კანადაში საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე - Apimondia 2019, თაფლის ქართველ მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ. წელს კანადაში გამართულ 46-ე გამოფენის ძირითად თემად მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განისაზღვრა.

გამოფენა Apimondia 2019 მეფუტკრეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებს ეძღვნება, სადაც მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, სამეცნიერო მიმართულების ცოდნა და გამოცდილება გააზიარონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას" და შპს „ფუტკარის" მიერ წარმოდგენილმა თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

გამოფენის ფარგლებში მონრეალში მეფუტკრეობის საერთაშორისო კონგრესი და სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრო.

სიმპოზიუმზე 7 თემატური ჯგუფი შეიქმნა. ეს ჯგუფებია: დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება; პესტიციდების გავლენა ფუტკარზე.

„ქართული დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ემსჯელათ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც მსოფლიოში დარგის განვითარების მიმართულებით არსებობს. გამოფენაზე მკვლევარებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამეცნიერო მიმართულებით უახლესი მიღწევები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ჩვენთვის საამაყოა, რომ პირველად მოხდა ასეთი მასშტაბის გამოფენაზე ქართული პროდუქციის წარდგენა. მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოსთვის წარედგინათ უნიკალური თვისებების მქონე ქართული თაფლი და ამავდროულად, მიეღოთ ინფორმაცია იმ სიახლეების თემაზე, რომელთა დანერგვაც ხელს შეუწყობს ქართულ თაფლს ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

მონრეალში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს