ვაჟა ბერიძე - ივანიშვილი ვა–ბანკზე წავიდა, გახარიას გაპრემიერება ჩვენი საზოგადობის ერთ ნაწილთან კონფრონტაციის გაღრმავებას და დაპირისპირებას გულისხმობს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაასახელა.

მოულოდნელი არაფერი მომხდარა. გახარიას გაპრემიერებაზე 20-21 ივნისამდეც ბევრს საუბრობდნენ და მას შემდეგაც. თუ 20-21 ივნისამდე ამაზე საუბარი მხოლოდ ჭორად აღიქმებოდა, რუსთაველზე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ბევრს უკვირდა კიდეც.

თუ ადრე ამბობდნენ, რომ ხელისუფლება შეტევაზე იყო გადასული, ახლა იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო რეპრესიული იქნება. თქვენ როგორ შეაფასებდით, პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას?

- პრემიერად გიორგი გახარიას წარდგენა ცალსახად ნიშნავს, რომ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავიდა. არა იმიტომ, რომ გახარია ცუდი კანდიდატურაა. თავიდანვე, როცა ცხადი გახდა, რომ გახარიას ჰქონდა პოლიტიკური პერსპექტივა, ის პრონაციონალური ოპოზიციის მთავარი სამიზნე გახდა.

ოპოზიციამ უზარმაზარი ძალისხმევა მიმართა გახარიას მარგინალიზაციისათვის და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია. ახლა, გახარიას გაპრემიერება ჩვენი საზოგადობის ერთ ნაწილთან კონფრონტაციის გაღრმავებას და დაპირისპირებას გულისხმობს.

ოპოზიციამ უზარმაზარი ძალისხმევა მიმართა გახარიას მარგინალიზაციისათვის და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია

ცვლილებები ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ივანიშვილს მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა განეხორციელებინა. ამას ითხოვდა რეანიმირებული პოლიტიკური პროცესის შინაგანი და იმანენტური ლოგიკაც.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილის საჯარო განცხადება ამას უეჭველად გულისხმობდა, რადგან პრობლემების რეალურად გაცნობიერების ხარისხი და შინაარსი ბევრი რამის შეცვლას მოითხოვდა. მათ შორის, ქვეყნის პირველი პირების ჩანაცვლებასაც. მაგრამ ივანიშვილმა დააგვიანა. თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს...

ტექნოკრატებით მართვამ არ გაამართლა. ტექნოკრატებით მართვა მოწესრიგებულ ქვეყანას, დემოკრატიის მაღალ ხარისხს, გამართულად ფუნქციონირებად ეკონომიკას გულისხმობს. საქართველოში კი ამაზე საუბარი ნაადრევია.

მაგრამ, რატომღაც ტექნოკრატებით მართვა საქართველოში ეიოლებათ. ახლახანს პოლიტიკურ არენაზე გამოსულმა მამუკა ხაზარაძემაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ტექნოკრატებით მართვა დააანონსა.

ივანიშვილს მთავრობაში ცვლილები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა განეხორციელებინა. ეს ნაბიჯი, პრემიერის შეცვლას ვგულისხმობ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მაინც მარცხია. ის იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. მას სხვა გამოსავალი არ აქვს.

ივანიშვილს მთავრობაში ცვლილები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა განეხორციელებინა. ეს ნაბიჯი, პრემიერის შეცვლას ვგულისხმობ, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მაინც მარცხია. ის იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. მას სხვა გამოსავალი არ აქვს

25-30%-იანი ელექტორალური მხარდაჭერა ივანიშვილს მომავალ არჩევნებში უშანსოდ ტოვებს. თუმცა „ოცნება“ რეიტინგების ლიდერია, ამიტომ სიტუაციის გადარჩენა ჰიპოთეტურად შესაძლებელია და მან გადაწყვიტა მხარდამჭერების კონსოლიდაცია. აქ კი მკვეთრი, მკაფიო, მიზანსწრაფული გახარია უალტერნატივოა. ივანიშვილი თანახმაა მომავალ არჩევნებზე იმ პოლიტიკური ტვირთით წავიდეს, რომელიც პრემირად მის მიერ შერჩეულ გახარიას „აჰკიდა“ ოპოზიციამ.

მაგრამ, ეს ნაბიჯი უეჭველი გულისხმობს ვა-ბანკს და დიდ რისკს. ივანიშვილი კი სწორედ ასეთი აზარტული მოთამაშეა. ასეთი იყო ბიზნესშიც და არის პოლიტიკაშიც.

25-30%–იანი ელექტორალური მხარდაჭერა ივანიშვილს მომავალ არჩევნებში უშანსოდ ტოვებს... ამიტომ მან გადაწყვიტა მხარდამჭერების კონსოლიდაცია. აქ კი მკვეთრი, მკაფიო, მიზანსწრაფული გახარია უალტერნატივოა

ეს არჩევანი მას მეტ შანსს აძლევს, მიიმხროს ნაწილი იმ ამომრჩევლისა, რომელიც ელექტორატის დაახლოებით 50%–ს შეადგენს და არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალები“ და მათ ორბიტაზე მყოფებიც.

არადა მომავალი არჩევნების ბედს სწორედ ისინი გადაწყვეტენ. ელექტორატის ნახევრის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჯერ ჰორიზონტზე არ ჩანს.

მამუკა ხაზარაძეს შეუძლია 10%–ის მობილიზება, - მეტს, იმ აქცენტებით, რაც გაასაჯაროვა, – ახალგაზრდობა და მტკიცე პროდასავლელები, - ის ვერ მიიმხრობს. ისიც, ძირითად ნაწილს, პრონაციონალურ ოპოზიციას წაართმევს. სხვას, ჯერ–ჯერობით გაცხადებული პრიორიტეტებით და პერსონალიებით, ის ვერ შეძლებს.

ივანიშვილს ჰქონდა ალტერნატიული არჩევანიც - ბახტაძის დატოვება პოსტზე ან მაია ციტიშვილის გაპრემიერება. მაგრამ, ცხადია, რომ მშვიდი პოლიტიკური პროცესი უკვე ოპოზიციისთვის იქნება წამგებიანი.

ოპოზიციას, და აქ მთავარ ოპოზიციურ ძალას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს ვგულისხმობ, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთადერთი გზა აქვთ - უნდა შეძლონ ქუჩის მობილიზება და მოახდინოს პროცესის უკიდურესი რადიკალიზაცია. და თუ ამას იმასაც მივუმატებთ, რომ რუსული ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში რეალურად არსებობს, – რუსეთი ერევა როგორც აშშ-ს და საფრანგეთის მოვლენებში, ისე, გაგიკვირდება და ერევა საქართველოს საშინაო საქმეებშიც.

ოპოზიციურ ძალას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს ვგულისხმობ, ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა აქვთ - უნდა შეძლონ ქუჩის მობილიზება და მოახდინოს პროცესის უკიდურესი რადიკალიზაცია

რუსეთის სურვილია გააძლიეროს პრორუსული პოლიტიკური ძალები საქართველოში და საბოლოო ჯამში, მოიყვანოს ისინი ხელისუფლებაში, შეუძლებელია ეს მოხდეს ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კატაკლიზმების ინსპირირების გარეშე.

არიან სხვა ძალებიც, ქვეყნის შიგნით და რეგიონში, რომლებსაც ასევე ხელს აძლევთ დესტაბილიზაცია საქართველოში. ეს კი ჩვენი ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოებისთვის უაღრესად სახიფათო და წამგებიანი იქნება. აქედან უნდა ამოვიდეთ პოლიტიკურ პროცესზე და გახარიას პრემიერობაზე მსჯელობისას.

- თუ ივანიშვილმა, როგორც რისკიანმა და აზარტულმა მოთამაშე პოლიტიკოსმა გამოწვევებს გაბედული ნაბიჯით უპასუხა, ვა-ბანკზეც წავიდა იმ თვალსაზრისით, რომ იგი პრონაციონალურ ოპოზიციას სხვა შანს არ უტოვებს გარდა ქუჩის მობილიზებისა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცისაა, რა გამოდის, თავად ივანიშვილს სურს პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია?

- პირიქით, ივანიშვილისთვის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია საფრთხე და გამოწვევაა. ის იმკის თავისი სტრატეგიის ნაყოფს - როცა პოლიტიკური პროცესი შეაჩერა, „შუა გაკრიფა“ და ტექნოკრატებით ქვეყნის მართვას შეუდგა და სიტუაცია გაწირა პერიოდული აფეთქებებისთვის. ბათუმის მოვლენები, აქციები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნებით, ე.წ. გავრილოვის ღამის საპროტესტო ტალღა და ა.შ..

ვფიქრობ, ივანიშვილი მოვლენათა რადიკალიზაციის გზით განვითარების სცენარისთვისაც მზად არის, რადგან ვა-ბანკის გარეშე მისი შანსები უკიდურესად მცირდება. ის მართებულად ცდილობს ინიციატივას დაეუფლოს, და რადგან პოლიტიკური პროცესი რეანიმირებულია, მართოს იგი

დღეს, როცა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, პრონაციონალური მედიის ფლაგმანი – „რუსთავი-2’’ „გაჩუმებულია“ და პრობლემები აქვს შექმნილი სხვა ოპოზიციურ მედიასაც, სადაც ხდებოდა ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილის მიერ „ორთქლის გამოშვება“, პროცესის რადიკალიზაცია უფრო რეალური დ გარდაუვალი ხდება.

- თქვენ ადრეც არაერთხელ გაქვთ ნათქვამი - „ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესი მოკლა“. ვითარებაში, როცა საზოგადოებაში განწყობები ზედმეტადაც კი პოლარიზებულია, პოლიტიკური პროცესი სახიფათო თამაშს ემსგავსება, რადგან პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანისა და ბევრი რამის ქუჩაში გარკვევის მცდელობა ახლა აშკარად სახიფათო რამ უნდა იყოს.

თუ ახლა ივანიშვილი ცდილობს პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას, ამის მიზანი რა უნდა იყოს?

- ვა–ბანკზე წასვლა პროცესის რადიკალიზაციას უეჭველად სულაც არ გულისხმობს, თუმცა არც გამორიცხავს. მიხეილ სააკაშვილის საყვარელ სენტეციას თუ გავიხსენებთ, „პოლიტიკა ცხელი ოთახია, სადაც ყოფნა ვისაც არ შეუძლია, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება“.

უბრალოდ, მე ვფიქრობ, ივანიშვილი მოვლენათა რადიკალიზაციის გზით განვითარების სცენარისთვისაც მზად არის, რახან ვა–ბანკის გარეშე მისი შანსები უკიდურესად მცირდება. ის მართებულად ცდილობს ინიციატივას დაეუფლოს, რახან პოლიტიკური პროცესი რეანიმირებულია, მართოს იგი.

ივანიშვილისთვის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია საფრთხე და გამოწვევაა

სხვა შემთხვევაში, მეორე დეტერმინირებული ტენდენცია იმძლავრებს – ქუჩა გახდება მოკარნახე პროცესის მიმართულების და დღის წესრიგს უკარნახებს პარლამენტსაც და მთავრობასაც. ამის გარეშე, როგორც აღვნიშნე, „ნაციონალურ“ ოპოზიციას შანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ აქვს.

- გასულ კვირას ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩორჩანასა და წნელისთან ვითარების ჯერ გამწვავებისა და შემდეგ ჩაცხრომის ფონზე, როცა ცხინვალმა პრაქტიკულად უკან დაიხია, ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მომხდარი გახარიას გაპრემიერების დასახელებას უკავშირდებოდა.

ამ თემაზე სააუბრისას ზაზა ფირალიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „წინ გველოდება მთავრობაში გადანაცვლებები და ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენა. ვნახოთ, რამდენად ივარგებს სოფელ ჩორჩანას ამბები 20 ივნისის საპირწონედ“. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ივარგა სოფელ ჩორჩანას ამბებმა 20 ივნისის საპირწონედ?

- ვერ ივარგებს და ჩვენც მათი შეპირისპირებითი დახასიათებით არ უნდა დავშვრეთ ამაოდ. ბატონი ზაზას მიერ დასმულ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ – ჩემი აზრით, არ ივარგებს, ვერ გამოდგება.

ისინი ერთი პოლიტიკური პროცესის ჯაჭვის რგოლებიცაა და იმავდროულად სხვადასხვა რიგის მოვლენაც. ცხინვალის უკან დახევაზეც საუბარი გაზვიადებულად მეჩვენება. უბრალოდ, საოკუპაციო რეჟიმი ამჯერად თავშეკავებული იყო, რადგან რუსებს ხელს არ აძლევთ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის გალღობა.

ცხინვალის უკან დახევაზეც საუბარი გაზვიადებულად მეჩვენება. უბრალოდ, საოკუპაციო რეჟიმი ამჯერად თავშეკავებული იყო, რადგან რუსებს ხელს არ აძლევთ, კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის გალღობა

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს თავმჯდომარის რიგმა მოუწია, ტრამპი G8-ში რუსების დაბრუნებაზე ალაპარაკდა, მაკრონს რუსეთის გარეშე ევროპის სტაბილურ უსაფრთხოებაზე საუბარი უჭირს. ამ პროცესს რუსები აქ არ დააზიანებდნენ...

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გახარიას გაპრემიერება იმასაც ნიშნავს, რომ იგი ყველაზე მეტადაა მზად ითამაშოს იმ სცენარით, რაც საქართველოში მოსკოვს სჭირდება.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ივანიშვილმა გიორგი გახარიაზე არჩევანი იმის გამოც გააკეთა, რომ მოსკოვისთვის იგი ყველაზე მისაღები საქართველოს პრემიერი იქნება?

- შეთქმულების თეორების მომხრე არ ვარ. ის, რომ გახარია მოსკოვში სწავლობდა და რაღაც საქმიანი კავშირები ჰქონდა, ჩემთვის არაფერს ნიშნავს. КГБ–ის გენერალმა ალიევმა მიაბრუნა აზერბაიჯანი თურქეთისა და დასავლეთისკენ და პოლიტბიუროს წევრ შევარდნაძესთან ერთად სტრატეგიული ხასიათის ნავთობსადენი და გაზსადენი გაიყვანა რუსეთის გვერდის ავლით და დასავლეთისკენ და ეს ქვეყნები იმდენად საფუძვლიანად მიატრიალეს ევროპისკენ, რომ რუსეთს უჭირს ამ რეგიონში სტატუს კვოს აღდგენა და ვერც ახერხებს ამას.

შესაძლოა, გახარია მოსკოვისთვის მართლაც იყოს უფრო მისაღები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, რადგან იგი ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და ავანტიურებზე წამსვლელი არ არის.

შესაძლოა, გახარია მოსკოვისთვის მართლაც იყოს უფრო მისაღები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, რადგან იგი ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და ავანტიურებზე წამსვლელი არ არის

უაღრესად პირობითია თვით ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობაზე მინიშნებები ან გნებავთ საუბარი. მიუხედავად თავისი წარმატება–წარუმატებლობებისა ქვეყნის მმართველის ამპლუაში, იგი მასშტაბური ფიგურაა, თავს ისტორიის სახელმძღვანელოს ფურცლებზე ხედავს და „არ მისცემს წყევით თვისსა სახელს შთამომავლობას“.

შესაძლოა, გახარია მოსკოვისთვის მართლაც იყოს უფრო მისაღები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, რადგან იგი ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და ავანტიურებზე წამსვლელი არ არის

უბრალოდ, ივანიშვილი ქმედებებში და ხედვებში გარკვეულწილად შეზღუდულია – მას თავისი აქტივების სამი მეოთხედი დასავლეთის სივრცეში აქვს განთავსებული, მათ შორის, ოფშორებში, ერთი მეოთხედი – რუსეთში, თავისი ყბადაღებული „გაზპრომის“ აქციების 1%–ის ჩათვლით.

თან თავისი კაპიტალი რუსეთში აქვს ნაშოვნი. ამიტომ, იძულებულია დასავლეთსაც გაუწიოს ანგარიში და რუსეთსაც. თან ქართული საქმე აკეთოს. ეს კი, მოგეხსენებათ, იოლი არ არის.

- საუბრის დაწყებამდე თქვენ ბრძანეთ, რომ წინა პრემიერებში ივანიშვილი ლიდერებს ეძებდა და ისინი ასეთები არ აღმოჩდნენო, მაგრამ თუ გადამდგარი ბახტაძის განცხადებებს გავიხსენებთ, სულაც არ ჰგავს, რომ ივანიშვილი ლიდერებს ეძებდა.

რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია გახარიას გაპრემიერება მოსკოვის წისქვილზე წყლის დასხმაა თუ არა. მაგრამ, ფაქტია, რომ აშკარად უცნაურად გამოიყურება ის, რომ ერთი პრემიერი 34 წლის ასაკში გადადგა, მეორე 37 წლის ასაკში, მესამე მათზე ოდნავ უფროსი კი იყო, მაგრამ მაინც.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ გაოცებულიც კი იქნებიან ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ევროპის სხვა დადაქალაქებში ისინი, ვინც ჩვენს უკვე სამ ექსპრემიერს მასპინძლობდა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენში პრემიერ-მინისტრების ასე ხშირ ცვლას?

- ბუნებრივია, ივანიშვილისთვის პრემიერი, ქვეყნის რეალური პოლიტიკური ლიდერი, სასურველი და მისაღებია. მაგრამ, როცა მათ ეძებ საკუთარ თანაშემწეებში და ხილულ უახლოეს გარემოცვაში, ძნელია ასეთი აღმოაჩინო.

პოლიტიკურ ლიდერებად ფონდებში და ბანკებში იშვიათად ყალიბდებიან. ექსპერიმენტიც ვნახეთ - მან კვირიკაშვილს მისცა თავისუფალი მოქმედების საშუალება, თუმცა კვირიკაშვილი ვერ მიუხვდა ჩანაფიქრს და მეტისმეტად თავისუფლად ამოქმედდა, მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის აზრით, მისი ხედვები და ინტერესები უგულებელყოფილი იქნა. და ეს ექსპერიმენტიც დასრულდა.

პოლიტიკურ ლიდერებად ფონდებში და ბანკებში იშვიათად ყალიბდებიან. ექსპერიმენტიც ვნახეთ - მან კვირიკაშვილს მისცა თავისუფალი მოქმედების საშუალება, თუმცა კვირიკაშვილი ვერ მიუხვდა ჩანაფიქრს და მეტისმეტად თავისუფლად ამოქმედდა

დიახ, ახალგაზრდობაა ქვეყნის მომავალი და ისინი ჩვენ გვეიმედებიან. მართლაც არაჩვეულებრივი თაობა მოდის, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე, პოლიტიკოსისთვის აუცილებელი გამოცდილების გარეშე, პოლიტიკაში ახალბედა ადამიანისთვის ქვეყნის მართვის სადავეების ჩაბარება, რბილად რომ ვთქვათ, ავანტიურაა, შესაძლოა, მისი გაწირვაც კი.

რაც შეხება პრემიერების ხშირ ცვლას, არც ეს არის სახარბიელო საქმე. მაგრამ, საპარლამენტო მმართველობისკენ მიმავალ ქვეყანაში ასეთი რამის გამორიცხვაც ძნელია.

მით უმეტეს, არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც - მეორე მსოფიო ომის შემდეგ, იტალიაში 50 წლის განმავლობაში დაახლოებით 45 პრემიერი შეიცვალა, შემდგომ ერთმა სილვიო ბერლუსკონიმ „იმეფა“ ერთხანს.

- უკვე ვიცით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნებიან. ხოლო ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკადრო ცვლილებებს?

- თუ ასე მოხდა, ჩავთვლიდი, რომ გახარიამ ფიგურები ლოგიკურად განალაგა. ჩანს, მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ამპლუაში ვახტანგ გომელაური უფრო კომფორტული იქნება ურთიერთობებისთვის, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად არჩია.

გახარიასთვის კარგია, რომ ღარიბაშვილი დააბრუნა მთავრობაში. თავადაც და ღარიბაშვილიც კონსერვატიულ ამომრჩევლებში გარკვეული სიმაპატიით და მხარდაჭერით სარგებლობენ.

გახარიასთვის კარგია, რომ ღარიბაშვილი დააბრუნა მთავრობაში. თავადაც და ღარიბაშვილიც კონსერვატიულ ამომრჩევლებში გარკვეული სიმაპატიით და მხარდაჭერით სარგებლობენ

ყველაზე რთული მისია მაინც ლევან იზორიას დაეკისრა. უსაფრთხოების საბჭოს მიმართულებით ამ სისტემის ჩამოყალიბება, სამწუხაროდ, დაბრკოლდა, დაგვიანდა, რაც ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დაუშვებელია.

- ბევრი ვარაუდობს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი ზაფხულის შემდეგ შემოდგომაც საკმაოდ ცხელი გვექნება. თუ მანამდე ხელისუფლებას უჭირდა ერთი „რუსთავი-2“-ის ატანა, მალე ასეთივე ორი გაჩნდება.

არა მგონია, უხმაუროდ ჩაიაროს პარლამენტში მოსამართლეების შერჩევამაც. თუ ამასაც ქუჩაში პოლიტიკური ძალების აქტიურობა დაემატება, შემოდგომა საკმაოდ დატვირთული იქნება მოვლენებით. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები შემოდგომაზე?

- სერიოზული რყევები მოსალოდნელია და არც უნდა გამოვრიცხოთ. ვა–ბანკის ექო უკვე საცნაურია.

საპარლამეტო სესიის პირველივე დღეს ხმაურიანი აქცია შედგა პარლამენტთან და ოპოზიციის ნაწილი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებს. პროცესები შემოდგომაზე უდავოდ საინტერესო იქნება და შესაძლოა, რყევებშიც გადაიზარდოს.

პროცესები შემოდგომაზე უდავოდ საინტერესო იქნება და შესაძლოა რყევებშიც გადაიზარდოს

მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დესტაბილიზაციამდე სიტუაცია არ მივა. მოკლედ, უნდა ველოდეთ „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომას“.

- ამ თემაზე მსჯელობისას თქვენ სოციალურ ქსელში ბრძანეთ - „ოცნებას“ მოკავშირეები არ ჰყავს. „პატრიოტებთან“ ალიანსი მისთვის წამგებიანი იქნება, თუმცა გარკვეულ ვითარებაში გამორიცხული არ არის.“

სხვათა შორის, „პატრიოტთა ალიანსმა“ უკვე დაანონსა, რომ 15 სექტემბერს გამართავს აქციას თავისუფლების მოედანზე და საჭიროების შემთხვევაში არც დაიშლება, ვიდრე ხელისუფლება არ გადაწყვეტს მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. ისეთი პირი უჩანს, რომ იდეების ბრძოლის ასპარეზად ისინიც და ბევრი სხვაც ქუჩას მოიაზრებენ.

თუ ქუჩაში პრონაციონალისტური ჯგუფები არ გამოვიდნენ, უკვე ზუსტად ვიცით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ქუჩაში იქნება. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ერთმანეთს სწორედ ქუჩაში დაუპირისპირდნენ?

- „პატრიოტთა ალიანსი“ მხარდამჭერებს კრებს. თარხან–მოურავი და ინაშვილი კარგად გრძნობენ ხალხის განწყობასაც და სიტუაციასაც. დროული იქნება მათი 8–15 სექტემბრის აქტივობები.

დამაფიქრებელია, რომ ქუჩაში მხოლოდ ეს ორი ძალა იქნება წარმოდგენილი, ვგულისხმობ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირეებითურთ და „პატრიოტთა ალიანსს“.

ქუჩაში არ იქნება წარმოდგენილი მოსახლეობის 50–60% - ის ნაწილი, ვინც წყვეტს არჩევნების და ხელისუფლების ბედს. ქუჩაში გამოსულებს შორის დაპირისპირებაც იქნება, ბუნებრივია, როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში საერთოდ, მაგრამ ვითარება, ჩემი აზრით, მუშტი-კრივამდე არ მივა.

თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „ალიანსის“ მხარდამჭერები ასაკოვანი ადამიანები არიან ძირითადად, განსხვავებით პრონაციონალური ოპოზიციისგან, რომელსაც რუსთაველის გამზირზე შედარებით ახალგაზრდები წრმოადგენენ.

მთავარი ყველას რჩება მხედველობის არედან. როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, რადიკალიზაციის ფონზე, თუ მშვიდად, საბოლოოდ, არჩევნებით უნდა გადაწყდეს მომავალი ხელისუფლების ვინაობა.

ქუჩაში არ იქნება წარმოდგენილი მოსახლეობის 50–60% - ის ნაწილი, ვინც წყვეტს არჩევნების და ხელისუფლების ბედს. ქუჩაში გამოსულებს შორის დაპირისპირებაც იქნება, ბუნებრივია, როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში საერთოდ, მაგრამ ვითარება, ჩემი აზრით, მუშტი-კრივამდე არ მივა

ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს არჩევნების გაყალბებისა და არჩევნებით მანიპულირების პრაქტიკა. მანიპულირებაში ვგულისხმობ, რომ ძირითადად მხოლოდ ქუჩის ზეწოლით მთელ რიგ არჩევნებზე მიდიოდა მომავალი გამარჯვებული ძალის ელექტორატი, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის დროს. ამდენად, სამართლიანი არჩევნები, როგორც ძირითად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ისე საქართველოში, მითად რჩება, მაგრამ ეს პერიოდი უნდა დასრულდეს. უნდა შეწყდეს არჩევნებით მანიპულირება.

იმ პერსპექტივიდან მომდინარე საფრთხის გამო, აქაოდა ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არ მოვიდნენო, დასავლეთი თვალს ხუჭავდა სხვადასხვა არჩევნების დროს დაფიქსირებულ სერიოზულ დაღვევებზე. ეს კი დემოკრატიასთან, მით უმეტეს საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყნის დემოკრატიასთან, შეუთავსებელი მოვლენაა.

აგერ გერმანიაში, შუალედური არჩევნებისას, ყოველმა მესამე გერმანელმა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატებს, - ძალას, რომელიც გერმანელთა უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რომც გაემარჯვა ამ ძალას, არავის მოუვიდოდა აზრად არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება. ვიდრე ასე არ იქნება საქართველოშიც, დემოკრატია, მით უმეტეს ქართული დემოკრატია, დარჩება მითად.

როგორც არ უნდა წარიმართოს პროცესი, რადიკალიზაციის ფონზე, თუ მშვიდად, - საბოლოოდ, არჩევნებით უნდა გადაწყდეს მომავალი ხელისუფლების ვინაობა

„ბრექსიტმა“ დიდი ბრიტანეთი ორ ნაწილად გაყო, თითქმის თანაბარ ორ ნაწილად, რადიკალურად განსხვავებული ხედვით ევროკავშირიდან გასვლის ფაქტისადმი. მაგრამ, არც არაფერი - ერთი ნახევრისთვის მიუღებელი ბორის ჯონსონი მშვიდად მართავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე.

ასე რომ თუ ჩვენ დემოკრატია გვინდა როგორც ასეთი, გახარიას პრემიერობის მიუღებლობის ვითარებაში, საზოგადოებამ მთლიანად, უნდა მოითმინოს და აიტანოს ბევრისთვის მიუღებელი პრემიერი. ხოლო მის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ტვირთს შეფასება მისცეს სამართლიან არჩევნებზე. სხვა ყველა გზა ჩიხისკენ მიდის.

არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში მის ჩატარებამდე სულ რაღაც ერთი წელი დარჩა

ამ ყველაფრის ფონზე არ შემიძლია კიდევ ერთ შესაძლო მოვლენათა განვითარებაზე არ ვთქვა - ჩემი აზრით, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში მის ჩატარებამდე სულ რაღაც ერთი წელი დარჩა.

მაგრამ, ვატყობ, ორივე მხარეს სათავისოდ უფრო ეიმედება ვადამდელი არჩევნები და მართლაც, ერთი შეხედვით, ამ გაუთავებელ დავიდარაბას, სჯობს ვადამდელმა არჩევნებმა გასცეს პასუხი.

თუმცა, იქნება კი ეს არჩევნები და მისი შედეგები სამართლიანი და ობიექტური? საკითხავი აი ეს არის...

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა