უნგრეთის პრეზიდენტი - უნგრეთი, როგორც ადრე, ისე მომავალშიც აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციაში

„ინტეგრაციისა და უშიშროების სფეროში ძალიან მკვეთრი საკითხებია და უნგრეთი, როგორც უწინ, ისე მომავალშიც აპირებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 1990 წლის შემდეგ, საქართველოში უნგრეთის პრეზიდენტი არ ჩამოსულა და მისთვის აქ ყოფნა დიდი პატივია.

„1990 წლიდან აქ უნგრეთის პრეზიდენტი არ ჩამოსულა და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, თანაც განახლებულ შენობაში. პრეზიდენტმა ახსენა, რომ ინტეგრაციისა და უშიშროების სფეროში ძალიან მკვეთრი საკითხები გვაქვს. უნგრეთი, როგორც უწინ, მომავალშიც აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციაში. ვიცით, რომ შეიქმნა ახალი კომისია და იმედი მაქვს, ამ კომისიის წევრები ახალ ბიძგს მისცემენ ამ საკითხს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი ყველანაირად მხარს უჭერს საქართველოს ამ საკითხში“, - განაცხადა უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

მანვე ისაუბრა იმ სხვა საკითხების შესახებ, რაც მან და საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე განიხილეს. უნგრეთის პრეზიდენტის დაპირებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ უნგრეთში გამართულ ფესტივალებზე ქართველებმა მონაწილეობა მიიღონ.

„შევეხეთ ტურიზმს.Wizzair-მა რამდენიმე წლის წინ ავიამიმოსვლა საქართველო-უნგრეთს შორის შექმნა, რაც ტურიზმის თვალსაზრისით დიდი წვლილია. იმედი მაქვს, რომ უნგრეთის მოსახლეობა მომავალშიც დაინტერესებული იქნება საქართველოში ჩამოსვლით, ასევე, გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერები, რამაც დიდი ეფექტი მოახდინა. შევპირდი პრეზიდენტს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უნგრეთში ფესტივალებზე ქართველებმა მიიღონ მონაწილეობა და ამ მხრივ თანამშრომლობა გაფართოვდეს“, - აღნიშნა იანოშ ადერმა.

მანვე განაცხადა, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოში ელექტრონული ავტომობილების წარმოებისა და მათი უნგრეთში ტესტირების შესაძლებლობაც. უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას შორის შესაძლოა, შედგეს თანამშრომლობა თერმული წყლების გამოყენებისა და ასევე, მელიორაციის მიმართულებით.

„განვიხილეთ თერმული წყლების გამოყენების შესაძლებლობა, რაშიც უნგრეთს უდიდესი გამოცდილება აქვს. თუ ვითანამშრომლებთ, შეგვიძლია, დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ასევე, საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა წყლით. აგრარული სფეროს განვითარებისთვის საჭიროა მელიორაციის საკითხების გადაწყვეტა და ამ სფეროშიც შეიძლება ერთობლივი მუშაობა. მადლობა პრეზიდენტს მიღებისთვის, დღეს საღამოსაც განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და შევეცდებით, საქართველოს საზოგადოებასაც შევატყობინოთ საკითხების შესახებ", - განაცხადა ადერმა.

უნგრეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს დაგეგმილია „ვეფხისტყაოსნის” მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული მინიატურების გამოფენის დათვალიერება, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონია, ადერისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეხვედრა და ბოლოს, ოფოციალური სადილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით.

როგორც ზურაბიშვილმა ახსენა, უნგრეთის პრეზიდენტი დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლასაც აპირებს.

იანოშ ადერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა