ქართული პრესის მიმოხილვა 03.10. 2019

არჩილ გამზარდია - “ოცნების” მმართველობის შვიდი წელი საერთო ჯამში ძალიან წარუმატებელი და ანტიხალხოსნურია”

დედაქალაქიდან ტაქსები გაქრა, მგზავრობა კი გაძვირდა

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N10, ოქტომბერი) მიმოხილვა

* * *

არჩილ გამზარდია - “ოცნების” მმართველობის შვიდი წელი საერთო ჯამში ძალიან წარუმატებელი და ანტიხალხოსნურია”

"რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რეგიონებში ეს ვიზიტები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, როგორც ჩანს პარტიულ წარმომადგენლებს ხვდება, შესაძლოა სიის ფორმირებაზეც მუშაობდეს, ასევე ადგილობრივ აგიტაციის რეჟიმშიც იყოს. ერთი რამეა აქ საინტერესო, რომ ის ცდილობს უკვე პირადად გაუწიოს ადმინისტრირება იმ პროცესს, რასაც ადრე სხვები აკეთებდნენ-ხოლმე, ივანიშვილი უკვე საკმარისად აღარ ენდობა მის გვერდით მყოფი ადამიანების გარკვეულ ნაწილს და მიაჩნია, რომ უკვე პირადად უნდა იმუშაოს ამ პროცესში”, - აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გამზარდია ამბობს, რომ „ოცნებას“ ახლა არც ერთი სისტემური წარმატება არ გააჩნია".

“ზოგადად წინასაარჩევნო მზადება პოლიტიკურ სუბიექტს მუდმივად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ივანიშვილი რასაც ახლა ახორციელებს, ეს არა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმაა, არამედ პარტიული სტრუქტურების ფორმალური მართვის, დავალებების გაცემის გაცნობის, ასეც გარკვეულწილად წინასაარჩევნო მუშაობაა, მაგრამ ტიპიური წინასაარჩევნო კამპანიად ეს არ ითვლება... “ქართულ ოცნებას" პირველი სამი წლის განმავლობაში ჰქონდა მკვეთრი პოზიტიური პროცესები, აღმასვლები, რომელიც თანდათან უკან-უკან წავიდა, პრაქტიკულად “ოცნებას” ახლა არც ერთი სისტემური წარმატება არ გააჩნია, მათ გარკვეული პოზიტიური ფრაგმენტები აქვთ, უფრო პროგრამები, რომლებიც საერთო ჯამში არც სისტემაზე და არც სახელმწიფოზე არ მოქმედებს, საერთო ჯამში მათი მმართველობის შვიდი წელი ძალიან წარუმატებელია, ანტიხალხოსნურია, თითოეული მოქალაქისთვის ბევრად დამძიმებული გარემოთ და ცხოვრებით, თუმცა სხვადასხვა ინსტრუმენტის და მექანიზმის წყალობით კვლავ ახერხებს მმართველი პარტიის სტატუსის შენარჩუნებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

“რაც შეეხება ლავროვი-ზალკალიანის შეხვერდას, თეორიულად დისკომუნიკაციას ბევრად სჯობს კომუნიკაცია, თუმცა თეორიულ მხარეს მაშინ აქვს დადებითი პერსპექტივა, როდესაც მხარეები თანაბრად არიან დაინტერესებულები კონფლიქტის მოგვარებაში, როდესაც ერთი მხარე თავისი სტატუსის შეცვლას არ აპირებს და მხოლოდ მეორე მხარეა დაინტერესებული, ამ შეხვედრების ეფექტი ფუჭია, შესაბამისად ეს კომუნიკაციები ჩვენს საწინააღმდეგოდ ტრიალდება იმიტომ, რომ საერთო ჯამში ისევ ჩვენდამი ცინიზმის გამოხატულებად დარჩა, იმას კი არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეხვედრა ვისი ინიციატივით მოხდა, რუსულ მხარეს არაფრის გადახედვა არ უნდა, ამიტომ ამ ეტაპზე კონსერვაციის გარდა სხვა მექანიზმი არ რჩება. “ქართული ოცნება”და გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები მაინც ცდილობენ რუსულ მხარესთან ურთიერთობას, და როდესაც იცი, რომ არანაირი პერპექტივა ამ შეხვედრებს არ ექნება და მაინც ხვდები, მერე თავისთავად საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ასეთი შეხვედრები კერძო ინტერესების შემცველი ხომ არაა”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, უნდა გააძლიეროს თუ არა დასავლეთმა რეაქცია ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად?” - პასუხობს:

“რას ვითხოვთ დასავლეთისგან, რომ საქართველო აღმოჩნდეს პატარა ბალკანეთი, რომლის გამო თავის დროზე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო? ახლა საქართველომ იტვირთოს ეგ მისია? ჩვენ არასწორი წინასწარგანწყობა ისევ ჩვენს წინააღმდეგაა მიმართული, დასავლეთი ცდილობს, რომ ჩვენი მხარდაჭერა გააძლიეროს, ცდილობს სახელმწიფო უფრო ძლიერი გახადოს და მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული “მმართველობების” თუ იქ მაცხოვრებლებისთვის უფრო მიმზიდველი სახელმწიფო გახადოს, ჩვენ რომ არ მივყვებით ამ პრინციპებს და რომ არ ვიყენებთ დასავლეთის მხადაჭერას ისე, როგორც საჭიროა, ადგილობრივ მანკიერებებს უფრო წინა პლანზე ვაყენებთ, ეს სხვა საკითხია. რაც დასავლეთს შეუძლია გააკეთოს, იმას აკეთებს, უბრალოდ ჩვენ არასწორ მოთხოვნებს ვუყენებთ. ჩვენ იმასაც კი ვერ ვიყენებთ ეფექტურად, რასაც დასავლეთისგან ვიღებთ, ხაზს ვუსვამ ჩვენს განვითარებაზე ორიენტირებულ მხარდაჭრას, და რასაც ვითხოვთ ის რომ მოხდეს, ჩემი აზრით შეუძლებელია”...

დედაქალაქიდან ტაქსები გაქრა, მგზავრობა კი გაძვირდა

“თბილისის მერიის ახალმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც ქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაონ, მომსახურების გაძვირება გამოიწვია. უკვე 2 დღეა დედაქალაქში ტაქსები მკვეთრად შემცირებულია, რის შედეგადაც მგზავრობის ტარიფმა მკვეთრად მოიმატა. თავად ავტომობილების რაოდენობამ კი იკლო. ამის გამო, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს და ტაქსით მგზავრობას უფრო მეტად გაურბის. პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული გამოძახებული ტაქსის ტარიფი დაახლოებით 2 ლარით გაიზარდა, ქუჩაში მოძრავის კი უფრო მეტით. ამიტომ რეგულაციების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა სხვადასხვა გზებს მიმართეს - “გირჩის” ლიდერი ზურაბ ფაჯარიძე ორი დღის წინ, რეგულაციების დარღვევისთვის მიზანმიმართულად გადაადგილდებოდა ფერადი ტაქსით, რის გამოც 200 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობაზე 20 ქულა ჩამოაკლეს...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დედაქალაქიდან ტაქსები გაქრა, მგზავრობა კი გაძვირდა / კომპანიები შეკვეთებს ვერ აუდიან, ხშირად გამოძახებული ტაქსი მგზავრებთან საერთოდ არ მიდის.

“ბოლო პერიოდში ტაქსებზე მოთხოვნამ მოიმატა, რადგან რეალურად ფერად ტაქსებს აღარ შეუძლიათ ქუჩებში სიარული და კლიენტის აყვანა. შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის გამო, ტარიფიც გაიზარდა. სულ უფრო მეტად იმატა იმ ხალხის რაოდენობამაც, რომელიც ტაქსებს ქუჩაში აჩერებენ, რადგან გადატვირთულობის გამო გამოძახებული ტაქსი ხშირად ვერ მიდის დაშნულების ადგილას. ტაქსისტი თემურ ბილიხოძე “რეზონანსს” უყვება, რომ სხვადასხვა ფერის ტაქსები, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ქუჩაში მყოფ კლიენტებზე მუშაობდნენ, ბოლო ორი დღის განმვალობაში მასობრივად მიაწყდნენ სატაქსო კომპანიებს და იქ რეგისტრირდებიან, რომ მუშაობა შეძლონ. “საბოლოო ჯამში, მომავალში, ალბათ, ესეც აიკრძალება და უკვე თეთრი ავტომობილის გარდა, არც ერთი სხვა ფერის მანქანას აღარ შეეძლება, თუნდაც გამოძახებაზე კლიენტთან მისვლა”, - აცხადებს თემურ ბილიხოძე და დასძენს, რომ მერიის რეგულაცია სულაც არ არის ურიგო, რადგან ამ სფეროში მდგომარეობა ბოლოს და ბოლოს უნდა მოწესრიგდეს. გარდა ამისა, ტაქსისტების ნაწილი გაკვირვებულია, თუ რატომ არ ისარგებლეს ფერადი მანქანების მფლობელებმა მერიის ტაქსის გადაღებვის ვაუჩერით და შეღავათით. ამან ქალაქში პრობლემები შექმნა. გადატვირთულობის გამო სატაქსო კომპანიების, ხშირ შემთხვევაში, კლიენტთან მისვლას აგვიანებენ ან საერთოდ არ მიდიან. კომპანიების ნაწილი უარყოფს ფასის გაზრდას, თუმცა რეალურად მომახმარებელს სხვა სიტუაცია ხვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვითარება ჯერ არ შეცვლილა, ვმუშაობთ ამ საკითზე”, - გააცხადეს “რენოტაქსში”, თუმცა არ ამბობენ აპირებენ თუ არა ტარიფის გაზრდას. გაძვირებული მგზავრობის გამო, მოსახლეობა უკმაყოფილებას სულ უფრო მეტად გამოხატავს. ისინი ადასტურებენ, რომ ტაქსის გამოძახებას გაურბიან, რადგან ფასმა მკვეთრად მოიმატა. ტაქსის ხშირი მომხმარებელი თათია ჭყონია ამბობს, რომ კონკრეტულ მიმამართზე გადასახადი დაახლოებით 2 ლარითაა გაზრდილი. პრობლემებია გამოძახებაზეც, რადგან სატაქსო კომპანიის ავტომობილები მისამართზე, ძირითადად, აგვიანებენ ანდა საერთოდ არ მიდიან. “კონკრეტულ მისამართზე ადრე თუ ვიხდიდი 9 ლარს ახლა ტარიფი 11 ან 12 ლარია. გარდა ამისა, ქალაქში ტაქსების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. ეს, რა თქმა უნდა, გადასახადის გაზრდას ხელს უწყობს. რაც შეეხება სატაქსო კომპანიებს, გაზრდილი გადასახადის მიუხედავად, ხშირად აგვიანებენ ან დანიშნულ მისამართზე საერთოდ არ მოდიან”, - თქვა თათია ჭყონიამ. რეგულაციებმა ბაზარზე უარყოფითი ეფექტი მოახდინა. “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტის განვითარების ერთადერთი გზა კერძო ინვესტიციების მოზიდვაა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ტაქსის რეგულაციები ბაზარზე უარყოფითად აისახა. ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში კარგად ჩანს რა მდგომარეობაა და რა შედეგი მივიღეთ თბილისის მერიისგან, რასაც ტაქსების რეფორმა ჰქვია. ამით ტაქსის მძღოლებს და მომხმარებელს ბარიერები შეექმნათ. ახლა ამ სფეროს განვითარების ერთადერთი გზა არის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. ამისთვის კი საჭიროა ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნა. თბილისის მერიას რეკომენდაციები შევთავაზეთ, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციას განახორციელებდენ, ანუ შეიძენდნენ ახალ ავტომობილებს, გადაამზადებდნენ მძღოლებს და ა.შ., გაეთავისუფლებინათ 10 წლით სახელმწიფო გადასახადებიდან. ეს მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებდა და დღეს ათობით მსხვილი კერძო კომპანია გვეყოლებოდა. დღევანდელი შედეგი კატასტროფულია. ის თეთრი ავტომობილები, რომლებიც ქუჩაში მოძრაობენ, ტექნიკურად გაუმართავია და მძღოლები კი ისევ მოუწესრიგებლები. ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობდა, ისევ არსებობს. მხოლოდ თეთრი ავტომობილი მივიღეთ. ქუჩაში იმდენი ტაქსი მოძრაობდა და აპლიკაციას იმდენი ადამიანი იყენებდა, რამდენიც მოთხოვნა იყო. ამ რეგულაციებმა მოთხოვნის ბალანსი დაარღვია და ახლა უფრო მეტია მოთხოვნა, ვიდრე ტაქსი დადის. აპლიკაციაზეც უფრო დიდია შეკვეთები, ვიდრე მომსახურება - გარკვეული პერიოდი, რა თქმა უნდა, ვითარება იქნება არასახარბიელო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვასო ურუშაძე.

“ტაქსის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლს 200-ლარიანი ჯარიმა ემუქრება. თუმცა, როგორც გუშინ დღის ბოლოს გაირკვა პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმებს გაუუქმებენ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს. ინფორმაცია უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” (N10, ოქტომბერი) მიმოხილვა

რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს აიარაღებს / რას უპირებს პუტინი აფხაზების “არმიას” / ამერიკულმა სადესანტო კატამარანმა ღუზა ფოთის ნაცვლად ოდესის პორტში ჩაუშვა / სათაურით ქართველ და თურქ მესაზღვრეთა ერთობლივი სწავლება / როგორ მოიპარეს ამერიკელებმა თბილისური `იაკი~ / აფხაზეთის დაკარგვიდან 26 წელი გავიდა...

“23 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ, აფხაზ სეპარტისტთა სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, არმიის გენერალი მირაბ ქიშმარია მიიღო. შეხვედრაზე გენერლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციის დაფინანსებაზე. როგორც ცნობილია, 2015 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-აფხაზეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნაზე. დაჯგუფებაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების გუდაუთის მე-7 ბაზასთან გაერთიანდებიან აფხაზ სეპარატისტთა არმიის ორი მოტომსროლელი ბატალიონი, სპეცდანიშნულების რაზმი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, რაც დაახლოებით 1500-1600 ჯარისკაცი და ოფიცერია. დაჯგუფება ერთიანი სარდლობით იმოქმედებს და საბრძოლო მომზადებას რუსული სამხედრო წესდებებით გაივლის. ფაქტობრივად, აფხაზური სამხედრო ნაწილები რუსეთის კონტროლქვეშ გადადიან და იწყება რუსეთის არმიასთან მიერთება, რომელიც ისედაც რამდენიმე მიმართულებით უკვე მიმდინარეობს და ერთ-ერთია ოფიცერთა მომზადება”, - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N10, ოქტომბერი, 2019) სტატიაში სათაურით რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს აიარაღებს.

“აფხაზური ფორმირებებისთვის უმცროს ოფიცრებს სოხუმის საერთო-საჯარისო სამეთაურო უმაღლესი სასწავლებელი ამზადებს და წელიწადში საშუალოდ ორ ათეულ ლეიტენანტს უშვებს, როცა აფხაზეთიდან ყოველწლიურად რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში 50-60 ახალგაზრდა იგზავნება. ბოლო მონაცემებით, რუსეთში სასწავლებლად სულ 400-ზე მეტი აფხაზია გაგზავნილი, საიდანაც 200-ზე მეტმა სწავლა დაასრულა და ახლა მსახურობს. შეიძლება ითქვას, აფხაზეთის არმია 2-3 წელიწადში მთლიანად რუსეთში მომზადებული ოფიცრებით იქნება დაკომპლექტებული. აფხაზ სეპარატისტთა არმიის გენერალური შტაბის უფროსისა და იმავდროულად თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის 1-ლი მოადგილის თანამდებობა ყოველთვის რუს გენერალს უკავია. 2018 წლის აგვისტოდან ამ მოვალეობას ასრულებს გენერალ-მაიორი ვასილი ლუნევი, რომელმაც გენერალ-მაიორი ანატოლი ხრულიოვი შეცვალა. ეს უკანასკნელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 58-ე არმიის სარდალი იყო და ქართული არტილერიის დაბომბვისას დაიჭრა. გენერალ ვასილი ლუნევს ერთობ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. პერმის ოლქის სამხედრო კომისარი 2008 წლის თებერვალში სეპარატისტული ცხინვალის სამხედრო უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა და გენერალ ანატოლი ხრულიოვის დაჭრის შემდეგ 58-ე არმიის ოპერაციებს ის ხელმძღვანელობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“2015 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებამდე სოხუმისა და მოსკოვის ერთობლივი ღონისძიებები 9 მაისისა (ფაშისტურ გერმანიასთან ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღე) და 30 სექტემბრის (აფხაზეთის ომში “გამარჯვების” დღე) გაერთიანებულ სამხედრო აღლუმებში გამოიხატებოდა. რუსეთის დუმაში შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ ერთობლივ აღლუმებს ერთობლივი სწავლებები დაემატა, თანაც სწავლებების მასშტაბი და რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. პირველი ერთობლივი სწავლება 2017 წლის ივლისში წებელდის პოლიგონზე სეპარატისტთა ცალკეულმა მოტომსროლელმა ბატალიონმა და რუსული საოკუპაციო ჯარების მე-7 ბაზის ერთ-ერთმა დანაყოფმა ტაქტიკურ-სამწყობრო მომზადებაში ჩაატარეს. 2018 წლის სექტემბერში აფხაზ სეპარატისტთა და რუსული საოკუპაციო ჯარების ათასზე მეტმა სამხედრომ სანაპირო ზოლის სახმელეთო-საჰაერო თავდაცვაში ერთად ივარჯიშა. წელს აპრილში რუსეთის საოკუპაციო ჯარებისა და აფხაზ სეპარატისტთა 3 ათასამდე სამხედრომ საბრძოლო ტექნიკის 400-მდე ერთეულის გამოყენებით დაამუშავა მთებსა და შავი ზღვის სანაპიროზე ტაქტიკური საჰაერო დესანტის გადასხმის ამოცანები. დესანტირებაში სატრანსპორტო შვეულმფრენები მონაწილეობდნენ, ხოლო ზღვიდან მოქმედებებს შავი ზღვის ფლოტის კორვეტი `პოვორინო~ უზრუნველყოფდა. ასეთი სწავლებები რა მიზანს ემსახურება, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“საბრძოლო მომზადების პარალელურად მიმდინარეობს აფხაზური დანაყოფების გადაიარაღება. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში სეპარატისტთა მოტომსროლელი ბატალიონები ქვეითთა საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტრანსპორტიორებით დაკომპლექტდა. სხვადასხვა წელს რუსეთისგან სეპარატისტებმა მიიღეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “გრადის” დანადგარები, 122 მმ-იანი ჰაუბიცები, 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები, კავშირის საშუალებები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, ავტოტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო დაზგური ყუმბარსატყორცნები, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნები და სხვ. ახალი შეთანხმება სავარაუდოდ აფხაზების საავიაციო ჯგუფის ძველი ტექნიკის განახლებას შეეხება. ამის შემდეგ აფხაზ სეპარატისტთა სამხედრო უწყებას დარჩება საკომენდანტო ასეული, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონი, სოხუმის საერთო-საჯარისო სამეთაურო უმაღლესი სასწავლებელი და რეზერვების მომზადება. სეპარატისტები რეზერვისტთა მომზადებას დიდ ყურადღებას უთმობენ. ტყვარჩელის, ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმის, გუდაუთისა და გაგრის რაიონებში, აგრეთვე ქალაქ სოხუმში რეზერვის თითო ბრიგადაა ჩამოყალიბებული - აფხაზი სეპარატისტები გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას არ ენდობიან, ამიტომ იქ რეზერვის ბრიგადა არ იქმნება”, - დასძენს გამოცემა.

“ოკუპირებული აფხაზეთის “პრეზიდენტად” კვლავ ხაჯიმბას “დანიშვნის” მხარდასაჭერად და ადგილობრივ მოსახლეობაში მისი რეპუტაციის გასაძლიერებლად პუტინს “აფხაზური არმიის” მოდერნიზაცია გაახსენდა. რატომ დასჭირდა რუსეთის პრეზიდენტს, რომელსაც ისედაც ბევრი საფიქრალი აქვს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და სადაზვერვო ხრიკების ჩაფიქრება-შესრულების საიდუმლო საქმეებში, ორათასიანი, ნახევრად რეგულარული აფხაზური “არმიის” პრობლემების გახსენება და მის გაძლიერებაზე ფიქრი? აფხაზური "არმია" რიცხოვნობით ერთ რუსულ მოტომსროლელ ბრიგადასაც ვერ უტოლდება და მისი გაძლიერება-არგაძლიერებით საქართველოს ამ ოკუპირებულ ნაწილში ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში “აღლუმი” აფხაზებს კი არა, არამედ რუსეთის საოკუპაციო ძალებს, მე-7 სამხედრო ბაზის სახით მიჰყავთ”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით რას უპირებს პუტინი აფხაზების “არმიას”.

“მით უმეტეს, 2015 წლის ნოემბერში შეიქმნა “გაერთიანებული დაჯგუფება აფხაზეთში”, რომელშიც რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზის გარდა, შევიდნენ აფხაზი სეპარატისტების “არმიის” ორი ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმი. ამ `გაერთიანების” შემდეგ, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზი სეპარატისტების “არმიის” ლომის წილის `გადაყლაპვად~, რაღა დარჩა სეპარატისტულ სოხუმს, რომ “არმიად” ჩაითვალოს და თანაც მის მოდერნიზაციაზე იფიქროს? კრემლმა “ჩვენებური” სეპარატისტები, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში მეოთხედი საუკუნის განმავლობაში კარგად გამოიყენა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში (მათი გადასროლა არც უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში დავიწყებია), მაგრამ რუს გენერლებს აღარ სჭირდებათ წვერმოშვებული ავტომატიანი ოსებისა და აფხაზების ნაკლებად მართვადი შეიარაღებული რაზმები და მათ “შერწყმას” რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზების შემადგენლობაში იმიტომ ახდენენ, რომ “წვერი გაპარსონ” და მეტად გააკონტროლონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ყოველივე ამის ფონზე ჩნდება მოსაზრება, რომ პუტინის ზრუნვა “აფხაზური არმიის” (რომელიც ერთ რუსულ ბრიგადასაც კი ვერ უტოლდება) მოდერნიზაციაზე, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ნაბიჯი ოკუპირებული აფხაზეთის ახალ “პრეზიდენტად” “არჩეული” ძველი “პრეზიდენტის”, რაულ ხაჯიმბას მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის დასანახავად - ანუ “თქვენ სწორი ნაბიჯი გადადგით, რომ ისევ ხაჯიმბა აირჩიეთ, სამაგიეროდ, რუსეთი თქვენს მხარესაა და ხედავთ, არმიასაც გიძლიერებთო” - დაახლოებით ასეთია ის მესიჯი, რასაც კრემლი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას უგზავნის, რომლის დიდი ნაწილი, ძირითადად, აფხაზები, წინააღმდეგი იყვნენ ხაჯიმბას კანდიდატურის და მხარს მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ალხას კვიწინიას უჭერდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კვიწინიას ხაჯიმბამ, ძირითადად, სომეხი ეროვნების მოსახლეობის ხმებით აჯობა, რამაც აფხაზებსა და სომხებს შორის ურთიერთობა დაძაბა. ხაჯიმბას მეორედ “გაპრეზიდენტება”, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო, გარდაუვალი იყო, რადგან რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თავისი მმართველობის ფაქტობრივად ორი ათეული წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან პოსტზე სპეცსამსახურების კადრებს ნიშნავს.რაულ ხაჯიმბა 1986-92 წლებში ტყვარჩელში საბჭოთა კე-გე-ბეს თანამშრომელი იყო, აფხაზეთის ომის დროს ტყვარჩელში აფხაზების სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, “თავისიანებს არ მიაგდებენ”, - დასძენს გამოცემა.

“უკრაინელი სამხედრო მეზღვაურების დიდი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათ ოდესის პორტს ამერიკული სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდი “იუმა” ეწვია. ამერიკული ხომალდები უკრაინული პორტების ხშირი სტუმრები არიან, მიუხედავად ამისა, მაინც ცოტა უცნაურად ჩანდა, რომ სულ ახლახან, 29 ივნისს, საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე სწორედ “იუმა” შევიდა ოდესის პორტში და რა აუცილებლობამ მოითხოვა სამიოდე თვეში მისი განმეორებითი სტუმრობა? ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ უახლესი მოდელის, თანაც კატამარანის კონსტრუქციის ამერიკული სადესანტო ხომალდის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანი ფოთის პორტში შესვლა გახლდათ, რაც მართლაც ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს მეგობრული ვიზიტი, სამწუხაროდ, არ შედგა, რამაც, ბუნებრივია, ბევრი კითხვა გააჩინა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ამერიკულმა სადესანტო კატამარანმა ღუზა ფოთის ნაცვლად ოდესის პორტში ჩაუშვა.

“ოპოზიციამ მაშინვე სცადა ეს ფაქტი იმით აეხსნა, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად დაბლოკა ამერიკული სამხედრო ხომალდის, რომელსაც კუდში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები “ჩაუდგნენ”, ქართულ პორტში სტუმრობა და ამით კრემლის გული მოიგოო. თავად ფოთის პორტის ხელმძღვანელობამ კი ყველაფერი წმინდა ინფრასტრუქტურული პრობლემებით ახსნა - ფოთის პორტში ნავმისადგომთან მდგარი კონტეინერმზიდი გემის დაცლა ტექნიკური მიზეზების გამო გაჭიანურდა და “იუმას” ეკიპაჟმა ათსაათიანი ლოდინის შემდეგ პორტში შესვლაზე უარი განაცხადა. მიუხედავად კონკრეტული მიზეზის დასახელებისა, რის გამოც პრობლემა წამოიჭრა, მაინც ცოტა უცნაური სიტუაცია იქმნება, რადგან სამხედრო ხომალდების ოფიციალური ვიზიტები დიდი ხნით ადრე თანხმდება და ყველა ნიუანსის გათვალისწინება ხდება, მათ შორის ისეთისაც, რაც წარმოქმნილი პრობლემის მიზეზად დასახელდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ სტატიის ავტორს კარგად ახსოვს პირველი ამერიკული სამხედრო ხომალდის …სტუმრობა ფოთის პორტში ამ ოციოდე წლის წინ და ის მიღებაც რესტორან “ფაზისში”, რაც ამერიკული ეკიპაჟის ხელმძღვანელობას მოუწყვეს, იმის გვეშინოდა, მეორე დღეს ნაბახუსევზე ეკიპაჟს ხომალდი არ ჩაეძირა. მას შემდეგ ფოთის პორტმა ათობით უცხოურ სამხედრო ხომალდის ეკიპაჟს უმასპინძლა და დიდი პრობლემა არასოდეს შექმნილა, ასე რომ, ჩავთვალოთ, “იუმასთან” დაკავშირებული გაუგებრობა წარსულს ჩაჰბარდება და ამ ძალზე საინტერესო კონსტრუქციის ამერიკულ სადესანტო ხომალდს კიდევ ვიხილავთ ფოთის ან ბათუმის პორტებში”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“საქართველო-თურქეთის სახმელეთო სახელმწიფო საზღვარი აჭარაში, სოფელ სარფიდან იწყება და მთავრდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდასთან, 275 კმ სიგრძის საზღვარი მეტწილად მთებში გადის, სადაც ზამთარში დიდი თოვლი და ძლიერი ყინვა იცის. რთული რელიეფის მიუხედავად, სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე არსებობს ისეთი საფრთხეები, როგორიცაა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ტრეფიკინგი, საბაჟო წესების დარღვევა, არალეგალური მიგრაცია. წელს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ზაფხულის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა სხვადასხვა ქვეყნის 96 მოქალაქე. მათ შორის არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, სომხეთის, მაროკოს, ირანის, ერაყის, ავღანეთის, ეგვიპტის მოქალაქეები, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირები. ეს პრობლემა ჩვენს მეზობელ თურქეთსაც აწუხებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით ქართველ და თურქ მესაზღვრეთა ერთობლივი სწავლება.

“2013 წელს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა “სასაზღვრო ქვედანაყოფების წვრთნის ჩატარებისა და მასპინძელი ქვეყნის მიერ დახმარების პირობების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს”. ამ დოკუმენტის საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ სწავლებები საქართველოსა (სასაზღვრო პოლიციის N1 (ბათუმი) და N2 (ახალციხე) სამმართველოების სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე) და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე მონაცვლეობით გაიმართება. პირველ სწავლებას 2015 წელს თურქეთმა უმასპინძლა. 2017 წელს 16-18 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალციხის N2 სამმართველოს დასაცავ მონაკვეთზე საქართველო-თურქეთის ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სწავლებაში საქართველოს მხრიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს (ახალციხე), თურქეთიდან კი ქვეყნის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის მე-2 სასაზღვრო ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ. წვრთნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში ორივე ქვეყნის 50-მდე მესაზღვრე და რამდენიმე ერთეული სასაზღვრო-საპატრულო ავტომობილი იყო ჩართული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წელს ერთობლივი წვრთნა თურქეთში (სექტემბერში?), “მურათლის” სასაზღვრო სექტორზე ჩატარდა და მასში საქართველოს მხრიდან შსს-ს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს (ბათუმი) და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო ბატალიონის ტაქტიკური ოცეულები მონაწილეობდნენ. სწავლების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის საზღვრის დაცვაში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებში კოორდინირებულ მოქმედებათა დახვეწა. წვრთნაზე დამუშავდა სახელმწიფო საზღვარზე არალეგალური მიგრანტების დაკავებასა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის აღკვეთის ოპერაციებში ორი ქვეყნის მესაზღვრეთა ერთობლივი მოქმედებები. სწავლების დასასრულს, მონაწილეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ”, - დასძენს გამოცემა.

“თბილისის საავიაციო ქარხანას, რომელიც 1941 წელს ამუშავდა, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საბჭოთა სამხედრო ავიაციის განვითარებაში როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე მის შემდგომ, “ცივი ომის” დაპირისპირებისას. მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავების “იაკ”-15-ების სერიული წარმოება სწორედ თბილისის საავიაციო ქარხანამ დაიწყო 1947 წლიდან. იმ პერიოდში რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას მთელ მსოფლიოში ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ქარხნები თუ ახერხებდნენ. ამიტომაც ამერიკელ გენერლებს ძალიან აინტერესებდათ, “ცივი ომის” “ცხელ” ფაზაში გადასვლის შემთხვევაში მათ რომელი საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავები დაუპირისპირდებოდნენ ჰაერში, ამისთვის კი მათი ხელში ჩაგდება და გამოცდა იყო საჭირო...” - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით როგორ მოიპარეს ამერიკელებმა თბილისური "იაკი" / პირველი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი, რომელიც აშშ-ის თავზე დაფრინავდა, თბილისში აწყობილი “იაკ”-23 იყო...

“ამერიკულმა დაზვერვამ დაიწყო საიდუმლო ოპერაცია სახელწოდებით “პროექტი ალფა”, რის შედეგადაც რუმინელმა პილოტმა მიხაი დიაკოანუმ 1953 წლის 24 ივნისს საპატრულო ფრენისას თავისი “იაკ”-23 ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი გაიტაცა და იუგოსლავიის აეროდრომზე დასვა. სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, თუმცა საბჭოთა კავშირს იუგოსლავიის ლიდერ ბროზ ტიტოსთან ურთიერთობა უკვე საბოლოოდ ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც საბჭოთა წარმოების ეს საბრძოლო თვითმფრინავი იუგოსლავებმა ამერიკელებს გადაულოცეს. “იაკ”-23-ის ერთადერთი მწარმოებელი ქარხანა, ისევე, როგორც მისი წინამორბედი “იაკ”-15-ისა და “იაკ”-17-ის, თბილისში იყო. თბილისის საავიაციო ქარხანაში 1949-1951 წლებში საერთო ჯამში 313 ერთეული “იაკ”-23 ააწყვეს. სიმართლე რომ ითქვას, 1953 წლისთვის “იაკ”-23 უკვე მოძველებულ გამანადგურებლად ითვლებოდა და თბილისის საავიაციო ქარხანა ბევრად ძლიერი, “მიგ”-15 ტიპის რეაქტიული გამანადგურებლების აწყობაზე იყო გადასული, რომლებსაც საბჭოთა მფრინავები წარმატებით იყენებდნენ ამერიკულ “სეიბრებთან” ბრძოლაში კორეის ომში”, - განაგრძობს გამოცემა.

“შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ რუმინელებისთვის ნაჩუქარ და შემდეგ იუგოსლავიაში გატაცებულ უკვე მოძველებულ “იაკზე” მოსკოვში დიდად არ უდარდიათ, სამაგიეროდ, ამერიკული დაზვერვა სიხარულით მეცხრე ცაზე იყო - პირველად მოახერხეს საბჭოთა რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავის მოპარვა საიდუმლო ოპერაციის შედეგად! მოპარული “იაკი” იუგოსლავიაში დაშალეს და კონტეინერით ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ჩაიტანეს. აწყობის შემდეგ ფრთებზე ამერიკული ვარსკვლავები დაახატეს და მისი სრულფასოვანი გამოცდა დაიწყეს. და ამ დროს მოხდა კონფუზი! - მოპარული “იაკის” სახით მათ მოძველებული, პირველი თაობის რეაქტიული გამანადგურებელი შერჩათ ხელში, რომელიც დიდად არაფრით სჯობდა მეორე მსოფლიო ომის პიონერ რეაქტიულ “მესერშმიტებსა” თუ “მეტეორებს”. იმედგაცრუებულმა ამერიკელებმა მოპარული “იაკი” ისევ დაშალეს და იუგოსლაველებს დაუბრუნეს, თქვენ უფრო გამოგადგებათო. ასე იყო თუ ისე, ამერიკის ცაში მართალია მოპარულმა, მაგრამ მაინც თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილმა პირველმა რეაქტიულმა გამანადგურებელმა “იაკ”-23-მა იფრინა...” - დასძენს გამოცემა.

“26 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში პირველი ტყვია გავარდა. მიზეზებსა და წინა პირობებზე, ალბათ, დიდხანს იქნება მსჯელობა. გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს. წლების შემდეგ რუსეთისა და მისი სატელიტი სახელმწიფოების აღიარების მიუხედავად, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ გახდა. ბოლო დროს ქართულ და ხანდახან უკვე აფხაზურ მხარესაც უჩნდება კითხვა - ვის ინტერესებში შედიოდა და რატომ დაიწყო ომი. არადა, ომს, რომელსაც მისი დასრულებიდან ძალიან მალე “უაზრო” უწოდეს, 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი შეეწირა, ასეულობით კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 10 ათასამდე პირმა შშმ პირის სტატუსით განაგრძოO ცხოვრება, 300 ათასზე მეტმა კი საცხოვრებელი დაკარგა. ამ ყველაფერს ორივე მხრიდან ასიათასობით ადამიანური ტრაგედია ახლდა თან. რამდენიმესაუკუნოვანი თანაცხოვრების შემდეგ ერთ დღესაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთის მტრებად იქცნენ. აფხაზეთიდან დევნილი ელენე გუგავა, რომელიც ომის დროს საავადმყოფოდ გადაქცეულ გაგრის სანატორიუმ “ჟოეკვარას” ექიმი იყო და როგორც ქართველ, ასევე აფხაზ დაჭრილ მეომრებს მკურნალობდა, ქართულ-აფხაზური ომის ეპიზოდებს იხსენებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში სათაურით “აფხაზეთის დაკარგვიდან 26 წელი გავიდა...”

“აფხაზეთში დაძაბულობა 80-იანი წლებიდან დაიწყო. აფხაზები ამბობდნენ, რომ ქართველები ჩაგრავდნენ და დამოუკიდებლობა სურდათ. ამის საფუძველი გვაქვს, 1925-1931 წლებში ცალკე სახელმწიფოდ ვარსებობდითო. ამას საჯაროდ არ ამბობდნენ, მაგრამ სომხებისგან, რუსებისა და ბერძნებისგან მოგვდიოდა ხმები მათი პოზიციის შესახებ. მათი ამგვარი განწყობის შესახებ ადრეც გვსმენია, მაგრამ არ გვჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო. უფრო სწორად, ვერ წარმომედგინა, თუ ჩვენს ზურგს უკან ასეთი რაღაცების კეთება შეეძლოთ, რადგან ჭირსა და ლხინს ერთად ვიზიარებდით, ვმეგობრობდით, ერთმანეთის მოყვრები ვიყავით... მაინც არ გვჯეროდა, რომ აფხაზები და სომხებიც, ვისთანაც ბავშვობა გაგვიტარებია, ერთად ვიზრდებოდით, რეზინობანას ვთამაშობდით, გვესროდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენე გუგავა და შეკითხვაზე - “ომის დროს თქვენს სანატორიუმში დაჭრილებს მკურნალობდით?” - პასუხობს:

“დიახ, ჩემი ქმარი კი იბრძოდა. ამიტომაც აფხაზებმა ორივე “შავ სიაში” შეგვიყვანეს. მახსოვს, დაჭრილების პირველი ნაკადი მსუბუქად იყო დაზიანებული, მძიმედ დაჭრილები პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ გაგრის საავადმყოფოში მიჰყავდათ. ერთხელ ქართველმა სამხედრომ დაჭრილი აფხაზი ტყვე მოიყვანა, 17-18 წლის იქნებოდა. ძალიან იყო შეშინებული, პრაქტიკულად, შოკურ მდგომარეობაში იყო შიშისგან. ქართველმა სამხედრომ ჩუმად მითხრა, რამე დამამშვიდებელი დაალევინეთ, იქნებ სტრესი მოეხსნას. ისე კი, დედა ქართველი ჰყავსო. ვითომ დასამშვიდებლად ქართულად მივმართე, კარგად გახდები-მეთქი. არ მიპასუხა. წამლები ცხვირ-პირში მომაყარა, ქართველის ხელიდან წამალს არ დავლევო. შემდეგ სისხლი დასჭირდა. ჩემი ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა და არც კი დავფიქრებულვარ, მაშინვე შევუდექი გადასხმის პროცედურებს. შემომიღრინა, ქართველის სისხლს არ გადავისხამო... ასეთი პატარა ბიჭი ასე რამ გაგაბოროტა, თან დედა ქართველი გყოლია-მეთქი. მე დედაჩემის წილი სისხლი უკვე გამოვიშვიო... მას შემდეგ უამრავი ქართველი და აფხაზი დაჭრილი ვნახე, ისეთებიც, ვინც სიკვდილს ებრძოდა, ის ბიჭი კი სულ მახსოვს. ასე ვინ განაწყო ქართველების მიმართ, ვინ გადაუტრიალა გონება, რომ ქართველები მოსისხლე მტრებად მიაჩნდა”.

“2 ოქტომბერს გაგრას უკვე ვკარგავდით. ჩეჩნები საშინელებებს სჩადიოდნენ. აფხაზებსაც კი შიშის ზარს სცემდა მათი გამოჩენა. ისეთი გავეშებული იყვნენ, ყველგან თავიანთ კვალს ტოვებდნენ. მაშინ გავიგე, რას ნიშნავს, კოლუმბიური ჰალსტუხი, ქართველს ტყვეებს უკეთებდნენო. აფხაზმა ახლობლებმა გაგვაფრთხილეს, თქვენზე ყველამ ყველაფერი იცის, ჩვენ ვეღარ დაგიცავთო. ერთი სიტყვით, სასეირნო გემით ფოთისკენ წამოვედით. ისეთი დატვირთული იყო, ძლივს მოცურავდა. გუდაუთასთან ახლოს აფხაზებმა შეგვნიშნეს და ცეცხლი გაგვიხსნეს, მაგრამ კაპიტანმა იმარჯვა და გამოგვაძვრინა. მამა და ჩემი დედამთილი გაგრაში დარჩნენ. სახლიდან ვერც ერთი ვერ გამოდიოდა. მერე ახლობელი აფხაზების დახმარებით ჩემი დედამთილი გადმოიყვანეს. ბევრს არაფერს მიყვებოდა, მაგრამ რასაც ამბობდა, იმის მოსმენაც საშინელება იყო... როდესაც მოვდიოდით, მამას ვემუდარე, წამოდი-მეთქი. სად უნდა წავიდე, აქ ვინ რას მერჩისო - აიბგის სატყეოს უფროსი იყო. 40 ნათლული ჰყავდა, უმეტესობა აფხაზები. ნახულობდნენ მამაჩემს, კოსტა, ვინ რა უნდა გაკადროს, აგერ არ ვართო?!.. მერე გავიგე, დაუხვრეტიათ. ვერც ვიგლოვეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თვეები იყო გასული მისი სიკვდილიდან, როცა რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი აფხაზი ნათლული ჰპირდებოდა გადმოყვანას, მისულა, მაგრამ მოატყუეს და მამა დახვრიტეს. სხვების თქმით, ერთმა სომეხმა ახლობელმა შესთავაზა დახმარება, რაც გაქვს, ფული და ოქრო წამოიღე და გაგიყვანო, გზაში კი ჩუმად ესროლა და ქუჩაში დატოვა. მესამე ვერსიაც არსებობს – მამას აფხაზები აიბგის ტყის რუკას სთხოვდნენ, საომარი მოქმედებებისთვის სჭირდებოდათ, არ მისცა.. ისიც კი არ ვიცი, მამას საფლავი აქვს თუ არა. მისგან სახსოვრად ერთადერთი წერილი დამრჩა, რომელიც ჩემს დედამთილს გამოატანა, კარგი პირი არაფერს უჩანსო, მწერდა. სულ ვფიქრობ, რა განცდები ექნებოდა წერისას. აფხაზეთი ძალიან მენატრება, ჩემი ცხოვრების ბედნიერი წლები იქ გავატარე, მაგრამ იმ ტრაგედიასთან, რაც გადავიტანეთ, სხვა რამ რა მოსატანია”, - დასძენს ელენე გუგავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა