ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2019

სოსო ცინცაძე - “ივანიშვილმა გენპროკურორის თანამდებობა ოპოზიციას უნდა მისცეს”

ლაშა ჩხარტიშვილი - “გახარია იმავე საკანში უნდა ჩასვან, რომელშიც მერაბიშვილი ზის”

* * *

სოსო ცინცაძე - “ივანიშვილმა გენპროკურორის თანამდებობა ოპოზიციას უნდა მისცეს”

“ქართული ოცნება” ისეთ ჩიხშია შესული, სადაც დამარცხება არ შეუძლია - არათუ არ დათმობს, ვერ დათმობს. მართლაც ეს იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ეს არ არის არც ამერიკა და არც ევროპა, სადაც ერთხელ დამარცხდები და მეორედ მოიგებ. საქართველოში არჩევნებში დამარცხება მხოლოდ დამარცხება არ არის. ჩვენ არ გვაქვს ერთი მაგალითის გარდა, რომელიც 2012 წელს იყო, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. დღეს “ქართული ოცნების” არათუ რიგით წევრებს, არათუ ბიძინა ივანიშვილს, სამინისტროს რიგით ჩინოვნიკსაც კი აქვს დასაკარგი. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის შუა და ქვემო რგოლს იმდენი არ ჰქონდა დასაკარგი, რამდენიც დღეს აქვს “ქართული ოცნების” რიგით წევრს, რიგით მხარდამჭერსაც კი, მთელ ვერტიკალს. ამიტომ ვერ დათმობს. შექსპირისეული ტრაგიკომიკური სურათია”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა გენპროკურორის თანამდებობა ოპოზიციას უნდა მისცეს” / სოსო ცინცაძე: “სააკაშვილი თბილისში ნაციონალენის არც ერთ ლიდერს არ უნდა”.

“თუ რიგითი ამომრჩეველი ხვდება, რომ “ქართული ოცნება” ვერ დათმობს, რატომ ვერ ხვდება მას ოპოზიცია, რატომ არ ცდილობს უფრო მიმზიდველი გახდეს მასებისთვის? ოპოზიციამ ვერ შეძლო მოსახლეობის პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის გაერთიანება, ოპოზიციას მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, ხოლო სოციალური გვერდით რჩება - არადა, რიგითი ადამიანისთვის მთავარია როგორც აჭამოს შვილს , როგორ იყიდოს წამალი. მოსახლებას, მილიონ ადამიანს სოციალური პრობლემა აქვს და არა პოლიტიკური. ოპოზიცია კი არის ის, ვინც დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ ის უკეთესად შეძლებს სოციალური პრობლემების გადაჭრას. ბანკირებს რომ პრობლემები ექმნებათ და ტელევიზიები იხურება, ეს მასებს აბსოლუტურად არ აწუხებთ, იმდენი საკუთარი პრობლემა აქვს. ეს პრობლემები სანამ ოპოზიციის პრობლემებად არ იქცევა და ოპოზიციის დღის წესრიგში არ დადგება, მანამდე ის მათ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“ჭკვიანი ოპოზიციისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს მაგალითი და სამოქმედო გეგმა. აქვე არ შემიძლია პირადად ივანიშვილის პოლიტიკურ შეცდომაზე არ ვთქვა - როგორ შეცდა, როდესაც პრეზიდენტის პოსტი არ დაუთმო ოპოზიციას, გრიგოლ ვაშაძეს. მთელ ამ კრიტიკას, რბილად რომ ვთქვათ, აიცილებდა და ყველა წყევლას ვაშაძეს აჰკიდებდა. რა, ვაშაძე ტერიტორიებს დაიბრუნებდა, აზერბაიჯანთან გადაჭრიდა დავითგარეჯის საკითხს, ბორდერიზაციას შეაჩერებდა, ნატოში შეგვიყვანდა თუ რას იზამდა? ივანიშვილის მხრიდან ეს იქნებოდა პოლიტიკურად ჭკვიანური და გააზრებული ნაბიჯი, თუნდაც ქვეყნის გარეთ იქნებოდა ასე აღქმული- განაგრძობს პოლიტოლოგი.

“ ძველ ტიკჭორებში ახალ ღვინოს ჩაასხამენ - “ქართული ოცნების” დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობის დაახლოებით 60% აღარ იქნება ახალო მოწვევის პარლამენტში. ხომ სრულიად ნათელია, ვინ შეიძლება ამ 60%-ში მოჰყვეს? ვინც ვერ გაუმართლა ივანიშვილს და გასაგებია ვისზეა საუბარო... ზარდიაშვილს, მაგალითად, შეიძლება გარკვეული დავალება ჰქონდა, მაგრამ იმ დავალების შემსრულებლადაც ვერ გამოდგა... მაგრამ ძალიან დიდი სვლა იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, თუ გენერალური პროკურორის ადგილი ვაკანტური რომ გახდება, მას ოპოზიციას შესთავაზს”, - დასძენს სოსო ცინცაძე და შეკითხვაზე - “ასეთ ნაბიჯს ელოდებით?” პასუხობს:

“რა თქმა უნდა, არა! ძალიან ძლიერი და ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ივანიშვილის მხრიდან თუ თადუმაძე უზენაეს სასამართლოში რომ გადაინაცვლებს, მაშინ მთავარი პროკურორის პოსტი მისცეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. იმას, ვისაც ხალხი ნდობას გამოუცხადებს. ეს ძალიან კარგი იქნებოდა მით უფრო არჩევნების წინ. ეს იქნებოდა ძლიერი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვისაც. მერწმუნეთ, ეს სულ სხვა დონის პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა. მაშინ ოპოზიციასაც სხვა დონის თამაში მოუწევდა უკვე წინასაარჩევნოდ”.

ლაშა ჩხარტიშვილი - “გახარია იმავე საკანში უნდა ჩასვან, რომელშიც მერაბიშვილი ზის”

“რაც შეეხება ივანიშვილის შიშებსა და საქციელს, როგორც მოსალოდნელი იყო ის ბოლომდე ჩაიხრჩო კორუფციასა და სამშობლოს ღალატის მორევში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ცდილობს პოლიციურ-მილიციური რეჟიმის გამყარებას. მისგან მრავალი მსგავსი ქმედება ვნახეთ”, - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარია იმავე საკანში უნდა ჩასვან, რომელშიც მერაბიშვილი ზის” / ლაშა ჩხარტიშვილი: “სასაცილოა, როდესაც ივანიშვილი ვინმეს ფულის გათეთრებას სდებს ბრალად”.

“უკვე 7-8 წელია ივანიშვილი ამ გაკრეფა-მოსუფთავების პოლიტიკით არის დაკავებული. თავიდანვე ჩანდა, მისი მოსვლის დღიდანვე, რომ ამ ტაქტიკით მოქმედებას აპირებდა. სამწუხაროდ, ამ შუის გაკრეფის ტაქტიკამ გაუმართლა ნაწილობრივ. მაგრამ, იმედი მაქვს, მან ამოწურა ეს რესურსი... ახალ ძალებს ივანიშვილი გასაქანს არ აძლევს, ზოგს ფულის გათეთრების ბრალდებით იბარებს პროკურატურაში და ზოგს გადატრიალების მცდელობის გამო აპატიმრებს. სასაცილოა, როცა ივანიშვილი ვინმეს ფულის გათეთრებას სდებს ბრალად - მთავარი “პანამელი” ინვესტორი გვყავს, სახელად ბიძინა და გვარად ივანიშვილი - ოშფორების კაცი ლაპარაკობს ვინმეს მხრიდან ფულის გათეთრებაზე?! ხაზარაძის მიმართ დიდი სიმპათიით ნამდვილად არ ვარ ვარ განწყობილი, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ მართლაც ხორციელდება პოლიტიკური დევნა... სოლიდარობა დღეს ყველას ეკუთვნის მისი წარსულის მიუხედავად იმიტომ, რომ ქვეყნის მთავარი მაფიოზის დასაჭერი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ მისივე ყოფილი პარტნიორები ამ ქვეყანაში ნამდვილად არ არიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილი.

“სამართლიანობის აღდგენა ძალიან დაგვიანებულია -ამის უფლება ივანიშვილს აღარ აქვს. სამართლიანობა უნდა აღადგინოს მომავალმა მრავალპარტიულმა პარლამენტმა და კოალიციურმა მთავრობამ. ჩვენ ყველა სისტემაში პირდაპირი არჩევნების მომხრეები ვართ. ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული სასამართლოც, პროკურატურაც და მან უნდა გაასამართლოს და გვერდიგვერდ საკნებში მიუჩინოს ადგილი გახარიასა და მერაბიშვილს”, - დასძენს რესპონდენტი და რეპლიკაზე - “მერაბიშვილი ასრულებს პატიმრობის ვადას თებერვალში” - პასუხობს:

“თუ მანამდე დაასრულებს პატიმრობის ვადას, ზუსტად იმავე საკანში უნდა ჩასვან გახარია, რომელშიც მერაბიშვილი ზის. რა მნიშვნელობა აქვს, თვალებს სააკაშვილი და მერაბიშვილი დაგვთხრიან, თუ ივანიშვილი და გახარია”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო