ნინო ლომჯარია - სკეპტიკურად შევხედავდი ყველა ინიციატივას, რაც სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი ყველა იმ ინიციატივას, რაც ითვალისწინებს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სანქციების დაწესებას თუ რეგულირებას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის გამოყენება გარდა იმისა, რომ არ ჯდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებში, ხშირ შემთხვევაში ძალზე სახიფათოცაა, თუმცა, მის რეგულირებასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს ხედავს.

„ძალიან ხშირად აქვს ადგილი განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების თუ სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურების და თანამდებობის პირების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებას, თუმცა ასევე ვიტყოდი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც იყო ხოლმე მსგავსი ენა გამოყენებული, განსაკუთრებით, როცა ისინი ცდილობდნენ, რომ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის მხარდამჭერთა გული მოეგოთ წინასაარჩევნო პერიოდში და მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშიში, სახიფათო ქმედება, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არ ჯდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებში.

რა არის გამოსავალი? რეგულირება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს და ძალიან სკეპტიკურად შევხედავდი ყველა იმ ინიციატივას, რაც ითვალისწინებს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სანქციების დაწესებას თუ რეგულირებას, რადგან იმ ვითარებაში, როცა იმ სისტემების მიმართ, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და შეუზღუდოს ვიღაცას გამოხატვის თავისუფლება ნდობა არ არსებობს და საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღოთ გამოხატვის თავისუფლების შესზღუდვის ფაქტები არასასურველი პირებისთვის და არა ყველა პირის მიმართ თანაბრად,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა