სუს-ის წარმომადგენელი - ერგნეთის შეხვედრაზე მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების საკითხი

შეხვედრის არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული მორიგი ტექნიკური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა დაეთმო ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და იქ მიმდინარე პროვოკაციულ აქტივობებს. თუმცა, ანთაძის თქმით, პოზიციები შეხვედრის შემდეგ კვლავ უცვლელი დარჩა.

„კვლავ გაჟღერდა მოთხოვნა, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო იქნას მოხსნილი, რაზეც კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, რომ საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილზე უსაფრთხოებას, არ შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მკაცრად დადგა საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებების საკითხი წაღვლისა და ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ასევე შეფასება მივეცით გუშინდელ ინციდენტს“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

როგორც ანთაძემ განაცხადა, სოფელ წნელისის შემოგარენში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მესაზღვრეების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავება არის საგანგაშო და აღმაშფოთებელი.

„რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელი შეუშალეს საქმიანობის განხორციელებაში, რაც არის ძალიან საგანგაშო და აღმაშფოთებელი ფაქტი. ერთი შემიძლია დავძინო, რომ შეხვედრის არც ერთ მონაწილეს არ უთქვამს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია, დიალოგის რესურსი არსებობს და კონსულტაციები გაგრძელდება. მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ ზუსტი თარიღი, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, მაგრამ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა შედგება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქმედ დროებით შეზღუდვებს. ანთაძის განცხადებით, ეს დროებითი შეზღუდვები დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან და მას სხვა რაიმე დატვირთვა არ აქვს.

ირაკლი ანთაძემ ახალგორის ჩაკეტვის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.

„რაც შეეხება ახალგორის ჩაკეტვის საკითხს, ეს საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლეებს, რითაც შეზღუდეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლება. გადასასვლელების დაკეტვით დაზარალდა მხოლოდ მკვიდრი მოსახლეობა და ხელი შეეშალათ ყოველდღიურ საქმიანობაში. თავად გუშინდელი ინციდენტიც ნათელი დადასტურებაა, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს იმ ტერიტორიასთან გამოჩენა, სადაც არის უსაფრთხოების დაზიანებული გარემო, ეს დროებითი შეზღუდვები დაკავშირებულია მხოლოდ ამასთან და არ აქვს რაიმე სხვა დატვირთვა“, - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

როგორც ანთაძე აცხადებს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის მარტივი - უნდა შეწყდეს პროვოკაციული მოქმედებები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი მანდატი სრულფასოვნად განახორციელოს. ამის შემდეგ კი ანთაძის თქმით, სიტუაცია თავისთავად ჩადგება ნორმალურ კალაპოტში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს