ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2019

ლარის კურსი კბილებით უჭირავთ, ჯერჯერობით მისი გამყარება გამორიცხულია

მზად არის თუ არა დასავლეთი საქართველოს დასაცავად - “მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება”

***

ლარის კურსი კბილებით უჭირავთ, ჯერჯერობით მისი გამყარება გამორიცხულია

"ეროვნული ვალუტის პერსპექტივა უახლოეს პერიოდშიც უიმედოა. ლარს უკვე ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც ვერ შველის. სულ ცოტა ხნის წინ სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა, რამაც კურსი საერთოდ ვერ გაამყარა. როგორც ჩანს, მოხერხდა მხოლოდ მკვეთრი გაუფასურების შეჩერება. წლის ბოლომდე ლარი მეტად აღარ გაუფასურდება, მაგრამ ვერც გამყარებას დაიწყებს. გასათვალისწინებელია ეკონომიკური პარამეტრებიც, კერძოდ, საგადამხდელო ბალანსში დეფიციტი 100 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. 1 კვარტალში დეფიციტი 227 მლნ დოლარი იყო, მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 127 მლნ დოლარი შეადგინა. წესით, ამ პროცესს ლარზე დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა, მაგრამ კურსზე არც ამ ფაქტორმა იმოქმედა. ეს ყველაფერი გვაფიქრებს, რომ ახლო მომავალში კურსის გამყარება რეალურად ძალიან გაძნელდება, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ლარის კურსი კბილებით უჭირავთ, ჯერჯერობით მისი გამყარება გამორიცხულია / "სანამ კურსი დოლართან მიმართებაში 3,0-იან ნიშნულამდე არ აიყვანეს და 40 მილიონი ქარს არ გაატანეს, ყური არ შეიბერტყეს"

"თუმცა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს სჯერა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, „ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“. მისი აზრით, ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა, რომ ლარის გამყარებაზე ვიფიქროთ. "ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე ლარი დაიწყებს გამყარებას. როდესაც ამას ვამბობთ ყველა ელოდება რომ ეს პროცესი დღეებსა და კვირებში მოხდება, თუმცა, სამწუხაროდ ეს ასე არაა, ამას როგორც წესი, რამდენიმე თვე სჭირდება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მოლოდინი და პროგნოზი ლარის მიმართ არის პოზიტიური,“ - განაცხადა მაჭავარიანმა. იგივეს ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც, რომლის შეფასებითაც კურსთან დაკავშირებით არაფერი ხდება ისეთი, "რასაც მთავრობა ვერ მოუვლის", - აღნიშნავს გამოცემა.

"ნათია თურნავას თქმით, ახლახანს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა გამოქვეყნდა და აგვისტოში საკმაოდ მაღალი, 5.8%-იანი ზრდა აღინიშნა, ხოლო 8 თვეში არის 5%-იანი ზრდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური პრობლემები ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად არ აქვს და პირიქით, ეს იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდეს". "ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დრო და დრო არის გამოწვევა განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვინც დამოკიდებულია უფრო მეტად დოლარზე თუმცა, მათი რიცხვიც ნელ-ნელა იკლებს დედოლარიზაციის პროცესით. არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს. აქედან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გამყარების ტენდენცია დაიწყო", - განაცხადა თურნავამ. ფინანსისტების პროგნოზი კი საპირისპირო და შეიძლება ითქვას, უიმედოა. ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები დაგვიანებულია და შედეგს ვერ მოიტანს. ფინანსისტ ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარი გაუფასურებისკენ არის განწირული. თვეების წინ ვაფრთხილებდით ეროვნულ ბანკს, რომ ლარის გასამყარებლად შესაბამისი ზომები მიეღო, თუმცა სანამ კურსი დოლართან მიმართებაში არ აიყვანეს 3,0-იან ნიშნულამდე და სარეზერვო თანხების კიდევ 40 მილიონი არ გაატანეს ქარს, არ შეიმჩნიეს. აი, ესაა არასწორი რეგულაციები და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. სამწუაროდ, ეროვნულ ბანკს კადრებიც ასევე ნაკლებკვალიფიციური ჰყავს”, - განაგრძობს გამოცემა.

"მთავრობას და სებ-ს ლარის შველა თუ უნდათ, სასწრაფოდ საფონდო ბაზარი უნდა გამოაცოცხლონ. ამ ბაზარს დღეს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს, რაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. დამოუკიდებელ ბაზრად ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და მცირე მეწარმეობას ამით ხელი შეეწყობა. მთავრობამაც მცირე მეურნეობების განვითარებაზე უნდა იზრუნოს, რადგან იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს. მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტზე, მარტო ბოსტნეული რომ ავიღოთ, 80% ახლო ქვეყნებიდან არის იმპორტირებული, რაც საგანგაშოა. რაც შეეხება უშუალოდ კურსს, თუ არ გადაიდგმევა ნაბიჯები და არ შექმნიან დადებით მოლოდინს, ლარის გაუფასურებისთვის არის განწირული. ნოემბრის ბოლოს კურსი, ალბათ 2,85-მდე ჩამოვა, ესეც იმპორტის შემცირების ხარჯზე, ექსპორტის ზრდას თუ ჩავხედავთ, მადნეულებზე მოდის, რაც ეკონომიკაში დადებით მოლოდინს ვერ ჩამოაყალიბებს. რეალური უმუშევრობა მაღალია, თუმცა ოფიციალური სტატისტიკა გაუმჯობესებულია. ამას ენდობა სებ-ი და დაგვიანებით იღებს გადაწყვეტილებებს. ინტერვენციები გაცილებით ადრე უნდა განეხორციელებინათ და ყოველკვირეულად, სულ მცირე, 6-7 მლნ დოლარის ფარგლებში გამოეტანათ გასაყიდად, რაც არ გააკეთეს და საბოლოოდ ეროვნული ვალუტა გაწირეს", - განუცხადა შენგელიამ "ბიზნეს-რეზონანსს", - დასძენს გამოცემა.

"ლარის კურსის პერსპექტივას უიმედოდ მიიჩნევს "ფიემსის" კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი ხიშტოვანი. ახლა ეკონომიკური პარამეტრების მიღმა დარჩენილ ლარს ინტერვენციებითაც ვეღარ შველიან, ამიტომ წლის ბოლომდე კურსი ვერ გამყარდება, თუმცა გაუფასურების პროცესს შეაჩერებენ. ,,დღესდღეობით ყველა ეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია - გზავნილების მოცულობა მატულობს, ტურიზმის სფეროშიც ზრდაა, იმპორტი შემცირდა. სამივე ეს ფაქტორი ქმნის წინაპირობას, რომ კურსი გამყარდეს, მაგრამ ასე არ ხდება. შესაბამისად, მოლოდინიც ნეგატიურია, რაც გვაფიქრებს, რომ წლის ბოლომდე ლარს ვერ გაამყარებენ. ამჟამინდელი კურსი შენარჩუნდება, მეტად აღარ გაუფასურდება ლარი, მაგრამ ვერც გამყარებას დაიწყებს. მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაშიც, მაგრამ სავალუტო კრიზისი მაინც გრძელდებოდა. ბოლო დროს ყველაფერი გააკეთეს, რომ კურსი 3,0-იან ნიშნულს არ გასცდენოდა. ეს საფრთხე იყო, მაგრამ პროცესი შეაჩერეს. სამომავლოდაც, კურსს თუკი დაბლა ვერ ჩამოსწევენ, ინტერვენციების გამეორება მოუწევთ, მაგრამ საეჭვოა, ამან მდგომარეობა შეცვალოს", - აღნიშნავს ხიშტოვანი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

მზად არის თუ არა დასავლეთი საქართველოს დასაცავად - “მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება”

“რუსეთის ზეწოლა საქართველოზე განსაკუთრებით ბოლო ხანს პერმანენტულ ხასიათს ატარებს, ისინი საქართველოში ყველა მიმართულებით გააქტიურდნენ, ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესს დაუბრკოლებლად აგრძელებენ, განსაკუთრებით აქტიურობს რუსული რბილი ძალა, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ საქართველო მოექცეს ისეთ ჩიხში, რომ საგარეო პოლიტიკა შეცვალოს, ან დღეს საკმარისად აქტიურია თუ არა დასავლეთი იმისთვის, რომ დაიცვას საქართველოს გეოსტრატეგიული მისწრაფებები”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მზად არის თუ არა დასავლეთი საქართველოს დასაცავად - “მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება”

"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღეს დასავლეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება. თვითონ დასავლეთში დღეს საკმაოდ რთული სიტუაციაა, რაც ჩვენთვისაც გეოპოლიტიკურად რთულია, ტრამპის ბოლო საკითხი, რომელიც შეეხებოდა უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირებას, ამით მან თავის თავს გამოუტანა ფაქტიურად განაჩენი, რაც მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი გახდა. ამას დაემატა ტრამპის სხვა განცხადებებიც, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ აშშ გადადის ნეოიზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ნაკლებად აინტერესებთ, როგორ განვითარდება სიტუაცია სხვა ქვეყნებში. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე პრაგმატული გეოპოლიტიკური კურსი აირჩია -იგივე კურტ ვოლკერის გადაყენება, კიდევ სხვა ფაქტორები მიუთითებენ იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის გავლენა გლობალურ დონეზე შემცირდება, უკვე მცირდება კიდეც”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ევროკავშირს თავის პრობლემა აქვს, ბრიტანეთშიც საკმაოდ არაორდინალური სიტუაციაა, ამიტომ, აქედან გამომდინარე, დღეს არის ის პირობები, როდესაც ყველა თავის თავშია ჩაკეტილი. ტრამპის ალგორითმი, რომელიც იყო კლასიკური ცივი ომის პერიოდში, დასავლეთის კოლექტიური მცდელობა შეეკავებინათ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი და აგრესია, დღეს ვერ ხერხდება, ფაქტობრივად დღეს მულტიპოლარული სამყაროა, სადაც გამოიკვეთა სამი გლობალური გავლენის ცენტრი - აშშ, ჩინეთი და რუსეთი და ამ მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგში ხდება შეზღუდული, ახალი ცივი ომის განვითარება, აშშ უპირისპირდება რუსეთს და ასევე ჩინეთს, ჩვენ ცოტა არაორდინალურ სხვა განზომილებაში ვართ, ზუსტად ამ ფონზე გადავიდა საკითხი იმაზე, რომ ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. როდესაც ამერიკის ადმინისტრაციამ 400-მლნ დოლარიანი სამხედრო დახმარება შეაჩერა იმის გამო, რომ ზელენსკისთან იყო ვაჭრობა ბაიდენთან დაკავშირებით, სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები ავითარებს რუსულ გეოპოლიტიკურ და ჰეგემონურ ამბიციებს, კრემლი ასეთ ვითარებაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ და ლოკალურ დონეებზე, რა თქმა უნდა ამის შედეგად გაიზარდა ზეწოლა საქართველოზე და ეს ჩვენ უკვე ვიგრძენით", - განაცხადა ექსპერტმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, რუსეთი უკვე დაუფარავად მოქმედებს, გააუქმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რაც მთავარი მიზეზი გახდა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრისა. ის აბსოლუტურად ღიად მოქმედებს, დაწყებული ხისტი ძალიდან, იგივე ჩორჩანაში და სხვაგან გამოყენებული რეალური სამხედრო დაპირისპირება, ჰიბრიდული ომის პირდაპირი წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მან ფაქტობრივად გააუქმა აბაშიძე-კარასინის ფორმატი. კარასინი ფაქტიურად გაგდებულ იქნა და ერთგვარი ულტიმატუმი წამოაყენა, როგორც ჩანს ეს გახდა მთავარი საბაბი, რომ მოხდა ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა გაეროს ფარგლებში, რომ შემდგომში შექმნილიყო რაიმე ორმხრივი ფორმატი, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკება. ასე რომ, დღეს სიტუაცია სამწუხაროდ ჩვენს საპირისპიროდ მოქმედებს",-განაცხადა მან. მაისაია ამბობს, რომ თუ აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი მეორე ვადით მოვიდა, ისევ იგივე კურსს გააგრძელებს, როგორიც ახლაა. მსოფლიო წესრიგი კარდინალურად იცვლება, აშშ რამდენად წავა თავის ნეოიზოლაციონისტური პოლიტიკური კურსის წიაღში, ესაც მნიშვნელოვანია, იმედია ჯო ბაიდენი გაცილებით უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ახლა ტრამპია, თუ ტრამპი მეორე საპრეზიდენტი ვადით მოვიდა, ეს კურსი კიდევ უფრო გაგრძელდება, მოგეხსენებათ, ტრამპმა ბოლო ხანს რუსეთთან ტონი შეარბილა, ეს გამოიკვეთება იგივე ტრამპის განცხადებაში რუსეთის დიდ რვიანში დაბრუნების თაობაზე, ასევე, უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე”, - დასძენს გამოცემა.

"ეს საქართველოსთვის გარკვეულწილად უკვე ცუდ ფონს და რთულ გარემოებას ქმნის, რომელიც რა თქმა უნდა ფაქტიურად ჩვენს საგარეო კურსზეც აისახება. დღეს ის ტენდენციები შეინიშება, რომ მსოფლიოში „ყველამ თავის თავს მიხედოს" პოლიტიკაა", - განაცხადა მაისაიამ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოში დღეს განსაკუთრებით აქტიურობს სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, აქტიურია ოკუპანტების მოძრაობა, ისინი სოფლის ტყეში გზას კაფავენ, ჩორჩანაში მიმავალ გზაზე საინჟინრო ტექნიკა აქტიურად გადაადგილდება, რამდენიმე დღის წინ სოფლის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავიც შენიშნეს, ამ თემაზე ქართული მხარის მიერ ოფიციალური მკვეთრი განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა. ოკუპანტები თავიანთი შედგენილი რუკებით მოქმედებენ, სადაც მოქცეულია მთლიანად ყაზბეგის რაიონი და ავტობანის 40 კმ-იანი მონაკვეთი. რაც არ დაკარგულა 2008 წლის ომის შედეგად, იმას ახლა უპრობლემოდ იფორმებენ და ხედავენ, რომ საზოგადოება და ხელისუფლება ამ პრობლემაზე ფაქტიურად არ რეაგირებს, ეს რუსებისთვის სიგნალია, რომ შეუძლიათ უპრობლემოდ გააგრძელონ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია", - განაცხადა „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს