20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს კამათი მოჰყვა. უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათი დადგენილების პროექტის განმხილველი კომიტეტის განსაზღვრის საკითხმა გამოიწვია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განხილვაში მისი კომიტეტი წამყვანი არ უნდა იყოს, რადგან დადგენილების პროექტში იურიდიული კონტექსტი არ არსებობს. ოხანაშვილს რომან გოცირიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ იმ სიის შედგენა თუ ვის უნდა ჰქონდეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, იურიდიული საკითხია.

„იურიდიული საკითხია საზღვრის გადმოკვეთის უფლება ვის უნდა ჰქონდეს და ვინ უნდა იყოს „შავ სიაში“. აქ რომ ჩამოგყავდათ რუსი ჩინოვნიკები, ლუჟკოვი და ვიღაცები რომ დადიოდნენ და ხმას ვერ იღებდით, ეს არის სწორედ იურდიული საკითხი. იმ სიის გარდა თქვენი სიაც არის, გავრილოვის სია - იმ პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების სია, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რომლებმაც ხელი შეუწყეს გავრილოვის შემოყვანას და ადამიანების დასახიჩრებას ქუჩაში. თქვენ ამ საკითხის განხილვას თავს ვერ აარიდებთ, იურიდიული კომიტეტი იქნება თუ პლენარული სხდომა, რადგან ეს არის მძიმე საკითხი თქვენთვის, გინდათ თქვენს კოლეგას გადაულოცოთ ეს და პირველად განხილვებში სწორედ თქვენი კოლეგა იყოს საზოგადოებრივი ყურადღებისა და გულისწყრომის ობიექტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამის პასუხად ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის, „მითუმეტეს, ისეთ საკითხებზე, სადაც წელშია გამართული ხელისუფლება და მმართველი პარტია“.

„ჩვენ საკითხების განხილვის პრობლემა არ გვაქვს. ბატონ რომანს და მის თანაგუნდელებს ამ საიამოვნებას არ მოვაკლებთ. გპირდებით კომპეტენტურად, სამართლებრივად, არგუმენტირებულად, გამართულად განვიხილავთ ამ საკითხს. რაზეც გეკისრებათ პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, ჯერ იმაზე აიღეთ პასუხისმგებლობა და ისე გაიშვირეთ ხელი სხვისკენ. აბსოლუტურად არაკომპეტენტური დოკუმენტი გაქვთ შედგენილი. თავდაყირა გაქვთ ჩაყრილი ყველაფერი, საგარეო მიმართულება, იურიდიული თემა ცალკე, სამოქალაქო ინტეგრაცია - ცალკე. აქამდე ვიცოდით, რომ ზოგადად მოსახლეობის ინტერესი არ გაინტერესებდათ და ახლა ჩანს, რომ ასევე ადგილი აქვს უციდინრობას და არაკომპეტენტურობას. თუმცა ამის მიუხედავად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზადაა განიხილოს მსგავსი არაკომპეტენტური დოკუმენტი და გასცეს შესაბამისი დასკვნა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატებს შორის კამათი პარლამენტის თავმჯდომარემ ამოწურა და აღნიშნა, რომ დადგენილების პროექტის განხილვისას წამყვანი კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება.

„ჩვენ რომ ამ საკითხის განხილვა არ გვსურდეს, ამ საკითხზე დადგენილების ინიცირებას არ გავუკეთებდით. ვინაიდან გავუკეთეთ ინიცირება, მზად ვართ როგორც ჩვენი, ასევე თქვენი დადგენილებაც განვიხილოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი