც გამოყენება სჭირდება. აქ ნაკლებად არის ლაპარაკი ფინანსებზე, უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ხედვა და ორიენტირები. ხაზარაძისგან ჯერ მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ. როგორც ყური მოვკარი, ის ლაპარაკობს, რომ შექმნის ძლიერ ორგანიზაციას, რომელიც ძველი პოლიტიკური სახეებისგან თავისუფალი იქნება, რაც ცოტა მაეჭვებს. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრზე დიდი წარმოდგენის არც მე ვარ, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა - თუ მოქმედ პოლიტიკოსებზე უარს იტყვის, სად უნდა მოძებნოს ახალი სახეები და თუ მოძებნის, ექნებათ კი მათ იმგვარი გამოცდილება, რომ ხაზარაძის მომავალ ორგანიზაციას წარმატება მოუტანონ?! ვფიქრობ, ასე ერთი ხელის მოსმით ყველაზე უარის თქმა ადვილი არ იქნება, რადგან ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორი გუნდი ეყოლება ხაზარაძეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“გაგახსენებთ - 2012 წლის არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობისადმი” საზოგადოების დამოკიდებულება იყო კატასტროფულად უარყოფითი, ივანიშვილის ავტორიტეტი კი - ლამის მითურად პოზიტიური, თუმცა მას პოლიტიკური გუნდის ჩამოსაყალიბებლად დასჭირდა სწორედ მაშინდელი ოპოზიციური სპექტრი. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულზე ეხატებოდა - ვნახეთ, რომ ოთხ წელიწადში ყველა მოიშორა, მაგრამ 2012 წლის არჩევნებში იმ გუნდის გარეშე ის ვერაფერს მოახერხებდა... დღევანდელ ვითარებას რომ შევხედოთ, საზოგადოებაში “ქართული ოცნების” მიმართ ნამდვილად არ არის ისეთი კრიტიკულად უარყოფითი განწყობა, როგორიც 2012 წლის არჩევნების წინ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, არც ხაზარაძეს აქვს იმგვარი ავტორიტეტი, რაც მაშინ ივანიშვილს ჰქონდა, შესაბამისად, ვიმეორებ - უდიდესი მნიშვნელობა ექნება სწორედ იმას, როგორი გუნდით მოვა პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძე. მას აქვს მესამე ძალად ქცევის შანსი. ვნახოთ, რას იზამს და ამ შანსს როგორ გამოიყენებს...”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“დღეს რამდენიც უნდა ილაპარაკონ “რუსთავი 2”-ზე, რომ ის იყო თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი, საზოგადოება მას ასე არ აღიქვამდა. ის გახლდათ უკიდურესად კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ გამოხატავდა ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს, შესაბამისად, მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ხელისუფლებაში განიხილავენ არა როგორც თავისუფალი სიტყვის, არამედ როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ შეტევას და ამას ასე აღიქვამს მოსახლეობის დიდი ნაწილიც. ანუ ებრძვი “რუსთავი 2”-ს, ე.ი. ებრძვი “ნაციონალურ მოძრაობას”. ამით "ქართული ოცნება" საზოგადოებას ეუბნება, ჩემი მთავარი მეტოქე კვლავაც “ნაციონალური მოძრაობააო”. ის ისევ და ისევ “ნაციონალური მოძრაობის” კარტს ათამაშებს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კი დგება საკითხი - “ქართული ოცნება” თუ “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნებისგან” წასული ამომრჩეველი ისევ “ოცნებას” აძლევს ხმას. რა შედეგს მოუტანს "ქართულ ოცნებას" ეს პოლიტიკა? საქმე ის არის, რომ როდესაც ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, ამგვარ მეთოდებზე გადადის”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ქართულმა ოცნებამ” ან რაღაც “ჯადოსნური ჯოხი” უნდა იპოვოს, რომლის საშუალებითაც სასწაულ პროექტს განახორციელებს და მხარდამჭერებს დაიბრუნებს, ანაც უკვე გაკვალული გზით წავიდეს... “ჯადოსნური ჯოხის” რესურსს ამ პოლიტიკურ ძალაში ვერ ვხედავ. ინტელექტუალური გუნდი, რომელიც შეძლებდა ახალი იდეების გენერირებას, დღეს “ქართულ ოცნებაში” არ ჩანს. ამ პარტიაში არათუ კარგი, ცუდი იდეების გენერირებაც არ ხდება. როდესაც არ არსებობს ასეთი გუნდი და ახალი იდეები, ბუნებრივია, ყველაფერი გაკვალული გზით მიდის, ეს გზა კი არაფერია, გარდა იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა თავის დროზე. დღეს”ქართულ ოცნებას” აქვს ორი საყრდენი. ერთი არის სახელისუფლებო რესურსი, მეორე - “ნაციონალური მოძრაობა”, რომლითაც აშინებს ამომრჩევლის იმ კატეგორიას, რომელსაც მათი ხელისუფლებაში დაბრუნების გაგონება არ სურს. ამიტომაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პოლიტიკური სივრცის იმგვარად მოსასუფთავებლად, რომ როგორმე ეს ორპოლუსიანი სისტემა შეინარჩუნოს და მესამე ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვას”, - დასძენს ძაბირაძე.

დავით ბერძენიშვილი - “ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”

“სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კატეგორიულ შეფასებებს მოვერიდებოდი, მაგრამ, ანაკლიის პორტის ბლოკირება ხელისუფლების მიერ მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. სულ ახლახანს ვუსმენდი ვიდეოჩანაწერს, სადაც შევარდნაძე ჯერ კიდევ 1995 წელს საუბრობდა ანაკლიის პორტის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფოსთვის... რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, ვერ გეტყვით, დღე არ ჩაუგდია ივანიშვილს, რომ სახიფათო სვლები არ გააკეთოს, მას პრობლემა აქვს კალენდართან და ამოვარდნილია დროში”, - აცხადებს “რესპულიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებს ივანიშვილს ბერძენიშვილი - “ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”.

“ივანიშვილი არჩევანს აღარავის უტოვებს, მისი ყოველი ნაბიჯი არაადეკვატურია - ხაზარაძე- ჯაფარიძეზე შეტევა, 20 ივნისის შემდეგ ადამიანების დაპატიმრება, შეტევა “რუსთავი 2”-ზე და “ტვ პირველზე”... მამუკა ხაზარაძე, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან ახერხებდა კომპრომისის გამონახვას, ბიძინა ივანიშვილმა აიძულა რომ დაპირისპირებოდა ხელისუფლებას და დაეცვა პრინციპები და ღირსება. არა მგონია, რომ ხაზარაძემ უკან დაიხიოს. სარისკოა პრინციპების დაცვა, მაგრამ ხაზარაძეს დაუდგა რისკზე წასვლის დრო. დააკავებენ თუ არ დააკავებენ ხაზარაძეს, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ივანიშვილის მატარებელი გაჩერებულია და მას პერსპექტივა აღარ აქვს. ცალკეული პიროვნებები, ძველი თუ ახალი ძალები, ცალკე აღებული რეალობას ვერ შეცვლიან ქვეყანაში, თუმცა, ხაზარაძის მოძრაობას შეუძლია პოზიტიური როლი შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.

“დღეს ჩვენ ახალ რეალობაში ვართ. მედიასივრცეში თანაზომადი ტელევიზიების დრო დადგა. ანუ, მედიაპლურალიზმის დრო შეიქმნა... “ტვ პირველის” ხელმძღვანელობამ ღირსეული პასუხი გასცა ხელისუფლების შეტევას, ისინი აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ. “ტვ პირველს” თავადაც არ ჰქონდა დაგეგმილი, რომ მას ერგო ლიდერობა მედიაში, მაგრამ ისეთი სივრცე შეიქმნა, რომ მან იტვირთა ეს ფუნქცია, რაშიც წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება გვარამიას ახალ ტელევიზიას, ის პირველივე თვეებში ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. ტელევიზია არ არის მხოლოდ შენობა და ტექნიკა, ტელვიზია არის ხალხი, რომელიც ხარისხიან პროდუქციას ქმნიან. ამიტომ დრო გვიჩვენებს ვის რა რეიტინგი ექნება”, - დასძენს დავით ბერძენიშვილი და შეკითხვაზე - “როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, შემოდგომა პოლიტიკურად აქტიური პერიოდი იქნება და 20 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არ არის ის რესურსი, რომ ხელისუფლება შეარყიოს”, - პასუხობს:

“ხელისუფლებას აღარ აქვს კონტრშეტევის რესურსი, კარიკატურული, წარსული ფიგურებით ფონს ვეღარ გავა და წარმატებას ვერ მიაღწევს 2020 წლის არჩევნებში. ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ლპება, ერთ მხარეს არის ივანიშვილის წარსული და მეორე მხარეს ახალგაზრდების სოლიდური ძალა და საზოგადოების შეუვალობა. ასე რომ, ივანიშვილი და საქართველოს მომავალი ერთმანეთთან თავსებადი არ არის”.

ბიძინა გეგიძე - “ახლა გაახსენდათ, რომ საქართველოს ფოსტაში ჩემი მუშაობის დროს თურმე დარღვევები დაფიქსირებულა?”

“გამოძიება თურმე შარშან დაიწყო, მე კი მაშინ გავიგე, როცა სუს-მა დამიბარა. რასაკვირველია, ეს კავშირშია პოლიტიკასთან, მიზეზი კი ამა თუ იმ საკითხზე ჩემი კრიტიკული პოზიციაა. პოლიტიკურ პროცესებზე ჩემი განსხვავებული ხედვა ვიღაცებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. არ მინდა ხისტი ვიყო, მაგრამ ახლა გაახსენდათ, რომ საქართველოს ფოსტაში ჩემი მუშაობის დროს თურმე დარღვევები დაფიქსირებულა?”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ბიძინა გეგიძე: „ახლა გაახსენდათ, რომ საქართველოს ფოსტაში ჩემი მუშაობის დროს თურმე დარღვევები დაფიქსირებულა?“

“ფოსტაში მინდოდა სერვის­ცენტრების ინფრასტრუქტურული ოპტიმიზაცია ჩატარებულიყო, რადგან საბჭოთა კავშირის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. შენობების დიდი ნაწილი ამორტიზებული და დანგრეული იყო, განსაკუთრებით რეგიონებში. ხელისუფლებასთან ერთად ოპტიმიზაცია გადავწყვიტე - შპს “ფოსტის” 10% ხელისუფლებას ეკუთვნის. აუქციონზე იყიდებოდა ქონება, რომელსაც ფოსტა ვერ მოიხმარდა, იმ თანხით კი ახალი ცენტრი აშენდებოდა ან არსებულის რეაბილიტაცია მოხდებოდა. შემოსული თანხით ფოსტის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ახლა ამბობენ, რომ სწორედ აქ ჩნდება კითხვები. არადა, ყველა პროცესი გამჭვირვალე იყო, გაყიდვები ელექტრონული წესით ხდებოდა, რომელსაც ფოსტა კი არა, სახელმწიფო ატარებდა. მეუბნებიან, აუქციონზე სუბიექტური მიდგომები იყოო. აუქციონი იყო, ტენდერი ხომ არა? ღია პროცესებზე როგორ უნდა მეთქვა ვინმესთვის, ამ შენობის შეძენა ამდენად შეგეძლება-მეთქი... იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია, ჩემი საქმე მეასეხარისხოვანია. რა გითხრათ, რაც იქნება, იქნება” , - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდტთან საუბრისას ბიძინა გეგიძე.

“მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს ვერაფერს გეტყვით. როდესაც ამ მოწვევის პარლამენტში შევედი, “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ მისი მთავარი მონაპოვარი გუნდში განსხვავებული აზრია, მაგრამ შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან განსხვავებული აზრის გამოხატვა მიუღებელი აღმოჩნდა, რაც ახლა ჩემთვის არის მიუღებელი. გუნდში კოლექტიური აზროვნების დანერგვა მიუღებელია. ერთ მწკრივში ჩამდგარი ადამიანების ჯგუფს ყოველთვის მოუგებს ის გუნდი, სადაც განსხვავებული აზრი არ იზღუდება.. ფაქტია, გადავუხვიეთ მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმას: სამართლიანობა, თავისუფლება, კეთილდღეობა, განვითარება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თავისუფლება უნდა ეხებოდეს მედიასაც და სასამართლოსაც. 2012 წელს “ოცნების” ლიდერები ამბობდნენ, კანონი უნდა მართავდეს ქვეყანასო, მაგრამ ეს ახლა ყველას დაგვავიწყდა. მედიაზე არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური თავდასხმა არ შეიძლება. ქვეყანაში ძალიან ბევრი უარყოფითი პროცესი მიმდინარეობს და რაც მთავარია, უფრო მეტი ემატება”, - დასძენს ბიძინა გეგიძე და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ქმედება?” - პასუხობს:

“ხელისუფლება კი არა, ზოგჯერ ექსპერტები და მედიაც კი არ არიან ადეკვატური. თუმცა მედიას აქვს ფუფუნება ასე მოიქცეს, ხელისუფლებას კი არა. ამიტომაც გაჩნდა უამრავი ეჭვი. დღეს ხელისუფლებაში ყოფნის კომფორტი ვერ წარმომიდგენია. თუ ადრე ამბობდნენ, საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობსო, ბოლო თვეებია, ბრიფინგიდან ბრიფინგამდე ვცხოვრობთ. 2020 წლამდე ეს რეალობა თუ არ შეიცვალა, თუ პოზიტიური პროცესები არ დაიწყო, საზოგადოებას სასამართლოს ნდობა არ გაუჩნდა, 2020 წლის არჩევნებს აზრი არ ექნება...”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა