ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2019

გრიგოლ გეგელია - “რუსეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას ატარებდა”

კატასტროფის ზღვარზე - 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა

ეკა ბესელია - “ეს სილა ეკუთვნის ყველას, ვინც ამ უმსგავსობაშია ჩართული”

* * *

გრიგოლ გეგელია - “რუსეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას ატარებდა”

“რთულია ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის შეფასება, რადგან დანამდვილებით არ ვიცით, რა ითქვა შეხვედრაზე და რა გაგრძელება მოჰყვება მას. უკვე მესამე საუკუნეა ვუყურებთ და არც საქართველოსთან და არც სხვა მეზობლებთან რუსეთის პოლიტიკა იოტისოდენადაც არ შეცვლილა. გაუგებარია, ამ ისტორიული რაკურსის გათვალისწინებით, 2019 წელს ზალკალიანი რას შეცვლის. რაც შეეხება დიალოგს, აქამდეც არაერთხელ თქმულა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაზე მარტო დარჩენა არ შეიძლება. მასთან დიალოგი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად - აი, ეს ფორმატია ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი, პრაგმატული და სწორი. ამგვარ დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან გვაქვს საქმე და დიდ შედეგს არასდროს უნდა ველოდოთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუშში, სათაურით “რუსეთი მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას ატარებდა” / “თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადეთ, რუსეთი არათუ გაიყვანს საკუთარ ჯარებს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენს დანარჩენ ტერიტორიაზეც შემოიყვანს. შეიძლება ისეთი აბსურდიც კი თქვან, ნეიტრალური სახელმწიფოა და მეტი დაცვა სჭირდებაო”.

“იგივე ითქმის მშვიდობაზეც. კარგია მშვიდობა, მაგრამ მასაც უნდა ჰქონდეს თავისი წესები და აუცილებლად ორმხრივად იყოს უზრუნველყოფილი. დღევანდელი მშვიდობის ფორმატი, რაც გვაქვს, ფაქტობრივად, მშვიდობა არც არის, რადგან რუსეთი ყოველდღიურად რაღაცას გვტაცებს _ ავლებს მავთულხლართებს და რკინის ღობეებს, გვტაცებს დამატებით მიწას და ადამიანებს, აკეთებს შეურაცხმყოფელ განცხადებებს და გვიყალბებს ისტორიას, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ღირსებას. განა შეიძლება ამას სრულყოფილი, ორმხრივი მშვიდობა ეწოდოს? ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ კონსტრუქციულები, ადეკვატურები, კეთილმეზობლურიც, კრემლი კი მუდმივად ოკუპანტივით იქცევა... რასმუსენის განცხადებას ნატოს შესახებ დიდი მღელვარება მოჰყვა, არადა, რასმუსენს არც ახალი უთქვამს რამე და არც ცუდი. რასმუსენმა თქვა, რომ ჩვენ ვართ მზად ნატოში გასაწევრებლად სამხედრო კომპონენტით, მაგრამ არა ვართ მზად პოლიტიკურად. რაც ხდება ჩვენთან, სწორედ ეს აბრკოლებს ჩვენს უფრო სწრაფ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ვგულისხმობ სასამართლო სისტემას, ადამიანის პირადი ცხოვრების დაუცველობას, მუშათა გათელილ უფლებებს, უმუშევრობას, ეკოლოგიურ პრობლემებს და ა.შ. აბრკოლებს ისიც, თუ რა ინერტულად უყურებს ამ ყველაფერს პოლიტიკური კლასი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გრიგოლ გეგელია.

“რუსეთი ყოველთვის ცდილობს ე.წ. დემოკრატიული მიდგომა ფასადად აიფაროს, რათა დამალოს თავისი ნამდვილი სახე, რომელიც აგრესიული, დამპყრობლური და ექსპანსიურია. რუსეთისთვის არსებობს ერთი მიდგომა - ან უნდა იყო მისი ყურმოჭრილი მონა შენი ნებით, ან ძალით უნდა აიღოს შენი ტერიტორია და ასე დაგიმორჩილოს... საქართველოს პრობლემა ის მგონია, რომ ბოლო წლებში დაგვისუსტდა ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს განცდა. მე ვემხრობი უფრო მკაფიო, უფრო მომთხოვნ და მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას. აღარ გვჭირდება ეს პასიური მშვიდობა, როდესაც ლამის წაიღეს მთელი ქვეყანა და პოლიტიკური კლასი სიტყვა “ოკუპაციას” ლამის არ ახსენებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შესაძლოა, რუსეთს აქვს რაღაც ახალი ტიპის წინადადება, რითაც შეეცდება საქართველო მოლაპარაკებებში შეითრიოს. გაზაფხულიდან მოყოლებული რუსეთი მაქსიმალურად ტესტავდა საქართველოს: ჯერ პანკისით; შემდგომ სექსუალური უმცირესობების თემაზე წამოჭრილი დისკუსიითა და ვითარების უკიდურესად დაძაბვის მცდელობით; შემდგომ იყო “გავრილოვის ღამე”; სკანდალი ავაქიანის ძეგლის დადგმის მცდელობის გამო; დავითგარეჯის პრობლემის წამოჭრა და ა.შ. აშკარა იყო, რუსეთი, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოში ატარებდა რამდენიმე სერიოზულ ფსიქოლოგიურ და იდეურ სპეცოპერაციას, რასაც კე-გე-ბეს ენაზე “აქტიურ ღონისძიებას” უწოდებენ. იმედია, ეს ყველაფერი კარგად გააანალიზა ხელისუფლებამ. არ ვიცი, შესაძლოა იმასაც ტესტავდა, ხომ არ შეიცვალა საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ჩემი აზრით, ჩვენ მოვახერხეთ და ვაჩვენეთ, რომ იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, მოსახლეობის კრიტიკული მასის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა და არ დავუშვებთ წითელი ხაზების გადაკვეთას. თუმცა საკითხავია, რუსეთმა რა დასკვნები გამოიტანა. ამიტომაც საინტერესოა, რაზე ესაუბრნენ ზალკალიანს. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ის კონკრეტული თემები, რაზეც იყო დისკუსია. არ შეიძლება ეს დახურული იყოს. იმედია, უახლოეს მომავალში ამას ბატონი მინისტრისგან მოვისმენთ”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“მათ აქვთ მომზადებული ხაფანგი საქართველოსთვის, რის თაობაზეც არაერთხელ მოგვისმენია როგორც რუსული საექსპერტო წრეების, ასევე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებები. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი თითქმის ერთხმად დაიწყებენ ლაპარაკს ნეიტრალიტეტის იდეაზე და ეს ჩვენთვის ძალიან საშიში თემაა. დაახლოებით ამგვარი სოუსით შემოგვაპარებენ - თუ საქართველო გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს, მაშინ რუსეთი თითქოს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს ლანგრით მოგვართმევს, რაც აბსოლუტური ტყუილია. საქართველომ რომ ეს გააკეთოს, ის გამოეთიშება საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს, გამოეთიშება ყველა პროგრამას, დახმარებას, მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს და დაკარგავს თავის ხმას საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბედით აღარავინ დაინტერესდება, რეალურად გავხდებით ანკლავი სამხრეთ კავკასიაში და კიდევ დიდი ხნით დავრჩებით რუსულ ორბიტაზე, რაც კატასტროფა იქნება საქართველოსთვის. თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადეთ, რუსეთი არათუ გაიყვანს საკუთარ ჯარებს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, დარწმუნებული ვარ, ჩვენს დანარჩენ ტერიტორიაზეც შემოიყვანს. შეიძლება ისეთი აბსურდიც კი თქვან, ნეიტრალური სახელმწიფოა და მეტი დაცვა სჭირდებაო. ნეიტრალიტეტის ხაფანგი ძალიან საშიშია, რადგან მართლაც შეიძლება ბევრ ძალიან კარგ ქართველს დააჯერონ, რომ ჩვენი ნანატრი ოცნება ახდება და დავიბრუნებთ ტერიტორიებს, მით უფრო პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებისგან არაერთხელ მოგვისმენია, ნატოში მაინც არ გვიღებენ და არც მიგვიღებენო”, - დაასკვნის გრიგოლ გეგელია.

“ჩვენთვის ერთადერთი დასავლური გზაა, ეს არის განვითარების საშუალება იმის მიუხედავად, როდის მიგვიღებენ ნატოში ან ევროკავშირში. ჩვენს და რუსეთს შორის არის ერთი, ფაქტობრივად, დაუძლეველი პრობლემა - საქართველოს სურს იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რუსეთს კი სურს პოსტსაბჭოთა სივრცე კვლავაც საკუთარ უკანა ეზოდ აქციოს, რაც გამორიცხავს საქართველოს განვითარებას და პატარა, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ამიტომაც არ სურს ჩვენი ნატოში ინტეგრირება, რადგან თვლის, რომ ეს იქცევა ჩვენი განვითარების და ძლიერების გარანტიად - გზად, რომლითაც საბოლოოდ დავაღწევთ თავს რუსულ გავლენას. ამიტომაც დღეს ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა არის არა პროდასავლური კურსი, არამედ პროქართული გზა. ეს არის ერთადერთი გზა ქართული ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენისთვის, განვითარებისა და დაცვისთვის. ყველა სხვა გზა გადაგვარებისა და არასტაბილურობისკენ მიდის”, - განმარტავს რესპონდენტი.

“თუ უარს ვიტყვით ამაზე, ვიქცევით დაუცველ კოლექტივად, აღარც ერი ვიქნებით და აღარც სახელმწიფო გვექნება. გვაქვს შანსი, რომ ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოვახერხოთ ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, ჩამოვყალიბდეთ ისეთ ძლიერ სახელმწიფოდ, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - საქართველო თავისთავად გახდება მიმზიდველი ქვეყანა...უკვე მიმზიდველიც არის ბევრი აფხაზისთვის _ ისინი სარგებლობენ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამით, ხედავენ, რომ ლამის 20 ევროდ შეგვიძლია მილანში გაფრენა, ქუთაისი კი ნახევარი მსოფლიოს აეროპორტების ტაბლოებზე წერია. ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის, ამგვარი განვითარების პირობებში უფრო ადვილი იქნება აფხაზებისა და ოსების დარწმუნება, რომ საქართველოს ფარგლებში გაცილებით უკეთესად იქნებიან. თანდათან უფრო და უფრო არ იმუშავებს რუსული დისკურსები, რომ ქართველები კაციჭამიები ვართ. ორივე მხარის ახალ თაობას სულ უფრო მეტად გაუადვილდება დაშვებული შეცდომების აღიარება და საერთო ინტერესების გამონახვაც. თუ ჩვენ მოვახერხებთ სტაბილურ განვითარებას, ეს გარდაუვალია”, - დასძენს გეგელია.

კატასტროფის ზღვარზე - 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა

“საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში სულ 22 945 ათასი ბავშვი დაიბადა, (რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 367-ით ნაკლებია), ხოლო 24 563 ადამიანი გარდაიცვალა. შარშან დროის იგივე მონაკვეთში ეს რაოდენობა 23 603-ს შეადგენდა. დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ თუკი უარყოფითი ბალანსი შენარჩუნდება, ეს სერიოზულ დემოგაფიულ პრობლემებს შექმნის დაახლოებით 41 წელიწადში წვრილი ქალაქებისა და რეგიონების დიდი ნაწილი გაუკაცრიელდება. ასეთი უარყოფითი ბალანსი საქართველოში 2007 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კატასტროფის ზღვარზე - 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა.

“ამ პროცესის მთავარ მიზეზად დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ქორწინებისა და შობადობის საშუალო ასაკის ზრდას მიიჩნევს, ასევე სტუდენტთა დიდი რაოდენობით ქვეყნიდან გადინებას, რაც თავის მხრივ, საქართველოში განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს; “ხდება ქორწინებების გადავადება; ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 30-35 ათასი სტუდენტი აბარებს. შემდეგ ისინი აგრძელებენ სწავლას (მაგიტრატურა, დოქტორანტურა), ან ეძებენ პრესტიჟულ სამსახურს. ოჯახისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის გამო ქორწინების გადავადება ხდება. პირველ ქორწინებაში პირველი ბავშის დაბადებისას დედის ასაკი საშუალოდ 29 წელია, როდესაც 25 წლის წინ ეს მაჩვენებელი 23-24 წელი იყო. ჩვენთან სტუდენტთა 47% სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში აპირებს წასვლას. აქედან 70% სწავლის პირველი სამი წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი - სამი წლის შემდეგ. ეს გამოკვლევა 2017 წელს ჩატარდა. ახალგაზრდობის მიგრაცია ძალიან მაღალია. უცხოეთში ახალგაზრების წასვლა მიუთითებს საქართველოში განათლების სისტემის ნაკლოვანებებზე. ავადობა და მოკვდაობაც მაღალია 55-65 წლის ასაკის მოსახლეობაში, განსაკუთრებით ვაჟებში. მაღალია მოკვდაობა გულსისხლძარღვთა დაადებებით, ასევე ავთვისებიანი სიმსივნით და ა.შ.” - განაცხადა სულაბერიძემ. დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ 1989-1999 წლებთან შედარებით, შობადობადობა ბოლო ათ წელიწადში ორჯერ არის შემცირებული, რაც ემიგრაციისა და იმიგრაციის დისბალანსით აიხსენება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მცირდება შობადობა და იზრდება მოკვდაობის მაჩვენებელი. ამის მიზეზია ის, რომ 1989-1999 წლებში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა, ხოლო ბოლო ათ წელიწადში - 236 ათასი. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ შემცირდა. შობადობის შემცირდება კიდევ გაგრძელდება, რაც არ უნდა კარგი პირობები შევქმნათ. ჩვენი მიზანია ეს პროცესი შევაჩეროთ, შემდეგ ვიზრუნოთ მის გაზრდაზე. თუკი მომავალშიც ისევე შემცირდა მოსახლეობა, როგორც ახლა მცირდება, 50 წლის შემდეგ მთელი საქართველო გაუკაცრიელდება და ქართველი აღარ იქნება. თანდათანობით დგება იმიგრაციული და ემიგრაციული პრობლემაც. ემიგრაციაში მიდის ძალიან ბევრი ქართველი და საქართველოში შემოდის ძალიან ბევრი უცხოელი. რაც ნიშნავს მთელი ქვეყნის ემიგრაციულ და იმიგრაციულ სიკვდილს; ეს მხოლოდ საქართველოში არ არის. ამის ძალიან ეშინიათ დასავლეთ ევროპასა და რუსეთშიც,” - აღნიშნა თოთაძემ. სულაბერიძის განცხადებით, მიგრაციის პროცესებიდან გამომდინარე, 2050 წლისთვის საქართველოში ქართველები შესაძლოა უმცირესობაში აღმოჩნდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“საერთოდ ჩვენთან 1992 წლამდე შობადობა მოკვდაობაზე მეტი იყო. 92 წლიდან არსებითი როლი ითამაშა მიგრაციულმა პროცესებმა. საქარველოდან მილიონ 700 ათასამდე ადამიანია გასული. ვართ 3.5 მილიონი, როდესაც დაახლოებით 5.5. მილიონამდე ვიყავით. მიგრაციამ და ბუნებრივმა კლებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასეთი ცხოვრების დონის გაგრძელების პიროებებში, 2030 წლისთვის 3 მილიონს თუ შევინარჩუნეთ, მიღწევა იქნება. თუ ინვესტიციები შემოვიდა და მოსახლეობა დავაბრუნეთ, მდგომარეობა უკეთესი იქნება. თუმცა, მოსახლეობის ზრდა შეიძლება დაბერებული მოსახლეობის ხარჯზე მოხდეს. მოსახლეობის სტრუქტურიდან გამომდინდინარე, ძალიან რთული ვითარება გველის; 2050 წლამდე ჩვენი მოსახელობა უფრო დაბერებული ვიქნებით, ვიდრე ახალგაზრდული, თუ არ მოხდა გარკვეული ძვრები. გადავადებული შობადობა, ქორწინება მაღალ ასაკში, კაერირისკენ სწრაფვა - ეს ტენდენცია გამოჩნდა საქართველოში და უფრო გაძლიერდება. შეიძლება მივიღო ეგზოტიკური მოსახლეობა, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს, თვითონ აშშ-საც. ეგზოტიკურ მოსახლეობაში იგულისხმება სხვადასხვა რასის, ეროვნების, სექტის ერთობლიობა, სადაც, თუ 2050 წელზე ვისაუბრებთ, მაგალითად ქართველები შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდეთ”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ავთანდილ სულაბერიძე.

“პრობლემა ძალიან დიდია; სერიოზული დემოგრაფიული საფრთხეების წანაშე ვდგავართ. ქვეყანაში 86% ქართველია, რაც 90-იან წლებში ემიგრაციის პროცესებმა გამოიწვია. იზრდება უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლა საქართველოში, ამიტომაც არის, რომ გასულთა რაოდენობა 90 ათასს აღემატება, ხოლო 80 ათასი - შემოსულთა რაოდენობაა, სადაც მხოლოდ 45% არის საქართველოს მოქალაქე. უცხოეთის მოქალაქეების ზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს ეგზოტიკურ მოსახლეობამდე, პროცესი დაწყებულია”, - დასძენს სულაბერიძე. ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ რამდენიმე მსხვილ ქალაქს თუ არ ჩავთვლით, საშუალოდ 41 წელიწადში საქართველო გაუკაცრიელდება, რასაც ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს მიგრაციის პროცესი. „თუკი დემოგრაფიული პროცესები ასე გაგრძელდა, საშუალოდ 41 წელიწადში საქართველოს არც ერთი რეგიონი არ დარჩება გაუკაცრიელებული. რაჭა-ლეჩხუმი 22 წელიწადში გაუკაცრიელდება, ზოგი - 40-60 წელიწადში, თუმცა ამ პროცესს საშუალოდ 41 წელიწადი დასჭირდება... მოსახლეობა მცირდება მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით; ადგილი აქვს მოსახლეობის ბუნებრივ კლებას, როდესაც უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება. მეორე - ეს არის ემიგრაციული პროცესები”, დასძენს თოთაძე. რომლის აზრით, “განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ძალიან ბევრი მიდის საცხოვრებლად საზღვარგარეთ”.

ეკა ბესელია - “ეს სილა ეკუთვნის ყველას, ვინც ამ უმსგავსობაშია ჩართული”

“შანტაჟი და ადამიანების პირადი სივრცით მანიპულირება ყოფილი ხელისუფლების უმძიმესი, სისტემური დანაშაული იყო. როდესაც “ქართული ოცნება” ქვეყნის სათავეში მოვიდა, სწორედ ამ მანკიერების დასრულება გვინდოდა. ამისთვის მეც ბევრი ვიბრძოლე - პერსონალური დაცვის ინსპექტორის სამსახური ავამოქმედეთ, კანონმდებლობა გავამკაცრეთ. ერთი სიტყვით, გუნდში შევთანხმდით, რომ ეს არ უნდა დაგვეშვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ახლაა დაცული ადამიანის პირადი სივრცე და ამის დასტურია ჩემ შესახებ არაერთხელ გავრცელებული უკანონო ჩანაწერი. ბოლო ფაქტი უმძიმესია, მაგრამ იმის თქმა, რომ ამ დანაშაულის გახსნა შეუძლებელია, სრულიად მიუღებელია, მეტიც, გამოძიების კრახზე მეტყველებს. ამ ლოგიკით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასევე ნებისმიერ პირზე უკანონო ჩანაწერები გაავრცელოს და სახელმწიფო მას ვერ დაიცავს?!” - აცხადებს დეპუტატი ეკა ბესელია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს სილა ეკუთვნის ყველას, ვინც ამ უმსგავსობაშია ჩართული”.

“კომპეტენტური პირები იტყუებიან და სპეკულირებენ იმით, თითქოს ვერ დადგინდა, პირველად ვინ და რატომ გაავრცელა ეს ჩანაწერი. ის ფსიქოლოგიური შანტაჟისთვის გააკეთა სააკაშვილის სისტემამ, მაგრამ მათაც ვერ გაბედეს გავრცელება. შეიძლება შესაფერის მომენტს ელოდნენ, “ქართული ოცნების” დროს კი რამდენჯერმე გავრცელდა. თავდაპირველად რამდენიმე პირი დააპატიმრეს და გაასამართლეს, მაგრამ შემდეგ ისევ გავრცელდა და ამბობენ, რომ ამ საქმეს ვერ ხსნიან, ვინ დაიჯერებს ამას?! რაც შეეხება სხვა ფაქტებს, ვიცი, რომ არსებობს სხვა ფარული ჩანაწერებიც და მათზე კონკრეტულად საუბრის უფლება არა მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და ეს მოცემულობა­ მათ არჩევნის წინაშე აყენებს, რომ ხმა არ ამოიღონ. მე განვაცხადე, ვიცი ამის შესახებ და გააპროტესტებენ თუ არა, მათი საქმეა. ვერ გეტყვით, რატომ დუმან, მაგრამ ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, ყველას არ შეუძლია გადააბიჯოს საკუთარ შიშს და გაუბედაობას. შესაძლოა მდგომარეობისა და თანამდებობის დაკარგვის ეშინიათ ან სხვა რამის გამო დუმან. ფაქტია, ფირები არსებობს და ეს საჯაროდ განვაცხადე, რომ განგაში ატეხილიყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამის დაშვება შეუძლებელია!”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.

“ორი შვილი გავზარდე და, რაც უნდა გავებრაზებინე, მათზე ხელი არასდროს ამიწევია. ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ურთულესია. 20 წელია საჯარო სივრცეში ვარ და წონასწორობიდან გამოსული არავინ ვუნახავარ. რაც შეეხება იმ ინციდენტს, ეს იყო ჩემი პროპორციული პასუხი იმ ყველაფერზე, რისი მოთმენაც ბოლო ხანებში მიწევს ზარდიაშვილისა და მისი გუნდისგან. არ მიჭირს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საჭიროდ არ მიმაჩნია. რაც შეეხება მათ, ვინც მაშინვე ჭკუის სწავლება დაიწყო - ქალია და მაინც არ უნდა მოქცეულიყო ასე, თავშეკავება მართებსო, მოდი, თავად გაიარონ ის გზა, რაც მე გამომატარეს, გაუძლონ იმ შემოტევებს, იერიშებს, ზღვარგადასულ თავდასხმებს და შემდეგ, ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდებიან, ვნახოთ, როგორი სირინოზის სახითა და ხმით შეძლებენ საუბარს. რა უნდა მექნა, აუღელვებლად დამეწყო საუბარი და ზარდიაშვილისთვის ბატონობით მიმემართა?!” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვიმეორებ, მე ივანიშვილი მთხოვდა 5 კაცის გაყვანას, მათ შორის პირველი ჩინჩალაძე იყო, სხვების გვარი არ მახსოვს, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი, სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდა უკანონო ჩანაწერები. რაც შეეხება კონფლიქტს, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის კონფლიქტი ჩემსა და ზარდიაშვილს შორის, მე მას არც განვიხილავ პერსონად. ის ბრმად, თვალის დაუხამხამებლად შემსრულებელია ყველა ბინძური დავალების, ყველა უწესობისა და უზნეობის. იმის, ვინც მე ამდენი ხანია დაუნდობლად მებრძვის - სხვათა შორის, მას ივანიშვილთან არ მიესვლება, რადგან ის ასეთ მდაბიო შემსრულებლებს პირადად არ ხვდება და არც ელაპარაკება. ზარდიაშვილი სხვების დავალებით იღებს მისგან ნებართვას, როცა რამე სჭირდება. თუმცა ფაქტია, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ზარდიაშვილისთანების ენით მელაპარაკოს. ყველაფრის მიუხედავად, ბევრ რამეზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გავჩუმდები, რადგან ის რეალობა, რაც ახლა გვაქვს, სწორედ ივანიშვილის პასუხისმგებლობაა. ის სილაც, რომელიც ზარდიაშვილს მოხვდა, ეკუთვნის ყველას, ვინც ამ უმსგავსობაშია ჩართული. იმ სილის გაწნა იმ ყველა ადამიანის პასუხია, ვინც ახლა დამცირებული და შეურაცხყოფილია”, დასძენს ეკა ბესელია და შეკითხვაზე - “ივანიშვილთან კონტაქტი აღარ აქვთ?” - პასუხობს:

“არა, რაც წამოვედი, მას შემდეგ აღარ მქონია. ზარდიაშვილის არსებობის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც ის ჩინჩალაძემ საპარლამენტო სიაში ჩასვა. მერე გავარკვიე, რომ ადეიშვილთან თანამშრომლობდა და არაერთხელ ვუთხარი ივანიშვილს, ეს ყველაფრის მკადრებელი ზარდიაშვილი მომაშორეთ-მეთქი. მაშინ ივანიშვილიც ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი და ვიცი, რომ გაშვებასაც უპირებდა. ჩემთანაც უთქვამს, შენ თუ გინდა, გავუშვებო. ჩემ გამო კი ნუ გაუშვებთ, საქმეს აზიანებს-მეთქი. მერე რატომ არ გაუშვა, ამაზე პასუხი არა მაქვს... მხოლოდ ბოლო დროს კი არა, ყოველთვის ცუდი ურთიერთობა მქონდა მასთან, ჩემთან კონტაქტიც ავუკრძალე და კატეგორიულად ვითხოვდი მის წასვლას ჩემი მოადგილეობიდან, რადგან ამ პოსტზე მყოფი ადამიანი თავმჯდომარის დავალებებს ასრულებს”.

“ჩემი ორივე მოადგილე მტრად აღმიქვამდა, ჩასაფრებული იყვნენ, რა ევნოთ და როგორ დაეზიანებინათ კომიტეტი. მთავარი იყო, რა უნდოდა კლანს. ისინი საკუთარი მდგომარეობით სარგებლობდნენ. როდესაც მათიკაშვილის მეუღლე მოსამართლედ დაინიშნა, ამაზე ზარდიაშვილიც კი ქირქილებდა, რომ ამ პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა და შემდეგ ამაზე ქილიკობდა, რაც ძნელი მოსათმენი იყო. ამიტომ ვებრძოდი და ამიტომაც შემომიტიეს ერთობლივი ძალითა და ბინძური მეთოდებით. სასამართლოს გავლენის გამოყენებას ცდილობდნენ, სურდათ პარლამენტში დეპუტატების ჯგუფი შემოეკრიბათ და პირადი კავშირების გამოყენებით გარკვეული საქმეების შესრულება დაევალებინათ. ასეთ ჯგუფს, ამ ბინძურ წრეს ეყრდნობოდა ირაკლი კობახიძე, რომელსაც პირველად მე და გედი ფოფხაძე დავუპირისპირდით. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ასეთი ფსიქოტიპები, რატომ აძლევს მათ ამდენის უფლებას, რატომ გახადა ისინი “ქართული ოცნების” სახედ და რატომ დაიზიანა ასე თავი მათ გამო? მით უფრო, როდესაც ჩემ შესახებ უკანონო ჩანაწერები გავრცელდა, ივანიშვილმა მითხრა, ამით მე შენზე მეტად დავზარალდიო”, - ამბობს ბესელია.

“როდესაც ეს ჩანაწერი გავრცელდა, ივანიშვილმა მითხრა, ეს “ნაციონალების” გაკეთებული იქნებაო. ვარაუდის დონეზე საუბარი არ მინდა, საქმე უნდა გაიხსნას-მეთქი. შემპირდა, გაიხსნებაო. თუმცა ამის შემდეგ, როდესაც მოსამართლეთა საქმეს ვაპროტესტებდი, მითხრა, ეკა, თუ არ გაჩერდები, მეტს ვეღარ დაგიცავო... დაახლოებით ერთ თვეში მეორედ გავრცელდა ჩანაწერი, რაც, ვფიქრობ, ერთგვარი გაფრთხილება იყო. საქმე დღემდე გამოუძიებელია და ეს ნიშნავს, რომ მის უკან ხელისუფლება დგას. არ მინდა მჯეროდეს, რომ ასეა, მაგრამ დამნაშავე გამოვლენილი არ არის და ეს მაძლევს ლოგიკური ეჭვის საფუძველს, ვიფიქრო, რომ ფირი ხელისუფლებამ გაავრცელა... რასაც ვაკეთებ, გულწრფელად ვაკეთებ ჩემი ენერგიისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, თავგანწირვის ფასად. მეტის გაკეთება შეუძლებელია. ხვალ რა იქნება, მხოლოდ უფალმა იცის და მე მივყვები იმ გზას, რაც ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება. წარმოუდგენელი ბინძური კამპანიისა და თავდასხმების სამიზნე გავხდი, ჩემი მორალურად განადგურება გადაწყვიტეს, რადგან გუნდს არასწორი მართვის გამო დავუპირისპირდი. არ ვიცი, კიდევ რა ბინძურ მეთოდებს გამოიყენებენ. სააკაშვილი მე და ჩემს ოჯახს ფიზიკურად გვდევნიდა, “ოცნება” კი მორალურად ცდილობს ჩემს განადგურებას” - დასძენს დეპუტატი.