კახა კუკავა - სამედიცინო პრეპარატები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს და როგორც ვყიდულობთ, ისე ვყიდით, გვსურს მაფია დავამარცხოთ

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. პროგრამა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტს და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბალ ფასად გადაცემას გულისხმობს.

კამპანიის მნიშვნელობასა და ამ კუთხით არსებული სამომავლო გეგმების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის ლიდერი კახა კუკავა ესაუბრა:

- რის საფუძველზე გადაწყვიტეთ კამპანიის დაწყება?

- იდეა და პრობლემა ძველია. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2011-2012 წლებში, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისას იყო. სხვადასხვა პარტია, მათ შორის ჩვენიც, ამ თემაზე მუდმივად აფიქსირებდა პოზიციებს. მას შემდეგ კი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო, ყველა ფიქრობდა, რომ საკითხი მოგვარდებოდა, რადგან მათ ეს პრიორიტეტებში ჰქონდათ გამოცხადებული. 2013 წლის დასაწყისში, მთავრობის პირველი პირების დონეზე, მუდმივად კეთდებოდა განცხადებები, რომ ახალი სააფთიაქო ქსელები შემოდისო. როგორც ჩანს, ეს იყო უბრალოდ კორუფცია, რეკეტი, შიდა ბაზრის გადანაწილება. საბოლოო ჯამში, შედგა კარტელური გარიგება. ეს არის სააფთიაქო ქსელების დიდი ოთხეული თუ ხუთეული. ამ სააფთიაქო კომპანიებს სააკაშვილთან ჰქონდათ კარტელური გარიგება - ჩვენ გიხდით ამდენს და შენ აქ მეტ სუბიექტს არ შემოუშვებ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ თავდაპირველი პროტესტი გამოწვეული იყო არა იმით, რომ რაიმეს შეცვლას აპირებდნენ, არამედ ეს იყო ერთგვარი ზეწოლა სააფთიაქო კომპანიებზე, რათა მათ კარტელური გარიგება უკვე ახალ ხელისუფლებასთან დაედოთ. როგორც ჩანს, ამაზე მორიგდნენ კიდეც. რადგანაც ვნახეთ, რომ ხელისუფლებასთან ამ კუთხით ურთიერთობას აზრი არ ჰქონდა, დავიწყეთ მედიკამენტების იმპორტი.

- რა არის თქვენი კამპანიის მიზანი, ხომ არ უკავშირდება ის წინასაარჩევნო პერიოდს?

- სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ვფიქრობდით, ეს პიარაქცია იქნებოდა. გვინდოდა, მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, რა ღირს მედიკამენტები მეზობელ ქვეყნებსა და საქართველოში. ამიტომ, თურქეთში, ხოფაში გადავედით და რამდენიმე პრეპარატი შევიძინეთ. აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. ჩვენთვის ეს საარჩევნო კამპანიაა. როგორც კი ვნახავთ, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესმენები გაჩნდნენ, რომლებსაც შეუძლით ამ მოთხოვნის განხორციელება, ბიზნესიდან გავალთ. ოღონდ მუდმივად გვექნება მონიტორინგი, რომ ნიშნულს, მოგების მარჟას არ ასცდნენ.

- ძირითადად რა ტიპის მედიკამენტები შემოგაქვთ და რომელი ქვეყნებიდან ახორციელებთ იმპორტს?

- ახლა ძირითადად უფრო დიაბეტის, გულის, წნევის წამლები შემოგვაქვს. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ სიის გაზრდას ვგეგმავთ. ფსიქოტროპულ და მსგავს მედიკამენტებს ვერიდებით, რადგან მზად ვართ პროვოკაციებისთვისაც. პრეპარატები სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან შემოგვაქვს. ვეძებთ ყველაზე დაბალ ფასს და ყველაზე მაღალ ხარისხს. ჩვენ უკვე დაგვიკავშირდნენ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან. ასეთი ბევრი კომპანიაა და მათთან მოლაპარაკებები გვაქვს. საუკეთესო პირობებს ვარჩევთ.

- აღნიშნეთ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია. როგორ აპირებთ მრავალრიცხოვანი მოქალაქეების მოთხოვნის დაკმაყოფილებას?

- უახლოეს დღეებში მედიკამენტების ბევრად დიდი პარტიის იმპორტს ვგეგმავთ. ერთია იმპორტი, მეორე პრობლემაა რეალიზაცია, ჩვენ ხომ არ გვაქვს სააფთიაქო ქსელები. ამ ეტაპზე ვგეგმავთ, რომ პირველადი, ყველაზე მწვავე მოთხოვნა პარტიის ოფისებიდან დავაკმაყოფილოთ. უკვე ეწყობა სპეციალური სააფთიაქო დახლები, მაგრამ იმისთვის, რომ მართლაც ხელმისაწვდომი გახდეს მთლიანად მოსახლეობისთვის, კერძო აფთიაქების ჩართვას ვგეგმავთ. ამისთვის ბევრმა გამოთქვას სურვილი. კონსულტაციებს გავივლით ფინანსურ ექსპერტებთან. ჩვენ პარტია ვართ, ჩვენთვის ეს კომერციული პროექტი არ არის. ამიტომ, რასაც როგორ ვყიდულობთ, ისე ვყიდით. აფთიაქები, რა თქმა უნდა, ასე ვერ იმუშავებენ. მათ მოგება უნდა ნახონ. ამიტომ დავუდებთ ხელშეკრულებას - მედიკამენტებს იმ პირობით მივაწვდით, რომ მათი ფასნამატი არ იქნება რაღაც კონკრეტული პროცენტი.

- საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან თუ გქონდათ კომუნიკაცია?

- არ გვინდა, რომ ამ ყველაფერს ანტისახელისუფლებო კამპანიის ხასიათი ჰქონდეს. გვსურს, პოზიტიური კამპანია იყოს. ამ დღეებში აუცილებლად შევხვდები ჯანდაცვის მინისტრს, ინფორმაციასაც მივაწვდი, რეკომენდაციებსაც მოვისმენთ, თუ სურვილს გამოთქვამენ, რომ რაიმეში ხელი შეგვიწყონ, ამას რა სჯობს?! ხელისუფლებას ვთავაზობ, რომ თვითონაც მიიღოს დივიდენდები.

- თქვენ საუბრობდით მონოპოლიური სააფთიაქო ქსელების შესახებ. ინტერესის შემთხვევაში აპირებთ მათთან თანამშრომლობას?

- მათი მხრიდან ეს ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იქნება. იმიტომ, რომ რაც არ უნდა ხელი შეუშალონ ამ ყველაფერს, დახარჯონ ფული და ნერვები, შეიძლება შეაფერხონ და დაგვაზიანონ კიდეც, მაგრამ ეს დროის მოთხოვნაა, მაინც მოხდება. მათაც იმავეს ვეტყვი, რასაც კერძო აფთიაქებს, შეხედეთ საკითხს არა როგორც პრობლემას, არამედ როგორც საშუალებას. გადაეწყვეთ ამ ბიზნესზე და ადრე თუ მუშაობდით 100%-ზე, ახლა იმუშავეთ 10%-იან მოგებაზე.

ასევე, მინდა მივმართო თავისუფალ ბიზნესს. თქვენი გაბედულება შეიძლება დაკონვერტირდეს კონკრეტულ წარმატებულ ბიზნესში. ის 1-ლი, მე-2 და მე-5 კერძო აფთიაქები, რომლებიც გარისკავენ და ჩვენთან ითანამშრომლებენ, გაისად ამ დროს შეიძლება იყვნენ საკმაოდ წარმატებული და შეძლებული ბიზნესმენები. ჩვენ ამ საქმიდან კომერციულ მოგებას არ ვეძებთ. ჩვენთვის მთავარია, ის მაფია დავამარცხოთ, რომელიც დღეს ბაზრის 99%-ს აკონტროლებს.

ნათია ჩადუნელი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა