თინათინ ზოიძე - ვმუშაობთ, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება გახდეს - გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება უნიკალური ტურისტული პროდუქტია

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ მიმართულებად თვლის, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებას პოპულარიზაცია ბრიტანეთში, მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - Birdfair 2019-ზე წელს პირველად გაუწია.

რეგიონში უკვე ოფიციალურად გაიხსნა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონიც, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს კი აჭარა 2-8 სექტემბერს უმასპინძლებს.

აღნიშნული თემების შესახებ „ინტერპრესნიუსს“აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- რა იყო მთავარი ბრიტანეთის საერთაშორისო გამოფენაზე და რა გამოხმაურება მოჰყვა დამთვალიერებლებისთვის აჭარის, როგორც გადამფრენი ფრინველების დაკვირვების კუთხით მსოფლიოში უდიდესი დერეფნის შესახებ ინფორმაციის გაცნობას?

- პირველად მონაწილეობდა ჩვენი რეგიონი ბრიტანეთის ფრინველებზე გადაფრენის გამოფენაში, რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებად ითვლება და მას 25 ათასზე მეტი ფრინველებზე დაკვირვების მოყვარული, სპეციალისტი, ექსპერტი, მეცნიერი ესწრება. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, მოვახდინოთ საქართველოს, აჭარის რეგიონის და ბათუმის პოზიციონირება, როგორც ფრინველებზე დაკვირვების და ეკოტურიზმის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ მიმართულების. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ დამსწრეებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ბათუმისა და აჭარის, როგორც ფრინველთა მიგრაციის კუთხით ერთ-ერთი მასიური და დიდი დერეფნის შესახებ. გამოფენაზე, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ აჭარის რეგიონის 13% დაცულ ტერიტორიებს და ეროვნულ პარკებს უჭირავს. ასევე, აღვნიშნეთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დაცულ ტერიტორიებს, რომლებიც გადამფრენი ფრინველებისთვის შესასვენებლად და საკვების შესავსებად ძალიან მნიშვენლოვანი ადგილებია. ასევე, შევხვდით მნიშვნელოვან ადამიანებს - ექსპერტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებს, რომლებიც დაინტერესდნენ ბათუმით. მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტორმა, რომ მარტო საშემოდგომო მიგრირების დროს აჭარის დერეფანში 32 სახეობის მილიონზე მეტი ფრინველი გადაადგილდება. რა თქმა უნდა, თავად ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი, რადგან 450-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა გადამფრენი ფრინველების დაკვირვების კუთხით.

- აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. როგორ მიმდინარეობს პროცესი წელს და შეგვიძლია თუ არა უკვე იმაზე საუბარი, თუ რა ტენდენციები იკვეთება?

- ზოგადად, აჭარაში საშემოდგომო მიგრირება, რომელსაც ტურისტები და ექსპერტები 2009 წლიდან აკვირდებიან, ყოველ წელს იხსნება 15 აგვისტოს და სრულდება 15 ოქტომბერს. დროის ამ მონაკვეთში თითოეული პერიოდი განსხვავებული და განსაკუთრებულია ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყველაზე საგულისხმოა სექტემბრის დასაწყისი და სექტემბრის ბოლო, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის ფრინველების მიგრირება ხდება. მაგალითად, ამ დღეებში დაფიქსირდა 67 ათასი კრაზანაჭამია (ირაო), რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. უკვე იმყოფებიან სოფელ სახალვაშოში და ჩაისუბანში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სპეციალისტები, მოხალისეები და დამკვირვებლები, რომლებიც აღრიცხავენ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიური შედეგები, თუ რომელი ფრინველები მიგრირდება ჩვენს დერეფანში, აღირიცხება და გამოქვეყნებულია „ლაივ“ რეჟიმში. უკვე დავაანონსეთ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, რომელსაც რეგიონი 2-8 სექტემბერს უმასპინძლებს. ამ ფესტივალის ფარგლებში მოხდება სტუმრების ისეთ ლოკაციებზე გადაადგილება და ფრინველებზე დაკვირვება, როგორიცაა სოფელი სახალვაშო, სოფელი ჩაისუბანი, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ეროვნული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მტირალას ეროვნული პარკი და ბათუმის ზღვის სანაპირო.

- კიდევ რა აქტივობებს მოიცავს ფესტივალი?

- ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად ჩამოდიან ექსპერტები, დამკვირვებლები და მოხალისეები, რომლებიც 7 დღის განმავლობაში მოგზაურობენ ქართველ ვიზიტორებთან ერთად ფრინველებზე დაკვირვების ადგილებში. წელს ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვსტუმრობენ ევროპიდან. მათ შორის არიან ფრინველებზე დაკვირვების გამოფენის დამფუძნებელი დიდ ბრიტანეთში ტიპ ეპლტონი და შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი, რომლებიც გარდა იმისა, რომ ფრინველთა მიგრირებას ჩვენთან დააკვირდებიან სტუმრებს ჩაუტარებენ სემინარებს და გაუზიარებენ გამოცდილებას. ზოგადად, ფრინველებზე დასაკვირვებლად რეგიონს ეკოტურისტები და მეცნიერები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან სტუმრობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებისთვის.

რაც შეეხება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებს, აჭარაში გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პლატფორმა სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში, რომლებიც ერთმანეთის პირისპირაა განთავსებული. ეს კი საშუალებას აძლევს ვიზიტორებს, ორივე პლატფორმაზე ყოფნის განმავლობაში არ გამოტოვონ მიგრირების პროცესი და მას აქტიურად დააკვირდნენ. აქედან სოფელ სახალვაშოში ინფრასტრუქტურა წელს მოეწყო, ჩაისუბანში კი გასულ წელს განახლდა. გარდა ამისა, ხდება გადამფრენი ფრინველების დარგოლვა ჭოროხის დელტაზე, რაც სპეციალისტებს ეხმარება დაადგინონ ფრინველთა გადაფრენის დრო, მიმართულება, სიმაღლე, განსახლება, სიკვდილიანობის პროცენტი და მიზეზები.

- როგორ შეიძლება ფესტივალზე დასწრება?

- გასვლით ტურებსა და პრეზეტაციებზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გასვლა ჩვენს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ ლოკაციებზე გავიდნენ და დააკვირდნენ ფრინველებს. გარდა ამისა, დაესწრონ პრეზეტაციებსა და სემინარებს, უცხოელი სპეციალისტებისგან მოისმინონ საინტერესო რჩევები, ფრინველებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით გაიზიარონ მათი ცოდნა. ყოველ საღამოს დაახლოებით 20:00 საათიდან დაგეგმილია სემინარები, რისთვისაც სპეციალურად გვყავს მოწვეული სპიკერები უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, სემინარებსა და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტებიც. ასევე, გვაქვს საგანმანათლებლო მნიშვნელობის საბავშვო აქტივობები. ექსპერტები ბავშვებს მიაწვდიან ინფორმაციას, რა არის ფრინველებზე დაკვირვება, რამდენად მნიშვნელოვანია, რა იდეას ემსახურება და რათქმაუნდა, რა როლი აქვს ზოგადად ფრინველებს ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კუთხით. გვაქვს საინფორმაციო გაცნობითი ტურებიც გიდებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის, რომლებიც შემდგომ ამუშავებენ პაკეტებს და შესაბამისად, სთავაზობენ ეკოტურისტებს ბათუმში და ჩვენს რეგიონში დასვენებას.

- რა არის რეგიონის მთავარი პოტენციალი ამ მიმართულებით და რას უწყობს ხელს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება?

- აჭარა ასოცირდება ზღვასთან. ჩვენი სტრატეგია კი ემსახურება იმას, რომ რეგიონის იქცეს ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველ მიმართულებად. ამისთვის აუცილებელია განვავითაროთ მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. ამ მიმართულებით ფრინველებზე დაკვირვება ნამდვილად უნიკალური საშემოდგომო და საგაზაფხულო ტურისტული პროდუქტია. აჭარა მექსიკისა და ისრაელის შემდგომ მესამე ადგილზეა ფრინველთა რაოდენობისა და სახეობების მრავალფეროვნების მიხედვით, შესაბამისად, რეგიონს ყოველწლიურად უამრავი ეკოტურისტი და ფრინლებებზე დამკვირვებელის სტუმრობს ევროპიდან. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება პირველ რიგში არის ტურისტული პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ეკოტურიზმის განვითარებას და ბუნების, ფრინველების დაცვას ემსახურება. გარდა ამისა, ესაა დამატებითი შემოსავალი იმ საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის, სადაც ეკოტურისტები და ფრინველებზე დამკვირვებლები რჩებიან. ეს კი ბუნებრივია ზრდის სოფლებში საოჯახო ტიპის სახლების მეშვეობით ეკონომიკური სარგებლის ზრდას.

ეკა აბაშიძე

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო