ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2019

რას ამზადებენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში - “მძიმე მანქანები და საინჟინრო ტექნიკა ტყეში მიმავალ გზაზე აქტიურად მოძრაობს”

რა მექანიზმით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი შეწყალებისას და ვინ ადგენს სიას

***

რას ამზადებენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში - “მძიმე მანქანები და საინჟინრო ტექნიკა ტყეში მიმავალ გზაზე აქტიურად მოძრაობს”

"თუ ჩვენი ხელისუფლება ბევრად მკაცრი და მობილიზებული არ იქნება, დამერწმუნეთ, რომ ჩორჩანას ტყეს ძალიან მალე დავკარგავთ, არათუ 300 ჰექტარს, არამედ გაცილებით მეტს."- ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავას ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებზე. "ბოლო მონაცემებით, ჩორჩანას ტყეშიც და მის მიმდებარედ მოძრაობა ძალიან აქტიურია, აქტიურად მიმდინარეობს საგუშაგოების მშენებლობა და ველოდებით, რომ ოკუპანტები გააგრძელებენ გზის გაყვანას ჩვენი საგუშაგოს მიმართულებით. "ჩვენთვის გართულებულია ვიზუალური მხარის ინფორმაციის მოძიება, რადგან ჩვენი ის დრონი, რომლითაც გამოგვქონდა ინფორმაცია, ამ ეტაპზე დაკარგული გვაქვს, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სოფელში განვახორციელეთ ავარიული დაჯდომა და როდესაც მივედით დრონის წამოსაღებად მასთან სიახლოვეს ჩვენმა პოლიციამ სამი დღის განმავლობაში არ მიგვიშვა, (ეს ადგილი საოკუპაციო ხაზიდან საკმაოდ დიდ მანძილზეა დაშორებული), და როდესაც მივედით, იქ დრონი აღარ დაგვხვდა" - ამბობს იგი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას ამზადებენ ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში - “მძიმე მანქანები და საინჟინრო ტექნიკა ტყეში მიმავალ გზაზე აქტიურად მოძრაობს”

"მისივე თქმით, ოკუპანტების მიერ დაკავებული ტერიტორია ამ დროისთვის 300 ჰა-ზე მეტია, სადაც ოკუპანტების მხრიდან აქტიურად მინდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, „დაკავებული ტერიტორია შესაძლოა 300 ჰექტარზე მეტი იყოს, ნაკლები არა. ეს შემდგომში დაზუსტდება, ამაზე საუბარს მაშინ შევძლებთ, როდესაც ოკუპანტები დაასრულებენ ჩორჩანის ტყეში საოკუპაციო ხაზის გავლებას, მძიმე მანქანები და საინჟინრო ტექნიკა ჩორჩანის ტყეში მიმავალ გზაზე აქტიურად მოძრაობს, ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საინჟინრო სამუშაოები მუდმივ პროცესშია. „მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენმა ხელმძღვანელობამ ჩორჩანაზე დაიწყო რაღაც განცხადებების კეთება, თუმცა, სამწუხაროდ ისინი სუსტი არგუმენტებით გამოდიან, თავის მართლებას იწყებენ. ერთ-ერთი არგუმენტია, რომ, რა ვქნათ, ეს სააკაშვილმა შემოგიხაზათო, რაც ტყუილია, ჩორჩანას ტყე არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და არც შემოხაზული არ ყოფილა, ამის დასტურია ის რუკები, რომლითაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საგებლობს. „მხოლოდ რამდენიმე მასმედიის საშუალება საუბრობს ამაზე ყოველდღე. ვცდილობთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუმცა, ეს არასაკმარისია, თუ ჩვენი ხელისუფლება ბევრად მკაცრი და მობილიზებული არ იქნება დამერწმუნეთ, რომ ჩორჩანას ტყეს ძალიან მალე დავკარგავთ, არათუ 300 ჰექტარს არამედ გაცილებით მეტს" - აცხადებს იგი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე გადმოცემით, ოკუპანტები თავიანთი შედგენილი რუკებით მოქმედებენ, სადაც მოქცეულია მთლიანად ყაზბეგის რაიონი და ავტობანის 40 კმ-იანი მონაკვეთი. „რაც არ დაკარგულა 2008 წლის ომის შედეგად, იმას ახლა უპრობლემოდ იფორმებენ და ხედავენ, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ამ პრობლემაზე ფაქტიურად არ რეაგირებს, ეს რუსებისთვის სიგნალია, რომ შეუძლიათ უპრობლემოდ გააგრძელონ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. "ოკუპანტებს აქვთ შეთითხნილი თავიანთი რუკები, რომლის მიხედვითაც ავტობანის დაახლოებით 40 კმ-იანი მონაკვეთი შესაძლებელია მოყვეს საოკუპაციო ზოლში, აქვთ ლეგენდა შექმნილი და შეთითხნილი მთლიანად ყაზბეგის რაიონზეც”, - დასძენს გამოცემა.

“როდესაც ჩორჩანას ტყეში რუსების შემოჭრა დაიწყო, არცერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა, ღიად ჩორჩანადან განცხადება არ გაუკეთებია, ძალიან მიკვირს ისიც, რომ ამაზე ოპოზიციაც ნაკლებად საუბრობს, ეს უნდა იყოს ცენტრალური და ყოველდღიური განხილვის თემა, მაგრამ, ეს ასე არ არის და თითქოს ხელისუფლება შეგუებულია და რეალურად არაფერს აკეთებს ამ პროცესის შესაჩერებლად. პოლიციამ ჩვენ ანტისაოკუპაციო მოძრაობას შეგვიზღუდა ნებისმიერი გადაადგილება, ატოცის გარდა, თუმცა იქაც გვიქმნიან პრობლემებს და ამას ვუკავშირებთ იმ ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას, რომელსაც ხელისუფლება ასე გულმოდგინედ ცდილობს, არ გვიშვებენ, არათუ ჩორჩანას ტყეში, არამედ მიმდებარე სოფლებშიც და ამას ვხსნი იმითი, რომ მიმდებარე სოფლებიდან კიდევ უკეთესდ შევძლებდით ინფორმაციის დადგენას და გამოტანას. თუმცა ამის საშუალებას ხელისუფლება არ გვაძლევს. და ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება მზად არის ჩორჩანას ტყე გადააბაროს რუსეთს" - განაცხადა ქაცარავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

რა მექანიზმით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი შეწყალებისას და ვინ ადგენს სიას

"პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; 28 აგვისტოს შეწყალებული 34 მსჯავრდებულის შერჩევა როგორ მოხდა? რამდენი განცხადება იყო შესული? როგორ განიხილეს და რა კრიტერიუმებით გადაარჩიეს? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ გააჩინა. პრეზიდენტს აკრიტიკებენ, როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ასევე პოლიტიკური წრეები და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პერიოდში, შეწყალების კომისიის წევრები, ამ საკითხში თავის დროზე აქტიურად ჩართული პირები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მექანიზმით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი შეწყალებისას და ვინ ადგენს სიას

"ამ საკითხთან დაკავშირებით, "რეზონანსი" შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს ზვიად ქორიძეს ესაუბრა; მისთვის გაუგებარია პრეზიდენტი რა მექანიზმით მუშაობს დღეს და საერთოდაც, მსჯავრდებულთა შესახებ ვინ აწვდის ინფორმაციას, სანამ უშუალოდ შეწყალების აქტს ხელს მოაწერს. ამ ყველაფერს თვითონ პრეზიდენტი განსაზღვრავს; პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოიფიქრა ის სქემა და მოდელი, რომელიც დებულებით განსაზღვრა, ხოლო ამ დებულებით მუშაობდა კომისია და სწორედ ის აწვდიდა ინფორმაციებს.

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მარტომ განიხილოს ეს საკითხები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კომისია არ აქვს შექმნილი. მას უნდა ჰკითხოთ როგორი სისტემით მუშაობს. ამას ველოდები მედიიდან, - გავიგო რა სისტემით მუშაობს დღეს პრეზიდენტი შეწყალების საკითხებზე. როგორი იყო 2013-2018 წლებში ეს პროცესი, ვიცი, მაგრამ ამის შემდეგ რა ხდება, არ მაქვს ინფორმაცია. არც არავინ გვიყვება, - არც თვითონ პრეზიდენტი საუბრობს და არც არავინ უსვამს ამ კითხვას. როგორ შეარჩია ეს 34 კაცი? რამდენი კაციდან შეარჩია? რამდენი განცხადება იყო შესული? როგორ განიხილეს და გადაარჩიეს? - ეს არის პროცედურა, რომელიც ალბათ უნდა ჰქონდეს გამართული," - განაცხადა ზვიად ქორიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს შეწყალების კომისიის წევრი იყო, "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბიშვილს შეწყალების კომისია არ ჰყავს, რომელიც პირველად გადარჩევას მოახდენდა და ისე მიაწვდიდა სიას, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. პრეზიდენტის აპარატში ეს როგორ ხდება, არ ვიცი; ვიცი როგორ ხდებოდა ეს მარგველაშვილის დროს. პრეზიდენტს არ ჰყავს კომისია. დღეს შეწყალება პრეზიდენტის აპარატში ხდება ისე, რომ არ არსებობს კომისია და აპარატი, რომელიც თავდაპირველ ფილტრს გააკეთებს. იმ დებულების მიხედვით (რომელიც მარგველაშვილის დროს იყო) პირველადი გადარჩევა ხდებოდა და შემდეგ ეს საქმეები კომისიაში მოდიოდა. იქ მზადდებოდა თითოეულ პატიმარზე გარკვეული მოცულობის ინფორმაცია, რომელსაც კომისია ეცნობოდა. ბოლოს კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე პრეზიდენტი გადაწყვეტილებას იღებდა," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის რომ საქმე მარტივად გამოსაძიებელია - უნდა გაირკვეს ვინ დადო პრეზიდენტის მაგიდაზე მსჯავრდებულთა სია. საუბარია იმის შესახებაც, რომ გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა თავად პრეზიდენტის და მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვაც მოხდეს. დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გამოძიება მას ამ დრომდე არ დაკავშირებია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი ზურაბ ნადირაძეა. გამოძიების ცნობით, 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურან ნადირაძემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგი კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე თავს ჩეხეთს აფარებდა და მისი ექსტრადაცია მხოლოდ 2017 წელს განხორციელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების პროცესში მონაწილეობისა და კორუფციული გარიგების თაობაზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო”, - დასძენს გამოცემა.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქოიავას ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, რომ თითქოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ზურაბ ნადირაძის ადვოკატი იყო. მისივე თქმით, ისრები მისკენ მიდის და მასაც აინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს მათი შეწყალება. ცნობისათვის, პრეზიდენტის მიერ მსაჯვრდებულთა შეწყალების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო; პრეზიდენტმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება 12 წელიწადი ეძებდა. თბილისში 2004 წელს მომხდარი დანაშაული მხოლოდ 2016 წელს გაიხსნა. შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე. მეტიც, 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა