სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე  - რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა

ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპის შუაგულში, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, უცებ ეს თემა გახდა სალაპარაკო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას „იმედთან“ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ამას არ იტყვის, რადგან ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა“.

„რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის. მე ვარ პრეზიდენტი და ყველა იურისტმა იცის ეს კარგად. ეს გახდა უცებ სალაპარაკო თემა, იმ დროს, როცა აქ ამდენია სალაპარაკო. თუ რამე განმარტება ამაზე არის უფრო დეტალურად გასაკეთებელი, მე მგონია, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, რადგან აქ, ევროპაში, ევროპის შუა გულში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, რომ ჯობს აქცენტი გადავიტანოთ სხვა საკითხზე. ეს არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი, რომ იმის მაგივრად, ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებში, რომელიც არის მთელი ქვეყნის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის, რომ დამელოდონ 2 დღე თბილისში და იქ მიიღონ ამაზე პასუხები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა