"ევროპული საქართველო" პროკურატურას პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს. ირმა ნადირაშვილი საგამოძიებო უწყებისგან ითხოვს,“ მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებას უკავშირდება.

„ინტერპრესნიუსი“ ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომლითაც ის პროკურატურას მიმართავს უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე (ძებნილი). საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342).

გუშინ, 19 სექტემბერს, საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და მოგიწოდეთ, დაუყოვნებლივ დაგეწყოთ გამოძიება. გუშინვე სხვადასხვა მასმედიის საშუალებით გავრცელდა მოკლული გიორგი ქოიავას მამის, თამაზ ქოიავას განცხადება, რომლის თანახმადაც, მისი შვილის მკვლელის, ზურაბ ნადირაძის ინტერესებს იცავდა სწორედ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია. აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს ჩემი წყაროს მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროთ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოთ კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე“, - წერია პარლამენტის წევრის განცხადებაში, რომლითაც ის პროკურატურას მიმართავს.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა