ქართული პრესის მიმოხილვა 29.08.2019

შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას

ვინ არიან პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატები

რა შესთავაზა გამზარდიამ სალიას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

* * *

შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას

“ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, სადაც “ცნობილი სახეები პოლიტიკიდან” არ იქნებიან. ხაზარაძე აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე, რომელიც ამ მოძრაობაში უზარმაზარი არმიით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ხაზარაძემ 27 აგვისტოს ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელედებატებში გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შეუერთდება თუ არა კვირიკაშვილი ხაზარაძის პოლიტიკურ ძალას / “არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხაზარაძე-კვირიკაშვილის ალიანსი შედგეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში ვიხილოთ”.

“ხაზარაძე-ჯაფარიძე-კვირიკაშვილის მოსალოდნელ ტრიოზე საუბარი დიდი ხანია მიდის და აქტუალურად განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს, თანაც, ოპოზიცონერ ლიდერად მოგვევლინოს, რომელიც მმართველი გუნდისთვის შესაძლოა საკმაოდ სერიოზული მეტოქე გამოდგეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და ანალიტიკოსთა ნაწილი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. ისინი მიიჩნევენ, რომ 2020 წლისათვის შანსი იმისა, რომ ეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება პარლამენტში მოხვდეს, დიდია, რადგან, საზოგადოების საკმაოდ სულიდური ნაწილი ე.წ. მესამე ძალას დიდი ხანია ელოდება. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილ მეთაურს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ხაზარაძე-კვირიკაშვილის ალიანსი შედგეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაში ვიხილოთ. ეს პოლიტიკური პარტია მოხვდება პარლამენტში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მმართველ ძალად გადაიქცეს, თუმცა, პარტიის წარმომადგენლები შეძლებენ გარკვეული კანონპროექტების ლობირებას”, - განუცხადა “რეზონანსს” ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს შორის მეგობრული კავშირი დიდი ხანია არსებობს და ალიანსიც მოსალოდნელია”, - აღნიშნავს გამოცემა.

„თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილმა შეუწყო ხელი მამუკა ხაზარაძეს, რომ შექმნილიყო ანაკლიის კონსორციუმი და ხაზარაძე ყოფილიყო მისი წარმომადგენელი. ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაჩნდა გარკვეული ბზარი, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ივანიშვილს თავის დროზე მხარს უჭერდა. ივანიშვილისა და ხაზარაძის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და ივანიშვილმა კვირიკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მან გარკვეული შეცდომები დაუშვა ქვეყნის მართვის პროცესში. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ კვირიკაშვილმა კრიტიკული შენიშვნები გამოხატა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ გახარია უნდა გადამდგარიყო... მათი პოლიტიკური პერსპექტივა მხოლოდ კვირიკაშვილის ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. ამას, პირველ რიგში, ფინანსური ფაქტორი განაპირობებს; ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ქონება დაუყადაღეს, გარდა ამისა, გირაოს თანხა გადაიხადეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს ახალი პოლიტიკური პარტია ფინანსური რესურსების მობილიზებას და რამდენად კომპეტენტური წევრები ეყოლება ამ პარტიას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ახალი პარტია ემიჯნება როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ შემთხვევაში, მინუსია ის, რომ მათ ნაკლები გამოცდილება ექნება პოლიტიკურ საქმიანობაში. “ნაცმოძრაობას” თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, დაახლოებით 20-25%. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მათი პოტენციური ამომრჩეველი 25-30%-ის ფარგლებში მერყეობს. არსებობს შეუვსებელი პოლიტიკური ველი, პოტენციური ამომრჩევლის დაახლოებით 40%, რომელსაც ვერ ან არ გადაუწყვეტია ვის მისცენ ხმა. ისინი უკმაყოფილოები არიან “ქართული ოცნების” საქმიანობით, ამავე დროს ამბობენ, რომ არასდროს მხარს არ დაუჭერენ “ნაცმოძრაობას”. საერთო ჯამში, პარტიას შესაძლებლობა აქვს. შანსი არსებობს, რომ ეს პოლიტიკური პარტია მოხვდეს პარლამენტში, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მმართველ ძალად გადაიქცეს, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ პარტიის წარმომადგენლები შეძლებენ გარკვეული კანონპროექტების ლობირებას მომავალ პარლმანეტში”, - დასძენს ნიკა ჩიტაძე.

“ხაზარაძესა და კვირიკაშვილს შორის ახლო მეგობრული ურთიერთობა მემგონი საზოგადოებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს და თუკი უფრო ღრმად ჩავყვებით, არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ანაკლიის პორტის მშენელობაზე ტენდერი კვირიკაშვილის ხელშეწყობის გარეშეც იმ კონსორციუმს არ მოუგია, რომელსაც “თიბისის” ჯგუფი ხელმძღვანელობს. რამდენადაც ვიცი, ამ ორ პიროვნებას შორის ურთიერთობა საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კვირიკაშვილი „ახალი მემარჯვენეების" წევრი იყო. ასე რომ, ალბათობა არსებობს... პოლიტიკურ პერსპექტივაზე რთულია იმსჯელო მხოლოდ ამის საფუძველზე. უნდა ვიხილოთ მთლიანობაში რა გუნდით წარსდგება ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ გუნდში გაერთიანებულ ადამიანებს რა პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი ექნება, გასათვალისწინებელია ფინანსური შესაძლებლობებიც”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

ვინ არიან პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატები

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მთავრობის შეცვლა. შს მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კი სავარაუდო კანდიდატებად სახელდება მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია, უმრავლესობის დეპუტატი ოთარ დანელია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. “სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება განპირობებულია ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებასთან. ამას სჭირდება ახალი ძალა და ახალი მუხტი, ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და სტაბილურ გარემოში და სიტუაცია ქაოსისკენ არ წავიდეს”, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არიან პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატები / გახარია, დანელია, ცქიტიშვილი, ბაქრაძე - ვის აირჩევს ივანიშვილი.

“გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ივანიშვილი მაინც მიიღებს გადაწყვტილებას, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშნოს გახარია, ეს მისი ხელისუფლების დასასრული იქნება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გახარიასა და ღარიბაშვილის კანდიდატურებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა თავად “ოცნებაშიც”. მთავრობის შეცვლა პოლიტიკური დღის მოთხოვნაა და ამ პროცესის დაწყება უკავშირდება ახალი პოლიტიკური სისტემით არჩევნების ჩატარებას. ამას კი სჭირდება ახალი ძალა და ახალი მუხტი, ადამიანები, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ, რომ 2020 წლის არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს და ქვეყანაში სიტუაცია ქაოსისიკენ არ წავიდეს. დღევანდელი ტექნიკური მთავრობა კი ამას ვერ შეძლებს. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ოთარ დანელიაც და დავით ბაქრაძეც მიუხედავად მათი პროფესიონალიზმისა, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ფიგურები ვერ იქნებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ძალიან მაღალი თანამდებობაა და სწორედ მის ხელშია ქვეყნის მართვის ბერკეტები. პრემიერ-მინისტრს სჭირდება სხვა მიდგომები. იგივე შეიძლებ ითქვას მაია ცქიტიშვილზეც, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუშაობდა ადმინისტრაციაში და ქვეყნის მართვის სტილი იცის. ყველა ამ ოპტიმალური კანდიდატებიდან, გახარიას მეტი შანსი აქვს, მას გააჩნია კრიზისების მართვის უნარი. მიუხედავად 20 ივნისის ტრაგიკული მოვლენებისა და იმ დაშვებული შეცდომებისა, გახარიამ კრიტიკულ სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანა ქაოსს გადაარჩინა. ანუ მას შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღებაც და გადაწყვტილების მიღებაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“შეიძლება ამ ელემენტების გათვალისწინებით იქნეს მისი კანდიდატურა შერჩეული. ივანიშვილი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნით არაფერს კარგავს, ოპოზიცია მასთან ისედაც კონფრონტაციაშია შესული. ექსპერიმენტების დროს წავიდა, წინ არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პირველად ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამიტომ, ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში, არჩევნების შემდეგ კი სიტუაცია ქაოსისკენ არ უნდა წავიდეს. ამიტომ, უნდა შეირჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას შეძლებენ. ვფიქრობ, გახარიას და ღარიბაშვილის ტანდემი ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მთლიანად მთავრობა არ შეიცვალოს და შეიცვალოს მხოლოდ პრემიერი და შს მინისტრი. გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, ღარიბაშვილმა კი შსს მინისტრის თანამდებობა”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

რა შესთავაზა გამზარდიამ სალიას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით

“რახან ცდილობენ, რომ რუსთავი 2-ის ახალი იმიჯი შექმნან, რომ ეს იქნება კრიტიკული და მიუკერძოებელი, მაშინ ჩემი ასეთი მედიაპროდუქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და თუ არ დაინტერესდებიან, თავისთავად გაჩნდება პასუხები იმ მოლოდინებზე, რაც გულისხმობს "რუსთავი 2"-ის მომავალ საინფორმაციო პოლიტიკას” - ასეთია “რეზონანსთან” ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განმარტება მისსავე ფეისბუქ სტატუსზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა შესთავაზა გამზარდიამ სალიას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით / “მოვითხოვე მხოლოდ ის, რომ სრული თავისუფლება მქონდეს, ვიმუშავო ისე, როგორც ვმუშაობდი ტელეკომპანია “იბერიაზე”.

“რუსთავი 2"-ის ახალ ხელმძღვანელობას ვთავაზობ ჩემს თავს საავტორო პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად ისეთივე თავისუფლების პირობებში, როგორიც “იბერიაზე” მქონდა. სხვათა შორის, არცთუ ურიგო გადაცემას "პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” ვაკეთებდი, ჰოდა, რატომაც არა - ხომ ამბობს “რუსთავი 2"-ის ახალი ადმინისტრაცია, რომ თავისუფალი და კრიტიკული მედიაპროდუქტი გვინდაო, ჰოდა, აგერ ბატონო, მშვენიერი ინდიკატორი, თუ კრიტიკა რეალურად გინდათ, მომეცით სივრცე, მხოლოდ სრული თავისუფლების პირობებში, როგორიც "იბერიაში" მქონდა... ცხადია, ვეჭვობ, ვინმეს ეს შეთავაზება აინტერესებდეს, გასაგები მიზეზების გამო "ხელისუფლება არ დაუშვებს ამას), თუმცა, თუნდაც რიტუალური თვალსაზრისით ასე ღიად გამოვთქვამ შეთავაზებას”, - წერს გამზარდია "ფეისბუქზე". ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზემოაღნიშნული სტატუსი ნახევრად ხუმრობითაა დაწერილი, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეთავაზება "რუსთავი 2"-ისთვის ერთგვარი ე.წ. “ლაკმუსის ქაღალდი” და ტესტი იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მართალი გითხრათ, ეს ნახევრად ხუმრობით დადებული სტატუსია, მაგრამ, იცით რაშია საქმე? “რუსთავი 2”-ის ახლანდელი ადმინისტრაცია თუ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები არ იქნებიან და კვლავ კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა უნდათ, ვიფიქრე, რომ ამ შემთხვევაში ჩემით უნდა დაინტერესდნენ. მე არც კონკრეტულ პარტიასთან ვყოფილვარ, ჩემს გადაცემებში ვერავინ ვერავის მხარეობას ვერ დამწამებდა, (“იბერიაზე" მუშაობას ვგულისხმობ) გადაცემა შემდგარი და ნორმალურად ყურებადი იყო და ყველას ძალიან დადებითი შთაბეჭდილებები ჰქონდა. წესით "რუსთავი 2"-ს უნდა აწყობდეს ასეთი გადაცემის არსებობა, ჩემი ერთადერთი მოთხოვნა, როგორც წესი, არის ხოლმე თავისუფლება, მე მხოლოდ ვითხოვ სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობას, ეს “რუსთავი 2”-საც რამდენადმე შანსს მისცემდა რეპუტაციის შენარჩუნებისათვის, ან მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს “რუსთავი 2”-ის რეპუტაცია წნეხის ქვეშაა, მედიაპროდუქტების კრიზისსაც განიცდის, ჩავთვალე, რომ ეს შეთავაზება წაადგებოდა მათაც და ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა, თუმცა, გულწრფელი რომ ვიყო, ვეჭვობ, რომ ეს ყველაფერი ამ ტელევიზიის ადმინისტრაციისათვის სერიოზული განხილვის საგანი იყოს და შესაძლოა ეს იდეა იქვე დაიბლოკოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“რადგან ცდილობენ, რომ “რუსთავი 2”-ის ახალი იმიჯი შექმნან, რომ ეს იქნება კრიტიკული და მოუკერძოებელი, მაშინ ჩემი ასეთი მედიაპროდუქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ და თუ არ დაინტერესდებიან, თავისთავად გაჩნდება პასუხები იმ მოლოდინებზე, რაც გულისხმობს "რუსთავი 2"-ის მომავალ საინფორმაციო პოლიტიკას. ჩემი სტატუსი გარკვეულწილად ტესტი იქნება, იმიტომ, რომ არ არსებობს არგუმენტი, რატომ შეიძლება თავი შეიკავოს "რუსთავი 2"-მა ასეთი გადაცემისაგან, ეს რომ იყოს უხარისხო, არაკვალიფიციური კი ბატონო, მაგრამ ეს პირიქითაა, ჩემი გადაცემა არის შემდგარი, მე დღესაც საჯარო ცხოვრებას განვაგრძობ, მაქვს ჩემი სიტყვა, გარკვეული დადებითი იმიჯი, კრიტიკულობაც არააჟიტირებული და მიუკერძოებელი, ამიტომ არ არის პრაქტიკულად მოტივი იმისა, რომ თეორიულად უარი თქვან, თუ სინამდვილეში რაღაცა სხვა მოტივები არ არსებობს, ან ხელოვნური, ან სარედაქციო თვალსაზრისით. სადაც თავისუფლება არ მაქვს, იქ არ ვჩერდები და რომც იყოს მსგავსი შეთავაზება მიღებული, ჩემთვის არასოდეს არ იქნება პრობლემა, თუ რაღაცები ისე არ წავიდა, ნებისმიერ წამს ფეხი დავკრა და წამოვიდე, ისე, როგორც გამიკეთებია, მე პაატა სალიასაც პირადად მივმართე, რომ თუ ექნება სურვილი ჩემი შეთავაზება მიიღოს, მოვითხოვე ერთადერთი მხოლოდ ის, რომ სრული თავისუფლება მქონდეს, ვიმუშავო ისე, როგორც ვმუშაობდი ტელეკომპანია „იბერიაზე”, სხვა მეტი არაფერი მომითხოვია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პაატა სალიასგან პასუხი არ მიმიღია, ასეთ რეჟიმში ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს დრო იმისათვის, რომ მომენტალურად რაღაცებს უპასუხოს, ხვალინდელი დღე აჩვენებს ყველაფერს, თუმცა, მართალი გითხრათ, ვეჭვობ, უბრალოდ ეს ყველაფერი "რუსთავი 2"-ის ახალი იმიჯის ქმნადობაში მნიშვნელოვანი იქნება. ყოველთვის ვგულშემატკივრობ მედიასაშუალებებს, მიუხედავად იმისა როგორ მუშაობენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მედიის განვითარება და რაღაც ფორმით შენარჩუნება. თუ “რუსთავი 2” მიუკერძოებელი და კრიტიკული მედია დარჩება და ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც ამბობენ, მაშინ საერთო ჯამში ეს მხოლოდ გაამდიდრებდა ქართულ ტელემედია სივრცეს, მიუხედავად იმ სამწუხარო მოვლენებისა, რაც ამ ტელევიზიას გაუკეთეს, მაინც შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დაინიშნა “რუსთავი 2”-ის აღმასრულებელ დირექტორად, ჩემი ძველი თანამშრომელია, ტელეკომპანია “მზეში” ერთად ვმუშაობდით, იგი ძალიან საინტერესო, კვალიფიციური და გონიერი ადამიანია, ამიტომაც ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს რამდენად იქნება საკმარისი, რომ ამხელა მანქანა აამოძრაოს, აი ამას მომავალში ვნახავთ”, - მიიჩნევს გამზარდია.

„მე ადრე ვმუშაობდი „ჯი-დი-ესზე"და მიმყავდა გადაცემა „20:30”, ეს იყო გადაცემა, რომელშიც კრიტიკული ნაწილი არ იყო, თუმცა მე შევეცადე, რომ ბოლო გადაცემებში გარკვეული კრიტიკის ნაწილი შემეტანა. მე იქიდანაც წამოვედი იმის გამო, რომ ისეთი თავისუფლების სივრცე არ იყო როგორიც მე მინდოდა, აღმოვაჩინე, რომ არ შემეძლო თავისუფლების გარეშე. მე ვითხოვ თავისუფლებას, თუ ვიღაცას ვჭირდები ისეთი როგორიც ვარ, როგორც ვფიქრობ, ვაზროვნებ, როგორც ვხედავ სამყაროს და ეს მისთვის ასატანია, მაშინ მე სიამოვნებით ვთანამშრომლობ, შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანა “იბერია”, როდესაც მე მუშაობა დავიწყე, მაშინ მისი მფლობელები იყვნენ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები, რომლებსაც მე საკმაოდ აქტიურად ვაკრიტიკებდი მათსავე მფლობელობაში არსებულ ტელევიზიის ეთერით”, - ამბობს ანალიტიკოსი.

წარმოიდგინეთ, რამდენად მაღალი იყო ტელეკომპანია “იბერიაში” დემოკრატიის ხარისხი, რომ პრაქტიკულად “პატრიოტთა ალიანსი” კრიტიკას სრულიად მშვიდად იღებდა, მე თავს ვგრძნობდი ძალიან კარგად, მქონდა სრული თავისუფლება და პირიქით, მაქსიმალურად მეხმარებოდნენ მფლობელებიც და არხის ადმინისტრაციაც. არის რაღაც საქმეები, რომლებშიც ან ისე ვთანამშრომლობ, როგორც მე ვხედავ, ან საერთოდ არ ვთანამშრომლობ, მე გუშინ და დღეს არ გამოვჩენილვარ და ყველამ იცის ჩემი ხასიათი, თუ მათთვის ეს მისაღები იქნება, მაშინ, კი ბატონო, მაგრამ თუ ცენზურის მცდელობა იქნება, ცენზურის სურვილი, რომ მქონოდა იმაზე მაღალ პლატფორმას, რაც მქონდა “ჯი-დი-ესზე” ბევრი ვერ შემომთავაზებს. აქედან გამომდინარე, რადგანაც ცენზურა ჩემთვის მიუღებელია და მსგავსი რამ ვისაც ექნება, მასთან უბრალოდ მენტალურად ვერ მოვახერხებ თანამშრომლობას” ,- დასძენს არჩილ გამზარდია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა