ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2019

"სად წავა მოწამლული ღრუბელი“ - ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაცია

რომელი მინისტრები გაჰყვებიან ბახტაძეს და ვინ არის გახარიას კანდიდატურის წინააღმდეგი

"სად წავა მოწამლული ღრუბელი“ - ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაცია

"აფეთქება არხანგელსკში მეზობელი სახელმწიფოებისთვის რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენს, ეს ჩერნობილის ინციდენტის მიკროვარიანტია, ეს არ იყო მასშტაბური, მაგრამ რეალურად მაინც ბირთვულ აფეთქებაზეა საუბარი. "შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, არქტიკას მოწამლავს თუ არა და შემდგომში სად წავა ეს რადიოაქტიური ნივთიერებებით მოწამლული ღრუბელი, ეს არავინ არ იცის"- ასე ეხმიანება "რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, 8 აგვისტოს რუსეთში არხანგელსკის ოლქში მომხდარ ინციდენტს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "სად წავა მოწამლული ღრუბელი“ - ემუქრება თუ არა საქართველოს რადიაცია

"8 აგვისტოს რუსეთში არხანგელსკის ოლქში სამხედრო ბაზაზე რაკეტის ძრავა გამოცდის დროს აფეთქდა. აფეთქებას სახელმწიფო კომპანია „როსატომის" 5 თანამშრომელი ემსხვერპლა და დაახლოებით 25 დაშავდა, ინციდენტის შემდგომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ აფეთქებას რადიოაქტიური, ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოუწვევია, თუმცა, რუსეთის ბირთვულმა სააგენტომ თქვა, რომ აფეთქებამ მიმდებარე ქალაქში რადიაციის ზრდა გამოიწვია, ამის შედეგად სამხედრო პოლიგონოს ახლომდებარე სოფლის ევაკუაციაც კი გამოცხადდა, თუმცა ევაკუაციის მიზეზად სხვა რამ დასახელდა. „რამდენადაც ვიცი, აქ იყო წყალქვეშა ზებგერითი ტიპის სარაკეტო კომპლექსის ციკლონის გამოცდა, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინების გადაადგილება. არხანგელსკისა და მურვანსკის ოლქებს შორის არის სპეციალური პოლიგონი, ამ პოლიგონზე უნდა მომხდარიყო ამ სარაკეტო კომპლექსის გამოცდა და ამ გამოცდის მოსამზადებელ პერიოდში მოხდა ქიმიური რეაქცია და აფეთქდა. „აფეთქდა ბირთვული რეაქტორის, დაიღუპა ხუთი გამომცდელი ინჟინერი, ჩემი ინფორმაციით, დაიჭრა დაახლოებით 25 ადამიანი, გარდაცვლილი ადამიანების დასვენება დახურულ სპეციალურ სარკოფაგებში მოხდა, ფაქტიურად გამოცხადდა რადიაციული ფონი იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ინციდენტი მოხდა. „ბურევესნიკის"გამოცდას შეეწირნენ აღნიშნული ინციდენტის დაზარალებულები."ბურევესნიკი" - ეს არის წყალქვეშა უპილოტო მართვის სარაკეტო კომპლექსი, რომელიც მუშაობს ბირთვულ რეაქტორზე და ამ ბირთვული რეაქტორის აფეთქებამ გამოიწვია ეს ყველაფერი."-ამბობს მაისაია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ექსპერტისვე აზრით, ამ საკითხზე რუსეთი იმიტომ დუმს, რომ აღნიშნული გამოცდა იყო ზესაიდუმლო. „ამაზე რუსეთი იმიტომ დუმს, რომ ეს იყო ზესაიდუმლო გამოცდა, რომელიც დაცული აქვთ გრიფით, ყოველთვის ცდილობენ, რომ რაც იქ ხდება ყველაფერზე მოახდინონ დისტანცირება. "რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თურმე ინციდენტის ადგილზე არავითარი რადიაცია არ არსებობს, მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოს ყველაფერი ნორმაშია, მაგრამ რაც მე ვიცი, ინციდენტის ადგილზე რადიაციული ფონი არის კრიტიკულზე საკმაოდ მაღალი და მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის ევაკუაციაც კი არის განხორციელებული”, - განაგრძობს გამოცემა.

"აღნიშნული საგამოცდო რაკეტის სიჩქარე საკმაოდ მაღალია 3-4 მახია, რომლის დაჭერა საზენიტო და სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით ფაქტიურად შეუძლებელია. ბირთვული რეაქტორის აფეთქებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია - რეაქტორი ცეზიუმზე მუშაობს, ცეზიუმი ბუნებრივია, ადამიანისთვის სახიფათოა. რადიაციის გამო სკანდინავიაში ერთი ამბავია ატეხილი, რამდენადაც ვიცი, ნატოს ხელმძღვამელმაც შეშფოთება გამოთქვა, ბრიტანეთმა და ამერიკამ რუსეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა, რუსებმა დახმარებაზე უარი უთხრეს, ამ ეტაპზე როგორია სიტუაცია, არ ვიცი, რადგან რუსული მხარე ამაზე დუმს."- ამბობს მაისაია „რეზონანსთან". ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ინციდენტის დაზარალებულები სამხედრო ჰოსპიტლის მაგივრად საჯარო საავადმყოფოში გადაიყვანეს, არხანგელსკის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, დაზარალებულები სპეციალული დამცავი პლასტიკური ჩანთების გარეშე მიიღეს, ექიმები ეჭვობდნენ, რომ საქმე სერიოზულ რაღაცას ეხებოდა, თუმცა ისინი არავინ გააფრთხილა რადიაციისგან თავდაცვის შესახებ. არხანგელსკის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, (რომლებმაც „მოსქოუ თაიმსს" ანონიმურობის დაცვა სთხოვეს) საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებსაც დაზარალებულებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ, რუსეთის „ეფ-ეს-ბემ" გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს, საბოლოოდ საავადმყოფოს თანამშრომლებს მოსკოვში სამედიცინო შემოწმების გავლა შესთავაზეს, ამ შეთავაზებაზე საავადმყოფოს 60 ექიმი დასთანხმდა, ერთ-ერთ ექიმს კუნთოვან ქსოვოლში კი რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137 აღმოაჩნდა”, - დასძენს გამოცემა.

"აფეთქების მომდევნო დღეებში რადიოაქტიური ნაწილაკების გლობალური ქსელის 4 სენსორი, რომლებიც აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, გამოირთო, ამის შესახებ ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის (CTBTO) დირექტორი წერს. მისი თქმით, 10 აგვისტოს "კომუნიკაციის პრობლემების" გამო კავშირი გაწყდა დუბნას და კიროვის მონიტორინგის სადგურებთან, ხოლო 13 აგვისტოს ბილიბინოს და ზალესოვოს საგდურებთან. ის არ გამორიცხავს, რომ სადგურების გათიშვა აფეთქებას უკავშირდებოდეს და რუსეთი ამგვარად ინფორმაციის დამალვას ცდილობდეს, თუმცა წერს, რომ ორგანიზაცია ინფორმაციას სხვა სადგურებიდან იღებს და ამუშავებს, ამიტომ რუსეთის მცდელობა უშედეგო იქნება. სადგურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზედამხედველობს. ისინი სენსორების გამორთვაზე კომენტარს არ აკეთებენ ნორვეგიის ინსტიტუტ NORSAR-ის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ რუსეთის სოფელ ნიონოქსის მახლობლად აგვისტოს დასაწყისში მოხდა არა ერთი, არამედ ორი აფეთქება.თუმცა პირველი აფეთქება, რომელმაც მთელი მსოფლიო პანიკაში ჩააგდო დღემდე ბურუსითაა მოცული”, - წერს სტატიის ავტორი.

რომელი მინისტრები გაჰყვებიან ბახტაძეს და ვინ არის გახარიას კანდიდატურის წინააღმდეგი

“მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ, უკვე დაიწყო. მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება 2 სექტემბერს „ფეისბუქში" გამოაქვეყნა. 3 სექტემბერს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ, ოფიციალურად ცნობილი გახდება ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. საუბარია, რომ მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვალოს. გახარიას კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. მმართველმა გუნდმა რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება და ეს ცვლილება წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას" რას მოუტანს?”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რომელი მინისტრები გაჰყვებიან ბახტაძეს და ვინ არის გახარიას კანდიდატურის წინააღმდეგი

"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარია ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და მმართველი გუნდისთვის წარმატების მომტანი იქნება. „როგორც ბახტაძემ თავის ვრცელ „ფეისბუქპოსტში" აღნიშნა შექმნა ის, რისთვისაც პრემიერ-მინისტრად მოიწვიეს. გარკვეულწილად დაიწყო იმ პრობლემებთან ბრძოლა, რა პრობლემებიც საზოგადოებას აწუხებს, იგივე ჭარბვალიანობის პრობლემა. ეს შეიძლება ბახტაძის აქტივში ჩავთვალოთ იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. „ბახტაძემ, როგორც ჩანს, მთელი რიგი პოლიტიკური თუ სხვა გარემოებების გამო, არ ისურვა პროაქტიულ პოლიტიკური ლიდერად ჩამოყალიბება და ამჯობინა ტექნიკურ პრემიერ-მინისტრად დარჩენილიყო. ის ზრუნავდა ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტაზე და ნაკლებად ერეოდა წმინდა პოლიტიკურ საკითხებში. „2020 წელი საარჩევნო წელიწადია და მათ პრემიერ-მინისტრად სჭირდებათ ისეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც გახარიაა. ის ბევრ რამეს შეცვლის, რადგან საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ძლიერი ფიგურა და არჩევნების წინ ბევრი წინასამზადისი არის ჩასატარებელი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მმართელი პარტიის სერიოზული პოზიციები," - განაცხადა ანჯაფარიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობა რეალურ პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის და "ქართული ოცნება" უბრალოდ ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ „უნიათო" არ არის. „გარდა ივანიშვილისა, ვინმეს შეუძლია თქმა იმისა თუ რატომ მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება? ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე ხდება დანიშვნაც და გათავისუფლებაც. ბახტაძის მოსვლით არაფერი შეცვლილა. ცხოვრება და პოლიტიკური პროცესი ისევე მიდის, როგორც მიდიოდა. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით ხდება პრემიერ-მინისტრების შერჩევა. ბახტაძის გათავისუფლება, ისევე როგორც დანიშვნაც, სრულიად გაურკვეველია. „გახარიას გაპრემიერება რეალურ პოლიტიკურ სიტუაციას, ალბათ, ვერ შეცვლის. ეს პროცესი გაგრძელდება ისევე, როგორც მიმდინარეობდა. ეს არის განაცხადი, რომ ხელისუფლება, რომელსაც შვიდი წლის განმავლობაში უნიათოს უწოდებდნენ, სურს საზოგადოებას უთხრას, რომ „უნიათი კი არ ვართ, შეგვიძლია არა მარტო გადაწყვეტილების მიღება, არამედ აღსრულებაც. „ეს რა შედეგს მოიტანს დამოკიდებული იქნება იმაზე, გახარიასთან ერთად, იქნება თუ არა რაიმე პოზიტიური და განხორციელებადი პროგრამა არჩევნებამდე. ისეთი პროგრამის განხორციელება, რომელიც რაიმე შედეგებს გამოიღებს და საზოგადოებაში „ქართული ოცნებისადმი" რწმენას განაახლებს, არამგონია ასეთის შეთავაზება დღეს „ოცნებას" შეეძლოს. "როგორც ჩანს, საკმაოდ მწირი არის ის გუნდი, რომელიც იდეების გენერირებას უნდა ახდენდეს, თუ საერთოდ არსებობს ასეთი გუნდი. გახარიას გაპრემიერებაც სწორედ ამის დასტური იქნება," - განაცხადა ძაბირაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნასა და ღარიბაშვილის შს მინისტრად ხილვას, გუნდის გარკვეულ ნაწილი არ ეთანხმება. კულუარული ინფორმაციით, გახარიას მოწინააღმდეგეები მთავრობაშიც ჰყავს და არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობაში ადგილს ყველა მინისტრი ვერ შეინარჩუნებს. პირველ სექტემბერს „ქართული ოცნება" უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბა, რომელიც საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე გაიმართა. არსებული ინფორმაციით, კვირას „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ სხდომაზე, სადაც სწორედ სამთავრობო ცვლილებების საკითხი იხილებოდა, ღარიბაშვილის დანიშვნის წინააღმდეგი თბილისის მერი კახა კალაძე იყო. თავის დროზე ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებამ გუნდის შიგნით უკმაყოფილება გამოიწვია და ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მმართველი პარტიის რიგებში მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს”, - დასძენს გამოცემა.

"ზაალ ანჯაფარიძის აზრით, გუნდის შიგნით გარკვეული ნაწილი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგი წავა. პირველ წინააღმდეგობას შს მინისტრი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეხვდა. „არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ ადამიანები, ვისაც გახარიას კანდიდატურა ეპიტნავებოდეს. მაგალითად, „ოცნებაში" არიან დეპუტატები, რომლებიც ჯერ კიდევ 20 ივნისის ამბების შემდეგ, ღიად აცხადებდნენ, რომ გახარია უნდა გადამდგარიყო. „ასე რომ, არ გამოვრიცხავ შიდა დინებებიც იყოს, მაგრამ ალბათ მაინც მოხერხდება პოზიციების შეჯერება და გახარიას მიმართ მათი შინაგანი განწყობები, თუკი ასეთი არსებობს, უკან გადაიწევს საერთო ამოცანის წინაშე, რომელიც რეალურად „ქართული ოცნების" წინაშეა დღეს," - აღნიშნა ანჯაფარიძემ. უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მამუკა ბახტაძემ თავისი მისია, ფაქტობრივად, შეასრულა. რაც შეეხება გახარიას კანდიდატურას, მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი შს მინისტრი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ამ ფაქტს მიესალმება. ხოლო „ოცნებაში" გახარიას მოწინააღმდეგე რეალურად არც გამოუჩნდება. „ბახტაძემ თავისი ხუთპუნქტიანი პროგრამა, რომელიც დანიშვნის დროს წარმოადგინა, ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ახლა ალბათ თვითონ თვლის საჭიროდ წავიდეს და სხვამ ჩაიბაროს ეს პოსტი. „გახარია არის ის ადამიანი, რომელიც წარმატებული იყო ყველგან, სადაც უმუშავია. შინაგან საქმეთა მინისტრია და ვფიქრობ უპრეცენდენტო შს მინისტრი გვყავდა. შესაბამისად, მას შეუძლია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიც ღირსეულად დაიკავოს. ბევრი რამ კეთდება და ვფიქრობ, ბევრი უკეთესი გაკეთდება გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს. „საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან კარგად არის განწყობილი „ოცნების" მიმართ. ბევრი რამ კეთდება, ხალხი ხედავს ამას და კმაყოფილია. დამოკიდებულება მეგონა შესუსტებული იქნებოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაორმაგებულია. თუ გახარიას გაპრემიერების საკითხი დადგება, მოწინააღმდეგე არამგონია ვინმე გამოუჩნდეს," - განაცხადა შოთა ხაბარელმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა