პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი - ჩემთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც პრეზიდენტის მიერ დევაძის შეწყალებამ გამოიწვია

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, მისთვის სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებამ გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატმა აღნიშნა, პრეზიდენტმა კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს სამივე ინსტანციამ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო, ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებას მაშინ და არც ახლა ვეთანხმებით. ძალიან გამკვირვებია აჟიოტაჟი, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა დევაძე, ის ხომ დამნაშავე იყოო - დიახ, პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს, რომლებიც დამნაშავეები არიან. ეს არის ამ აქტის არსი. სინამდვილეში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იყო დამნაშავე განზრახ მკვლელობაში, მაგრამ რადგან გარდაცვლილი იყო პოლიციელი და სენსიტიური თემაა, ამიტომ მიუსაჯეს განზრახ მკვლელობისთვის. საქმე ეხებოდა გაუფრთხილებლობით მკვლელობას, ჩვენ ამას ვასაბუთებდით, მაგრამ არცერთმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები. დევაძეს არ სურდა მისი მოკვლა, ის მოკვდა გაუფრთხილებლობით“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვეგასში" მომხდარ დანაშაულს. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე საქმისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს დაუწყო შევიწროვება, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა მათ დამშვიდება სთხოვა, რასაც მსჯავრდებულსა და მუკბანიანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. მუკბანიანი მისივე ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 2015 წლის 18 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო პოლიციის 22 წლის ოფიცრის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ძალაში დატოვა სამივე ინსტანციის სასამართლომ.

თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. შეწყალებულთა შორის სწორედ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა