ქართული პრესის მიმოხილვა 11.09.2019

"რუმსის“ ინციდენტი - "პრორუსული ძალები უკვე ღიად მოქმედებას იწყებენ...“

რა კავშირია ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობასა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შორის

***

"რუმსის“ ინციდენტი - "პრორუსული ძალები უკვე ღიად მოქმედებას იწყებენ...“

"დაიწყო თუ არა პრორუსულმა ძალებმა საქართველოში ღია თამაში? რას ნიშნავდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის და დეპუტატის ირმა ინაშვილის მისვლა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „Now What?“ და რისი დესმონსტრირება სურდა პარლამენტის ვიცე-სპიკერს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ დასავლეთმა დაიწყო ფიქრი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ღირსია, რასაც თავის მხრივ რუსეთის აქტიურობა მოჰყვა. მათი აზრით, ინაშვილის ასეთი ღია დაპირსპირება კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და აშშ-ის გავლენიანი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ იმის ნიშანია, რომ პრორუსული ძალები ქვეყანაში კიდევ უფრო აქტიურ მოქმდებებს დაიწყებენ. მათ ამის საშუალებას ხელისუფლება აძლევს, ეს კი ქვეყნის იმიჯს სერიოზულად დააზიანებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "რუმსის“ ინციდენტი - "პრორუსული ძალები უკვე ღიად მოქმედებას იწყებენ...“

"მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: კონფერენციაზე, რომელიც მეორე დღეა თბილისში მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოხდა. ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სრული უფლება ჰქონდა, რომ კონფერენციას დასწრებოდა. ორგანიზატორები კი, მათ შორის ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრამერი, ინაშვილისგან შენობის დატოვებას ითხოვდა, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა. დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთს მიმდინარეობდა. საბოლოოდ ინაშვილი კონფერენციას მაინც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. მან კრამერს ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოსთხოვა. კრამერმა კი განაცხადა, რომ მისთვის სრულიად უცნობი იყო ვინ იყო ირმა ინაშვილი, რომელიც კომფერენციის ჩაშლას დებოშით ცდილობდა. „ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, დაესწროს კონფერენციას? საქმე ისაა, რომ სამი დღის მანძილზე საუბრობენ „პატრიოტთა ალიანსზე“, ცილს გვწამებენ, ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს. მე კონკრეტულად ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და მინდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გავაკეთო განმარტება და ავხსნა, ვინ ვართ ჩვენ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"სამართალდამცავებმა კონფერენცია დაატოვებინეს „ობიექტივის“ ჟურნალისტ გიორგი კასრაძეს. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ ინაშვილის ქმედება გამიზნული იყო იმისთვის, რათა კომფერენციის ჩაშლა მომხდარიყო, სადაც საუბარის თემა რუსეთი იყო. „ეს ადამიანი ცდილობდა, რომ კონფერენცია ჩაეშალა. მე ვფიქრობ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. დღევანდელი ეს პანელი ეძღვნება იმას, თუ როგორ ცდილობს რუსეთი თავისი გავლენების გაფართოებას ამ ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩაშლა გამიზნული იყო ამ პანელის ჩასაშლელად. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ის, ვინც შეეცდება, რომ კონფერენცია პროვოკაციების საშუალებით ჩაშალოს, დაცვის ძალით იქნება გაყვანილი ადგილიდან“, - განაცხადა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ირმა ინაშვილისი კონფერენციაზე მივარდნა პირდაპირ იმის ნიშანია, რომ პრორუსული ძალები მოქმედებას უკვე ღიად იწყებენ. ბატიაშვილი ამბობს, რომ ინაშვილი რუსეთის სახეს კარგად წარმოადგენს და იმას მიანიშნებს, რომ რუსეთი უკვე ძალიან არის გაღიზიანებული და ეს პოლიტიკური პარტია პირდაპირ დავალებების შესრულებაზე გადავიდა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კონფერენციაზე სწორედ რუსეთის საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, სადაც ინაშვილი მივარდა და დებოშის მოწყობა გადაწყვიტა. „პატრიოტთა ალიანსის“ საქციელი ძალიან დაბალი დონის ჩვენებაა. სამწუხარო ის კი არ არის, რომ ირმა ინაშვილი მსგავს საქციელს სჩადის, სამწუხაროა ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეები მათ საკუთარი ჯიბეებიდან ხელფასს ვუხდით. „დასავლეთში, როგორც ჩანს, მომწიფდა მოსაზრება, რომ საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს. ეს გაღიზიანება, რაც ინაშვილისგან ვიხილეთ, რუსეთის პასუხია დასავლეთის მზაობაზე. „რუსეთი უკვე ღიად იწყებს თამაშს. ადრე თუ ეს პოლიტიკური ძალა ცდილობდა, რომ რუსეთთან ასე აშკარად აფილირებული არ ყოფილიყო, ახლა ხომ ვნახეთ, რომ პირდაპირ კონფერენციებზე შევარდნა დაიწყეს. ყველაფერს შეიძლება ველოდოთ. „რა თქმა უნდა, როგორც კი დაინახავენ, რომ დასავლეთი რაღაც ნაბიჯების გადადგმას აპირებს ნატოში გაწევრიანების კუთხით, პრორუსული ძალები კიდევ უფრო გააქტიურდებიან“, - აცხადებს ბატიაშვილი „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

"მისივე თქმით, რუსეთის მუქარის და ინაშვილის დებოშის გამო უკან არ უნდა დავიხიოთ და ნატოსკენ სწრაფვაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ბატიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ხშირად ცდილობს ასეთ სიტუაციებში არ ჩაერიოს, მაგრამ მოვიდა დრო, რომ თქვას რა პოზიცია უჭირავს. იმის თამაში, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ და გავქვს შანსი, რომ ცივილიზებულ სამყაროს შევუერთდეთ. ამიტომ არ უნდა მივცეთ პრორუსულ ძალებს საშულება, რომ ამ გზაზე შეგვაფერხონ. ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ როგორ უსამართლობასაც არ უნდა განიცდიდეს ადამიანი, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მისაღები არ არის. მისი აზრით, განაცხადი, რომ პარლამენტის წევრი ხარ და უფლება გაქვს იქ შეხვიდე, სადაც გინდა, სწორი არ არის. ძაბირაძე აცხადებს, რომ ინაშვილს ამ პრეტენზიით მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში შესვლა შეუძლია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს კონფერენცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ იყო გამართული და იქ მოსაწვევებით არავინ დაუპატიჟებიათ. დასწრება რეგისტრაციის გავლის შემდეგ იყო შესაძლებელი. „როდესაც დასწრების შესაძლებლობა ღია აკრეტიდაციით და რეგისტრაციით იყო, ირმა ინაშვილის პრეტენზიები - არ მომიწვიესო - ცოტა გაუგებარია. იქ დასწრება თუ სურდა, მაშინ რეგისტრაციის გავლა თავისუფლად შეეძლო. ასე მივარდე სადღაც კონფერენციაზე და იძახო - რადგანაც დეპუტატი ვარ, დასწრების უფლება მაქვს - რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. გარდა ამისა ახლა სიტყვას ითხოვ... „ეს არანაირ პოლიტიკურ კულტურაში არ შედის. ყველა კონფერენციას თავისი განრიგი, დღის წესრიგი აქვს. ვისაც როგორ მოესურვება შევარდეს და სიტყვა მოითხოვოს, ასე არ არის“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისივე თქმით, ირმა ინაშვილს სრულიად თავისუფლად შეეძლო პრესკონფერენცია მოეწვია და ნებისმიერი განცხადება იქ გაეკეთებინა. რაც შეეხება ინაშვილის განცხადებას, რომ რასმუსენის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნატოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე შევა, ეს არსწორია. ძაბირაძის თქმით, ეს არის ინტერპრეტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პირიქით, ერთხელ და სამუდამოდ ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებთ ნატოში შესვლას. ამაზე ღიად საუბარი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

რა კავშირია ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობასა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შორის

"სოფელ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამოძიება შესაძლოა თავდაყირა დადგეს და სასამართლომ ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე უდანაშაულოდ სცნოს. ამის თქმის საფუძველს „რეზონანსთან“ მის ადვოკატს გილერი ენდელაძეს საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები აძლევს, რომლის მიხედვითაც მკვლელობა არც ომარ გამყრელიძეს და არც მის შვილს ნოდარ გამყრელიძეს უმტკიცდება. ადვოკატი საქმის მასალებში არსებულ იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა გამოძიების ყველა ვერსია თავდაყირა დააყენოს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა კი ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა კავშირია ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობასა და ლაფანყურის სპეცოპერაციას შორის / სასამართლომ ხუთმაგი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 85 წლის მოხუცს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

"სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის შესახებ და მას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ასევე აუკრძალა მას ქვეყნის დატოვება გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ქვეყანას სამკურნალო მიზნებისთვის დატოვებს. ომარ გამყრელიძე უმცროსი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება. ომარ გამყრელიძემ სასამართლოს სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პროკურატურის პირადი მძევალი იყო და დანაშაული არ ჩაუდენია. ასევე ამბობს, რომ საგარეჯოს პოლიციაში მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და ის სცემეს. ადვოკატი გილერი ენდელაძე კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მოსამართლე ომარ გამყრელიძეს უდანაშაულოდ სცნობს. გამოძიებამ 85 წლის მოხუცს ბრალი გადაუკავლიფიცირა და მას ახლა არა 5 ადამიანის მკვლელობას, არამედ მისი მეუღლის ელზა გამყრელიძის მკვლელობაში შვილისთვის დახმარებას ედავება. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილი ელზა გამყრელიძის თავის ქალიდან ამოღებული ტყვი იმდენად არის დაზიანებული, რომ ექსპერტიზა ვერ ადგენს რეალურად არის თუ არა ის „გეკოს“ ტიპის იარაღიდან ნასროლი, რომელიც პოლიციამ სახლში იპოვა. ხოლო ამავე იარაღზე არც ომარ გამყრელიძის დნმ-ის კვალია, არც მისი შვილის და არც შვილიშვილის არ აღმოჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რაც შეეხება 4 ადამიანის მკვლელობის იარაღს, ის შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ისინი ავტომატის ტიპის იარაღიდან არიან დახოცილები. ხოლო ნასროლი ზუსტი და ყველა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ამის მიხედვით დაცვის მხარეს აქვს ვარაუდი, რომ მსროლელი პროფესიონალია. ადვოკატი გელერი ენდელაძე „რეზონანსთან“ გამოძიების არასწორ და არჯეროვან მიმდინარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბევრი შეცდომების დაშვება მოხდა, რამაც გამოძიება ჩიხში შეიყვანა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას კინოლოგები და ძაღლები ადგილზე მიეყვანა და რეალურ მკვლელის კვალს გაყოლოდნენ, მოხუცი დააკავეს, რომელიც გარეთ საერთოდ არ გამოსულა. ადვოკატი „რეზონანსთან“ მკვლელობის დღეზე საუბრობს და იხსენებს იმ დეტალებს, რომელიც მას ომარ გამყრელიძემ მოუყვა. „როგორ ომარ გამყრელიძე ყვება, მკვლელობის დღეს მოვლენები ასე ვითარდება: დილით მისი მეუღლე ელზა გამყრელიძე, რმელსაც მაღალი წნევა აწუხებდა და ძირითადად საწოლში იწვა, დგება და ფრინველისთვის საჭმლის დასაყრელად ეზოს უკან ფარდულისკენ მიდის. ომარ გამყრელიძე შვილიშვილთან ერთად ამ დროს ოთახშია. მას ხმაურის ხმა შემოესმება და გარეთ გაიხედავს. ხედავს, რომ მისი ცოლი წაქცეულია და თავიდან სისხლი სდის”, - განაგრძობს გამოცემა.

"ის დასახმარებლად შვილიშვილს ეძახის და ორივეს მოხუცი ქალი ოთახში შეჰყავს. მას ეგონა, რომ მის ცოლს წნევამ დაარტყა, თავი რაღაცას ჩამოარტყა და სისხლი სდის. ის აზრზეც ვერ მოვიდა, რომ მის ცოლს თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი. „ამის შემდეგ ის დასახმარებლად შვილს და რძალს უხმობს. მათთან მიდიან მეზობელი დედა-შვილი. ეს ყველაფერი 15 წუთის ინტერვალში ხდება. სახლში შესულ ყველა ამ ადამიანს კი ფარდულის მხრიდან ვიღაც ხოცავს. აი, ეს არის რეალური სურათი, რაც მოხდა. „რაც შეეხება პატარა ომარ გამყრელიძეს, ის ამ დროს სახლიდან გასული იყო. მოხუცი იარაღით ხელში ან ეზოში გამოსული კაცისშვილს არ დაუნახავს. პოლიცია რომ მივიდა, ის ცოლთან საწოლთან იჯდა“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, მკვლელობის დღეს პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ადგილზე მაშინვე ძაღლები და კინოლოგები არ მიიყვანა. ადვოკატი ამბობს, რომ სადაც მასრები იპოვეს, ეზოს უკან ტყის მხარეს, ადამიანის ნადგომი ჩანს და კვალია დატოვებული. მისი აზრით, პოლიციას შეეძლო დამნაშავეს ცხელ კვალზე გაჰყოლოდა. ამის მაგივრად კი მათ უამრავი შეცდომა დაუშვეს, რამაც 5 ადამიანის მკვლელს გაქცევის საშუალება მისცა”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებას ნოდარ გამყრელიძის ბრალელულობის შესახებ, ადვოკატი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გამოძიებას მის წინააღმდეგ არაფერი აქვს. არც იარაღზე და არც შემთხვევის ადგილზე მისი დნმ-ის კვალი არ არის. ის სოფელშიც კი არ ყოფილა. პატარა ომარ გამყრელიძის ჩვენების მიხედვით, ის მკვლელობამდე ორი დღით ადრე მამას გზაში დაემშვიდობა და ის მშობლების სანახავად სოფელშიც კი არ მისულა. გილერი ენდელაძე არ გამორიცხავს, რომ ვიღაც სწორედ ნოდარ გამყრელიძის მოსაკლავად მივიდა, საბოლოოდ კი ასეთი სასტიკი მკვლელობები ჩაიდინა. „საოცარი გამოძიებაში კიდევ ის ფაქტია, რომ ომარ გამყრელიძეს თუ შვილის დახმარებას ედავები, რომელმაც ჯერ დედა მოუკლა და შემდეგ სხვები, მაშინ ჯერ ხომ მკვლელობა ნოდარ გამყრელიძეს უნდა დაუმტკიცო. საქმეში რომ ნოდარმა 5 ადამიანი მოკლა, არანირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს კაცი სოფელში არავის უნახავს. ის სახლშიც კი არ მისულა. „რაც შეეხება მის წარსულს, რა თქმა უნდა, ვადასტურებ რომ ის არის აფხაზეთის ომის მონაწილე, სპეცრაზმელი, ასევე ორ შინაგან საქმეთა მინისტრთან პირადი დაცვის სამსახურში მუშაობდა. დავასახელებ - ეს არის კეზერაშვილი და ბარამიძე, თუმცა ცოტა ხნით. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის ვერ იტანდა უსამართლობას და ასე ადვილად თვალს არაფერზე ხუჭავდა. „კი, ბატონო, ასევე ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მის მოსაკლავად ვიღაც მისულიყო. ყველაფერი შესაძლებელია. იმის მაგივრად, რომ რეალური გამოძიება ჩატარებულიყო, 85 წლის მოხუცი ტყვედ აიყვანეს და ამდენი ხანი გაუბედურებული კაცი ციხეში ყავდათ. „შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოდის და ამბობს, რომ მკვლელი დააკავეს. სწორედ ისე, როგორც ადეიშვილის დროს ამბობდა ხოლმე. მე იმედი ამქვს მოსამართლის, რომელსაც სასამართლო დიდი დაკვირებით და სიზუსტით მიჰყავს. საქმეში ომარ გამყრელიძის ბრალელულობას ვერაფერი ამტკიცებს, ამიტომაც მოსამართლე მას გაამართლებს“, - აცახდებს ადვოკატი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს