ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2019

სანდრო თვალჭრელიძე - “ქართულმა ოცნებამ” ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო”

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” 2020 წელს შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მიგვიყვანოს”

“ოცნების” რამდენიმე დეპუტატი სიურპრიზის მოწყობას და პარტიიდან წასვლას აპირებს, - ჭიჭინაძე

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ქართულმა ოცნებამ” ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო”

“გუნდში კარგა ხნის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა იმის თაობაზე, ხისტი თუ რბილი პოლიტიკით უნდა ემოქმედა მომავალ არჩევნებამდე “ქართულ ოცნებას”. ეს არჩევანი ნიშნავს, რომ `ქართულმა ოცნებამ~ ძალიან ხისტი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, სხვა საკითხია და ამას დრო გვიჩვენებს. პარლამენტში პირველივე გამოსვლისას გახარიამაც და ღარიბაშვილმაც მკაცრი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. ვნახოთ, ეს მათ საქმიანობაზე როგორ აისახება. სამთავრობო ცვლილებებს ველოდი გაცილებით ადრე. როგორც ჩანს, ყოყმანობდნენ, თუმცა საბოლოოდ ფსონი მაინც ხისტ პოლიტიკაზე დადეს. როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებაში” იმედი აქვთ, რომ ძლიერი ხელით მართვა მათი გამარჯვების წინაპირობად იქცევა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ქართულმა ოცნებამ” ფსონი ხისტ პოლიტიკაზე დადო” / “ღარიბაშვილის და გახარიას მთავრობაში ყოფნა არის ნიშანი იმისა, რომ “ქართული ოცნება” საკუთარ პოლიტიკურ მიდგომებს ამკაცრებს, მათ შორის - არმიის მიმართულებითაც”.

“სავარაუდოდ, შეეცდებიან, ყველა მიმართულებით იმოქმედონ ხისტად და ე.წ. კანონის უზენაესობის დაცვით, ანუ მცირე გადაცდომისთვისაც - სახელისუფლებო ვერტიკალში თუ მის გარეთ - მიიღებენ გაცილებით მკაცრ ზომებს. ბიზნესსა თუ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრ, გარკვეულწილად რეპრესიულ პოლიტიკასაც გაატარებენ, ოღონდ არა იმ მასშტაბისას, როგორსაც ატარებდა “ნაციონალური მოძრაობა”. საქმე ის არის, რომ არც “ქართულ ოცნებას” აქვს ამის რესურსი და საზოგადოებაც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი... რაც შეეხება მიმდინარე აქციებს, “ოცნებაში” დაასკვნეს, რომ ამ ტიპის აქციებს არც მმართველობითი და არც ფულადი რესურსი არა აქვს, შესაბამისად, მისგან საფრთხე არ ემუქრებათ. პირიქით, მიიჩნიეს, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან დაძაბულობის შენარჩუნებით ისინი მუდმივად მოახერხებენ, ქვეყანაში არსებული პრობლემები სხვას გადააბრალონ. თუმცა ზნეობრივად და მორალურად არასწორი მგონია ხელისუფლების გადაწყვეტილება. არაერთგზის ვთქვი, რომ გახარიას ადგილაზე მე აუცილებლად გადავდგებოდი ივნისშივე, მით უფრო _ არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას და თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილის ჯინაზე არ გადავდგამდი ასეთ ნაბიჯს... გახარიას დიდი ხანია ამზადებდნენ პრემიერობისთვის. ჰოდა, მიიყვანეს საქმე ბოლომდე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“უპირველესი და ყველაზე დიდი პრობლემა მგონია საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია. სასიცოცხლოდ აუცილებელია, გამოიკვეთოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, რომელთა ირგვლივ მოხერხდება ყველაზე რადიკალურ პოზიციებზე მყოფი ადამიანების კონსოლიდაციაც კი. სამწუხაროდ, ამ პოლარიზაციის პროცესს “ქართული ოცნების” ხელისუფლების რიტორიკა თუ საქმიანობა მხოლოდ ხელს უწყობს. “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მისი დამოკიდებულება, გაუთავებელი ლაპარაკი ცხრა წელზე მხოლოდ კონფრონტაციული ფონის შექმნას უწყობს ხელს. ბოლოს და ბოლოს, მოსაბეზრებელია ერთისა და იმავეს მოსმენა! ან მიიყვანონ საქმე ბოლომდე და “ნაციონალური მოძრაობა” აკრძალონ, ან პირიქით, გადადგან ნაბიჯი გამთლიანებისკენ. საზოგადოებაში ასეთი ლატენტური დაპირისპირება ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ უკან ხევს... პოლარიზაცია არის კომპლექსური პრობლემა. არ შეიძლება ამის ცალმხრივად დანახვა. მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა ოპოზიცია, საბოლოოდ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და ეს უნდა გაისიგრძეგანონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მეორე უმწვავესი პრობლემა არის ქვეყნის ძალიან ნელი ეკონომიკური განვითარება, სიდუხჭირე... ტემპი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მით უფრო, როდესაც ლარი ასეთ დევალვაციას განიცდის, არის არასწორი ეკონომიკური მიდგომების შედეგი. მეტისმეტად არასწორად მოქმედებს ეროვნული ბანკი, როდესაც მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ბრმად ასრულებს. ჩვენ ჯერ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და მერე დანარჩენზე. მესამე პრობლემაა ქვეყნის ოკუპაცია და სამწუხაროდ, ვერც ერთი მთავრობის პროგრამაში ვერ დავინახე ამ პრობლემების დაძლევის გზები. 2024 წლამდე, ანუ პუტინის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ამგვარი პროგრამების ამოქმედება, ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აქტიურად უნდა ვემზადებოდეთ პოსტპუტინისტური პერიოდისთვის. ინტენსიურად ასამუშავებელია არასამთავრობო სპექტრი და არაფორმალური მიდგომები. სამწუხაროდ, ასეთ მზაობას მთავრობისგან ვერ ვხედავ. პირიქით, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ ვხედავთ მათ ნაბიჯებს, ანუ რაღაც ხდება და მერე ამას მოჰყვება ხოლმე რეაქცია საზოგადოებისგან და ხელისუფლებისგანაც, რაც ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ვერაფრით ადგება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ქართულ ოცნებას”, როგორც უკვე ვთქვი, არ ჰბეზრდება გაუთავებლად ცხრა წელზე აპელირება, შედარება სააკაშვილის მართვასთან და ლაპარაკი, რომ თვითონ უკეთესია; თუ რამეს ვერ ართმევს თავს, აქაც მშვენივრად ახერხებს “ნაციონალური მოძრაობის” გამოყენებას და ყველაფრის მისთვის გადაბრალებას. ლარის დევალვაციაც საბოლოოდ “ნაციონალურ მოძრაობას” დაჰბრალდა. თავის მხრივ, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელს აძლევს, გაუთავებლად მასზე რომ ლაპარაკობს მმართველი ძალა. ამის შედეგად ის ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს, შესაბამისად, მის ლიდერებს აქვთ ათასგვარი პრივილეგია - აქვთ პარტიის დაფინანსება, არიან პარლამენტში, დადიან მივლინებებში... მოკლედ, კარგ დროს ატარებენ... დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ რადიკალურად შეიცვლება სურათი და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება საჭირო. ასეთ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად დაკარგავს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება გახარიას რუსულ განათლებას... უკაცრავად და, გრიგოლ ვაშაძეს სად აქვს განათლება მიღებული და რომელი ჯარის თადარიგის ოფიცერი იყო?! რუსეთში განათლება მეც მაქვს მიღებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსულ ინტერესებს ვემსახურები. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, სად მიიღე განათლება, არამედ ის, რა ისწავლე და სამშობლოს ბედს როგორ განიცდი... გახარია, ვფიქრობ, საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი შეიძლებოდა შერჩეულიყო `ქართულ ოცნებაში~, რომლის საკადრო რესურსი ძალიან მწირია და სადაც უმაღლესი ხელმძღვანელობა სამთავრობო პორტფელების გადასაცემად მხოლოდ შემსრულებლებს ეძებს და არა უმაღლესი დონის პოლიტიკოსებს... მოკლედ, ამ ვითარებაში და პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, გახარიას კანდიდატურა უალტერნატივო იყო, ოღონდ, ვიმეორებ: არა - მორალურად... რაც შეეხება რუსულ ინტერესებს და ვექტორის შეცვლას, მიმაჩნია, რომ გახარიას დანიშვნით ამ ვექტორს არაფერი ემუქრება”, - დასძენს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ დაინახა საფრთხე, რომ შესაძლოა, საგარეო მიმართულებით საქართველომ პოზიცია შეიცვალოს და ელჩის პოზიციაზე კელი დენიანი შეარჩია...” - პასუხობს:

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს არის სრული აბსურდი! ამ პროცესს ცოტა სხვანაირად ვხედავ - საქართველო აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და სწორედ ამიტომ გაგრძელდა კანდიდატურის შერჩევა ამდენ ხანს. ცნობილია, რომ არაერთ ცნობილ ამერიკელ დიპლომატს ჰქონდა სურვილი, დაეკავებინა ეს პოსტი, თუმცა საბოლოოდ შეირჩა ეს ქალბატონი, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რაღაც პროცესები იყო დასალაგებელი, აშშ-ს გასარკვევი ჰქონდა თურქეთთან, ირანთან თუ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებები. როგორც ჩანს, ყველაფერი მეტ-ნაკლებად გაირკვა და სწორედ შექმნილი ვითარების შესაბამისად შეარჩიეს ელჩის კანდიდატურაც”.

ვახტანგ ძაბირაძე - “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” 2020 წელს შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მიგვიყვანოს”

“ჩემი აზრით, გახარიას პრემიერ-მინისტრობა ამ ეტაპზე განპირობებულია ხისტი პოლიტიკის გატარების სურვილით. “ქართული ოცნება” ცდილობს ასეთი პოლიტიკოსები წინა პლანზე გადმოსწიოს და ეს უბრალოდ განაცხადია საზოგადოებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მკაცრი პოლიტიკის ქვეშ. პროგრამაში, რაც ახალმა მინისტრთა კაბინეტმა წარმოადგინა, იქ არაფერი სიახლე არ ყოფილა, ეს ძველი პროგრამაა. ცვლილებები სახელისუფლებო სტრუქტურაში არის სწორედ იმის განაცხადი, რომ ამ ქვეყანას მართავს “მტკიცე ხელი”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” 2020 წელს შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მიგვიყვანოს, - ძაბირაძე.

“ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც” თამაშობენ ძველ თამაშს, ცდილობენ ერთმანეთს რადიკალურად დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური ველი მთლიანად ამ ორმა ძალამ შეავსოს. ორივე მიდის დესტრუქციისკენ. ეს მიმართულია იქითკენ, რომ რაღაც ახალი ძალა არ გაჩნდეს. დღემდე “ქართული ოცნება” მთავარ არგუმენტად იყენებს იმას რომ “თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, გავა “ნაცმოძრაობა”. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი ვერ გააცნობიერა, რომ სწორედ ეს არის მისი ყველაზე სუსტი წერტილი და იგივე აგრესიით პასუხობს “ქართულ ოცნებას”. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გაგრძელდება, თუ საშუალება მიეცემა უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და ამომრჩევლის უფრო მეტად პოლარიზება დაიწყება. მათ სწორედ ეს უნდათ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაცმოძრაობას” უნდა, რომ 3%-იანი ბარიერი იყოს და ბლოკები დაუშვან იმიტომ, რომ თავად არ უნდათ, რომ ბიულეტენში ფიგურირებდნენ და ფიგურირებდეს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც უფრო მოცულობითია ამომრჩევლისთვის. თუ 3%-იანი ბარიერი იქნება, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი გაიწმინდება. ამიტომ მათ ურჩევნიათ იყოს პროპორციული და ამ პროცენტებით. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” თუ პროპორციულზე წავა, პირიქით, უნდა, რომ ბარიერი არ არსებობდეს, იყოს წვრილი პარტიები, რომ მოახდინონ ხმების კონსოლიდაცია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ქართული პოლიტიკური სპექტრი გადავიდა საარჩევნო კამპანიაზე და გიორგი გახარიას მუქარაც “მე თქვენ დაგამთავრებთო” დიდი დოზით შეიცავს საარჩევნო პიარს. ანალოგიურს აკეთებს “ნაციონალური მოძრაობაც”, იგივე სააკაშვილიც, იგივე სხვებიც. უაღრესად დესტრუქციული არჩევნები იქნება და თუ არ გაჩნდა რაღაც მესამე ძალა, ამ დესტრუქციამ შესაძლოა მიგვიყვანოს გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი. ამიტომ, გახარიას განცხადება სხვა შინაარსის მატარებელი არ არის, ეს საარჩევნო პიარისთვის გაკეთებული განცხადებაა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “სოფელ ჩორჩანასთან ბლოკპოსტების აშენებას როგორ შეაფასებთ?” - პასუხობს:

“ ჩორჩანასთან ეს ბლოკპოსტები ზოგადი კონტექსტიდან ამოვარდნილია, რაც მაშფოთებს კიდეც იმიტომ, რომ, რამდენადაც ვიცი, ეს ადმინისტრაციული საზღვარი ჩორჩანადან არ იწყება, იქ მთავრდება. ბორდერიზაციის პროცესი ახლა არ დაწყებულა. თუ აქამდე “ქართულ ოცნებას” არ ჰქონდა არანაირი სურვილი ეს ბლოკპოსტები გაეკეთებინა, რამ გამოიწვია მაინცდამაინც ჩორჩანასთან ამის გაკეთება და მაინცდამაინც ახლა? ეს არის კითხვა, რომელზედაც ხელისუფლება პასუხს არ იძლევა. მე ბლოკპოსტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, როდესაც მთელი ეს წლები პირიქით იყო საუბარი, რომ ბლოკპოსტები არ უნდა აშენებულიყო, რომ ეს ხიფათის შემცველია და შესაძლოა პროვოცირება მოხდესო და უცებ ჩნდება ბლოკპოსტი, რა ხდება? რაღაცნაირად გააქტიურდა წლების წინ დაწყებული მოუგვარებელი პრობლემა დავით გარეჯთან დაკავშირებით; პანკისის ხეობაში რაღაც პროცესები მიდის; გავრილოვის ჩამოსვლას აჟიოტაჟი მოჰყვა - ძალიან ბევრი რაღაცა ხდება საქართველოში ისეთი, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს და ამაზე პასუხი არ არის”.

ჩემი აზრით, ის, რომ ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმას მიმართა დახმარებისთვის გამომდინარეობს იქიდან, რომ რაღაცა ახალი თემის აგორებასთან გვექნება საქმე რუსებსა და ცხინვალს შორის, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თემა იქნება და რატომ ხდება ამ ყველაფრის კულტივირება, ეს ძალიან საინტერესოა. იმ დროს, როდესაც ტერიტორიაზე სიტუაცია შედარებით დაწყნარდა და ჩნდება რაღაც მიმართვა, ეს შესაძლოა გამოყენებული იქნას ახალი თემის ასაგორებლად და ახალი კითხვების წამოყენებისთვის და ჩვენთან პასუხების მოსათხოვად. ჩვენი ხელისუფლება ამ დროს უნდა იყოს ზომიერი, მშვიდი და პრინციპული, სხვა გამოსავალი აქ არ არის”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“ოცნების” რამდენიმე დეპუტატი სიურპრიზის მოწყობას და პარტიიდან წასვლას აპირებს, - ჭიჭინაძე

“მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის ცნობით, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20-კაციანი სია ახალი სკანდალის მიზეზი გახდება. მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს გადაწყვეტილი აქვს ამ სიისადმი პროტესტის ნიშნად დატოვოს მმართველი პარტიის რიგები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნების” რამდენიმე დეპუტატი სიურპრიზის მოწყობას და პარტიიდან წასვლას აპირებს, - ჭიჭინაძე.

“ქართული ოცნების” დეპუტატების უმრავლესობა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თავად პარტიისთვის აღარ იქნება საჭირო და, აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ “ოცნების” დეპუტატებს პოლიტიკური მომავალი აქვთ. ის, რომ “ქართული ოცნება” დაპირებებს არ ასრულებს და ამომრჩეველს ატყუებს, ნიშნავს, რომ მას საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი ადარდებს და მისთვის მოსახლეობის მოთხოვნები მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე ვერ გრძნობენ, არ მგონია, უღირსი მოსამართლეების დანიშვნა მათთვის მნიშვნელოვანი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს, “ქართული ოცნების” დეპუტატების გარკვეული ნაწილი ხმას არ მისცემს, ამის შემდეგ კი მათი პარტიაში დარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. “რამდენიმე ადამიანმა შესაძლოა ხმის მიცემას თავი აარიდოს, პარლამენტში არ მივიდეს, რაიმე მოიმიზეზოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ის სული, რომელიც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს, მმართველ გუნდში არავის გააჩნია”, - ამბობს დავით ჭიჭინაძე. მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოასამართლეობის კანდიდატთა სიის გაცნობის შემდეგ პარტიის დატოვებას აპირებენ, სურთ, რომ ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყოს და ამაზე წინასწარ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მათზე ზეწოლის მოხდენას შეუწყობს ხელს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის ვინაობა”, - წერს გამოცემა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო