პრეზიდენტი - ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს - იმისთვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია - პოლიტიკურ ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე

ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია - პოლიტიკური ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პტეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მასპინძლობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემი არჩევის შემდეგ, ჩემი კონტაქტების გამოყენებითა და ვიზიტებით აქტიურად ვმუშაობ საერთაშორისო რუკაზე და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად, რათა გავცდეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არსებულ ფორმალურ დეკლარაციებს. ეს არ არის საკმარისი. ეფექტიანი დიპლომატია უფრო მეტია, - მაშასადამე, ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია - პოლიტიკურ ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე.

ჩვენ უნდა შევქმნათ ფორმატი კონფლიქტის გადასაწყვეტად და არა მის სამართავად.

შესაბამისად, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დეესკალაციის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სადამკვირვებლო საქმიანობა განახორციელოს მთელ ოკუპირებულ რეგიონებში.

ამით უნდა დავიწყოთ!

შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოსა კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში.

ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ნაკლებად ფორმალური პლატფორმის შესაქმნელად, რათა აღვადგინოთ ნდობა და აუცილებელი სივრცე პროგრესისათვის’, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მთავარია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, შევქმნათ დინამიკა და თავიდან გავაჩინოთ პერსპექტივა, რათა არ დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი.

„თუმცა ეფექტიანი დიპლომატია მყარ და რაციონალურ საფუძვლებზე უნდა იყოს დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად.

დღეს უკვე ისაუბრეს, მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ქართული დემოკრატიის მომავალსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოისმინეთ ბევრი განსხვავებული აზრი და ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია.

მხარეები შესაძლოა, ბევრ რამეში ფუნდამენტურად არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, რაც საქართველოსათვის ბუნებრივია, მაგრამ მჯერა, რომ ყველას ერთი რამ გვსურს - შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისათვის!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა

მისი თქმით, ეს მომავალი უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ ღირებულებებს, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სოციალურ უსაფრთხოებას.

„ამისათვის ჩვენ ჩვენი უძველესი ღირებულებების ერთგულნი უნდა დავრჩეთ. ტოლერანტობა დღემდე საქართველოს კულტურისა და საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერ უძველეს ღირებულებად რჩება და ამის დასტურია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებული რელიგიური მრავალფეროვნება. ასევე, ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა, რომლებიც სარგებლობენ ენობრივი და კულტურული თავისუფლებით. ამის კიდევ ერთი მაჩვენებელია, ქართველებისა და ებრაელების 27 საუკუნოვანი მეგობრობა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ომსა და ოკუპაციას არ შეუცვლია ქართული სტუმარ-მასპინძლობა მილიონ-ნახევარი რუსი ტურისტის მიმართ. და ის, რომ არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, საბოლოოდ აქარწყლებს რუსეთის წუხილს საქართველოში არსებულ ე.წ. საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დაწესდა ავიაშეზღუდვები.

მაგრამ ტოლერანტობა, როგორც ერთმანეთის მიმართაც ასევე, პოლიტიკაშიც უნდა გამოვავლინოთ. ეს კი არ არის მარტივი.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს ქვეყნის შიგნიდან მოდის. ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც საზოგადოების შიდადაყოფისა და პოლარიზაციის პრობლემების წინაშე დგას. ეს ის საკითხებია, რომლებთან გამკლავებაც გამოცდილ დემოკრატიებსაც კი უჭირთ, ჩვენი დონის დემოკრატიისათვის კი დამანგრეველია.

შესაბამისად, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა იმაზე რაც გვყოფს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს.

მშვიდობიანი გზით საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები და ამ მიმართულებით პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა არის ის, რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ.

ცვლილება რთულია, ის დროს მოითხოვს. ჩემს პირად გამოწვევად და მიზნად მივიჩნევ გავუძღვე და გამოვიყვანო ქართული საზოგადოება საბჭოთა მენტალიტეტის ნანგრევებიდან. ერთ-ერთი გზა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია და ინსტიტუციების პატივისცემაა, რაც მთლიანად სახელმწიფოში გაზრდის სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას.

ერთ დღესაც საქართველოს მოუწევს გაიაროს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გზა, რათა გაითავისოს ისტორია, წარსული და შემდეგ თაობებს მომავლის ასაშენებლად მყარი საფუძველი დაუტოვოს. მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. დღეს ამ პროცესებმა შესაძლოა, უფრო დაგვყოს ვიდრე გაგვაერთიანოს. ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ უახლოეს მომავალზე. შევეცადოთ, რომ მომავალი საარჩევნო წელი იყოს არა პირადი შეურაცხყოფების, არამედ პოლიტიკური კონკურენციის. საზოგადოება დაიღალა. მას პერსპექტივა სჭირდება და არა ჩათრევა დაუსრულებელ კონფრონტაციაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა