გია ჟორჟოლიანი ბაზრობებზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადების ინიციატივით გამოდის

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულების 2023 წლის 1 იანვრისთვის გადატანის ინიციატივით გამოდის და პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს.

“საგადასახადო კოდექში” 2017 წელს განხორციელებული ცვლილებებით, 2020 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოიყენოს. გია ჟორჟოლიანის განმარტებით კი, აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედება აუცილებლად გამოიწვევს მთელ რიგ პრობლემებს და ძირითადად რიგითი მოვაჭრეები დაზარალდებიან. დეპუტატის აზრით, აუცილებელია კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.

“ამჟამინდელი მდგომარეობით, მოვაჭრეთათვის ობიექტურად შეუძლებელია სალარო აპარატების დახლზე მომსახურება და ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც სამუშაო ადგილების დაკარგვა და სოციალური ვითარების გაუარესება, აგრეთვე ბაზრობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც ცნობილია, სალარო აპარატი მუშაობს დენზე. შესაბამისად, საჭიროება ჩნდება, რომ ყველა დახლთან მიყვანილი იქნას დენის წყარო, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დარღვევას, ვინაიდან უქმე დღეებში, ღამის საათებში და მოვაჭრის თავის ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, უყურადღებოდ რჩება დიდი რაოდენობით ჩამრთველები. მოკლე ჩართვის ან რაიმე უსაფრთხოების ნორმის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია გაჩნდეს ხანძარი. მაგალითად, მოკლე ჩართვა შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო ფიზიკურმა ზემოქმედებამ, აგრეთვე სადენების უხარისხობამ და სხვადასხვა დაზიანებებმა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირია ბაზრობებზე ხანძრების გაჩენის შემთხვევები (რა დროსაც მთლიანად ნადგურდება სავაჭრო საქონელი და მოვაჭრეები განიცდიან გამოუსწორებელ ფინანსურ დანაკარგებს), აუცილებელია საკმაოდ მოცულობითი მასშტაბის სამუშაოების განხორციელება, რათა უსაფრთხოების ყველა პირობა პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს.

ბაზრობებზე არსებული რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლამდე ფიზიკურად შეუძლებელია უსაფრთხოების საკმარისად უზრუნველყოფა და საჭიროა დამატებითი ვადის მიცემა ამ ადამიანებისთვის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაზრობებზე დასაქმებულია ათასობით საქართველოს მოქალაქე, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ მწირი შემოსავალი გააჩნია და იმყოფება სიღარიბის ზღვარზე. ამ ადამიანებისთვის ხშირად გაუგებარია სალარო აპარატის მუშაობის პრინციპი და ამ კუთხით საჭიროა მათთან გარვეული სამუშაოების ჩატარება“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი 2 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა