ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2019

"უცნაურია...ნიუ-იორკის შეხვედრას რაღაც გავლენა უნდა მოეხდინა,“ - ზაქარეიშვილი

"არ გაბედონ დაჯარიმება...“ - ჩხარტიშვილი ტაქსისტების "აჯანყებას“ აანონსებს

***

"უცნაურია...ნიუ-იორკის შეხვედრას რაღაც გავლენა უნდა მოეხდინა,“ - ზაქარეიშვილი

“ცოტა უცნაურია ერგნეთის შეხვედრა ასეთი შედეგით რომ დასრულდა. ნიუ იორკის შეხვედრას რაღაც გავლენა უნდა მოეხდინა," - აცხადებს "რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთში ქართული და ოსური მხარის მორიგი უშედეგო შეხვედრის შესახებ საუბრისას. ერგნეთში რიგით მეხუთე ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. განსახილველი თემა ჩორჩანა-წნელისის ტყის მონაკვეთზე განთავსებული საგუშაგოები იყო. საქართველოს ხელისუფლებამ 30 აგვისტოს ჩორჩანის ტყეში საპოლიციო საგუშაგო განათავსა, რასაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. ოსურმა მხარემ საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვეს, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, საგუშაგოს დემონტაჟს არ აპირებენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "უცნაურია...ნიუ-იორკის შეხვედრას რაღაც გავლენა უნდა მოეხდინა,“ - ზაქარეიშვილი

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა, ცხინვალის წარმომადგენელთა ხისტი პოზიციის გამო, კონსტუქციული დიალოგის წარმართვა ვერ მოხერხდა. პაატა ზაქარეიშვილი ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად შეთანხმების მიღწევაში ხედავს. მისი განცხადებით, გარკვეული გზა უნდა მოინახოს იმისათვის, რომ ვითარება კვლავ უცვლელი არ დარჩეს. ორივე მხარემ უნდა გადახედოს პოზიციებს და შეჯერდნენ, როგორ იპოვონ საერთო გამოსავალი, თუმცა, ალბათ მოსკოვმა უნდა უკარნახოს ცხინვალს რაღაც ნაბიჯების გადადგმა. ალბათ ქართველებს და ოსებს აწყობთ ის, რაც ხდება - ასეთი გაურკვეველი და დაძაბული ვითარება. როგორც ჩანს, ამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას აპირებენ. ვნახოთ მოსკოვი რას მოიმოქმედებს, მასზეა დამოკიდებული მხარეები რა შედეგებზე გავლენ”, - არნიშნავს გამოცემა.

“საჭიროა ორმხრივი გადაწყვეტილება; თავისთავად საინტერესოა რაზე ილაპარაკეს ზალკანიანმა და ლავროვმა. ისინი აუცილებლად შეეხებოდნენ „გამყოფი ხაზის" პრობლემას, როგორც მავთულხლართებს, ისე წნელისთან დაკავშირებით არსებულ დაძაბულობას. ვითარება სტაბილურია, არც რთულდება და არც განიმუხტება. შეიძლება ასე გაგრძელდეს დიდი ხანი. ეს არავის აწყობს, ან შეიძლება ვიღაცას აწყობდეს; დარჩეს ერთი ქართული საგუშაგო, ორი თუ სამი - ოსური," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, 2 ოქტომბერს აღარ შედგება გეგმური ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა, რადგან მონაწილეობაზე უარი ცხინვალის მხარემ განაცხადა. საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებათა ფორმატში გაგრძელდება, რომელიც ჟენევაში მომავალ კვირაშია დანიშნული”, - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება ახალგორის ე.წ. საზღვრების ჩაკეტვას, ირაკლი ანთაძის თქმით, ამ თემას ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვდერაზეც ისაუბრეს; მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან, ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს დაუკავშირეს. ამაზე ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. თუმცა, მეორე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია არც ამ საკითხში ჰქონია. ცნობისათვის, საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო”, - წერს სტატიის ავტორი.

"არ გაბედონ დაჯარიმება...“ - ჩხარტიშვილი ტაქსისტების "აჯანყებას“ აანონსებს

"კატეგორიულად ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ მძღოლების დევნა და დაჯარიმების მცდელობა. 100 ათასი ადამიანის მშივრებად დატოვებას ჩვენ მძღოლებთან ერთად მშვიდად არ შევეგუებით და ეს მათ არ გაუვათ. ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეგულაციას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არ გაბედონ დაჯარიმება...“ - ჩხარტიშვილი ტაქსისტების "აჯანყებას“ აანონსებს

"ტაქსების კატეგორიებად დაყოფის მეორე ეტაპი ძალაში დღეიდან შევიდა. მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ გარკვეული პრივილეგიებით, ხოლო რეგულაციის მიხედვით, დანარჩენი ფერის ტაქსებს ეზღუდებათ სატაქსე ნიშნით გადაადგილება და მგზავრების ქუჩიდან აყვანა. რეალურად რომ ვთქვათ, ტაქსების რეფორმა ჩავარდა. თვითონ მერია ადასტურებს, რომ რეალურად გადაღებილია არაუმეტეს ტაქსების 10%-სა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ვერ უნდა გაბედონ და ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ დანარჩენი 90%-ის ტაქსის მძღოლების დევნა და დაჯარიმება, იმიტომ, რომ 25 ათასზე მეტი ტაქსის და მათი მძღოლის დევნა ნიშნავს მათი ოჯახების წევრი 100 ათასი ადამიანის მშივრად დატოვებას და ამას არ შეეგუებიან არც მძღოლები და არც ჩვენ, ლეიბორისტები, როგორც მათი მთავარი მხარდამჭერი ძალა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუკი ისინი გაბედავენ ამას ჩვენ ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება . რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ტაქსის მძღოლებთან ერთად საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ავტო-საპროტესტო კოლონა დავძარით და ივანიშვილსა და კალაძეს ვანახეთ რამხელა ძალაა ტაქსების მძღოლებში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კეთილგონიერება ეყოფა კალაძე-ივანიშვილს და სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობაზე ხელს აიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან მძიმედ დაუჯდებათ მათ და სავარაუდოდ ხელისუფლების ნაადრევ დაკარგვადაც კი, იმიტომ, რომ ამხელა საზოგადოებრივ თემასთან ჭიდაობა მათ ნამდვილად არ გამოუვათ. გამორიცხულია, რომ ადამიანები შიმშილით სიკვდილს წყნარად შეეგუონ. აქედან გამომდინარე, ეს ტაქსებიც ივლიან ქალაქში და მერიას მოვუწოდებ, რომ არ გაბედონ მათზე ნადირობა", - განაცხადა ჩხარტიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.