მაგდა მაღრაძე - ვამაყობთ, რომ აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად გამოაცხადა

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) კომპაქტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ესაუბრა. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) კომპაქტს, რაც 140 მილიონი დოლარის გრანტს გულისხმობს, 2014 წლიდან ახორციელებს. კომპაქტის ხანგრძლივობა ხუთი წელია და ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

- როგორ შეაფასებდით მიმდინარე წელს, რა პროექტები განხორციელდა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის ფარგლებში?

- „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, წელს შეასრულა ყველა პროექტი, რაც შეთანხმებული იყო საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის. აღსანიშნავია, კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი გრანტია. ფონდის მიზანია საქართველოში ეკონომიკის გაძლიერება ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით. შესაბამისად, 2014 წლიდან ჩვენ დავიწყეთ პროექტების განხორციელება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. ყველა ჩვენი პროექტი ეხება საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და საინჟინრო STEM დარგების გაძლიერებას, რადგან ზუსტად ამ მიმართულებებში გვაქვს ადამიანური კაპიტალის, ანუ პროფესიონალი, თანამედროვე ცოდნისა და უნარების მქონე კადრების ნაკლებობა დღეს საქართველოში.

- რა იყო პროექტის ძირითადი მიზანი და პროექტის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ რამდენადაა ეს მიზანი მიღწეული?

- ამერიკის მთავრობის, ამერიკელი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მრავალი პროექტი ხორციელდება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარების მუდმივი პროცესის უწყვეტობას. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გზით. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობით ზუსტად იმ გამოწვევებს ვპასუხობთ, რომელიც ქმნის ბარიერებს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაში. ამას თან ერთვის ინვესტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა კვალიფიციურ, თანამედროვე უნარების მქონე თანამშრომლებზე, განსაკუთრებით სამშენებლო, ტექნოლოგიური, საინჟინრო მიმართულებებით. ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მეშვეობით კი ჩვენ შევქმენით საგანმანათლებლო პლატფორმები, სივრცეები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ხარისხიანი განათლება. საუკეთესო მაგალითებია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოყვანა ქვეყანაში, სადაც ჩვენ მოქალაქეებს შეუძლიათ ამერიკული განათლების და დიპლომის მიღება, ასევე აღსანიშნავია კომპეტენციების უწყვეტი გაძლიერება მთელი სიცოცხლის მანძილზე, რაც ახალი პროფესიული განათლების პროგრამების შეთავაზებით ხორციელდება.

- უფრო კონკრეტულად, რა მიღწევებია ზოგადი და პროფესიული განათლების კუთხით?

- ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში ჩვენ სასწავლო გარემო გავაუმჯობესეთ 39 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლისთვის საქართველოს რეგიონების 91 საჯარო სკოლაში, რაც გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციას საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. დაცულია ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. აღსანიშნავია, რომ თითოეული სკოლა აღჭურვილია თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით. დამატებით, განხორციელდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის შესწავლა და შეიქმნა სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემა. საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაძლიერების მიზნით გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამა შეიქმნა და ტრენინგები გაიარა 20 ათასზე მეტმა მასწავლებელმა და საჯარო სკოლის დირექტორმა.

პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა 16 მილიონი დოლარის მოცულობის პროექტი, რამაც ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ახალი შესაძლებლობა გააჩინა. დამსაქმებლების, ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის, საგრანტო პროექტების განხორციელების შედეგად შეიქმნა 51 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ოთხი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო ლაბორატორიების, სიმულატორების და სხვა აღჭურვილობის შესაძენად. შევქმენით და გავაძლიერეთ პროფესიული განათლების ისეთი პროგრამები, როგორიცაა: შვეულმფრენის პილოტი, ლოკომოტივის მემანქანე, სამთო გიდი, პორტების ლოჯისტიკის მართვა, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი, ელექტრიკოსი, მექატრონიკის ტექნიკოსი, ვეტერინარი, ენოლოგი, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი. შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ზემოაღნიშნული პროფესიები, სრულად პასუხობს თანამედროვე, საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მოქალაქეებს აძლევს სწრაფი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობას. პროფესიული განათლების ახალ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულია და კომპეტენციებს იმაღლებს 2,000-ზე მეტი სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ საფუძველი ჩავუყარეთ განათლების სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის საუკეთესო პრაქტიკას.

კერძო და საჯარო სექტორის თანადაფინანსებამ პროფესიული განათლების სექტორში 6 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა, ხოლო უმაღლესი განათლების სექტორში- 3.3 მილიონი.

- რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა?

- ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მეშვეობით, ფონდმა, საერთაშორისო ტენდერის შედეგად საქართველოსთვის უნიკალური პროექტის განხორციელებას დაუდო სათავე და 2014 წელს საქართველოში შემოიყვანა აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რისთვისაც კომპაქტიდან 36 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. პროექტი სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვისა და მისი მდგრადობისთვის, საქართველოს მთავრობამ, დამატებით 26 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გაიღო თანადაფინანსების სახით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წელს პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა და ბაკალავრიატის ამერიკული, საერთაშორისო დიპლომი გასცა საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგებში (STEM). დღეისათვის 530-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს SDSU-საქართველოს ბაკალავრიატის ექვს პროგრამებზე. პროექტის ფარგლებში, 14 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდა სამეცნიერო ლაბორატორიების აღჭურვას, ახალი შენობის აგებას, აუდიტორიების და სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნას პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ გაიზრდება სამივე პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობები და შედეგად ისინი შეძლებენ, მოიპოვონ საერთაშორისო აკრედიტაცია STEM პროგრამებისთვის. აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კომპაქტის დასრულების შემდგომაც განაგრძობს საქართველოში მუშაობას. 2019 წლის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით, საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში ჩაირიცხა 780 სტუდენტი შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: ქიმია/ბიოქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია და სამშენებლო ინჟინერია.

- როგორ აფასებს თავად ამერიკული მხარე საქართველოში პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს?

- ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, აშშ-ის მთავრობის ამ მნიშვნელოვანმა სააგენტომ, საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად გამოაცხადა კომპაქტის წარმატებით განხორციელების გამო. შეფასების ინდიკატორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული კომპაქტი წარმატებულად და სამაგალითოდ არის აღიარებული, რაც ჩვენი არაჩვეულებრივი გუნდის დაუღალავი და ეფექტიანი შრომის შედეგია.

განათლების სისტემას ახასიათებს გრძელვადიანი შედეგი, რაც იმას გულისხმობს, რომ მეტ შედეგს ვიღებთ განათლების სხვადასხვა საფეხურზე ერთი სრული ციკლის დასრულების შემდეგ და გვჯერა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს საქართველო კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად.

- გრანტის რა ნაწილია ამ დროისთვის ათვისებული და უნდა ველოდოთ თუ არა რომ სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება მსგავსი სახის თანამშრომლობა ამერიკულ მხარესთან, განათლებაში ინვესტირების კუთხით?

- მოგეხსენებათ, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი არის ხუთწლიანი პროექტი და გრანტის მიმღებ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, რომ კორპორაციის მიერ გამოყოფილი თანხის ათვისება მოხდეს ხუთი წლის განმავლობაში გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით. ეს ეხება კომპაქტის მიმღებ ყველა ქვეყანას. საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორს სწორედ თანხის ეფექტიანი ათვისებაც წარმოადგენს. შესაბამისად, ფონდმა სრულად შეასრულა კომპაქტით გათვალისწინებული როგორც ფინანსური, ასევე პროგრამული ვალდებულებები და საქართველო მიიჩნევა წარმატების საუკეთესო მაგალითად. რა თქმა უნდა, განათლების სისტემა მუდამ საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას. სასიხარულოა, რომ საქართველოს შემთხვევაში, გვყავს ბევრი საერთაშორისო პარტნიორი და მხარდამჭერი როგორც აშშ-ის, ასევე, ევროპული დონორი ორგანიზაციების სახით. ასევე აღსანიშნავი და მისასალმებელია ბოლო პერიოდში დაწყებული ფართომასშტაბიანი პროექტები განათლების სექტორში, რომელსაც კერძო სექტორი აფინანსებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დონორების გარდა, თავად სახელმწიფო იღებს მეტ პასუხისმგებლობასა და ფინანსურ ვალდებულებას განათლების სისტემის რეფორმისთვისა და მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაიზარდა ბიუჯეტიდან განათლების დაფინანსება, რაც უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ფონდი განაგრძობს კომპაქტით დაფინანსებული პროექტების მდგრადობის უზრუნველყოფას და პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამინისტროებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ტიტვინიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა