ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019

სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე - “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი”

“გახარია უნდა წავიდეს” - პარლამენტთან პერმანენტული აქცია დასრულდა

* * *

სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე - “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი”

"ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, მიუღებელი და წარმოუდგენელია. მას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან და სასამართლო სისტემის დაკომპლექტებასთან. მე არც მიკვირს ამ ტიპის დანიშვნები. პირველი ინსტანციის სასამართლოც ასე დაკომპლექტდა. შემდეგ აპელაციაც და ახლა უზენაეს სასამართლოს მიადგნენ. ამიტომაც არა აქვს არავის სასამართლოს ნდობა და ამიტომ არის მისი რეიტინგები ყველაზე დაბალი სახელმწიფო სტრუქტურებში. რა თემა უნდა, არც ამ პროკურატურას პროკურატურა არ ჰქვია. მე მას დავარქვი “მიმდინარეობს გამოძიება”. მხოლოდ ეს ერთი ტექსტი აქვს ამ უწყებას. არც ერთი გამოძიება დამთავრებული არ არის. მაშ რას აკეთებს პროკურატურა? მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს”, - აცხადებს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ახვლედიანი: “ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი” / “არ არსებობს მექანიზმი, რითიც ამ ქვეყანაში თავს დაიცავ”.

“თუნდაც 20 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით, მე პირადად ვიმყოფებოდი და ზუსტად ვხედავდი, რა ხდებოდა იქ. მსგავსიც კი არაფერი მომხდარა, რასაც ედავებიან და ეს წმინდა პოლიტიკური დაკავებებია და ისიც, რასაც პროკურატურა აწარმოებს და რომელსაც სასამართლო კიდევ დიდი გულმოდგინებითა და კიდევ უფრო მახინჯი ფორმებით აგრძელებს... რაც შეეხება შოთაძის დაბრუნებას, როგორც ჩანს, ივანიშვილი მხოლოდ იმ ადამიანებს ენდობა, რომლის მიმართ ნდობა აქვს და კიდევ ერთხელ აზიანებს ამ უწყებების ინტერესებს. ზოგადად დაბრუნება პრობლემა არ არის, მაგრამ რა პერიოდში, რა ფორმითა და როგორი წესით ხდება ამ ადამიანების დაბრუნება და დაწინაურება, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ცალსახად აჩვენებს რა პროცესი მიმდინარეობს - ადამიანებს პირდაპირ აგრძნობინებენ, თქვენ არაფერს წყვეტთ, ჩვენ ვწყვეტთ და ვისაც გვინდა, დავაბრუნებთ, ვისაც გვინდა დავნიშნავთ და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო... უზენაეს სასამართლოში არაფერი არ შეიცვლება ამ 20 კანდიდატის მისვლით. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ ამ ადამიანებს პიროვნულად, ამ პროცესში მონაწილეობაც კი არ უნდა მიიღონ. შეიძლება ბევრი კარგი ადამიანიც არის პიროვნულად, მაგრამ უკვე ყველანი მზად არიან გახდნენ ამ სისტემის მსახურები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ახვლედიანი.

“როცა გინდა, სასამართლოს სისტემის ავტორიტეტი წამოიწიოს, ვისით უნდა წამოიწიოს, ამ ჯგუფის მიერ? ეს ხომ წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი! მე პირადად ვიცნობ საბჭოს წევრებს, ამ საბჭოში 99% სხედან ისეთი ადამიანები, რომ მათი შერჩეული რა უნდა იყოს! დღეს რომ სააპელაციო სასამართლო ამკვიდრებს აზრს, რომ აზრი არ აქვს გასაჩივრებას - ეს იმას ნიშნავს, რომ ამათ სასამართლოს დამორჩილება კი არ უნდათ - სასამართლო ისედაც დამორჩილებულია. მათ უნდა სასამართლოს გაუქმება! ამ ტიპის ადამიანების დანიშვნით ხალხს ეუბნებიან, თქვენს ბედს სასამართლო ვერ გადაწყვეტსო. თქვენს ბედს გადაწყვეტენ სხვა პოლიტიკური ჯგუფები და თუ ჭკვიანად არ იქნებით, რასაც გვინდა, იმას გაგიკეთებთო”, - დაასკვნის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

“მიუხედავად იმ შეცდომებისა, იმ პრობლემებისა, რაც სასამართლოში ადრე იყო, სასამართლო სისტემა მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა, რაღაცა მაინც კეთდებოდა. დღეს ამის ილუზიის შექმნასაც არავინ ცდილობს. პირიქით, ისეთი ადამიანების ინიშნებიან, საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას სასამართლოს იმედი არ უნდა ჰქონდეს და მან სხვა ადამიანებთან უნდა მოაგვაროს საკითხები”, - დასძენს მამუკა ახვლედიანი და შეკითხვაზე - “პირდაპირი მესიჯია, ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედიო?” - პასუხობს:

“კი ბატონო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს, ხოლო როცა სამართალი არ არსებობს ქვეყანაში, მერე ხალხი სხვა გზას პოულობს, სხვაგვარად ცდილობს პრობლემის მოგვარებას და ამიტომაც ხდება მერე პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა დავებსა და გარჩევებში... პირდაპირ ეუბნებიან მოქალაქეებსა თუ ბიზნესმენებს, თქვენს საკითხს სასამართლო ვერ გადაწყვეტს, თქვენს საკითხს გადაწყვეტენ კონკრეტული ადამიანები და თუ ჩვენი კეთილგანწყობა არ გექნებათ, ნებისმიერ პროცესს წააგებთო. წარმოიდგინეთ, როგორი სიგნალია ეს ბიზნესისთვის. ვინ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანაში ფული ჩადოს? მხოლოდ იმ ჯგუფებმა, რომლებსაც მათგან ექნებათ მხარდაჭერა. მათგან მხარდაჭერა ექნებათ მხოლოდ პოლიტიკურად დაინტერესებულ ჯგუფებს და ამ ტიპის ქვეყანაში შემოვა მხოლოდ პოლიტიკური ფული. ამ ტიპის ქვეყანაში თავისუფალი ფული არასოდეს შემოვა. არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რითიც ამ ქვეყანაში თავს დაიცავ”.

“გახარია უნდა წავიდეს” - პარლამენტთან პერმანენტული აქცია დასრულდა

"ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - პირები, რომლებიც ადამიანებზე ძალადობისთვის არ აგებენ პასუხს. სამარცხვინო ლაქად დარჩება ხელისუფლებას. ამიტომ გიორგი გახარია აუცილებლად უმდა წავიდეს - ამის შესახებ იურისტმა გიორგი მშვენიერაძამ 20 სექტემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “სირცხვილია” გამოსვლაზე განაცხადა. მისი თქმით, 20 ივნისიდან 20 სექტემბრა,დე პედიოდში ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა. ამ დროის განმავლობაში რისი კეთებაც ხელისუფლებამ დაიწყო, ერის ყველაფრის ერთმანეთში აზელვა...”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით “გახარია უნდა წავიდეს” / პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

“აზელვა სიკეთისა და ბოროტების, წარმატებისა და წარუმატებლობის, ოკუპაციისა და არაოკუპაციის, თავისუფლების - აზელვა იმაში, რომ ჩვენი სწრაფვაა ევროპისკენ და სინამდვილეში მოგვაქანებს რუსულ ბნელ წარსულში. ეს ყველაფერი კლავს მომავლის იმედს, აჩენს გაურკვევლობას და ერთმანეთისადმი უნდობლობას, გვართმევს შესაძლებლობას ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ასე შევასრულებინოთ ჩვენი მოთხოვნები ხელისუფლებას. არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ხმის სიძლიერე და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გავაგონოთ, რომ ჩვენ ვითხოვთ მინისტრობიდან გიორგი გახარიას წასვლას და რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო და არა გახარიას წასვლა მინისტრობიდან იმისთვის, რონ ეს დაწინაურება ყოფილიყო” , - განაცხადა მშვენიერაძემ. აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელიც” მივიდა. მისი თქმით, აქ შეკრებილმა ახალგაზრდებმა მიახვედრეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურია და მის გარეშე ბედნიერება არ არსებობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც ვეტყვი ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა, შემოჰკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია - მე პირადად, ყველა ჩვენგანი კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. თავისუფლების გარეშე არ არსებობს ბედნიერება, არ არსებობს წარმატებული საქმე, ერთიანობა, ეს არის მთავარი ღირებულება და 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ მოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. აქციის ორგანიზატორებთან თანამშრობლობაზე დასმულ კითხვას, მამუკა ხაზარაძემ ასე უპასუხა: თანამშრომლობას ვგეგმავ ყველასთან, ვისაც საქართველო უყვარს”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება აქციები მართლაც უქმნიდეს ხელისუფლებას უხერხულობას, მაგრამ არც იმდენად, რომ ამაზე ვინმე ნერვიულობდეს. ამ აქციებმა თავისი პოტენციალი დიდი ხნის წინ ამოწურა. აქცია პიკზე უნდა დაასრულო, თუ გინდა, რომ შედეგიანი იყოს - აქციას თუ იმდენი ხანი გააგრძელებ, რომ თვითდაშლამდე მივა, ის კაპიტალი, რომელიც მოიპოვა აქციამ, შეიძლება გაუფერულდეს. ამდენად, სწორი გადაწყვეტილებაა აქციების დასრულება. გაგრძელება წამგებიანი იქნებოდა... ამ ქვეყანაში აქციებსა და პროტესტს სხვა აღქმა აქვს, ვიდრე დასავლეთში - ჩვენთან აქციების ძალა მის რაოდენობაში გამოიხატება - თუ რაოდენობა არ იქნა, აქცია დევალვირებულია”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ ძაბირაძე: “კალაძე სერიოზულ ფიგურად ყალიბდება” და შეკითხვაზე - “აქციების დასრულებით გახარია კომფორტის ზონაში გადავა? მან თქვა, რომ ჩვენებასაც მისცემს...” - პასუხობს:

“გახარიას პროკურატურაში თუ დაიბარებენ, რა თქმა უნდა მივა, რადგან ეს პიარის ნაწილია. ამით რეალურად ხომ არაფერი წყდება, რადგან პროკურატურამ წინასწარ იცის, რა უნდა გამოიძიოს და როგორ. საქმისთვის ამას მნშივნელობა არ ექნება, პიარისთვის - კი, რადგან ის იქნება პირველი პრემიერი, რომელიც პროკურატურაში მივა ჩვენების მისაცემად...”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით