„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?

სოფლის ტურიზმის განვითარების მიზნით, ბათუმში ორ დღიანი კონფერენცია - „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი" გაიმართება.

ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის აჭარაში დაგეგმილ ღონისძიებებზე „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, ლელა გოგუაძე ესაუბრა.

მისივე თქმით, ოქტომბერში დაგეგმილია კიდევ ერთი ყოველწლიური ფესტივალი „განდაგანა“, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სოფლები თავიანთი პროდუქციით, ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა.

- როდის გაიმართება სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია და რა არის კონფერენციის მიზანი?

- სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში 20-21 სექტემბერს გაიმართება. ეს იქნება პლატფორმა სოფლის ტურიზმში ჩართული ქართველი და უცხოელი მეწარმეების, საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისა და ექსპერტებისთვის გაცვალონ გამოცდილება და ცოდნა. ჩვენი მიზანია მნიშვნელოვანი პრიორიტეტების წინა პლანზე წამოწევა, რომელიც ეხება სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს და ტენდენციებს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

- ვინ იქნებიან კონფერენციის მონაწილეები და რა თემებს შეეხებიან მომხსენებლები?

- ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა ჩვენი კონფერენციის, როგორც თემა, ისე გამომსვლელები. მთავარი თემა გვექნება სოფლად ტურიზმი, როგორც ტურისტული პროდუქტი. მომხსენებლად გვყავს ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები, რომლებმაც ქალაქს სოფლად ცხოვრება არჩიეს, მოახდინეს თავიანთი იდეების რეალიზება საგრანტო პროექტების მოპოვებით და შექმნეს ტურისტული პროდუქტი. ასევე, გვსტუმრობენ ევროპელი ექსპერტები, რაც მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარებისთვის და ადაპტირებული, ევროპული სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობისთვის რეგიონში. მათ შორისაა ჩვენი მთავარი მომხსენებელი ფინეთიდან, ბატონი კიმო აალტო, რომელიც ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტია. ის სოფლის ტურიზმის მიმართულებით ფინურ გამოცდილებაზე ისაუბრებს.

კონფერენციაზე გამოვა 34 გამომსვლელი - ბელგიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ორი დღის განმავლობაში, ჩვენი მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა გრანტების როლი სოფლის ტურიზმის განვითარებაში, სტუმართმასპინძლობა, როგორც ტურისტული პროდუქტი სოფლად, გასტრონომია და სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საერთაშორისო ბაზრის მაგალითზე.

- რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში?

- გარდა პრეზენტაციებისა და დისკუსიებისა, კონფერენციის ფარგლებში ასევე ვგეგმავთ ინფოტურებს ჩვენი სტუმრებისთვის, რაც კარგი საშუალება იქნება მათთვის, ადგილზე გაეცნონ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს. გვექნება გასვლითი ტური რეგიონში მნიშვნელოვან ეკოტურისტულ მარშრუტზე სოფელ სახალვაშოში, სადაც ჩვენი სტუმრები შეძლებენ თავადაც დააკვირდნენ გადამფრენ ფრინველებს და ინფორმაცია მიიღონ, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული მიმართულების შესახებ. ისინი, ასევე ეწვევიან ბათუმის ულამაზეს ბოტანიკურ ბაღს.

- რაც შეეხება სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“, როდის გაიმართება და რას შემოგვთავაზებს, რა იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე?

- რაც შეეხება სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, გაიმართება 12-13 ოქტომბერს, ტრადიციულად ევროპის მოედანზე. ეს არის ფესტივალი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა იქ მოსულ სტუმარს ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაუროს სოფელში. წარმოიდგინეთ აჭარის ულამაზესი სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქცია, ნობათი, დეკორაციები ერთ სივრცეში ფოლკლორისა და გემრიელი კერძების თანხლებით - ასეთია ჩვენი ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ სტუმარს იზიდავს. გვექნება კულინარიული მასტერკლასები, რაც საშუალებას მისცემს ფესტივალის სტუმრებს, თავად მოამზადონ აჭარული კერძები. ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანი გარდაიქმნება აჭარულ სოფლად, სადაც გემოვნებიანი მუსიკისა და გემრიელი კერძების გარემოცვაში დროს ნებისმიერი ადამიანი საინტერესოდ გაატარებს.

- რა ღონისძიებები ტარდება სოფლის ტურიზმის ხელშეწყობისთვის და რა შედეგი აქვს გატარებულ ღონისძიებებს?

- ბოლო წლებია ჩვენი სააგენტო აქტიურად მუშაობს მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შექმნისა და განვითარების კუთხით. ამ ეტაპზე, რეგიონში 15 მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული მარშრუტია მარკირებული, თავისი საოჯახო-სასტუმრო სახლებით, ტურისტული სერვისებითა და ღირსშესანიშნაობებით. მზარდია მოგზაურების დაინტერესებაც მთიანი აჭარით, რაზეც მზარდი ტურისტული სტატისტიკაც მეტყველებს. მაგალითისთვის: გასულ წელს არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 124%-ით იყო გაზრდილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია სოფლად, ამიტომ ტრენინგები მომსახურებაზე, საგრანტო პროექტების წერაზე, ვებ და სოციალური გვერდის მართვაზე ვფიქრობ, მოტივაციას შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რომ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით შექმნან ტურისტული პროდუქტი და კლასტერის მეთოდის გამოყენებით შევქმნათ ერთიანი ჯაჭვური მომსახურების სტრატეგიული გეგმა სოფლად. მაგ.: ერთ ოჯახში დაბინავება, გვერდით მახლობელ ოჯახში სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა, მეზობლად არსებული ტურისტული სერვისები: საცხენოსნო ტურები, კულინარიული მასტერკლასები და ა.შ ჩვენი მიზანია ერთ სოფელში არა ერთი, არამედ რამდენიმე ოჯახი ჯაჭვური პრინციპით სთავაზობდეს ვიზიტორებსა და ტურისტებს ტურისტულ მოსახურებას.

უცხოელი ვიზიტორების კვლევები ცხადყოფს, რომ ევროპელების დაინტერესება დიდია ეკო და სოფლის ტურიზმისადმი. გამომდინარე აქედან, გავაგრძელებთ აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულების პოზიციონირებას, რაშიც ძირითადი წილი მთიან აჭარაზე მოდის. მნიშვნელოვანი კომპონენტია სერვისის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ატარებს ტრენინგებს, როგორც საოჯახო-სასტუმრო სახლების, ისე კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. ვცდილობთ მთაში ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ხელი შევუწყოთ ენობრივი ბარიერის დაძლევაში, საერთაშორისო სტანდარტები გაცნობასა და დანერგვაში.

გარდა ამისა, გვაქვს ფესტივალები, რომლებსაც მუდმივი და ყოველწლიური ხასიათი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც რეგიონში 2012 წლიდან ტარდება. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა, რომელიც ტურისტებს იზიდავს არა მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ ევროპის ქვეყნებიდანაც. აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციით კუთხით ერთ-ერთ ყველაზე დიდ კორიდორად ითვლება. შესაბამისად, ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად რეგიონში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან. ყველაზე საინტერესო, კარგი და სასიხარულო ფაქტი ის არის, რომ დამკვირვებლები განთავსების ობიექტად კერძო სექტორს ირჩევენ ანუ საოჯახო სახლებში რჩებიან, რაც ბუნებრივია ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობას უწყობს ხელს.

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების ერთიანობა, თავისი ეროვნული პარკებითა და მთაში არსებული ტურისტული შესაძლებლობებით გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარა რამდენიმე წელში სამთავრობო და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმებით იქცევა ოთხივე სეზონზე საინტერესო ტურისტულ მიმართულებად.

მარიამ ციცქიშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით