ქართული პრესის მიმოხილვა 11.10.2019

რაზე შეთანხმდნენ ალიევი და გახარია - დავითგარეჯის მისია შესრულებულია?

რა ხდება სინამდვილეში ჩორჩანას ტყეში და საით მოიწევენ ოკუპანტები

***

რაზე შეთანხმდნენ ალიევი და გახარია - დავითგარეჯის მისია შესრულებულია?

"დავითგარეჯი და გიორგი გახარიას შესრულებული მისია?! - აზერბაიჯანში ვიზიტი პრემიერმა მთავრობის სხდომაზე შეაჯამა და განაცხადა, რომ ილჰამ ალიევთან დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკება შედგა. "ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორ მოახერხა პრემიერმა ამდენი ხნის დავის და დაძაბული სიტუაციის ფონზე ალიევთან მოლაპარაკება. მოხდა თუ არა მათ შორის გარიგება და რა გზავნილებით ჩავიდა გახარია. მითუმეტეს, რომ გახარიას განსაკუთრებული მისია დააკისრა საქართველოს პატრიარქმა და ბაქოში გააცილა სიტყვებით - "ჩვენ ვერ შევეგუებით", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რაზე შეთანხმდნენ ალიევი და გახარია - დავითგარეჯის მისია შესრულებულია? / “ორივე ქვეყანას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ცუდი ურთიერთობა რუსეთს აწყობს - მას არ სურს, რომ მისი გვერდის ავლით კავკასიაში ეს ორი ქვეყანა თანამშრომლობდეს”

"9 ოქტომბერს, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს „ყველაზე ახლო მეგობარი, მეზობელი და პარტნიორი" უწოდა და არც ის დაუმალავს, რომ ახარებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება - პირველად სწორედ აზერბაიჯანში ჩასულიყო. თავის მხრივ, გახარიამ კი, ილჰამ ალიევს უთხრა, რომ აზერბაიჯანი პირველი ვიზიტისთვის შემთხვევით არ შეურჩევია და რომ მტრები და მოყვრები ვიზიტითა და მისი შედეგებით ბევრ რამეს დაინახავენ. "ამ ვიზიტით ჩვენ ჩვენს მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად, მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები", - აღნიშნა გახარიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ანალიტიკოსები "რეზონანსთან" გამორიცხავენ, რომ გახარია ალიევთან რაიმე გარიგებაზე წასულიყო. მათი აზრით, ორივე ქვეყანას კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონში ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებენ და მტერზე აპელირება გახარიას მხრიდან ტყუილად არ მომხდარა. მათი აზრით, პრემიერმა სწორად გადაწყვიტა, რომ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განეხორციელებინა და ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მაღალი რანგის პირების შეხვედრის შედეგად შესაძლებელია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მართალია, ამ ერთი შეხვედრით პრობლემა სრულად ვერ მოგვარდება, თუმცა, დაძაბული სიტუაციის დასტაბილურება შესაძლებელია. ასევე, ხაზს უსვამენ იმაზე, რომ ბოლო დროს საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას აღარ ატარებდა, ხოლო გახარიას და ალიევის შეხვედრით, შესაძლოა ორ მეზობელს შორის ახალი ურთიერთობის ფაზაც დაიწყოს. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია ეს პრობლემა მხოლოდ ამ ერთი შეხვედრით მოგვარდება. ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მწვავედ მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში არ დგას”, - განაგრძობს გამოცემა.

"იგივე პათოსით აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც განიცდიან. ამიტომაც, თემა საკმაოდ ფაქიზია და შესაბამისი მოპყრობაც სჭირდება. მისივე თქმით, წლების განმავლობაში პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა კონსერვაციის პირობებში გადაიყვანეს, რადგანაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა არ გაჩენილიყო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რეგიონში ორივე ქვეყანას კარგად ესმის, ერთმანეთის თანამშრომლობის გარეშე არსებობა გაჭირდება. ეს პათოსი კი გახარიას და ალიევის შეხვედრაზე სწორად გამოიკვეთა. „სამწუხაროდ, მოვიდა პოლიტიკოსების ელიტა, რომლებმაც ეს თემა კონსრევაციის რეჟიმიდან გამოიყვანეს. ეს ყველაფერი კი სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ეს პრობლემა ხელოვნურად გააღვიძა. "კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი მააღალი რანგის პირებმა დაიწყეს და სიტუაციის დასტაბილურება შეიძლება მოხდეს. ქართულ სამღვდელოებას წლების განმავლობაში გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შესვლის პრობლემა არასდროს ჰქონია. "ეს თემა ამ ვითარებაში იქნება, სანამ არ მოიძებნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. მანამდე ამ თემის პედალირებას და დაჩქარებას არ უნდა ვახდენდეთ. ეს საკითხი წიხლით და სიჩქარით არ წყდება. კარგია, რომ გახარიამ ამ პრობლემის ჩაცხრობა და საწყის ეტაპზე დაბრუნება შეძლო",-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან", - დასძენს გამოცემა.

"მისივე თქმით, აბსოლუტურად სწორი იყო გახარიას გზავნილი, რომელიც მტრების და მოყვარეების საკითხს ეხებოდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ორივე ქვეყანას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის ცუდი მეზობლური ურთიერთობა რუსეთს აწყობს. მას არ სურს, რომ მისი გვერდის ავლით კავკასიაში ეს ორი ქვეყანა თანამშრომლობდეს. ამიტომაც მისი მიზანი ყოველთვის ის არის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა დაძაბოს. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ გარეჯთან დაკავშირებული თემის წამოწევასა და შემდეგ მის განვითარებაში რუსეთის ხელიც ერიოს. აქედან გამომდინარე, გახარიას გზავნილი სწორედ მიზანმიმართული და დროულია. ხუხაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის ადგილი - აზერბაიჯანიც სწორად არის შერჩეული. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ გახარიას გადაწყვეტილება, რომ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განეხორციელებინა, მისასალმებელია, თუმცა, რამდენად შეძლო მან დავით გარეჯის პრობლემის დასტაბილურება, ამ დღეებში გამოჩნდება. მისი აზრით, ეს არ არის საკითხი რომელიც ერთ შეხვედრით წყდება, თუმცა, საკმაოდ კარგი ჟესტია საქართველოს პრემიერის პირველი გადადგმული ნაბიჯი, რათა ამ საკითხით მანიპულირება დასრულდეს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გახარიას მხრიდან მტერთან დაკავშირებით სწორი აქცენტები გაკეთდა. რა თქმა უნდა, გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტი მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ეტაპზე შესაძლებელია მოხერხდეს ქართული მხარისთვის გადაადგილების სრული აღდგენა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, თუმცა, მგონია, რომ გახარია თავის მხრივ ალბათ ალიევს პირობას მისცემდა, რომ ნაციონალისტური და პრორუსული ჯგუფების დესტრუქციულ ქმედებებს ალაგმავდა. რაც მგონია, რომ არცთუ ისე იოლი შესასრულებელია. რუსეთს აქვს მთავარი მიზანი, რომ აზერბაიჯანიც ოკუპანტად გამოიყვანოს და ამით ერთგვარად გადაფარონ ოკუპანტის სტატუსი. ისინი ასე იოლად არ გაჩერდებიან, ვანხოთ ამ დღეებში მოვლენები როგორ განვითარდება", -აცხადებს „რეზონანსთან" კაკაჩია”, - წერს სტატიის ავტორი.

რა ხდება სინამდვილეში ჩორჩანას ტყეში და საით მოიწევენ ოკუპანტები

“რომ არა ბლოკპოსტი, ჩორჩანაში მდგომარეობა ასეთი ტემპერატურააწეული არ იქნებოდა, არ იქნებოდა ოკუპანტების საგუშაგოები წნელისი- ჩორჩანას ტყეში, ეს ტერიტორია ყურადღების მიღმა დარჩებოდა და აღარ განხორციელდებოდა ის ღონისძიებები, რაც მანამდე ხორციელდებოდა" - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა, სადაც განიხილეს ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების საინჟინრო სამუშაოები, რომელიც მუდმივ რეჟიმშია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ხდება სინამდვილეში ჩორჩანას ტყეში და საით მოიწევენ ოკუპანტები / “ჩორჩანის ტყეში ბაზისმაგვარი რამ შენდება, ეს სტანდარტული საგუშაგო არაა, ამ მასშტაბებს უკვე გასცდნენ“

“ხელისუფლების მიმართ კითხვა არაერთხელ დამისვამს, რომ რამ განაპირობა ჩორჩანა-წნელისის ტყეში ქართული მხარის მიერ საგუშაგოს დადგმა ისე, რომ ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრებზე განხილული არ იყო. ერგნეთის შეხვედრები, ოკუპაციაზე რეაგირების მექანიზმია, რომ ინციდენტები არ უნდა დაუშვან და „ქართულმა ოცნებამ" რატომ გააკეთა ის, რაც 2012 წლიდან მოყოლებული არ გაუკეთებია, ეს გაუგებარია. ასეთ რაღაცებს „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, ფაქტის წინაშე აყენებდა ხოლმე ოსურ ან აფხაზურ მხარეებს, შემდეგ ისინი შესაბამისად პასუხობდნენ და კიდევ უარეს მდგომარეობაში აგდებდნენ ქართულ მხარეს. „ქართულმა ოცნებამ" მისი მმართველობის პერიოდის განმავლობაში პირველად გადადგა ასეთი ნაბიჯი ისე, რომ ეს საკითხი არ განიხილა არც ჟენევაში, არც ერგნეთში და უცებ წნელისთან ახლოს განათავსა ქართული საგუშაგო, მათ ვერ გათვალეს შესაძლო რეაქცია და შედეგები, ეს რა თქმა უნდა, მათ არაკომპეტენტურობაზე და არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სულ ვამბობდი, რომ რუსები ბლოკპოსტის დადგმას ასე უპასუხოდ არ დატოვებდნენ, ვამბობდი, რომ ჩვენი ბლოკპოსტის გარშემო სულ ცოტა 2-3 საგუშაგოს მაინც ჩადგავენ მეთქი და ზუსტად ასე უპასუხეს. ქართული მხარე წინდაუხედავად მოიქცა და ასეთ უსიამოვნო და უხერხულ შედეგებს ახლა ვიმკით - რუსეთის მხრიდან გააქტიურებული და გაათკეცებულია აგრესია და საპასუხო ნაბიჯები. იმედია, ჟენევაში ეს საკითხები თავის დროზე უნდა განხილულიყო, მაგრამ იმედია ახლა მაინც განიხილება და გარკვეულ მექანიზმზე შეთანხმდებიან, რათა აღარ გაგრძელდეს ამ ტიპის მოქმედებები", - განაცხადა მან. მისივე შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს ყოველთვის საქართველოს სუვერენიტეტს უჭერს, თუმცა, მისივე თქმით, ამჯერად ქართულმა მხარემ არასწორი ნაბიჯის გამო, ისინი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის საქართველოს მხარესაა და იცავს მის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მხარის სიმართლე, ჩვენი მხარე ყოველთვის შესაბამისად იქცევა, როგორც აღებული აქვს ვალდებულებები”, - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოს ერთადერთი ძალა სიმართლეა, რომ ის სწორად იქცევა და არ აყენებს საერთაშორისო თანამეგობრობას უხერხულ მდგომარეობაში - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისინი ხმამაღლა ვერ გვიცავენ იმიტომ, რომ იციან, რომ აქ ქართული მხარის რაღაც გარკვეული ნაბიჯებიცაა გადადგმული. გულახდილად გეტყვით, ამ ეპიზოდს არაფერი ეშველება, მაგრამ მომავალში ასე რომ არ გაგრძელდეს, საჭიროა ქართული მხარე ყოველთვის თავისი ხალხის წინაშე მართალი იყოს და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. დასავლეთს პრობლემები სხვა მიმართულებებით აქვს, იგი საქართველოს მიმართ საკმაოდ ჩამოყალიბებულია, ის ცალსახად იცავს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, იგი ფიქრობს რომ (ამ კონკრეტული ეპიზოდის გარდა) საქართველო საკმაოდ კორექტულად იქცევა, დასავლეთი ცოტა თვითონაც დაიბნა იმიტომ, რომ საქართველოსგან წინდაუხედავ ნაბიჯს არ ელოდა. შესაძლოა დასავლეთს სირიაში ან სხვაგან პრობლემები აქვს, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მკაფიოდ გამოხატულ მხარდაჭრას აფიქსირებს. რომ არა ბლოკპოსტი, მდგომარეობა ასეთი ტემპერატურააწეული არ იქნებოდა - არ იქნებოდა საგუშაგოები წნელისი-ჩორჩანას ტყეში, ეს ტერიტორია ყურადღების მიღმა დარჩებოდა და აღარ განხორციელდებოდა ის ღონისძიებები, რაც მანამდე ხორციელდებოდა, უკეთესობა არ იქნებოდა, მაგრამ არც ასეთი დაძაბულობა იქნებოდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"რეზონანსი" ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებისა და ბოლო ცნობების გასარკვევად ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერს დავით ქაცარავას დაუკავშირდა, იგი ჩორჩანიდან დავით გარეჯში ვითარების გასარკვევად გაემგზავრა, მან ორივე ლოკაციის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. იგი ამბობს, რომ ჩორჩანის ტყეში ოკუპანტები შეუჩერებლად ახორციელებენ სამხედრო ბაზის მშენებლობას, რომლის შესახებაც მოძრაობა უახლოეს მომავალში საზოგადოებას დოკუმენტურ მასალას შესთავაზებს. ჩორჩანაში საინჟინრო სამუშაოების პროცესი არ ჩერდება, ჩვენ ამის შესახებ მალე დავდებთ შესაბამის დოკუმენტურ მასალას, ბუნებრივია ექსპერტებსაც მოვთხოვთ, რომ შეაფასონ იმ მშენებლობის და სამუშაოების მასშტაბები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი აწარმოებს. შევეცდებით შევაფასოთ ის მიწის და ტყის მოცულობის დანაკარგი, რომლებიც რუსებმა დაიკავეს და რომლებსაც უმიზნებენ. ვფიქრობთ, რომ ჩორჩანის ტყეში ბაზისმაგვარი რამ შენდება, ეს სტანდარტული საგუშაგო არაა, ამ მასშტაბებს უკვე გასცდნენ", - განაცხადა მან. ქაცარავამ დავით გარეჯში მიმდინარე ვითარებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და იქ ჩასულებს მათთვის სრულიად მიუღებელი ვითარება დახვდათ. დღეს ჩვენ დავით გარეჯში განვაახლეთ პატრულირება, რომელიც ჩორჩანის კრიზისის პერიოდში იძულებულები ვიყავით, რომ შეგვეწყვიტა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ხელისუფლება დაგვპირდა, რომ 15 სექტემბრისთვის აღდგებოდა სტატუსკვო, ანუ აღდგებოდა წვდომა ჩიჩხიტურის უდაბნოსა და აღდგომის ტაძრებთან, სამწუხაროდ ხელისუფლების დაპირება არ შესრულდა. პირიქით, ჩვენ მივიღეთ თავის დროზე ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დადასტურება იმის შესახებ, რომ შენდებოდა სამხედრო ბაზა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ამ ინფორმაციას მალავდა, შემდგომში დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ეს დროებითი ბაზაა, რომლის დემონტაჟიც მალევე უნდა მომხდარიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სანაცვლოდ მივიღეთ საზეიმოდ გახსნილი თანამედროვე, საკმაოდ დიდი, სტაციონალური, აღჭურვილი სამხედრო ბაზა, რომელიც განლაგებულია უდაბნოსა და აღდგომის ტაძრების მისასვლელთან”, - წერს გამოცემა.

“ოფიციალური ბაქოს მიერ გაჟღერებულია გზავნილი, რომ ეს ბაზა გაკეთდა იმისთვის, რომ დაიცვას აზერბაიჯანის მიწა-წყალი, ამას დაემატა აზერბაიჯანულ მედიაში საკმაოდ აგრესიული რიტორიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თავიანთ ტერიტორიებს არ დათმობენ, რომელშიც დავით გარეჯი იგულისხმება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი არაა, მხოლოდ მივიღეთ ის, რომ პრემიერ-მინისტრი ბაქოში ჩავიდა და მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ ჩემთვის უცნობია, იმედია, რომ ამის შედეგად სტატუს-კვო მაინც აღდგება, დელიმიტაციის კომისიის მუშაობის დასრულებამდე მაინც. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პროცესი, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე აწარმოებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, სანამ დელიმიტაციის კომისია მუშაობას არ დაასრულებს, სადავო ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ არანაირი მოქმედების განხორციელება არ შეიძლება, რასაც აზერბაიჯანი ცალმხრივად და უხეშად არღვევს და ჩვენ შეზღუდვებს გვიწესებს, ისინი ძალიან გაღიზიანებული ტონით გვეურთიერთობიან", - აცხადებს იგი. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე დრონის საშუალებით ვითარების გადაღების საშუალებას არ აძლევს, რადგან, მისივე თქმით, ეს ფაქტი მათ აღიზიანებთ. ჩვენ აზერბაიჯანულმა მხარემ შემოგვითვალა, რომ თუკი დრონი შემთხვევით მათ საჰაერო სივრცეს გადაკვეთს, ისინი ამას ესვრიან და ისინი მოითხოვენ, რომ ჩვენს კონტროლირებად საჰაერო სივრცეშიც არ მოხდეს დრონის ფრენა, ვინაიდან ეს მათ აღიზიანებთ, ქართული მხარე კი ყველა მათ კაპრიზს პირნათლად ასრულებს. დღეს ჩიჩხიტურის ტაძრის მიმდებარედაც კი არ მიგვიშვეს, საუბარი არაა ტაძარში შესვლაზე, არამედ მიმდებარედ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც კი. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჰუჯაბის მონასტერი სომხებს დაუთმო, დღეს მონასტერი მოქცეულია სომხეთის სახელმწიფო საზღვრის შიგნით, ფაქტობრივად სამუდამოდ დაიკარგა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ეს პოლიტიკა გრძელდება ჩვენი ხელისუფლების მიერ და ეს სადამდე მიგვიყვანს, ძალიან რთულად წარმოსადგენია ", - განაცხადა ქაცარავამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა