სალომე სამადაშვილი NDI-ის კვლევაზე - ჩვენი მოქალაქეების ყველაზე ადეკვატური შეფასებაა იმ რეალობაზე, რომელშიც ცხოვრება უწევთ

ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყველაზე ადეკვატური შეფასება იმ რეალობაზე, რომელშიც უწევთ მათ ცხოვრება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალმე სამადაშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

სალომე სამადაშვილის თქმით, კვლევის ამ მაჩვენებელის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ "ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის".

„ეს სრულიად უპრეცედენტო მაჩვენებელია. არამხოლოდ 49% ფიქრობს,რომ უარყოფითი მიმართულებით მიდის ქვეყანა, არამედ ეს არის ადამიანების ყველაზე დიდი რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის,რაც გასული 10 წლის მანძილზე კვლევებში დაფიქსირებულა.

ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყველაზე ადეკვატური შეფასება იმ რეალობაზე, რომელშიც უწევთ მათ ცხოვრება განადგურებული და ჩამოშლილი ეკონომიკის, გაუფასურებული ლარის, კორუფციაში ჩამხრჩვალი სახელმწიფოს პირობებში.

მაშინ, როდესაც ისინი ხედავენ, რომ ქვეყანაში ცხოვრების გაუმჯობესების არანაირი პერსპექტივა არ არის, ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობა ფიქრობს, დატოვოს ქვეყანა, იმისათვის, რომ მოახერხოს საკუთარი ცხოვრების ოდნავ მაინც გაუმჯობესება",- განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება, ასევე NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარს კომუნალური გადასახადების გადასახდელად თანხა არ ჰქონია, დეპუტატის თქმით, ამაზე გავლენა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამაც იქონია.

"როდესაც უფასურდება ეროვნული ვალუტა და ამავე დროს ხელფასები მცირდება, ანუ 5 წლის წინ 100 ლარით რაც შეიძლებოდა ეყიდა ადამიანს, დღეს იგივე არ ხდება. ეს იწვევს მასიურ გაღატაკებას ჩვენი საზოგადოების. ამის პარალელურად ვხედავთ, რომ საბიუჯეტო რესურსები, რაც ხელისუფლებას გააჩნია, მობილიზებულია ბიუროკრატიისთვის ფუფუნების შექმნაზე და იხარჯება უამრავი ფული გაურკვეველი მიზნებისთვის", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ NDI -ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავარ ეროვნულ საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები რჩება და გამოკითხულთა ნახევარს ჰქონია შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადებისთვის თანხა არ გააჩნდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა