ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2019

მოსამართლეთა თემამ "ოცნებაში“ შეიძლება ახალი დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს, - აცხადებს უმრავლესობის ყოფილი წევრი

"თუ დანაშაულის ნიშნები არ იქნება, მხოლოდ გაუგებრობა და უპასუხისმგებლობა გამოიკვეთება, იმპიჩმენტის საკითხი არ დაისმის“ - საყვარელიძე

***

მოსამართლეთა თემამ "ოცნებაში“ შეიძლება ახალი დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს, - აცხადებს უმრავლესობის ყოფილი წევრი

“ოცნების" ყოფილი წევრი და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი "რეზანანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მოსამართლეთა საკითხი "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებისა და განხეთქილების საგნად კიდევ ერთხელ იქცევა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მოსამართლეთა თემამ "ოცნებაში“ შეიძლება ახალი დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს, - აცხადებს უმრავლესობის ყოფილი წევრი

"ოცნებამ" თამარ ალანიას, წესით, მხარი არ უნდა დაუჭიროს. თვითონ „ოცნების" წარმომადგენლების კითხვებსაც კი ვერ გასცა პასუხი, რომელიც კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა, განსაკუთრებით მუხროვანის თემასთან დაკავშირებით; როგორც გვახსოვს, სწორედ თამარ ალანიამ დატოვა უსამართლო გადაწყვეტილება ძალაში. ჩემი ვარაუდით, თამარ ალანიას კანდიდატურას „ქართული ოცნების" ბევრი დეპუტატი მხარს არ დაუჭერს. ეს მაფიქრებინებს, რომ გარკვეული თვალსაზრისით, მომავალში ეს შეიძლება განხეთქილების საკითხი გახდეს, მაგრამ ასე ცალსახად, ყველა პროცესთან დაკავშირებით, ამაზე რთულია საუბარი. თუმცა, კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით განწყობებს რასაც ვხედავ, ჩემი კოლეგების დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითია," - აღნიშნა მან. ცნობისათვის, 23 სექტემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე ორი კანდიდატი, მერაბ გაბინაშვილი და თამარ ალანია წარსდგნენ. საკანონმდებლო ორგანო მოსამართლეობის ყველა კანდიდატს მოუსმენს, შემდეგ კი კენჭს სათითაოდ უყრის”, - აღნიშნავს გამოცემა.

"პირველი სია, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში გადაეგზავნა, იმდენად სკანდალური იყო, რომ ის ჩავარდა, თანაც პროტესტის ნიშნად დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა უმრავლესობა დატოვა. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ 20-კაციან სიაში არიან ის მოსამართლეებიც, ვინც იმ სკანდალურ, 10-კაციან სიაში იყვნენ; „ვიცი იმ დეპუტატების განწყობა, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ის გარდამტეხი რაოდენობა, რომელმაც დიდი ძვრები უნდა გამოიწვიოს. ამ კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით რაღაც განწყობები შეიძლება ამოვიკითხოთ იმ კითხვებიდან და პათოსიდან გამომდინარე, რაც განხილვის დროს სუფევდა. არის რამდენიმე მოსამართლე, რომელიც ადრეც იყო დასახელებული იმ 10-კაციან სიაში, რომლის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება იყო. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების" უმრავლესობას, ამ უარყოფით დამოკიდებულებას კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართ შეინარჩუნებს. საუბარი იყო, რომ კონკრეტული კენჭისყრის შემთხვევაში, ისინი მხარს არ დაუჭერდნენ. ეს პროცესი გვანახებს, ვის დაუჭერენ მხარს და ვის არა. თუ ის მოსამართლეები გავიდნენ, რომლებიც დაკავშირებული არიან „კლანთან," იმ ჯგუფთან, რომლის გამოც არა მხოლოდ ჩვენ, ვენეციის კომისიასაც ჰქონდა შენიშვნები, სკანდალური იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მოსამართლეებს უვადოდ ვირჩევთ, ზოგადად პროცესს უნდა დავაკვირდეთ," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"შეგახსენებთ, 20-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უზენაესმა საბჭომ 4 სექტემბერს წარუდგინა. უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლე დასანიშნი კანდიდატები არიან: მაია ვაჩაძე, გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, თამარ ზამბახიძე, ქეთევან ცინაცძე და გოჩა ჯეირანაშვილი. მათ შერჩევას წინ კონკურსი და გასაუბრება უძღოდა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ნეპოტიზმზე, გარიგებებსა და რიგ კანონდარღვევებზე საუბრობდა”, - წერს სტატიის ავტორი.

"თუ დანაშაულის ნიშნები არ იქნება, მხოლოდ გაუგებრობა და უპასუხისმგებლობა გამოიკვეთება, იმპიჩმენტის საკითხი არ დაისმის“ - საყვარელიძე

"პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ მის მიმართ არსებული ბრალდებები უარყო და ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ პრეზიდენტს შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილმა გადასცა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "თუ დანაშაულის ნიშნები არ იქნება, მხოლოდ გაუგებრობა და უპასუხისმგებლობა გამოიკვეთება, იმპიჩმენტის საკითხი არ დაისმის“ - საყვარელიძე

"დიმიტრი გაბუნიას შესაძლო ბრალეულობის შესახებ, პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, "რეზონანსი" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. რამაზ საყვარელიძის თქმით, დიმიტრი გაბუნიამ საკმაოდ ლოგიკური პასუხი გასცა ბრალდებას, რომ შეწყალების თემა მუშავდებოდა სპეციალურ დეპარტამენტში და პრეზიდენტს დოკუმენტები სწორედ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადასცა, რომელიც ამავე დროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა. ასე რომ, თუკი გამოძიებამ რაიმე სხვა სურათი არ შექმნა, ლოგიკურად საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არ თემასთან არაფერ შუაშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"რეზონანსის კორესპოდენტის კითხვაზე, ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მექანიზმით ხელმძღვანელობს პრეზიდენტი დღეს შეწყალების საკითხზე. თქვენი აზრით, როგორ მუშაობს ზურაბიშვილი და ვინ ადგენს სიას? საყვარელიძის თქმით, ფაქტია რომ, პრეზიდენტს თავიდანვე არ უნდოდა ამ საკითხის თავის სივრცეში შემოტანა, თავიდანვე ცდილობდა ეს აერიდებინა. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ პასუხისმგებლობას მთლიანად თავის თავზე არ იღებს და ტვირთი იმ ადამიანებზე გადააქვს, რომლებიც ამ სიას უმზადებენ. რადგან მას არ უნდოდა ამ საკითხში ჩართვა, მგონი ახლაც მინიმალურად ერთვება. რაც შეეხება იმპიჩმენტზე კითხვას, საყვარელიძის აზრით, თუ დანაშაულის ნიშნები არ იქნება და მხოლოდ გაუგებრობა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოიკვეთება, იმპიჩმენტის საკითხი იურიდიულადაც და ლოგიკურადაც არ დაისმის. მაშინაც თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხდება დანაშაული და პრეზიდენტმა მხოლოდ დაუდევრობა გამოიჩინა, რომ არ შეამოწმა, - აქაც დაუდევრობაა. ასე რომ, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, სანამ გამოძიება სხვა დასკვნას არ დადებს”, - დასძენს გამოცემა.

"კორესპოდენტის კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების საგნად იქცეს და როგორც პირველ შემთხვევაში, დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დატოვონ? საყვარელიძის თქმით, გამორიცხული არ არის, რადგან ბუნებრივია, თუ მუშაობს "კლანი" და დიდი ალბათობით ასეთი "კლანი" არსებობს, ისინი იზრუნებენ იმაზეც, რომ პარლამენტშიც ჰყავდეთ თავიანთი მომხრეები, არა მარტო უმრავლესობაში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომენტში, ასეთი დაპირისპირებები მათ შორის შესაძლოა მოხდეს. ამ ყველაფერს ვერ გამოვრციხავთ, რადგან პირველ შემთხვევაში ამ სიამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო