ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურის ფონზე გაიმართა

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

შეკრებილებს, პრობლემების მოგვარების მიზნით, ალტერნატიული გზის მშენებლობის პროექტი წარუდგინეს, რომლითაც სატვირთო მანქანები იმოძრავებენ.

„მოსახლეობას გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები შემოვლით გზასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ გზისთვის ფინანსების მოძიებაზე. მუშა ჯგუფს ველოდებით, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის ამ მარშრუტს. თუ რაიმე ხელისშემშლელი პირობები არ წარმოიშვა, ერთ წელიწადში დასრულდება, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, არსებული გზების მოვლაა დაგეგმილი. ყველა ფირმა გაფრთხილებულია, რომ უზრუნველყონ ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილება. საგზაო ნიშნები დაიდგა, რომელიც ტრანსპორტის სიჩქარეს ზღუდავს. ამის გარდა, დამონტაჟდება კამერები და ჯარიმა იმდენად დიდი იქნება, რომ მძღოლები წესების დარღვევის გამეორებაზე ალბათ არ იფიქრებენ. ერთი სიტყვით, კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი და დაწყებულიცაა უკვე“, - აღნიშნა მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თენგიზ შონიამ.

მერიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები უარყოფითად შეხვდნენ. მათი თქმით, ახალი გზის აგება, სხვა პროექტების მსგავსად წლების განმავლობაში გაგრძელდება.

„პასუხი ვერ მივიღეთ. ისევ გვეუბნებიან, რომ ვადები გვჭირდებაო. მხოლოდ ერთი ქუჩის მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს კონკრეტული ბიზნესმენის ბიუჯეტის გასასქელებლად. ვერ მივედით კონსენსუსამდე და იძულებული ვართ ისევ პროტესტის ზომებს მივმართოთ“, - განაცხადა ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებმა, თეონა ქობალავამ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი, მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილებას და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობას აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით, მანქანებით, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხორციელდება, ქარხნიდან გამოფრქვეული მტვერი კი ჯანმრთელობას აზიანებს.

ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა