ბათუმში საბავშვო ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების მშობლები განმარტებებს ითხოვენ

ბათუმში საბავშვო ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების მშობლები განმარტებებს ითხოვენ. რამდენიმე მათგანი ბაღების გაერთიანებაში იმყოფება. მათი თქმით, ბავშვები თავდაპირველად სიაში იყვნენ, შემდეგ კი სიიდან ამოიღეს.

„გამოგვრიცხეს უკან, რადგან გვითხრეს, რომ ეს ბაღი არ ეკუთვნის თქვენს უბანსო. არ ვიცი რა გავაკეთოთ, დირექტორს დაველაპარაკები და თუ რამე იქნება შესაძლებლობა, ვთხოვთ, სადმე ჩაგვსვან. სამი ბავშვი მყავს და მათი კერძო ბაღში მიყვანა ხარჯებთანაა დაკავშირებული. უკვე 9 თვეა რიგს ველოდებით," - განაცხადა სალომე სურმანიძემ.

ბათუმში ბაღს მიღმა წელს 1600 ბავშვი დარჩა. ბაღების გაერთიანებაში მიზეზად მოსახლეობის ზრდას, მათ შორის სოფლებიდან მიგრაციას ასახელებენ.

„1600 მდე ბავშვი დაგვრჩა ბაღს მიღმა. მონაცემები ჯერ კიდევ შეიცვლება, მიდის ჩარიცხვა-ამორიცხვა-მობილობის პროცესი. ბუნებრივ ნამატთან ერთად მიგრაციული პროცესებია. ქალაქი ძალიან სწრაფად იზრდება, სოფლიდან ქალაქად მიდიან და ბაღს მიღმა გვრჩება ბავშვები. მაქსიმუმ ერთი წელი უწევთ მოქალაქეებს რიგში დგომა. ბაღების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ახლაც დაწყებულია ლერმონტოვის ქუჩაზეა ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება",- განაცხადა ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა.

პრობლემაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც ისაუბრა.

„ქალაქში როგორც ბაღის, ასევე სკოლების დეფიციტი გვაქვს. ვმუშაობთ, რომ ეს დანაკლისი შევავსოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში სულ 32 ბაღი ფუნქციონირებს. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა 8095-ია. ვაკანტური მხოლოდ 116 ადგილია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა