ქართული პრესის მიმოხილვა 09.10.2019

ახალი მსოფლიო წესრიგი - როგორ აისახება ეს საქართველოზე

როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე

***

ახალი მსოფლიო წესრიგი - როგორ აისახება ეს საქართველოზე

“ბოლო წლებში მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი რადიკალურად შეიცვალა, თუკი მანამდე სუპერსახელმწიფოდ მხოლოდ აშშ მოიაზრებოდა, ახლა გეოსტრატეგიული პოზიციები სამ წამყვან ძალაზე გადანაწილდა. მსოფლიო წესრიგში მეორე მთავარი ქვეყანა ჩინეთია, რომელიც ბირთვული-სტრატეგიული იარაღით და სოციალურ-გეოპოლიტიკური კონცეფციით ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა, რუსეთმა კი ამ სამეულში სამხედრო პოტენციალით და გეოპოლიტიკური ამბიციებით დაიმკვიდრა თავი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ სამპოლუსიანი გეოპოლიტიკური წესრიგი 2014 წლიდან დაიწყო, მისი თქმით, ამ პროცესში მეოთხე მთავარ ცენტრად შესაძლოა ევროკავშირიც გვეხილა, თუმცა, ბრექსიტის პროცესმა ლიდერობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალი მსოფლიო წესრიგი - როგორ აისახება ეს საქართველოზე

"მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი შეიცვალა, თანაც კარდინალურად, ადრე თუ იყო უნიპოლარული, ანუ ერთი პოლიტიკური გავლენის ცენტრი და ჰიპერსახელმწიფო - აშშ, დღეს ეს სიტუაცია აღარაა. 2014 წლის შემდეგ ამან ცვლილება დაიწყო და ფაქტიურად ტრიპოლარული. ანუ სამპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი მივიღეთ. აქ მთავარი აქტორები აშშ, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არიან, ამ მიმართულებას ევროკავშირიც უახლოვდება, მაგრამ ბრექსითის პროცესმა ის დაამუხრუჭა, რომ ის ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორი და მსოფლიო წესრიგის გავლენიანი მეოთხე სუპერცენტრი ყოფილიყო. ბრექსიტმა, მასში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა პროცესებმა და მის შიგნით არაერთგვაროვანმა პოზიციებმა, ევროკავშირი შეაფერხა. ჩინეთს აქვს საკმაოდ სერიოზული მისწრაფებები, მათ შორის ბირთვული სტრატეგიულ ტრიადაში, ბოლოს მან აჩვენა საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული დამრტყმელი შეიარაღება, ანუ ბალისტიკური რაკეტები DF-17, რომელსაც 15 ათას კილომეტრ სივრცეზე შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა. ჩინეთს ასევე აქვს 1000-ზემეტი ბირთული ქობინი, იგი მეოთხე ტიპის სამხედრო ტექნოლოგიებზე გადავიდა, როგორიცაა: დამრტმელი შეიარაღება და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ის ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე უძლიერესი სახელმწიფოა, ჩინეთის ამბიციები გაიზარდა, შეიმუშავა სოციალურ-გეოპოლიტიკური კონცეფცია, როგორიცაა „ერთი გზა-ერთი სარტყელი", ამ 400-მლრდ-იანი სტრატეგიის მეშვეობით ჩინეთი გახდა მსოფლიო პოლიტიკის გავლენის ცენტრი და გახდა ის სახლემწიფო,რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში სიტყვა ეთქმის”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამერიკაზე, გასაგებია, თუ რატომაც რჩემა სუპერ სახელმწიფოდ მსოფლიო პოლიტიკაში, თუმცაღა, ტრამპის პოლიტიკამ ქვეყანას ეს პოზიციები თანდათან დააკარგვინა. რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ჩვენდა სამწუხაროდ თანდათან უკვე გაზარდა ამბიციები, თავისი გავლენის ცენტრები, მისი გეოპოლიტიკური ამბიციები აღწევს ლათინო ამერიკას, აფრიკას, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, იგი საკმაოდ გააქტიურდა წყნარი ოკეანის მიმართულებითაც. ჩვენდა სამწუხაროდ, მისი სამხედრო პოტენციალი იზრდება, განსაკუთრებით, ბირთვული სტრატეგიულ შეიარაღებზაე ზებგერით იარაღის შექმნით. რუსეთს უკრაინაში და საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, იგი ცდილობს, თავის ჰეგემონობა განახორციელოს ბალტიისპირეთში, შავი ზღვის და კასპიის ზღვის მიმართულებით და გავიდეს საოკეანო სივრცეებისკენაც. სირიაში მისი ჩართულობა ნიშნავს, რომ მას უკვე გაუჩნდა გლობალური პოლიტიკური ამოცანები, იგი ეკონომიკურად აშშ-ს და ჩინეთს ჩამორჩება, თუმცა სამხედრო ტექნოლოგიებით და გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, მესამე მსოფლიო გავლენის ცენტრი გახდა" - აცხადებს მაისაია. მისივე თქმით, მსოფლიო სამპოლუსიანი წესრიგი საქართველოსაც შეეხო, რაც ანაკლიის პორტის მოვლენებზე აისახა. ანაკლიის პორტან დაკავშირებული მოვლენები პირდაპირ კავშირშია მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან, ანაკლიაში სამივე გავლენის ცენტრის: აშშ-ს, ჩინეთის და რუსეთის ინტერესები დაუპირისპირდა, საქართველო აღმოჩნდა ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია, სადაც სამი ცენტრი ერთმანეთს უპირისპირდება”, - დასძენს გამოცემა.

“მიუხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ და ექსპერტებმა ჯერ კიდევ შარშან დაადასტურეს, რომ მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი სამპოლუსიანია, ასევე, ტენდენციებიც უკვე იკვეთება. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, მათ შექმნეს ნატოს ანალოგიური გლობალური ტიპის გაერთიანება, როგორიცაა შანჰაის თანამშრომლობის ორანიზაცია, რომელიც გეოპოლიტიკურად ნატოს საწინააღმდეგო გაერთიანებაა. საქართველოს მოუწევს ამ რეალობის გათვალისწინება, ჩვენ თუ კიდევ ისტორიაში ჩავრჩით, ეს არაფერი კარგს არ მოგვიტანს" - აცხადებს მაისაია. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიოში გამოიკვეთნენ ახალი ძალები, რომლის შედეგადაც მრავალპოლუსიანი პოლიტიკური წესრიგი მივიღეთ. მსოფლო პოლიტიკაში რომ არსებული წესრიგი იცვლება, ეს ახალი აღარაა, რაც თანდათან უფრო ნათლად გამოჩნდა. ეს დაკავშირებულია იმ ცვლილებებთან, რომელიც ცივი ომის შემდეგ მოხდა, როდესაც დასავლეთმა ცივ ომში გამარჯვება ნაადრევად ირწმუნა და ამის შედეგად შენარჩუნებული იქნებოდა ლიბერალურ წესრიგზე დამყარებული მშვიდობა, ეს სწორი არ გამოდგა და თანდათან გამოიკვეთა გლობალური ახალი მიზიდულობის ძალები - ჩინეთი, რუსეთი და კიდევ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ასევე ცდილობენ, რომ დასავლეთს კონკურენცია გაუწიონ. თვითონ დასავლეთიც ბოლო პერიოდში ორ ნაწილად გაიყო, თუ მანამდე არსებობდა ერთი დასავლეთი ახლა უკვე ლაპარაკია, თუ რამდენადაა ეს დასავლეთი, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ნატოში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორისაც გარკვეული დაძაბულობა არსებობს. ეს მდგომარეობა გლობალურ მოთამაშეებს ხელ-ფეხს უხსნის, რომლებიც ვაკუუმის შევსებას ცდილობენ, რომელიც დასავლეთის გაურკვევლობის პერიოდში შეიქმნა, ამას ჩვენ ყველგან ვხედავთ, სირიაში, შორეულ აღმოსავლეთში თუ სხვაგან, სადაც ახალი გეოპოლიტიკური ძალები ცდილობენ დაუსაბუთონ მსოფლიოს, რომ ისინი ახალი ძლიერი აქტორები არიან. "ამით მსოფლიო თანდათან მულტიპოლარული წესრიგისკენ გადადის, სადაც იქნება არა ერთი ჰეგემონ სახელმწიფო, როგორიც აშშ იყო, არამედ სხვადასხვა თანაბარწონიანი აქტორები იქნებიან" - აცხადებს კაკაჩია. მისივე აზრით, ამ მსოფლიო გაურკვევლობის დროს საქართველო უნდა ეცადოს, რომ სტრატეგიული პრიორიტეტები დაისახოს, რაც, მისივე თქმით, რთული პროცესი იქნება. საქართველომ ამ გლობალური გაურკვევლობის პერიოდში უნდა ეცადოს, რომ ჩამოაყალიბოს თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ხალხზე დაყრდნობით შეიმუშავოს მისთვის ყველაზე მისაღები ფორმულა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა, განვითარდეს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და გახდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომლებისკენაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში მივილტვოდით. "ბუნებრივია, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ, ფაქტია, რომ საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, ამ მხრივ მეტი სიფრთხილე მართებს. მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგზე დავა დღესაც მიმდინარეობს, აკადემიკოსებისა და მკვლევარების ნაწილი ამბობს, რომ მსოფლო მულტიპოლარულ წესრიგისკენ დაიძრა, თუმცა, არსებობენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, აშშ ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჰეგემონობას. თუმცა, ფაქტია, რომ გარკვეული სახელმწიფოები ცდილობენ, შეერთებული შტატების ჰეგემონობა თანდათან დააკნინონ. ახლა ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ, როდესაც უნდა ჩამოყალიბდეს ახალი წესრიგი, ჯერ არავინ არ იცის როგორი სახით იქნება, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიოში რაღაც-რაღაცეები იცვლება" - განაცხადა კაკაჩიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე

“რუსეთ-საქართველოს შორის ავიამომისვლის შესაძლო აღდგენის შესახებ კრემლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რამდენიმე მოსაზრება გააჩინა; კერძოდ, ეს შესაძლოა ერთგვარ აღიარებად ჩაითვალოს, რომ მოსკოვმა ამ აკრძალვით საქართველოს ის ეკონომიკური ზიანი ვერ მიაყენა, რასაც რუსული მხარე მოელოდა. თანაც, რუსეთის ეკონომიკაც გარკვეული წნეხის ქვეშ ექცევა, რაზეც თავად მოსკოვი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს და ფრენა აღადგინოს. რეალურად უნდა ითქვას ისიც, რომ ავიამომისვლის აღდგენა რუსეთის ინტერესშიცაა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ ის მომენტი, რომელიც ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაფერისი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როდისაა მოსალოდნელი ავიარეისების აღდგენა რუსეთთან და რატომ ალაპარაკდა მოსკოვი ფრენების განახლებაზე / “რაიმე კატასტროფის მოწყობა საქართველოს ტურისტულ სექტორში რუსეთის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო“

"საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის მიერ შემოღებულმა აკრძალვამ საქართველოს ეკონომიკა ვერ დააზარალა და ეს ფაქტი შესაძლოა გახდეს იმის წინაპირობა, რომ კრემლმა ორ ქვეყანს შორის ავიამიმოსვლა აღადგინოს; ეს, რა თქმა უნდა, იყო სადამსჯელო აქცია მიზნად ისახავდა ტურისტული ნაკადის მკვეთრ შემცირებას საქართველოში; შედეგი თავიდან საგრძნობი იყო, რადგან რამდენიმე ტურისტულ დაწესებულებაში, სასტუმროებში, მანამდე არსებული შეკვეთები გააუქმეს და ამან სირთულეები გააჩინა. თუმცა, შემდგომ სიტუაცია დაბალანსდა. ასე რომ, რაიმე კატასტროფის მოწყობა საქართველოს ტურისტულ სექტორში რუსეთის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო. ამიტომაც, როგორც ჩანს, დაფიქრდნენ რამდენად აზრიანია ზიანი მიაყენონ საკუთარ სატრანსპორტო ბიზნესსაც, თანაც შედეგი ვერ მიიღონ. ალბათ ამიტომაც გაჩნდა თემა მათ მიერ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების თაობაზე და ამ საკითხის განხილვის შესახებ. ფრენების აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კეთილგონიერი იქნება რუსეთის ხელმძღვანელობა და როდის გააკეთებს დასკვნას, რომ ამ ყოველგვარ საფუძველს და აზრს მოკლებული ღონისძიებებით, ისინი მხოლოდ საკუთარ ეკონომიკასა და ავტორიტეტს ვნებენ. რაიმე განსაკუთრებულ და მტკივნეულ დარტყმას, რაც მათ აქვთ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის მიზნით, ვერ მიაღწევენ. იმედია, გადახედავენ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენები მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, როცა ქვეყნებს შორის ურთიერთობის თვალსაჩინოდ გაუმჯობესება მოხდება და ცხადი გახდება, რომ „აგრესიულ კალაპოტში" დაბრუნება უკვე აღარაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, უკვე არასებობს ამის პირველი მაგალითი - ნიუ-იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამჟამად კი რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით დაზარალებულ ავიეკომპანიებთან კომპენსაციის საკითხს განიხილავს. ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებას ვერ ცვლის. წინასაწარი მოსამზადებელი სამუშაოს გარეშე, ასეთი შეხვედრები რაიმე ცვლილებას ვერ მოიტანდა. ალბათ, წინასწარ რაიმე კონტაქტები არსებობდა, მაგრამ შეხვედრა უფრო სპონტანური ხასიათის იყო, - შვეიცარულმა მხარემ ეს მინისტრებს ნიუ-იორკში შესთავაზა. მსგავს შეხვედრებს აზრთა გაცვლის გარდა, სხვა შედეგი, როგორც წესი, არ მოაქვს," - დასძინა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის რუსეთთან ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია და პირდაპირ დაკავშირებულია მათ შემოსავლის წყაროსთან."მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ინტერესში შედის, რომ ფრენები აღდგეს: ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ამაზე მეტი ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება. ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის, ფრენების შედეგად საქართველოში ჩამოსული ადამიანების მიერ დახარჯული თანხებიდან შემოსავლის სახით ჰქონდეთ შემოსავალი, მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე აისახება," - განაცხადა ჩუგოშვილმა. „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბარი ევროპიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დამსახურებაა." - მისი თქმით, ფრენების აღდგენაზე საუბარი რუსულმა მხარემ იმიტომ დაიწყო, რომ ფრენების შეწყვეტამ სერიოზული ზიანი საქართველოს ეკონომიკას ვერ მიაყენა, რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტთა ნაკადი ევროკავშირიდან”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა