ლევან ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ბოლო გზაზეა შემდგარი და ვერავინ აჩერებს

ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, „ქართუ“ თუ იქნება, საქართველო გადარჩება, არადა „თიბისი“ ბანკი მთავარი ბანკია და მის წინააღმდეგ წასვლა ბრძოლაა ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ, - ასე უპასუხა „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისადმი მიმართვის საკითხზე დასმულ კითხვას.

„ზოგადად, ხელისუფლების მოქმედებებზე ლაპარაკი ძალიან უხერხულია, რადგან აქ საუბარი ერთი კაცის მოქმედებებზეა. ეს ხელისუფლება არ არის. ხელისუფლება არასდროს იქცევა ასე დაუფიქრებლად, ასე ბოროტად, ასე მიზანმიმართულად პრესის წინააღმდეგ, ბიზნესის წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ. ეს ხელისუფლება არ არის - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მან პირადად გადაწყვიტა მოასუფთავოს ველი, არავინ დატოვოს. საბჭოთა კავშირშიც ხომ ირჩევდნენ, ხომ გახსოვთ, ერთი იყო მხოლოდ ასარჩევი - ასე უნდა ბიძინა ივანიშვილსაც, ერთი იყოს ასარჩევი. მან სწორად იანგარიშა, სხვანაირი შანსი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უბრალოდ არჩევნებში, უნდა გავიდეს მარტო „ქართული ოცნება“ და მაშინ მოიგებს არჩევნებს. ეს იდეა დამთავრდება კრახით, იმიტომ, რომ მსგავსი იდეა კრახით დაასრულა ივანიშვილზე უფრო დიდმა მოღვაწეებმა. როდესაც ისეთ ნაბიჯებს გადადგამ, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ბანკს ანადგურებ ანუ ქვეყანას ანადგურებ და ვერ ხვდები - კრახით დაასრულებს, აბა რა იქნება. ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ „ქართუ“ თუ იქნება, საქართველო გადარჩება, არადა „თიბისი“ ბანკი მთავარი ბანკია და მის წინააღმდეგ წასვლა ბრძოლაა ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ“,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ის ასევე შეეხო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ მის პოლიტიკურ გეგმებს დაუკავშირა.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების ანგარიშებს ყადაღას არ დაადებს.

„რატომ არ უნდა იყოს პოლიტიკაში მრავალფეროვნება?! თუ უნდა პოლიტიკაში შემოსვლა რომელიმე პირს, რატომ არ უნდა შემოვიდეს?! ასეთი ხერხით და მეთოდებით ბრძოლას როდის მოუტანია შედეგები, მაგრამ იმისთვის, რომ იცოდე, რომ არ მოაქვს შედეგი, ისტორია უნდა იცოდე, ისტორია რომ იცოდე - წერა-კითხვა უნდა იცოდე. ამათ თავში ერთი ნოყიერი და ნაყოფიერი აზრი არ აქვთ და ებრძვიან ყველას, ვისაც გონება ჰქონდა და წარმატებას მიაღწია. მე მიმაჩნია, რომ ბრიტანეთში ქართველი ამხანაგების ამ ახირებას მხარს არ დაუჭერენ.

თუ „თიბისი“ ბანკი დაინგრევა თავისი მეანაბრეებიანად და ქართველი ხალხიანად, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ჩაუშესკუს გზას დაადგება. ახლა ბიძინა ივანიშვილი ბოლო გზაზეა შემდგარი და ვერავინ აჩერებს. გვერდით რომ ვოლსკი და რამიშვილი გეყოლებიან, ვინ შეგაჩერებს?“- დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა